Facebook Twitter

საქმე №ას-1289-2019 24 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შ. ა-ვა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ. ბ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, უფლებამონაცვლედ და მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს „კ. ბ.“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. ა-ას (შემდგომ – მსესხებელი მოპასუხე), ს., ე. და ბ. ა-ების (შემდგომ – მოპასუხეები) მიმართ აწ გარდაცვლილი ა. ა-ვას (შემდგომ – მამკვიდრებელი) უფლებამონაცვლეებად მოპასუხეების ცნობის, მამკვიდრებლის სახელზე რიცხული უძრავი ქონების მათ საკუთრებად აღრიცხვის, მსესხებელი მოპასუხისა და მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 17927,84 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 12 970,55 აშშ დოლარის, სარგებელი – 3514,33 აშშ დოლარი, დაზღვევის თანხა – 466,55 აშშ დოლარი, საკომისიო – 76 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო – 900,41 აშშ დოლარი.

2. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა აღნიშნული დავალიანების გადახდევინების მიზნით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარად, დავალიანების გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.

სარჩელის საფუძვლები:

3. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 8 ოქტომბერს, მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულება 240 თვის ვადით, რომლის შესაბამისად მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, პერიოდულად განეხილა მსესხებლისათვის სესხის გამოყოფის საკითხი. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა სესხის მაქსიმალური ოდენობა – 50000 ლარი, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა, გაცემულიყო სესხი პერიოდულად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

4. სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულებაზე და მის ფარგლებში გაცემული სესხის უზრუნველყოფის მიზნით, გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

5. 2014 წლის 8 ოქტომბრის სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, 2015 წლის 28 მაისს იმავე მხარეებს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. მოპასუხემ ისესხა 16 000 აშშ დოლარი 48 თვის ვადით, 2019 წლის 10 ივნისის ჩათვლით პერიოდამდე. სესხის ყოველთვიური კლებადი საპროცენტო სარგებელი შეადგენს 1,42%-ს.

6. მსესხებელს ჰყავს თავდები – მამკვიდრებელი, რომელთანაც დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები. თავდებმა იკისრა სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე, დაფაროს ძირითადი მოვალის დავალიანება მაშინაც კი, როცა არ იქნება იძულებითი აღსრულების მცდელობა ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდებმა იკისრა ვალდებულება, თვითონ გადაეხადა ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდგომ.

7. მსესხებელმა ხელშეკრულებით შეთანხმებული გადახდის გრაფიკი დაარღვია და უწყვეტ ვადაგადაცილებაში იმყოფება 2016 წლის 10 ივლისის შემდგომ.

8. თავდები – მამკვიდრებელი გარდაიცვალა. მოსარჩელეს შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიერ გამოთხოვილი წერილობითი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ აწ გარდაცვლილ მამკვიდრებელს ჰყავდა შვილები – მოპასუხეები.

მოპასუხის პოზიცია:

9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ პროცენტი არის კაბალური, ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, ეროვნული ბანკის ნორმებს და წესებს, ასევე დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

10. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აწ გარდაცვლილი მამკვიდრებლის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ მოპასუხეები, მამკვიდრებლის სახელზე რიცხული უძრავი ქონების მესაკუთრეებად და უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში აღირიცხა მოპასუხეების საკუთრების უფლება, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლო სოლიდარულად დაეკისროთ: სესხის ძირითადი თანხის – 12 970,55 აშშ დოლარის, სარგებლის – 3514,33 აშშ დოლარის, დაზღვევის თანხის – 466,55 აშშ დოლარის, საკომისიოს – 76 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს – 90,04 აშშ დოლარის გადახდა. დავალიანების გადახდევინების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება. დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარად, დავალიანების გადახდევინება განხორციელდება ყველა მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან, რაც მსესხებელმა მოპასუხემ და მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აგვისტოს განჩინებით მოპასუხე მხარის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 369-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა აპელანტების წარმომადგენელი, ასევე, თავად აპელანტები – მსესხებელი მოპასუხე და ერთ-ერთი მოპასუხე (იხ. სხდომის ოქმი ს.ფ 63). საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება მომზადდა 2019 წლის 14 ივნისს. გამოცხადებიდან 29-ე დღეს (იხ. ცნობა ს.ფ.108). სსსკ-ს 2591 მუხლით დადგენილი გადაწყვეტილების ჩაბარების 30-დღიანი ვადა ამოიწურა 2019 წლის 17 ივნისს, ხოლო აპელანტების წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ჩაიბარა 2019 წლის 15 ივლისს (ს.ფ 109). 2019 წლის 17 ივნისს აპელაციის წესით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადა ამოიწურა 2019 წლის 1 ივლისს და არა 2019 წლის 17 ივლისს (ფოსტას – 16.07.2019წ.), როდესაც სააპელაციო საჩივარია წარმოდგენილი.

13. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია, ვინაიდან დარღვეულია სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა და, შესაბამისად, იგი უნდა დარჩეს განუხილველად.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა შემდეგი საფუძვლებით:

15. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მიმართა სასამართლო გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით სასამართლოს, აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეს ჩაბარდა მისი მომზადების კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

17. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

19. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ.

20. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.

21. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება, სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).

22. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოთ აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმა, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) და ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარადგინოს სააპელაციო საჩივარი, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 21-ე დღეს მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება (იხ. სუსგ 1.07.2019წ. №ას-1495-2018).

24. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ მოპასუხე მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი კანონით დადგენილი წესით ეცნობა. ხელწერილი ხელმოწერილია მოპასუხეთა წარმომადგენლის (რომლის უფლებამოსილება დგინდება საქმეში წარმოდგენილი მინდობილობით – ტომი 2, ს.ფ 56-59, 77-82), მსესხებელი მოპასუხისა და ერთ-ერთი მოპასუხის მიერ (ტომი 2, ს.ფ. 83).

25. ასევე, საქმის მასალებში წარმოდგენილი მოსამართლის თანაშემწის ცნობიდან ირკვევა, რომ სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მოამზადა 2019 წლის 14 ივნისს (იხ. ტომი 2, ს.ფ 108), გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 29-ე დღეს. ეს გარემოება, დასაბუთებული გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში მოუმზადებლობის თაობაზე კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის გაზიარების საფუძველს ქმნის, სახელდობრ, ადასტურებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ არაერთი თხოვნის მიუხედავად, სასამართლომ მას ვერ ჩააბარა დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში. ასეთ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების მომენტიდან – 2019 წლის 15 ივლისიდან (ტომი 2, ს.ფ 109) უნდა დაიწყოს. სააპელაციო საჩივარი მხარემ ფოსტაში წარადგინა 2019 წლის 16 ივლისს (იხ. კონვერტი, ტომი 2, ს.ფ 121).

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. ა-ას კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აგვისტოს განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე