საქმე №ას-986-2019 16 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ლ. ბ.“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – კ. კ-ი, თ. -ი, რ. ბ-ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „ლ. ბ.“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. კ-ის (შემდგომ – მსესხებელი მოპასუხე), თ. ბ-ისა და რ. ბ-ძის (შემდგომ – თავდები მოპასუხეები) მიმართ ხელშეკრულების შეწყვეტისა და 23.293.04 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 05 ნოემბერს №410 ხელშეკრულებით მსესხებელმა მოპასუხემ შპს მისო „რ.“ სესხის სახით მიიღო 15 000 აშშ დოლარი წლიური 24.0 %-ის დარიცხვით 72 თვის დავით.
3. სესხის უზრუნველსაყოფად თავდებ მოპასუხეებთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება.
4. მოპასუხეები სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებდნენ 37 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, რითაც ირღვევა სასესხო ხელშეკრულება.
5. მოსარჩელემ გააფრთხილა მოპასუხეები, რომ მიმართავდა სასამართლოს თუ მათი მხრიდან ვალდებულებები არ შესრულებოდა. ხელშეკრულების 5.3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულება შეწყდებოდა. გაფრთხილებებს სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.
6. სარჩელის აღძვრისას დავალიანებამ შეადგინა 23.293.04 აშშ დოლარი, საიდანაც ძირია 13.614.04 აშშ დოლარი, სარგებელი კი – 9678.21 აშშ დოლარი.
7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განჩინებით შპს „რ.“ უფლებამონაცვლედ დადგინდა სს „ლ. ბ.“.
მოპასუხის პოზიცია:
8. მოპასუხეებმა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან ბოლო გადახდიდან გასულია 39 თვე ანუ 3 წელი და 3 თვე, შესაბამისად, ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას შესრულებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დააკისრათ 23.293.04 აშშ დოლარის (ძირი – 13.614.04, სარგებელი – 9678.21 აშშ დოლარი) გადახდა, რაც მოპასუხეებმა ნაწილობრივ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 23293,04 აშშ დოლარიდან 789,56 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის – 1735,75 ლარის გადახდა და ამ ნაწილში, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დანარჩენ ნაწილში საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, სარჩელი 789,56 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საკრედიტო დაწესებულებასა და მსესხებელ მოპასუხეს შორის 2011 წლის 5 ნოემბერს დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოვალემ ისესხა 15 000 აშშ დოლარი წლიური 24%-ის დარიცხვით 72 თვის ვადით.
12. აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა თავდებ მოპასუხეებთან.
13. მოვალეს ყოველი თვის 5, ზოგ შემთხვევაში კი 4 რიცხვში უნდა გადაეხადა შეთანხმებული გრაფიკით გათვალისწინებული თანხა – 394.78 აშშ დოლარი.
14. ბოლოს გრაფიკით გათვალისწინებული თანხა მოვალემ გადაიხადა 2012 წლის 5 დეკემბერს.
15. 2016 წლის 29 თებერვალს საკრედიტო დაწესებულებამ სარჩელი აღძრა მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა 23293.04 აშშ დოლარის დაკისრება.
16. აღნიშნული დავალიანება დაანგარიშდა მოვალის მიერ ბოლო გადახდის განხორციელების შემდგომ, ანუ 2013 წლის 5 იანვრიდან სარჩელის შეტანამდე – 2016 წლის 29 თებერვლამდე.
17. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტებმა გადაწყვეტილება 1184.34 აშშ დოლარის, ე.ი 2013 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში გადასახდელი თანხის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრეს. შესაბამისად, დანარჩენ ნაწილში, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და სააპელაციო სასამართლო მას ვერ შეამოწმებს.
18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ მოვალეს სასესხო ვალდებულება ყოველთვიური გადახდებით, ე.ი. პერიოდულად უნდა შეესრულებინა. შესაბამისად, მისი ვალდებულება წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და მასზე სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება.
19. როგორც მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (სუსგ 19.03.2015წ. საქმე №ას-868-830-2014). თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (სუსგ 1.12.2010წ. №ას-599-562-2010).... ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე {სსკ-ის 144.1-ე მუხლი}... როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში მსესხებელს ბანკისათვის კრედიტის დაბრუნება არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდა {სსკ-ის 873-ე მუხლი}. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით უნდა მოხდეს. უდავოა, რომ საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს კრედიტის თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი გარკვეული პერიოდულობით უნდა გადაეხადა. შესაბამისად, მითითებული გარიგება წარმოშობს სწორედ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს (ზემოაღნიშნული მსჯელობა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (სუსგ 20.05.2013წ. №ას-1432-1351-2012, 14.02.2017წ. ას-934-899-2016, 22.06.2018წ. საქმე №ას-462-462-2018, 12.06.2018წ. საქმე №ას-440-440-2018)“ – (სუსგ. საქმე №ას-902-2018, 6 ნოემბერი, 2018 წელი, პ. 37-42).
20. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უდავოა, რომ მოვალემ ბოლოს თანხა გადაიხადა 2012 წლის 5 დეკემბერს, ხოლო მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2016 წლის 29 თებერვალს. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული არ არის იმ ნაწილში, რომლითაც იგი 2013 წლის 29 თებერვლის შემდეგ წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებას ითხოვს. ხოლო 2013 წლის 29 თებერვლამდე წარმოშობილი ვალდებულებების ნაწილში მისი მოთხოვნა ხანდაზმულია.
21. სააპელაციო სასამართლომ „საკრედიტო დავალიანების დაფარვის გრაფიკის“ საფუძველზე დაადგინა, რომ 2012 წლის 5 დეკემბრის შემდეგ 2013 წლის 29 თებერვლამდე მოვალეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა ორჯერ – 2013 წლის 5 იანვარს და 2013 წლის 5 თებერვალს და, თითოეულ შემთხვევაში 394,78 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. ეს კი ნიშნავს, რომ სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, იგი უფლებამოსილია, 394,78X2=789,56 აშშ დოლარის გადახდაზე უარი თქვას.
22. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტებისათვის ზემოხსენებული თანხის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება საკმარისად დასაბუთებული არ არის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
23. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
24. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რაც საბოლოო ჯამში სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა გახდა. სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული არც პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება და არც მოსარჩელის პოზიცია შემდეგ სამართლებრივ სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით, კერძოდ:
25. სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებობა წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ წინაპირობას, ხოლო ამავე კოდექისის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
26. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ სრულიად დასაბუთებულად გამოიყენა სსკ-ის 130-ე მუხლი და აღნიშნა, რომ მოთხოვნის სამწლიანი ვადის ათვლა დაიწყება ვადიანი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ და იმოქმედებს სამი წლის განმავლობაში. კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია 2011 წლის 5 ნოემბრის №410 ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში (ხელშეკრულების ბოლო ვადაა 2017 წლის 11 აპრილი ს.ფ. 20-21). სარჩელი აღიძრა 2016 წლის 29 თებერვალს და, შესაბამისად, არ დასტურდება მოთხოვნის ხანდაზმულობა. ასევე, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 72 თვით, მოსარჩელეს კი ხელშკერულება სასამართლოსთვის მიმართვამდე ცალმხრივად არ შეუწყვეტია. შესაბამისად, ისევე, როგორც სხვა ნაწილში, გასაჩივრებული პროცენტის თანხის ნაწილშიც მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.
27. შესაბამისად, სააპელაციო სასამრთლოს მოსაზრება ხანდაზმულობასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია.
28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
29. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
31. 2011 წლის 5 ნოემბერს საკრედიტო დაწესებულებასა და მსესხებელ მოპასუხეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოვალემ ისესხა 15 000 აშშ დოლარი წლიური 24%-ის დარიცხვით 72 თვის ვადით.
32. აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად თავდებ მოპასუხეებთან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.
33. მოვალეს – ყოველი თვის 5, ზოგ შემთხვევაში კი 4 რიცხვში უნდა გადაეხადა შეთანხმებული გრაფიკით გათვალისწინებული თანხა – 394.78 აშშ დოლარი.
34. ბოლოს გრაფიკით გათვალისწინებული თანხა მოვალემ გადაიხადა 2012 წლის 5 დეკემბერს.
35. 2016 წლის 29 თებერვალს საკრედიტო დაწესებულებამ სარჩელი აღძრა მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა 23293.04 აშშ დოლარის დაკისრება.
36. აღნიშნული დავალიანება დაანგარიშდა მოვალის მიერ ბოლო გადახდის განხორციელების შემდგომ, ანუ 2013 წლის 5 იანვრიდან სარჩელის შეტანამდე – 2016 წლის 29 თებერვლამდე.
37. აპელანტებმა გადაწყვეტილება 1184.34 აშშ დოლარის, ე.ი 2013 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში გადასახდელი თანხის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრეს.
38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
39. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
40. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ინსტიტუტი კრედიტორის უფლების იძულებით განხორციელებაზე ან დაცვაზე ზემოქმედების ძლიერი მატერიალურ-სამართლებრივი საშუალებაა, რამდენადაც, ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კვლავ განაგრძობს არსებობას, თუმცა შეუძლებელია სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებით განხორციელება (შდრ: სუსგ №ას-369-350-2015, 30 ივლისი, 2015 წელი).
41. ამდენად, ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე {სსკ-ის 144.1-ე მუხლი}.
42. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; შდრ. სუსგ 11.06.2012 საქმე №ას-547-515-2012).
43. ნიშანდობლივია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში.
44. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20903 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ო. ს-ი და ი. ხ-ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
45. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები ასევე მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ-ერთ ეფექტურ გარანტიად. კერძოდ: გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისაგან.
46. ზემოთ ჩამოთვლილი ლეგიტიმური მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე ს. და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლო განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პარ.51).
47. სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
48. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (სუსგ 19.03.2015წ. საქმე №ას-868-830-2014).
49. თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (სუსგ 1.12.2010წ. №ას-599-562-2010).
50. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.
51. განსახილველ შემთხვევაში მსესხებელს ბანკისათვის კრედიტის დაბრუნება არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდა {სსკ-ის 873-ე მუხლი}. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით უნდა მოხდეს.
52. უდავოა, რომ საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს კრედიტის თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი გარკვეული პერიოდულობით უნდა გადაეხადა. შესაბამისად, მითითებული გარიგება წარმოშობს სწორედ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს (ზემოაღნიშნული მსჯელობა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (სუსგ 20.05.2013წ. №ას-1432-1351-2012, 14.02.2017წ. ას-934-899-2016, 22.06.2018წ. საქმე №ას-462-462-2018, 12.06.2018წ. საქმე №ას-440-440-2018).
53. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მსჯელობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკასთან სრულ შესაბამისობაშია.
54. კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წამოუდგენია სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, რომ წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია მხოლოდ 2013 წლის 29 თებერვალმდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების მოთხოვნის ნაწილში, აღნიშნული პერიოდის შემდეგ კი სარჩელი საფუძვლიანია და ხანდაზმულად ვერ შეფასდება.
55. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
56. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
57. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
58. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
59. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
60. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2019 წლის 18 ივლისის №5158201619 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ლ. ბ.“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს „ლ. ბ.“ (საიდენტიფიკაციო კოდი №20382...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2019 წლის 18 ივლისის №5158201619 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი