საქმე №ას-930-2019 03 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ჯ. უ. ე. ფ.“
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ტ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად უკან დაბრუნება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ. ტ-მა (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა შპს „ჯ. უ. ე. ფ.“ (შემდეგში - მოპასუხე ან მოპასუხე კომპანია ან აპელანტი ან კასატორი) მიმართ, ზიანის - 76 881 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.
2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ 2015 წლის 5 აგვისტოს მოსარჩელის დედამ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიიღო სახლი. მოსარჩელის დედამ შეამჩნია, რომ სახლს გაუჩნდა ბზარები, დაიწია ქუჩის ასფალტის საფარმა, რაც მისი ვადაუდით გამოწვეული იყო წყლის მილსადების დაზიანებით. მოსარჩელის დედა იძახებდა მოპასუხის საავარიო სამსახურს, მაგრამ იმ მოტივით, რომ წყალს არ ამოუხეთქავს, დაზიანება არ აღმოფხვრეს. 2015 წლის ივნისის თვის დასაწყისში ჩაინგრა მათი ქუჩა და წამოვიდა დიდი ოდენობით წყალი. საავარიო სამსახურმა გათხარა ქუჩა და შეაკეთა დაზიანებული მილსადენი. მისლადების დაზიანების შედეგად მნიშვნელოვნად დაიზანდა მოსარჩელის დედის და მისი მეზობლის სახლები; მოპასუხემ შეადგინა ორივე სახლზე სარემონტო სამუშაოებების ხარჯთაღრიცხვა. მის მეზობელს ჩაურიცხეს 19815 ლარი, ხოლო მოსარჩელის დედას მიყენებული ზიანი 76881 ლარის ოდენობით არ აუნაზღაურეს იმ მოტივით რომ წყლის მილსადენის შენობა-ნაგებობიდან დაშორება უნდა იყოს 5 მეტრი.
3. 2017 წლის 23 მაისის სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმით მოსარჩელის დედის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნეს მოსარჩელე.
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. შესაგებელში მოპასუხემ სადავოდ გახადა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნა, რომლის კვლევით ნაწილში აუდიტორი მიუთითებს, რომ წლების მანძილზე წყლის გადინების ზემოქმედებით საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. მოპასუხის განმარტებით, აუდიტს არ გააჩნია შენობის დაზიანების გამომწვევი მიზეზების დადგენის კომპეტენცია, ამისთვის საჭიროა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, ასევე ნიადაგის გეოლოგიური კვლევა. რაც შეეხება ხარჯთაღრიცხვას, იგი შედგენილია სახლის პროექტის გარეშე, რის გამოც გაურკვეველია, საიდან აიღო მონაცემები აუდიტორმა და რის საფუძველზე დაითვალა მონაცემები.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.03.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 76 881 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა. იმავდროულად, აპელანტმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.03.2018წ.-ის საოქმო განჩინება მოპასუხის შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.03.2018წ. გადაწყვეტილება და ამავე თარიღის საოქმო განჩინებები მოპასუხის შუამდგომლბების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე განსაზღვრავს იმ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისში, წ. მე-... ქუჩა, გასასვლელი N... (საკადასტრო კოდი N 01.17.11.036...), საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელზე. მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია დიდი ხნის მანძილზე დაზიანებული საკანალიზაციო-წყალმომარაგების მილგაყვანილობიდან გამონადენი წყლების ზემოქმედებით. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 26.02.2018წ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვა იყო მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა, დაზიანების გამომწვევი მიზეზები და დაზიანებების ხანდაზმულობა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ საკვლევი შენობის ტექნიკური მდგომარეობა მწვავედ ავარიულ მდგომარეობაშია. ვიზუალური შესწავლით დადგინდა: წინა ფასადზე ეზოს მხარეს არსებული მცირე ფართს და ავტოფარეხის იატაკს აშკარად ეტყობა, რომ გრუნტი დაწეულია და დეფორმირებულია მის ქვეშ წლების მანძილზე წყლების გადინების გამო. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ აღნიშნული მონაკვეთები დღეის მდგომარეობით მშრალია, რაც იმას მიუთითებს, რომ გრუნტის წყლების არსებობა არ ფიქსირდება. აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ შენობის ქვეშ გრუნტის გაწყლიანება გამოწვეულია წლების განმავლობაში ტექნოგენური წყლების მოდინებით. გრუნტმა განიცადა ჯდენითი დეფორმაციები, რამაც გამოიწვია კედლებში გაჩენილი ბზარები და დაზიანებები. მარჯვენა ტორსული კედლის მხარეს კუთხე ჩამონგრეულია, მიმდებარე შიდა კუთხე გახსნილა. ეს მონაკვეთი საფრთხის შემცველია. დიდი ალბათობაა მათი ჩამონგრევის. ფასადზე გაჩენილია ვერტიკალური ბზარები დიდი გახსნილობით 10-25 მმ.. უკანა ფასადის მხარეს შიდა ოთახებში კედლები მრავალმხრივ არის დაბზარულ-დაზიანებული და აქვს გამჭოლი ბზარები როგორც კუთხეში, ასევე ყველა კედელში. ზოგიერთ ოთახში მოწყობილია დროებითი საყრდენები ხის ელემენტების მეშვეობით. სახლის კედლები, სახურავი და იატაკი იმდენადაა დაძრულ დეფორმირებული, რომ დიდი ალბათობაა მათი ჩამოშლის... შენობა სეისმურ ნორმებთან მცირედ შეუსაბამოა: წინა ფასადზე შუაკედლისების არსებული სიგანე არ შეესაბამება სამშენებლო ნორმებს, თუმცა ამ ნორმის დარღვევას დღევანდელ ავარიულ მდგომარეობაში კედლის მდგრადობაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ექსპერტმა დაასკვნა რომ: მოსარჩელის საცხოვრებელ სახლს აღენიშნება მეოთხე ხარისხის დაზიანებები. აღნიშნული დაზიანებების ხანდაზმულობის დადგენა კონკრეტულად შეუძლებელია. დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია დიდი ხნის მანძილზე დაზიანებული საკანალიზაციო-წყალმომარაგების მილგაყვანილობიდან გამონადენი წყლების ზემოქმედებით. საცხოვრებელი სახლი სამშენებლო ნორმებთან შეუსაბამოა, თუმცა აღნიშნული ნორმების დარღვევის, ასევე მიწისძვრების ბიძგების, ნიადაგში არსებული გრუნტების წყლების და ბუნებრივი ნალექების ზემოქმედებას, არ შეეძლო აღნიშნული შენობის დღევანდელ მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მოყვანა. საცხოვრებელი სახლის აღდგენა-რეაბილიტაცია მიზანშეწონილი არ არის. საჭიროა მისი დემონტაჟი და ახლის აშენება. საექსპერტო კვლევა ჩატარებული აქვს კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის (დეპარტამენტის) სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის სამმართველოს ექსპერტს სპეციალობით მუშაობის 45 წლის სტაჟით.
10. საქმეში ასევე წარმოდგენილია ი/მ დამოუკიდებელი ექსპერტის და აუდიტორის 04.04.2016წ. ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი მწვავე ავარიულ მდგომარეობაშია, აღდგენა-შეკეთებას არ ექვემდებარება, წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშს, რის გამოც უნდა მოხდეს მისი დემონტაჟი-რეაბილიტაცია და ახლით ჩანაცვლება, რისთვისაც საჭირო იქნება 76 88.00 ლარის სარეაბილიტაციო სამუშაოები (ტ.1, ს.ფ. 47-57). დასკვნის კვლევით ნაწილის თანახმად, სადავო ფართს აშკარად ეტყობა, რომ მიწა დაწეულია და დეფორმირებულია მის ქვეშ წლების მანძილზე წყლების გადინების გამო. სწორედ წლების მანძილზე წყლების გადინების (მიწის ქვეშ და ზემოდანაც) ზემოქმედების შედეგია ის ფაქტი, რომ დღეისათვის საცხოვრებელი სახლი გამოუსადეგარ და მწვავე ავარიულ მდგომარეობაშია. სახლის კედლები მრავალმხრივ არის დაბზარულ-დაზიანებული და აქვს გამჭოლი ბზარები როგორც კუთხეებში, ასევე თითქმის ყველა კედელზე. კედლების ჯდომის გამო დეფორმირებულია სახლის ჭერი და იატაკი, დაძრულია სახლის კედლები, რაც აშკარად შეინიშნება როგორც შიგა ფართში შესვლისას, ასევე გარედან. სახლის ცალკეულ ნაწილებს გაკეთებული აქვს დროებითი საყრდენები და ფაქტობრივად ფართში შესვლა შემსვლელის სიცოცხლისთვის საშიშროებას წარმოადგენს (ტ.1, ს.ფ. 48).
11. სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელისთვის მოპასუხის ქმედების შედეგად ზიანის მიყენების ფაქტი, რაც მოპასუხე მხარის მიერ სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით სარწმუნოდ ვერ იქნა უარყოფილი, რაც მის საპროცესო მოვალეობას წარმოადგენდა.
12. რაც შეეხება საცხოვრებელი სახლისთვის მიყენებული ზიანის ოდენობას, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აღნიშნულ მოპასუხე იმ მოტივით ხდიდა სადავოდ, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა არ ემყარება შესაბამის საპროექტო მონაცემებს.
13. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ი/მ დამოუკიდებელი ექსპერტი, აუდიტორი 04.04.2016წ. დასკვნის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი აღდგენა-შეკეთებას არ ექვემდებარება, უნდა მოხდეს მისი დემონტაჟი-რეაბილიტაცია და ახლით ჩანაცვლება, რისთვისაც საჭირო იქნება 76 88.00 ლარის სარეაბილიტაციო სამუშაოები (ტ.1, ს.ფ. 47-57). დასკვნას ერთვის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა, რომელშიც დეტალურადაა აღნიშნული თითოეული შესასრულებელი სამუშაო და მისი ღირებულება (ტ.1, ს.ფ. 51-57). სხვა მტკიცებულება, რაც განსახორციელებელი სამუშაოების სხვა ღირებულებაზე მიუთითებდა, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა და ასეთ მტკიცებულებაზე არც სააპელაციო საჩივარშია მითითებული.
14. რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას გადაწყვეტილების წინმსწრები 26.03.2018წ. საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა გეოლოგიური დასკვნის წარმოდგენის მიზნით სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს საკმარისი დრო ჰქონდა საშეჯიბრო საწყისზე საქმის წარმოებისათვის. დადგენილი იქნა, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა 21.04.2016წ. შესაგებელი სასამართლოში წარდგენილი იქნა 04.05.2016წ., თუმცა შესაგებელი არ შეიცავდა რაიმე სახის კონკრეტულ მსჯელობას სარჩელში მითითებულ ამა თუ იმ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებაში და უთითებდა დაზუსტებული შესაგებლის წარდგენის ნების არსებობის თაობაზე (ტ.1, ს.ფ. 67-74). დაზუსტებული შესაგებელი სასამართლოში წარდგენილი იქნა მხოლოდ 10.04.2017წ., ანუ თითქმის ერთი წლის შემდეგ პირველი შესაგებლის წარდგენიდან (ტ.1, ს.ფ.101-109), რომლითაც მოპასუხე მხარე სადავოდ ხდიდა სარჩელზე თანდართულ დავით რობაქიძის 04.04.2016წ. დასკვნას და განმარტავდა, რომ აუდიტს არ გააჩნია შენობის დაზიანების გამომწვევი მიზეზების დადგენის კომპეტენცია, ამისთვის საჭიროა საინჟინრო -ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, ასევე ნიადაგის გეოლოგიური გამოკვლევა, შესაგებლით ასევე შედავებულია დასკვანაში მოცემული ხარჯთაღრიცხვა. ამასთან, დაზუსტებული შესაგებლით მოთხოვნილი არ ყოფილა დამატებითი ვადა მტკიცებულებების წარმოსადგენად და მოპასუხეს არც იმ გარემოებაზე მიუთითებია, რომ იგი აპირებდა რაიმე საექსპერტო კვლევის ჩატარებას (ტ.1, ს.ფ. 101-109).
15. თბილისის საქალაქო სასამართლომ 17.11.2017წ. განჩინებით საქმეზე დაინიშნა საინჟინრო ექსპერტიზა (ტ.1, ს.ფ. 144-146), რის საფუძველზეც მომზადდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 26.02.2018წ. დასკვნა (ტ.1, ს.ფ. 153-162). სასამართლოს განჩინებით ექსპერტიზის წინაშე დაისვა სწორედ ის საკითხები, რასაც მოპასუხის წარმომადგენელი დავის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობის მქონედ მიიჩნევდა და წერილობით წარუდგინა სასამართლოს (იხ.: 22.11.2017წ. განცხადება, ტ.1, ს.ფ. 147).
16. ექსპერტიზის 26.02.2018წ. დასკვნა მოპასუხეს ჩაბარდა 19.03.2018წ. (ტ.1, ს.ფ. 172). ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას არ ჰქონია ადგილი მხარეთა შორის შეჯიბრებითობის და დისპოზიციურობის პრინციპების დარღვევას.
17. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ასევე არ არსებობდა სხდომის გადადებაზე უარის თქმის შესახებ 26.03.2018წ. საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი (ტ.1, ს.ფ. 182,183) თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის პირველი ნაწილისა. სააპელაციო პალატამ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ მოპასუხე მხარისათვის სარჩელი და თანდართული მასალების ჩაბარების მომენტიდანვე ცნობილი იყო დავის არსი და შესაბამისად, რომელიმე ფაქტობრივი გარემოების მტკიცებისათვის მტკიცებულებათა წარმოსადგენად და ასევე, გეოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა მას ჰქონდა. შესაბამისად, არ არსებობდა სასამართლო სხდომის აღნიშნული მოტივით გადადების სამართლებრივი საფუძველი. პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ 26.03.2018წ. საოქმო განჩინებით მართებულად არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე.
18. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ასევე არ არსებობდა არც ექსპერტის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ 26.03.2018წ. საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი (ტ.1, ს.ფ.183,184). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლი ითვალისწინებს ექსპერტის დასკვნის შემოწმების, ექსპერტისათვის შეკითხვის მიცემის წესს. აღნიშნული ნორმის თანახმად, მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ გაეცნონ ექსპერტის დასკვნას. მათივე თხოვნით ექსპერტის დასკვნა გამოქვეყნდება სასამართლო სხდომაზე. მხარეებს შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი მოსაზრება, ხოლო დასკვნის განმარტებისა და შევსების მიზნით ექსპერტს შეიძლება მიეცეს შეკითხვები. განსახილველ შემთხვევაში, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის მიერ დასაბუთებული ვერ იქნა დასკვნაში მოცემული რა გარემოებების განმარტებას ან/და შევსებას შეძლებდა ექსპერტი სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, ან/და რაში მდგომარეობდა დასკვნის ბუნდოვანება. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ 26.03.2018წ. საოქმო განჩინებით მართებულად არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ექსპერტის დაკითხვის თაობაზე.
19. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად უკან დაბრუნება.
20. კასატორის მოსაზრებით, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ისე-სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო ნორმების დარღვევით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ არ მიიჩნია დასაშვებად მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რადგან ამ მტკიცებულებების წარდგენის უფლება უკანონოდ შეეზღუდა პირველი ინსტანციის სასამართლოში.
21. მოპასუხე მხარემ სადაოდ გახადა მოსარჩელის მიერ მითითებული ზიანში მოპასუხის ბრალეულობის, ასევე, ზიანის ოდენობის საკითხი. ამ შედავების შემდეგ მოსარჩელემ, ნაცვლად იმისა, რომ თვითონ მიემართა ექსპერტიზისათვის, სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა და მოითხოვა ექსპერტიზის დანიშვნა. სასამართლომ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დანიშნა საინჟირნო-ტექნიკური ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნა მოპასუხეს ჩაბარდა 2018 წლის 19 მარტს, რა დროსაც, გამოირკვა, რომ დასკვნა გაიცა დაზიანებული მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების და მესაკუთრის განმარტების საფუძველზე, ისე, რომ გამოკვლეული არ ყოფილა დაზიანებული შენობის საძირკვლები (რის გარეშეც, შეუძლებელია წყალდენის მიზეზების დადგენა). ამის შემდეგ, მოპასუხემ მიმართა გეოლოგს შენობა-ნაგებობის საძირკვლების გეოლოგიური კვლევის ცატარების მიზნით, თუმცა სასამართლომ მოსამზადებელი სხდომა დანიშნა ექსპერტიზის დასკვნის ჩაბარებიდან ერთ კვირაში, რა ვადაშიც ვერ მოესწრო გეოლოგთან ხელშეკრულების გაფორმების დასრულება (საჭირო იყო ობიექტის ადგილზე დათვალიერება, შურფირების წერტილების განსაზღვრა და შესაბამისად, მომსახურების ხელშეკრულების პირობების ჩამოყალიბება). კასატორი აღნიშნავს რომ მან პირველი ინსტანციის სასამართლოში, 2018 წლის 26 მარტის მოსამზადებელ სხდომაზე იშუამდგომლა რათა სასამართლოს მათთვის მიეცა საპირისპირო მტკიცებულებების წარდგენის საშუალება და ვადა გეოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის წარსადგენად, რაც არ გაიზიარა ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ხოლო შემდეგ-სააპელაციო პალატამ.
22. კასატორს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც სარჩელს არ ერთვოდა კვალიფიციური ექსპერტიზის დასკვნა დაზიანების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. შესაბამისად, ექსპერტიზის ჩატარება რაც დაკავშირებული იყო დამატებითი ხარჯების გაწევასთან, მოპასუხე მხარემ არ მიიჩნია მიზანშეწონილად. საპირისპირო მტკიცებულებების წარდგენის აუცილებლობა განაპირობა სწორედ სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნამ, რომელიც შედგენილია მხოლოდ ობიექტის ვიზუალური დათვალიერებით, ასევე, მოსარჩელის განმარტების საფუძველზე.
23. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია დიდი ხნის მანძილზე დაზიანებული საკანალიზაციო-წყალმომარაგების მილგაყვანილობიდან გამონადენი წყლების ზემოქმედებით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თავისივე დასკვნით ადასტურებს და არ გამოროცხავს, რომ დაზიანების გამომწვევი მიზეზი შეიძლება სხვა ფაქტორიც იყო, თუმცა მიიჩნევს, რომ ,,ძირითადად’’ დაზიანების დიდი ნაწილი განპირობებულია მოპასუხის ბრალით. ასეთი მსჯელობით სასამართლო უშვებს ე.წ.,,შერეული ბრალის’’ არსებობას, მაგრამ შედეგად მთლიანი ზიანის მოპასუხისათვის დაკისრებით არღვევს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნას (თუ ზიანის წარმიშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია, იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული).
24. კასატორი აცხადებს, რომ გეოლოგიური დასკვნით, რომელიც არ მიიღო სასამართლომ, დასტურდება, რომ სახლის დაზიანება გამოწვეულია არა საძირკვლების გაწყლიანებთ, არამედ-საძირკვლების არაერთგვაროვან გრუნტებზე განლაგებით და რომ მათ მიერ მოპოვებული სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 22.11.2018 წლის №500748... დასკვნით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები შესაძლებელია გამოწვეული ყოფილიყო საძირკვლების არაერთგვაროვან გრუნტებზე განლაგებით, მაგრამ არა ისეთი მასშტაბებით, რაც დღევანდელი მდგომარეობითაა წარმოდგენილი. კასატორი ასევე აცხადებს, რომ მოპასუხე მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით შეიძლება დავასკვნათ, რომ მოწინააღმდეგე მხარის სახლის დაზიანება განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით, რომელშიც შესაძლებელია იყოს მოპასუხის ბრალიც, რაც თავისთავად არ წარმოშობს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძვლებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
26. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
27. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის, როგორც ზიანის დადგომაში მოპასუხის ბრალეულობას, ასევე ზიანის ოდენობასაც.
28. მოპასუხის ბრალეულობასთან მიმართებით კასატორი აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სარჩელს არ ერთვოდა კვალიფიციური ექსპერტიზის დასკვნა დაზიანების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. აღნიშნულს საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 26.02.2018წ. ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, საკვლევი შენობის ტექნიკური მდგომარეობა მწვავედ ავარიულ მდგომარეობაშია. ვიზუალური შესწავლით დადგინდა: წინა ფასადზე ეზოს მხარეს არსებული მცირე ფართს და ავტოფარეხის იატაკს აშკარად ეტყობა, რომ გრუნტი დაწეულია და დეფორმირებულია მის ქვეშ წლების მანძილზე წყლების გადინების გამო. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ აღნიშნული მონაკვეთები დღეის მდგომარეობით მშრალია, რაც იმას მიუთითებს, რომ გრუნტის წყლების არსებობა არ ფიქსირდება. აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ შენობის ქვეშ გრუნტის გაწყლიანება გამოწვეულია წლების განმავლობაში ტექნოგენური წყლების მოდინებით. გრუნტმა განიცადა ჯდენითი დეფორმაციები, რამაც გამოიწვია კედლებში გაჩენილი ბზარები და დაზიანებები. მარჯვენა ტორსული კედლის მხარეს კუთხე ჩამონგრეულია, მიმდებარე შიდა კუთხე გახსნილა. ეს მონაკვეთი საფრთხის შემცველია. დიდი ალბათობაა მათი ჩამონგრევის. ფასადზე გაჩენილია ვერტიკალური ბზარები დიდი გახსნილობით 10-25 მმ.. უკანა ფასადის მხარეს შიდა ოთახებში კედლები მრავალმხრივ არის დაბზარულ-დაზიანებული და აქვს გამჭოლი ბზარები როგორც კუთხეში, ასევე ყველა კედელში. ზოგიერთ ოთახში მოწყობილია დროებითი საყრდენები ხის ელემენტების მეშვეობით. სახლის კედლები, სახურავი და იატაკი იმდენადაა დაძრულ დეფორმირებული, რომ დიდი ალბათობაა მათი ჩამოშლის... შენობა სეისმურ ნორმებთან მცირედ შეუსაბამოა: წინა ფასადზე შუაკედლისების არსებული სიგანე არ შეესაბამება სამშენებლო ნორმებს, თუმცა ამ ნორმის დარღვევას დღევანდელ ავარიულ მდგომარეობაში კედლის მდგრადობაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ექსპერტმა დაასკვნა რომ: მოსარჩელის საცხოვრებელ სახლს აღენიშნება მეოთხე ხარისხის დაზიანებები. აღნიშნული დაზიანებების ხანდაზმულობის დადგენა კონკრეტულად შეუძლებელია. დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია დიდი ხნის მანძილზე დაზიანებული საკანალიზაციო-წყალმომარაგების მილგაყვანილობიდან გამონადენი წყლების ზემოქმედებით. საცხოვრებელი სახლი სამშენებლო ნორმებთან შეუსაბამოა, თუმცა აღნიშნული ნორმების დარღვევის, ასევე მიწისძვრების ბიძგების, ნიადაგში არსებული გრუნტების წყლების და ბუნებრივი ნალექების ზემოქმედებას, არ შეეძლო აღნიშნული შენობის დღევანდელ მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მოყვანა. საცხოვრებელი სახლის აღდგენა-რეაბილიტაცია მიზანშეწონილი არ არის. საჭიროა მისი დემონტაჟი და ახლის აშენება.
29. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით განსაზღვრული და კასატორის მიერ სადავოდ ქცეული წინაპირობა - მოპასუხის ბრალეულობა - დადასტურებულია. ამავე საფუძვლით არაა გასაზიარებელი კასატორის მითითება სსკ-ის 415-ე მუხლის (შერეული ბრალი) გამოყენების წინაპირობების არსებობასთან მიმართებით.
30. ხოლო რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ დაარღვია საშეჯიბრო პრინციპი, რადგან თუ საკმარისი არ იყო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულება (სსსკ-ის 102-ე მუხლი), სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ნაცვლად ამისა, სასამართლომ თავად დანიშნა ექსპერტიზა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ თავისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება (სსსკ-ის მე-3, მე-4 და 102-ე მუხლის პირველი ნაწილი), კერძოდ, მოსარჩელემ სარჩელს დაურთო ი/მ დამოუკიდებელი ექსპერტის და აუდიტორის 04.04.2016წ. ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი მწვავე ავარიულ მდგომარეობაშია, აღდგენა-შეკეთებას არ ექვემდებარება, წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშს, რის გამოც უნდა მოხდეს მისი დემონტაჟი-რეაბილიტაცია და ახლით ჩანაცვლება, რისთვისაც საჭირო იქნება 76 88.00 ლარის სარეაბილიტაციო სამუშაოები (ტ.1, ს.ფ. 47-57). რაც შეეხება სასამართლოს ინიციატივით ექსპერტიზის დანიშვნის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ კასატორის შედავებას, დადგენილია, რომ საქალაქო სასამართლოში, მთავარ სხდომაზე სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა განმარტებები, შეისწავლა საქმის მასალები, გაანალიზა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტა საჭიროებდა სპეციალურ ცოდნას. მართალია, საქმეში წარმოდგენილი იყო აუდიტის დასკვნა, მაგრამ იგი არ მოიცავდა სრულად იმ კითხვაზე პასუხს, რაც აუცილებელი იყო საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად. შესაბამისად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის უნდა დადგინდეს მატერიალურ სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული გარკვეული იურიდიული ფაქტების (იურიდიული შემადგენლობის) უტყუარად არსებობა, რაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით აღიარებული მტკიცებულებებით. ამასთან, ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მტკიცებულებათა მიღება და შეგროვება უნდა განხორციელდეს განკუთვნადობისა და დასაშვებობის პრინციპების მოთხოვნათა გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, რომელთა შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა. ამავე კოდექსის 105–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ექსპერტის დასკვნაც, სსსკ-ის კოდექსის 162-ე მუხლით გათვალისწინებულ მტკიცებულებას განეკუთვნება, რომელიც წარმოადგენს სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგს. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). მოცემულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ თავისი ინიციატივით დანიშნა საქმეზე ექსპერტიზა, რაც მოტივირებული იყო იმ საფუძვლით, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტა საჭიროებდა სპეციალურ ცოდნას. მართალია, საქმეში წარმოდგენილი იყო აუდიტის დასკვნა, მაგრამ იგი არ მოიცავდა პასუხს კითხვაზე, რაც აუცილებელი იყო საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 162-ე და 173-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანიშნა საქმეზე ექსპერტიზა (იხ., საქმე №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი). ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს სრული უფლება ჰქონდა სადავო საკითხის გადასაწყვეტად დაენიშნა ექსპერტიზა თავისი ინიციატივით სსსკ-ის 162-ე და 173-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, რაც განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის იყო აუცილებელი.
31. რაც შეეხება მიყენებული ზიანის ოდენობასთან დაკავშირებულ საკასაციო პრეტენზიას, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, მასზედ, რომ მოსარჩელემ თავისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში შესძლო ზიანის ოდენობის დადასტურება, კერძოდ, მოსარჩელემ წარმოადგინა ი/მ დამოუკიდებელი ექსპერტის, აუდიტორის 04.04.2016წ. დასკვნა, რომლის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი აღდგენა-შეკეთებას არ ექვემდებარება, უნდა მოხდეს მისი დემონტაჟი-რეაბილიტაცია და ახლით ჩანაცვლება, რისთვისაც საჭირო იქნება 76 88.00 ლარის სარეაბილიტაციო სამუშაოები (ტ.1, ს.ფ. 47-57). დასკვნას ერთვის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა, რომელშიც დეტალურადაა აღნიშნული თითოეული შესასრულებელი სამუშაო და მისი ღირებულება (ტ.1, ს.ფ. 51-57). სხვა მტკიცებულება, რაც განსახორციელებელი სამუშაოების სხვა ღირებულებაზე მიუთითებდა, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
32. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე (კასატორი) პრეტენზიას აცხადებს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სურვილი ჰქონდათ გეოლოგის დასკვნა წარედგინათ სასამართლოში, რისთვისაც პირველი ინსტანციის სასამართლოში, 2018 წლის 26 მარტის მოსამზადებელ სხდომაზე იშუამდგომლა კიდევაც, თუმცა, სასამართლოს მათთვის საპირისპირო მტკიცებულებების წარდგენის საშუალება და ვადა არ მიუცია (იხ., ამ განჩინების პ-21). აღნიშნულს საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს მასზედ, რომ ი/მ დამოუკიდებელი ექსპერტის, აუდიტორის 04.04.2016წ. დასკვნა, რომლის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი აღდგენა-შეკეთებას არ ექვემდებარება, უნდა მოხდეს მისი დემონტაჟი-რეაბილიტაცია და ახლით ჩანაცვლება, რისთვისაც საჭირო იქნება 76 88.00 ლარის სარეაბილიტაციო სამუშაოები (ტ.1, ს.ფ. 47-57), წარდგენილი იყო საქალაქო სასამართლოში სარჩელთან ერთად და ჩაბარდა მოპასუხეს 21.04.2016-ში; 16.09.2016-ის მოსამზადებელი სხდომის დღის შესახებ კი, მოპასუხეს ეცნობა 28.07.2016-ში. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ მოპასუხეს ჰქონდა შესაძლებლობა წარედგინა მტკიცებულება, რის გამოც, მისი არგუმენტი გაზიარებული ვერ იქნება. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამავე საფუძვლით არ არსებობდა მტკიცებულების წარდგენის მიზნით მოპასუხისთვის ვადის მიცემისა და სხდომის გადადების საფუძველი, რის გამოც 26.03.2018წ. საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი (ს.ფ. 182, ტ.1) არ არსებობს.
33. რაც შეეხება 26.03.2018წ. საოქმო განჩინების კანონიერებას ექსპერტის დაკითხვაზე უარის თქმის ნაწილში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არც ამ ნაწილშია წარმოყენებული დასაშვები პრეტენზია, გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი ექსპერტის დაკითხვის შესახებ გადაწყდება საჭიროების მიხედვით (დასკვნის ირგვლის განმარტების საჭიროება, დასკვნის ბუნდოვანება და ა.შ), რასთან დაკავშირებითაც, მოპასუხემ ვერ მიუთითა (იხ., ამ განაჩინების პპ: 14-18).
34. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაშვები საკასაციო პრეტენზიები გადაწყვეტილების წინმსწრებ 26.03.2018წ. საოქმო განჩინებათა გაუქმების მოთხოვნით.
35. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
36. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საკითხზე დადგენილია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც არ ეწინააღმდეგება წინამდებარე განჩინება.
37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
38. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჯ. უ. ე. ფ.“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ შპს „ჯ. უ. ე. ფ.“ (ს/კ: 203826...) უკან დაუბრუნდეს 2019 წლის 9 ივლისს საგადახდო დავალება N150 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (3844 ლარი) 2690.8 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ.ბაქაქური
ბ. ალავიძე