საქმე №ას-1714-2018 7 მარტი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ჩ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ე.“-მა (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ჩ-ის (შემდგომში − „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 390,14 აშშ დოლარის (ძირი − 255 აშშ დოლარი; სარგებელი − 67,57 აშშ დოლარი) გადახდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. ამავე დროს, იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ აპელანტის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ხარვეზის შევსების მიზნით აპელანტს დაევალა აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოსთვის წარედგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი იმდენი ასლის ოდენობით, რამდენი მხარეც მონაწილეობდა საქმეში, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია შესრულებული word-ის ფაილში CD დისკის სახით.
6. 2018 წლის 15 აგვისტოს აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის აგვისტოს თვის ბოლომდე გაგრძელება მოითხოვა.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აგვისტოს განჩინებით ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აპელანტს ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადა გაუგრძელდა 10 დღით.
8. 2018 წლის 29 აგვისტოს აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი. ამავე დროს, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, სახელმწიფო ბაჟის − 150 ლარის, გადახდის გადავადება მოითხოვა. 2018 წლის 20 სექტემბერს აპელანტმა კვლავ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, მიუთითა, რომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდას და ითხოვა საქმის განხილვა.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
10. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტს სასამართლოს განჩინებით ერთხელ უკვე ეთქვა უარი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე. გარდა ამისა, მას სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძვლად თანხის უქონლობა და უმუშევრობა ჰქონდა მითითებული, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე აპელანტის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
11. სააპელაციო პალატის მითითებით, ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განჩინება გაეგზავნა აპელანტს და 2018 წლის 11 სექტემბერს ჩაბარდა მის წარმომადგენელს, გ. კ-ძეს. ამგვარად, აპელანტს ხარვეზის შევსება 2018 წლის 21 სექტემბრის 24:00 საათამდე შეეძლო. თუმცა მას ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
13. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განუხილველი დატოვა, რადგან აპელანტმა მისი უმძიმესი ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო დააკმაყოფილებდა სააპელაციო საჩივარს.
14. კერძო საჩივრის ავტორი მის მიერ წარმოდგენილ კერძო საჩივარში ვრცლად მსჯელობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
18. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება წარმოადგენს.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
20. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.
21. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და, ამავე დროს, იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე (იხ. ტ.1. ს.ფ. 165-173).
22. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. აპელანტს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 7-დღიანი ვადა (იხ. ტ.1. ს.ფ. 178-185).
23. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის აგვისტოს თვის ბოლომდე გაგრძელება მოითხოვა (იხ. ტ.1. ს.ფ. 188).
24. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აგვისტოს განჩინებით ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მხარეს ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადა გაუგრძელდა 10 დღით. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი (იხ. ტ.1. ს.ფ. 189-191).
25. დადგენილია ასევე, რომ 2018 წლის 29 აგვისტოს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტმა და ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი. ამასთან, სახელმწიფო ბაჟის − 150 ლარის, გადახდის გადავადება მოითხოვა (იხ. ტ.1. ს.ფ. 193).
26. ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განჩინება 2018 წლის 11 სექტემბერს ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს – გ. კ-ძეს (იხ. ტ.1. ს.ფ. 205), რომლის უფლებამოსილებაც დასტურდება საქმეში არსებული რწმუნებულებით (იხ. ტ.1. ს.ფ. 58-59). შესაბამისად, აპელანტს ხარვეზის შევსება 2018 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით შეეძლო.
27. 2018 წლის 20 სექტემბერს აპელანტმა კვლავ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, მიუთითა, რომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდას და ითხოვა საქმის განხილვა (იხ. ტ.1. ს.ფ. 206).
28. ამდენად, საქმის მასალებიდან ირკვევა და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.
29. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.
30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
31. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს. მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
32. მოცემულ შემთხვევაში აპელანტი გადახდისუუნარობის დასასაბუთებლად თავის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე უთითებდა, თუმცა საკუთარი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია. მარტოოდენ სიტყვიერი მითითება კი არ არის საკმარისი მხარის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დასადასტურებლად.
33. ამავე დროს, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატას სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ აპელანტის შუამდგომლობის თაობაზე 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით უკვე ნამსჯელი ჰქონდა. აღნიშნული განჩინებით მხარეს განემარტა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადავადების საფუძვლის, მძიმე ქონებრივი მდგომარეობის არსებობა მას შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით უნდა დაედასტურებინა. მიუხედავად ამისა, აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო და, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, კვლავ სახელმწიფო ბაჟის გადავადება მოითხოვა, რის გამოც არსებობდა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).
35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მესამე ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).
36. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების უკანონობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამ პრეტენზიებს საკასაციო პალატა არსებითად ვერ განიხილავს, რადგან კერძო საჩივრის ფარგლებში მოწმდება მხოლოდ პროცესუალური საკითხი − მართებულია თუ არა სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
37. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი. ამგვარად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე