Facebook Twitter

საქმე №ას-1028-2019 17 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქოსაქმეთაპალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

პირველი კასატორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე, აპელანტი)

მეორე კასატორი – სს „ს. რ.“ (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ც-ი (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინება

პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ. ც-მა (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან პირველი კასატორი) და სს ,,ს. რ.“ (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან მეორე კასატორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: ა) მეორე მოპასუხესა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს შორის დადებული გარიგების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2009 წლის 13 აპრილის №1-3/175 ბრძანების იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომლითაც 52,13 კვ. მეტრი უძრავი ნივთი მდებარე ქ. კასპი, ... ქუჩა №.. (ყოფილი ... ქუჩა №...), საკადასტრო კოდი 67.01.51...., საერთო ფართი 354 კვ. მეტრი (შემდეგში - სადავო უძრავი ნივთი), აღირიცხა მეორე მოპასუხის კაპიტალში; ბ) სადავო უძრავ ნივთზე მოსარჩელის ცნობა მესაკუთრედ (რეგისტრაციის განხორციელება შპს ,,გ.’’ მიერ 2013 წლის 16 მაისს დამზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის (უძრავ ნივთზე მდებარე ქ. კასპი, ... ქუჩა №..) და ტექნიკური პასპორტის (უძრავ ნივთზე მდებარე ქ. კასპი, ... ქუჩა №...) შესაბამისად.

2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მოსარჩელემ 1995 წლის 15 დეკემბერს მ. ჭ-ისაგან (შემდეგში - გამყიდველი) სანოტარო ფორმის დაცვით, 400 აშშ დოლარად, შეიძინა სადავო უძრავი ნივთი. აღნიშნული ბინა 1995 წლის 23 აგვისტოს პრივატიზებული და კასპის საბინაო-კომუნალურ სამსახურში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო გამყიდველზე. 2013 წლის 2 მაისს მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურს საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მიზნით, რა დროსაც, გაირკვა, რომ ბინა და მასში მისასვლელად საჭირო 354 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი, 2009 წლის 2 ნოემბრიდან რეგისტრირებული იყო მეორე მოპასუხის საკუთრების უფლებით როგორც ყაზარმა.

3. პირველმა მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სადავო უძრავი ნივთი კანონის სრული დაცვით არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში მეორე მოპასუხის საკუთრების უფლებით. ამასთან, არ დგინდება 1995 წლის 23 აგვისტოს ხელშეკრულებაში მითითებული უძრავი ნივთისა და მეორე მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის იდენტურობა.

4. პირველმა მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მეორე მოპასუხის სახელზე საწარმოთა მართვის სააგენტოს 2019 წლის 13 აპრილის №1-3/175 ბრძანების საფუძველზე და შესაბამისად, მეორე მოპასუხე წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით მეორე მოპასუხე მოცემულ დავაზე არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, ვინაიდან გასაჩივრებული ბრძანება წარმოადგენს საერთო კრების ოქმის ტოლფას დოკუმენტს, რომელიც გამოცემულია 100% წილის მფლობელი პარტნიორის მიერ, ხოლო გადაწყვეტილების კანონიერებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს წარმოადგენს პირველი მოპასუხე.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 09 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი მეორე მოპასუხესა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს შორის დადებული გარიგება - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2009 წლის 13 აპრილის №1-3/175 ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც სადავო უძრავი ნივთი აღირიცხა მეორე მოპასუხის კაპიტალში. მოსარჩელე ცნობილი იქნა მესაკუთრედ 52,13 კვ. მეტრ უძრავ ნივთზე მდებარე ქ. კასპი, ... ქუჩა №7 (ყოფილი ... ქუჩა №13), ს/კ: 67.01.51.019, საერთო ფართი 354 კვ. მეტრი (დადგენილი იქნა, რომ რეგისტრაცია განხორციელდეს შპს ,,გ.’’-ს მიერ 2013 წლის 16 მაისს დამზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის (უძრავ ნივთზე მდებარე ქ. კასპი, ... ქუჩა №...) და ტექნიკური პასპორტის (უძრავ ნივთზე მდებარე ქ. კასპი, ... ქუჩა №...) შესაბამისად).

6. საქალაქო სასამართლომ მოცემულ დავაზე დადგენილად მიიჩნია, რომ 1995 წლის 23 აგვისტოს კასპის კომუნალური საწარმოო კომბინატის წარმომადგენელს და გამყიდველს შორის, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის დადგენილების საფუძველზე, გაფორმდა №2-1812 ხელშეკრულება, რომლის თანახმად გამყიდველს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა კასპის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს 4 ბინიანი, საცხოვრებელი სახლიდან ორ ოთახიანი კომუნალური ბინა მდებარე, ქ. კასპი, ... ქუჩა №..., საერთო სასარგებლო ფართით 50 კვ. მეტრი, მათ შორის, საცხოვრებელი 30 კვ. მეტრი, დამხმარე 20 კვ. მეტრი. 1995 წლის 23 აგვისტოს №2-1812 ხელშეკრულების საფუძველზე კი, აღნიშნული ბინა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში დარეგისტრირდა გამყიდველის სახელზე.

7. 1995 წლის 1 დეკემბერს გამყიდველსა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა ნოტარიალურად დამოწმებული (რეგისტრაციის ნომერი №3-2523) ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელემ შეიძინა გამყიდველის კუთვნილი უძრავი ნივთი (იხ., ამ განჩინების პ-6). 1995 წლის 1 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული ბინა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში დარეგისტრირდა მოსარჩელის სახელზე.

8. ამასთან, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ უძრავი ნივთი მდებარე ქ. კასპი, დაზუსტებული ფართობი 354 კვ. მეტრი, ს/კ 67.01.51...., შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი - ყაზარმა, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მეორე მოპასუხის სახელზე. უფლების რეგისტრაციის თარიღი 2009 წლის 27 ოქტომბერი, უფლების დამდგენი დოკუმენტი - სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2009 წლის 13 აპრილის №1-3/175 ბრძანება.

9. დადგენილია, რომ 2013 წლის 2 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბინაზე მდებარე ქ. კასპი, ... ქ. №... (ყოფილი ... ქუჩა №...), რაზედაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2013 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძველით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს (67.01.51....) შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.

10. მოგვიანებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2015 წლის 15 ივლისის №882013200906-08 გადაწყვეტილებით მოსარჩელის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

11. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გამყიდველსა და მოსარჩელეს შორის 1995 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით, ამ უკანასკნელის მიერ შეძენილი იქნა უძრავი ნივთი მდებარე კასპი, ... ქუჩა №..., ორი საცხოვრებელი ოთახი, მათ შორის საცხოვრებელი 30 კვ. მეტრი, დამხმარე 20 კვ. მეტრი. უფრო ადრე კი, ქონება ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში დარეგისტრირებული იყო გამყიდველის სახელზე (იხ., ამ განჩინების პ- 6).

12. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 4 იანვრის №42 განკარგულების საფუძველზე კასპის მუნიციპალიტეტში ... ქუჩას მიენიჭა სახელწოდება - ... ქუჩა.

13. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს №1-3/175 ბრძანებით განკარგული იქნა და მეორე მოპასუხის კაპიტალში მოექცა უძრავი ნივთი, რომელიც ტექბიუროს ჩანაწერების მიხედვით 1995 წლის 23 აგვისტოს №2-1812 ხელშეკრულების საფუძველზე ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში დარეგისტრირებული იყო ჯერ გამყიდველის სახელზე, ხოლო 1995 წლის 1 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე - მოსარჩელის სახელზე.

14. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,მ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად საკადასტრო მონაცემების ზედდება არის უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან.

15. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1995 წლის 23 აგვისტოს ხელშეკრულებაში, ხოლო შემდგომ 1995 წლის 1 დეკემბრის ხელშეკრულებაში მითითებული უძრავი ნივთი, დღეის მდგომარეობით, საკუთრების უფლებით აღრიცხულია მეორე მოპასუხის სახელზე და მოქცეულია №67.01.51.... საკადასტრო კოდის ქვეშ. შესაბამისად, უარყოფილი იქნა მეორე მოპასუხის შედავება მასზედ, რომ იგი არ წარმოადგენდა მოცემულ დავაში სათანადო მოპასუხეს.

16. საქალაქო სასამართლომ მოცემული დავის მიმართ აგრეთვე შეაფასა მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 180-ე მუხლის საფუძველზე და მიიჩნია, მოსარჩელის იურიდიული ინტერესია გარიგების ბათილად ცნობის შემდეგ სადავო 52,13 კვ. მეტრ საცხოვრებელ ფართზე, დაირეგისტრიროს საკუთრების უფლება.

17. იმავდროულად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სადავო ქონება შეძენილია 1997 წლის 25 ნოემბრამდე, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნას 1964 წლის რედაქციით მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსი, რომლის 239-ე მუხლი, ითვალისწინებდა უძრავი ქონების შესაძენად გარიგების წერილობითი ფორმით დადებას, სანოტარო წესით მის დადასტურებასა და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას, კერძოდ: დასახელებული საკანონმდებლო ნორმის შესაბამისად ქალაში ან დაბაში მდებარე საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დამოწმებული უნდა იქნას სანოტარო წესით და რეგისტრირებული უნდა იქნას მშრომელთა დეპუტატების ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში სამი თვის ვადაში სანოტარო წესით დამოწმების დღიდან. ამავე მუხლის შესაბამისად საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

18. ამ განჩინების პპ: 6, 7, 13 - ში მითითებული და დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2009 წლის 13 აპრილის მდგომარეობით, როდესაც სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტომ გამოსცა №1-3/175 ბრძანება და უძრავი ნივთი მდებარე ქ. კასპი, ... ქ. №7 (ყოფილი ... ქუჩა №13), შეიტანა მეორე მოპასუხის კაპიტალში, უძრავ ნივთს ყავდა კანონის დადგენილი წესით რეგისტრირებული მესაკუთრე მოსარჩელის სახით.

19. მაშასადამე, 1995 წლის 1 დეკემბერს, გამყიდველსა და მოსარჩელეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება სრულ შესაბამისობაში იყო საკანონმდებლო მოთხოვნებთან, რაც მოსარჩელეს აღჭურავდა უფლებით მოეთხოვა სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

20. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.

21. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება.

22. სააპელაციო პალატამ იმსჯელა ქ.კასპში, ... ქ.№...–ში მდებარე უძრავ ქონებაზე მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობის სამართლებრივ წინაპირობებზე.

23. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მითითებულია ამ განჩინების პპ: 6, 7, 9, 10-ში. იმავდროულად, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სადავო უძრავი ნივთი დღეის მდგომარეობით, საკუთრების უფლებით აღრიცხულია მეორე მოპასუხის სახელზე და მოქცეულია №67.01.51.... საკადასტრო კოდის ქვეშ.

24. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 170-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ნივთის განკარგვაზე უფლებამოსილი პირი მისი მესაკუთრეა. სწორედ საკუთრების ტიტული განაპირობებს ამგვარი უფლებამოსილებით მესაკუთრის აღჭურვას.

25. სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს №1–3/175 ბრძანებით განკარგული იქნა და მეორე მოპასუხის კაპიტალში მოექცა უძრავი ნივთი, რომელიც ტექბიუროს ჩანაწერების მიხედვით 1995 წლის 23 აგვისტოს №2–1812 ხელშეკრულების საფუძველზე ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში დარეგისტრირებული იყო ჯერ გამყიდველის სახელზე, ხოლო 1995 წლის 1 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა მოსარჩელის სახელზე.

26. ამდენად, ნივთის განკარგვის პერიოდში სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტო არ წარმოადგენდა უძრავი ქონების მესაკუთრეს და მას არ გააჩნდა ნივთის განკარგვის უფლებამოსილება.

27. შესაბამისად, განსახილველი ფაქტობრივი სინამდვილის გათვალისწინებით, დადგენილი იქნა, რომ ნივთის გასხვისება კანონსაწინააღმდეგო ხასიათს ატარებდა სსსკ-ის 54–ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე და იგი იურიდიული ძალის არ მქონედ უნდა ყოფილიყო მიჩნეული.

28. ამასთან, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება მასზედ, რომ სადავო პერიოდში (2009 წელს) მოქმედი სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის მე–5 პუნქტით დადგენილი იყო, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საწარმოთა მართვის სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით იღებდა გადაწყვეტილებებს მის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში სახელმწიფო ქონების შეტანის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში, სადავო უძრავი ნივთი მეორე მოპასუხის კაპიტალში მოექცა სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს №1–3/175 ბრძანების საფუძველზე.

29. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 04 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.

30. პირველი საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

31. პირველი კასატორი არ ეთანხმება მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებას და აღნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაედო დასკვნა იმის შესახებ, რომ 1995 წლის 23 აგვისტოს ხელშეკრულებაში, ხოლო შემდგომ 1995 წლის 01 დეკემბრის ხელშეკრულებაში მითითებული უძრავი ნივთი, დღეის მდგომარეობით საკუთრების უფლებით აღრიცხულია მეორე მოპასუხის სახელზე და მოქცეულია N67.01.51.... საკადასტრო კოდის ქვეშ (გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტი). N8820132009... განაცხადით წარდგენილი აზომვითი ნახაზი, რომელიც ზედდებაში მოვიდა N67.01.51.... ს/კ-ით საქართველოს რკინიგზის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან არ წარმოადგენს მიწის ნაკვეთების იდენტურობის დამადასტურებელ მტკიცებულებას, ვინაიდან საკადასტრო აზომვითი ნახაზი სრულდება დაინტერესებული პირის დაკვეთით და მის მიერ მითითებული საზღვრებითა და კოორდინატებით. საჯარო რეესტრის მიერ შეფასების საგანი არ გამხდარა ტექნიკური აღრიცხვის არქივში მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება იდენტური იყო თუ არა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ნახაზისა. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება იყო სადავო, ხოლო მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება ზედდების შესახებ (რაც ლოგიკურია, ვინაიდან, მოსარჩელის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზი შესაძლოა ნამდვილად ყოფილიყო ზედდებაში რკინიგზის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებასთან), ვერ იქნება მტკიცებულება სადავო ქონებების იდენტურობის შესახებ, იმ პირობებში როდესაც საქმეში არ მოიპოვება არც ექსპერტიზის დასკვნა და არც კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს შეფასება ტექ. აღრიცხვის ბიუროში დაცული მონაცემების იდენტიფიკაციის შესახებ.

32. ამდენად, პირველ კასატორს მიაჩნია, რომ მიწის ნაკვეთების იდენტურობა არ დგინდება. ამასთანავე, პირველი კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ უმსჯელია მოპასუხის მიერ მითითებულ ხანდაზმულობაზე, რაც გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, კერძოდ, სასარჩელო მოთხოვნა სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს" 13.14.2009 წლის N1-3/175 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ ხანდაზმულია, გასულია „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

33. მეორე საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

34. მეორე კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შეილახა მისი საკუთრების უფლება, მას შეუმცირდა საწესდებო კაპიტალი და განიცადა მატერიალური ზიანი. მეორე კასატორის მოსაზრებით, საჯარო რეესტრმა მეორე კასატორზე უძრავი ნივთი დაარეგისტრირა კანონის სრული დაცვით. საკუთრების უფლების სარეგისტრაციო წარმოების დროს ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუდგენია ხარვეზი მეორე კასატორისთვის, რაც მიუთითებს მასზედ, რომ დაცულია საჯარო რეესტრის ინსტრუქცია. მეორე კასატორს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ვერ ასაბუთებდა სასარჩელო მოთხოვნა - „ა“-ს დაკმაყოფილების საფუძვლის არსებობას, მისი ბათილობის წინაპირობებს. ამასთან, მეორე კასატორის მოსაზრებით, არც უდავო გარემოებას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ მეორე კასატორის კაპიტალში შესული უძრავი ნივთი და 1995 წლის 23 აგვისტოს ხელშეკრულების საგანი არის იდენტური.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

35. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის განჩინებით პირველი საკასაციო საჩივარი, ხოლო 29 ივლისის განჩინებით მეორე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

36. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად:

37. საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით; ,,ლ” ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები; ხოლო ,,მ” ქვეპუნქტის თანახმად, საკადასტრო მონაცემების ზედდება არის უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრირებული უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან, რაც, იმავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს, ხოლო 22-ე მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.

38. მითითებული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების წარმოშობის, უფლებაში ცვლილების ან/და უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია წარმოებს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეტყობინების (ინფორმაცია ან/და დოკუმენტი) ან ინსტუქციით განსაზღვრული სხვა ინფორმაციის ან/და დოკუმენტის საფუძველზე. იგულისხმება „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია, რომლის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკადასტრო მონაცემები არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ასახული, მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის - ხაზოვანი ნაგებობების შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია; ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, საკადასტრო აზომვითი ნახაზი არის ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი.

39. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2013 წლის 2 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბინაზე მდებარე ქ. კასპი, ... ქ. №... (ყოფილი ... ქუჩა №...), რაზედაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2013 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძველით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს (67.01.51....) შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება (იხ., ამ განჩინების პ.9). სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მოსარჩელემაც სწორედ ის გარემოება მიიჩნია, რომ მან, 1995 წლის 15 დეკემბერს გამყიდველისაგან სანოტარო ფორმის დაცვით, 400 აშშ დოლარად, შეიძინა სადავო უძრავი ნივთი (ბინა). აღნიშნული ნივთი 1995 წლის 23 აგვისტოს პრივატიზებული და კასპის საბინაო-კომუნალურ სამსახურში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო გამყიდველზე. 2013 წლის 2 მაისს მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურს საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მიზნით, რა დროსაც, გაირკვა, რომ ბინა და მასში მისასვლელად საჭირო 354 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი, 2009 წლის 2 ნოემბრიდან რეგისტრირებული იყო მეორე მოპასუხის საკუთრების უფლებით როგორც ყაზარმა.

40. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის დანაწესის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი. შეჯიბრებითობის პრინციპის კონკრეტული გამოვლენაა სსსკ-ის 102-ე მუხლის დებულება, ამავე მუხლით განსაზღვრულია მტკიცებულებათა სახეები, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. საბოლოოდ კი, მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო მათ ერთობლიობაში სსსკ–ის 105–ე მუხლის მეორე ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, მტკიცებულებათა შეფასება უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ დაადასტურა, რომ სადავო უძრავ ნივთზე მან მოიპოვა საკუთრების უფლება კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, ამ განჩინების პპ: 6, 7-ით დადგენილია, რომ 1995 წლის 23 აგვისტოს კასპის კომუნალური საწარმოო კომბინატის წარმომადგენელს და გამყიდველს შორის, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის დადგენილების საფუძველზე, გაფორმდა №2-1812 ხელშეკრულება, რომლის თანახმად გამყიდველს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა კასპის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს 4 ბინიანი, საცხოვრებელი სახლიდან ორ ოთახიანი კომუნალური ბინა მდებარე, ქ. კასპი, ... ქუჩა №..., საერთო სასარგებლო ფართით 50 კვ. მეტრი, მათ შორის, საცხოვრებელი 30 კვ. მეტრი, დამხმარე 20 კვ. მეტრი. 1995 წლის 23 აგვისტოს №2-1812 ხელშეკრულების საფუძველზე კი, აღნიშნული ბინა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში დარეგისტრირდა გამყიდველის სახელზე; მოგვიანებით კი, 1995 წლის 1 დეკემბერს გამყიდველსა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა ნოტარიალურად დამოწმებული (რეგისტრაციის ნომერი №3-2523) ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელემ შეიძინა გამყიდველის კუთვნილი უძრავი ნივთი.1995 წლის 1 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული ბინა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში დარეგისტრირდა მოსარჩელის სახელზე.

41. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ გამყიდველსა და მოსარჩელეს შორის 1995 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით, მოსარჩელემ შეიძინა უძრავი ნივთი მდებარე კასპი, ... ქუჩა №13, ორი საცხოვრებელი ოთახი, მათ შორის, საცხოვრებელი 30 კვ. მეტრი, დამხმარე 20 კვ. მეტრი. სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს №1-3/175 ბრძანებით კი, განკარგული იქნა და მეორე მოპასუხის კაპიტალში მოექცა უძრავი ნივთი, რომელიც ტექ.ბიუროს ჩანაწერების მიხედვით 1995 წლის 23 აგვისტოს №2-1812 ხელშეკრულების საფუძველზე ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში დარეგისტრირებული იყო ჯერ გამყიდველის, ხოლო 1995 წლის 1 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე - მოსარჩელის სახელზე. მაშასადამე, 1995 წლის 1 დეკემბერს, გამყიდველსა და მოსარჩელეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება სრულ შესაბამისობაში იყო საკანონმდებლო მოთხოვნებთან, რაც მოსარჩელეს აღჭურავდა უფლებით მოეთხოვა სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

42. 2009 წლის 13 აპრილის მდგომარეობით კი, როდესაც სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტომ გამოსცა №1-3/175 ბრძანება და უძრავი ნივთი მდებარე ქ. კასპი, ... ქ. №... (ყოფილი ... ქუჩა №...), შეიტანა მეორე მოპასუხის კაპიტალში, უძრავ ნივთს ყავდა კანონის დადგენილი წესით რეგისტრირებული მესაკუთრე მოსარჩელის სახით.

43. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოშობილია სარჩელის დაკმაყოფილების „ა“ და „ბ“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.

44. ხოლო კასატორების პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ მიწის ნაკვეთების იდენტურობა არ დგინდება და ამასთანავე, გასულია ხანდაზმულობის ვადა, რადგან სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს" 13.14.2009 წლის N1-3/175 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, გაზიარებული ვერ იქნება.

45. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2013 წლის 2 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბინაზე მდებარე ქ. კასპი, ... ქ. №... (ყოფილი ... ქუჩა №...), რაზედაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2013 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძველით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს (67.01.51.....) შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. აღნიშნულის საწინააღმდეგო და იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მიწის ნაკვეთების ფართობები და კონფიგურაცია არ არის იდენტური კასატორებს არ წარმოუდგენიათ.

46. ხოლო რაც შეეხება ხანდაზმულობის საკითხს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის საკითხზე მოპასუხეებს შესაგებელში არ მიუთითებიათ (იხ., ტ.1. ს.ფ. 85-87; 98-99). სსსკ-ის 219-ე მუხლის თანახმად კი, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული (სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგოს თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ამასთან, ეს მტკიცებულებები საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით უნდა იქნეს სასამართლოსათვის წარდგენილი. სასამართლო არ გაითვალისწინებს ახალ გარემოებებს, არ მიიღებს არავითარ მტკიცებულებებს, ანგარიშს არ გაუწევს ახალ მოსაზრებებს, თუ საპატიო მიზეზის გარეშე არ იყო წარდგენილი თავის დროზე, ესე იგი ამ საქმის მომზადების სტადიაზე. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპატიო მიზეზით მხარემ ვერ წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას (შეადარ: ახალ გარემოებებზე დაგვიანებით მითითების საპროცესო სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით იხ., სუსგ-ები №ას-816-767-2015, 19 ნოემბერი, 2015 წელი; ას№-1493-1413-2017, 26 იანვარი, 2018 წელი, პ.49).

47. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები №ას-312-297-2016, 03 ივნისი, 2016 წელი, ას-1161-1092-2015; 15 იანვარი, 2016 წელი).

48. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრების დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

49. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს სამართლებრივ საკითხზე დადგენილია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია განჩინებაში.

50. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც, საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

51. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, მეორე კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%.

52. პირველი კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „ს. რ.“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3. კასატორ სს „ს. რ.“ (ს/კ: 202886...) უკან დაუბრუნდეს 2019 წლის 22 ივლისს საგადახდო დავალება N25922 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე