Facebook Twitter

საქმე #ა-4430-შ-137-2019 7 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ქ.ალმაატის სპეციალიზებული სარაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საკითხი ამავე სასამართლოს 2019 წლის 16 სექტემბრის განჩინების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

ქ.ალმაატის სპეციალიზებული სარაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2019 წლის 16 სექტემბრის განჩინებით შეზღუდული შესაძლებლობის ამხანაგობა „... A.-ს“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო მოპასუხე შეზღუდული შესაძლებლობის საზოგადოება „A.-ის“ (რეგ: #405243...) კუთვნილ და მის სხვა პირის ხელში მყოფ ქონებას სასარჩელო მოთხოვნის _ 96 910 აშშ დოლარის ფარგლებში.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეცა მხოლოდ ხსენებული განჩინება და მისი ქართულენოვანი თარგმანი.

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ ქ.ალმაატის კომპეტენტური სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების მარეგულირებელ მატერიალური სამართლის ნორმებს განსაზღვრავს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი მხარდაჭერისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის (ე.წ მინსკის კონვენცია) ნორმები, რომლებიც სპეციალურ წინაპირობებს ადგენენ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანისათვის. კონვენციის 54*-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობებს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე, გათვალისწინებულთ 51-ე მუხლში, განიხილავენ იმ ხელშემკვრელი მხარის სასამართლოები, რომელთა ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს იძულებითი აღსრულება. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საპროცესო საკითხები განიხილება სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„მ“ ქვეპუნქტების თანახმად, შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს სასამართლოს დასახელება, რომელშიც შეაქვთ იგი; მოსარჩელის, მისი წარმომადგენლის (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს), მოპასუხის, მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი. სარჩელში შესაძლოა მოსარჩელემ ან მისმა წარმომადგენელმა ასევე მიუთითოს საკონტაქტო პირის მონაცემები. თუ სარჩელი შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), იგი ვალდებულია მიუთითოს ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი; დავის საგანი; სარჩელის ფასი; კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც შუამდგომლობის ავტორი ამყარებს თავის მოთხოვნებს; მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს; შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა; სამართლებრივი საფუძვლები, რომლებზედაც შუამდგომლობის ავტორი ამყარებს თავის მოთხოვნებს; არსებობის შემთხვევაში, მხარის შუამდგომლობები; თანდართული დოკუმენტების ნუსხა; იურიდიული ინტერესი, თუ აღძრულია აღიარებითი მოთხოვნა; მოსარჩელის მოსაზრება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე. ამავე ნორმის მე-3 და მომდევნო ნაწილებით, შუამდგომლობის ავტორი ვალდებულია, შუამდგომლობას დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მხარეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია შუამდგომლობასთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს შუამდგომლობაში. მხარე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა. სასამართლოს უნდა წარედგინოს შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა. შუამდგომლობის ავტორი, მისი წარმომადგენელი (თუ შუამდგომლობა შეაქვს წარმომადგენელს) ვალდებულია, ზუსტად მიუთითოს საკუთარი, მოპასუხის, მოწმის, ასევე სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის მისამართები. შუამდგომლობას ხელს აწერს მისი ავტორი ან უფლებამოსილი წარმომადგენელი.

მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტი იმპერატიულად ადგენს, რომ გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების შესახებ შუამდგომლობას უნდა დაერთოს გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლი, ასევე ოფიციალური დოკუმენტი იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას ან იმის შესახებ, რომ იგი ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე, თუ ეს არ გამომდინარეობს თავად გადაწყვეტილებიდან; დოკუმენტი, საიდანაც გამომდინარეობს, რომ მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, და რომელიც არ მონაწილეობდა პროცესში, სათანადო წესით და დროულად იქნა გამოძახებული სასამართლოში, ხოლო მისი პროცესუალური არაქმედუნარიანობის შემთხვევაში სათანადოდ იქნა წარმოდგენილი; დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გადაწყვეტილების ნაწილობრივ აღსრულებას მისი გადაგზავნის მომენტისთვის; დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის საქმეებზე.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს არც ერთ ზემოხსენებულ მოთხოვნას, შესაბამისად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს მასზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე შუამდგომლობის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ იგი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს რა კანონის ფორმალურ მოთხოვნებს, მის ავტორს უარი უნდა ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევებს, მას უფლება აქვს, საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5, 70.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცეოს კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.ალმაატის სპეციალიზებულ სარაიონთაშორისო ეკონომიკურ სასამართლოს უარი ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.

2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.

3. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ.ალავიძე