საქმე №347აპ-19 ქ. თბილისი
24 ოქტომბერი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მარტის განაჩენზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის უფროსი პროკურორის - რ. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ. რ-ამ, - დაბადებულმა 19.. წელს, - ჩაიდინა:
ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ადამიანის მიმართ უკანონო გარიგების განხორციელება, მუქარით, შანტაჟით, მოტყუებით, გადაბირება, ექსპლუატაციის მიზნით (ორი ეპიზოდი);
ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ადამიანის მიმართ უკანონო გარიგების განხორციელება, მუქარით, შანტაჟით, მოტყუებით, გადაბირება, ექსპლუატაციის მიზნით, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ;
ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ადამიანის მიმართ უკანონო გარიგების განხორციელება, მუქარით, შანტაჟით, მოტყუებით, გადაბირება, ექსპლუატაციის მიზნით, ჩადენილი ორი პირის მიმართ;
განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, სხვა დანაშაულის ჩადენის დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, ჯგუფურად და შეკვეთით.
აღნიშნული ბრალდებები გამოიხატა შემდეგში:
უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ნ. რ-ა 2012 წლის 2 მარტს ჩავიდა ქ. ბათუმში და ეწეოდა პროსტიტუციას. იგი ტრეფიკინგის, ადამიანის მიმართ უკანონო გარიგების განზრახვით, 2012 წლის ივნისში მობილური ტელეფონით დაუკავშირდა უზბეკეთის მოქალაქე მ. რ-ას, რომელიც მოატყუა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში დაასაქმებდა მაღალანაზღაურებად სამუშაოზე. ამ მიზნით, ნ. რ-ამ, საკუთარი ხარჯებით, 2012 წლის 24 ივნისს უზრუნველყო მ. რ-ას ჩამოყვანა ქ. ბათუმში, სადაც საცხოვრებლად მიიყვანა ... ქ. N11-ში მდებარე N... ნაქირავებ ბინაში. მან მ. რ-ას ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში, ფიზიკური ანგარისწორების მუქარით, შანტაჟითა და იძულებით გადაიბირა იგი და 2013 წლის 31 მაისამდე ექსპლუატაციას უწევდა. აღნიშნული ხერხით, ნ. რ-ა, მ. რ-ას ექსპლუატაციის გზით გამომუშავებულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდა.
უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ნ. რ-ა ტრეფიკინგის, ადამიანის მიმართ უკანონო გარიგების განზრახვით, 2013 წლის თებერვალში დაუკავშირდა უზბეკეთის მოქალაქე შ. ჯ-ას, რომელიც მოატყუა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში დაასაქმებდა მაღალანაზღაურებად სამუშაოზე. ამ მიზნით, ნ. რ-ამ, საკუთარი ხარჯებით, 2013 წლის 9 მარტს უზრუნველყო შ. ჯ-ას ჩამოყვანა ქ. ბათუმში და საცხოვრებლად მიიყვანა ... ქ. N11-ში მდებარე N.. ნაქირავებ ბინაში, სადაც მას ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, შანტაჟითა და იძულებით გადაიბირა იგი და 2013 წლის 31 მაისამდე ექსპლუატაციას უწევდა. აღნიშნული ხერხით, ნარგიზბეგიმ რახმანოვა შ. ჯ-ას ექსპლუატაციის გზით გამომუშავებულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდა.
უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ნ. რ-ამ ტრეფიკინგის, ადამიანის მიმართ უკანონო გარიგების განზრახვით, უზბეკეთის მოქალაქე რ.კ-ა მოატყუა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში დაასაქმებდა მაღალანაზღაურებად სამუშაოზე და 2013 წლის 5 აპრილს რ. კ-ა საკუთარი ხარჯით ჩამოიყვანა ბათუმში, საცხოვრებლად მიიყვანა .. ქ. N...-ში მდებარე N39 ნაქირავებ ბინაში, სადაც რ. კ-ას ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება და ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში. იგი რ. კ-ას სისტემატურად უსწორდებოდა ფიზიკურად და შანტაჟითა და იძულებით გადაიბირა, რის შედეგადაც რ. კ-ას შეექმნა ფსიქიკური პრობლემები. მიუხედავად ამისა, ნ. რ-ა, წინასწარი შეცნობით, უმწეო მდგომარეობაში მყოფ რ. კ-ას 2013 წლის 22 მაისამდე უწევდა ექსპლუატაციას, ხოლო ექსპლუატაციის შედეგად გამომუშავებულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდა.
უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ნ. რ-ამ ორი პირის მიმართ ტრეფიკინგის, ადამიანის მიმართ უკანონო გარიგების განზრახვით, უზბეკეთის მოქალაქეები - ფ. ი-ა და დ. რ-ა მოატყუა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში დაასაქმებდა მაღალანაზღაურებად სამუშაოზე, გაიღო ხარჯები და 2013 წლის 19 მაისს ფ. ი-ა და დ. რ-ა ჩამოიყვანა და საცხოვრებლად მიიყვანა ბათუმში, .. ქ. N...-ში მდებარე N39 ნაქირავებ ბინაში. მან ფ. ი-სა და დ. რ-ას ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტები, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, შანტაჟითა და იძულებით გადაიბირა ისინი და 2013 წლის 31 მაისამდე ექსპლუატაციას უწევდა. აღნიშნული ხერხით, ნ. რ-ა ფ. ი-ასა და დ. რ-ას ექსპლუატაციის გზით გამომუშავებულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდა.
ნ. რ-ას მიერ რ. კ-ას მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის პროცესში, 2013 წლის მაისში, ამ უკანასკნელს შეექმნა ფსიქიკური პრობლემები და იგი ცდილობდა საქართველოდან გამგზავრებას. ამავდროულად იგი ემუქრებოდა ნ. რ-ას, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მას უკანონო საქმიანობის გამო, ამხელდა სამართალდამცავ ორგანოებში. ნ. რ-ამ, რომელსაც შეექმნა დანაშაულის ჩადენაში მხილების საფრთხე, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, განიზრახა, შეეკვეთა უმწეო მდგომარეობაში მყოფი რ. კ-ას მკვლელობა. ამ მიზნით იგი დაუკავშირდა ქ. ბათუმში მყოფ უზბეკეთის მოქალაქე ხ. რ-სა და კ. დ-ეს, რომლებსაც 2000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ შეუკვეთა რ. კ-ას განზრახ მკვლელობა, რაზეც ისინი დასთანხმდნენ. მათ გამოართვეს 2000 აშშ დოლარი და განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2013 წლის 22 მაისს ხ. რ-მა და კ. დ-ემ, ა. დ-ის კუთვნილი „მერსედეს-ბენცის“ მარკის ... სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანით, თბილისის აეროპორტიდან სამშობლოში გამგზავრების ცრუ დაპირებით, რ. კ-ა წაიყვანეს ქალაქ ბათუმიდან ისე, რომ მათი განზრახვის თაობაზე ა. დ-ისთვის არ გაუმხელიათ. ქალაქ ხაშურში ჩასვლის შემდეგ, კ. დ-ის მითითებით, ა. დ-ემ გადაუხვია ახალციხის მიმართულებით, გამოემგზავრნენ უკან და 2013 წლის 23 მაისს, დაახლოებით 02 საათზე, ხულოს რაიონის კურორტ ბეშუმში, ე.წ. ,,შ.“ მიმდებარე დაუსახლებელ ტერიტორიაზე, კ. დ-ემ და ხ. რ-მა ჯგუფურად მოკლეს რ. კ-ვა, გვამი იქვე გადამალეს, ხოლო რ. კ-ას პირადი ნივთები მიიტანეს ქედის რაიონის სოფელ ..., ა. დ-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთთან და ცეცხლის წაკიდებით გაანადგურეს.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის განაჩენით ნ. რ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. რ-ას ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 11 წლით. მასვე 1 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის პირველი ნაწილით (შ. ჯ-ას ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 11 წლით. მასვე 1 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 14 წლით. მასვე 2 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით - ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 15 წლით. მასვე 3 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ”, მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,ე” და მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით - უვადო თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-8 ნაწილების შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი, ხოლო დამატებითი სასჯელების შეჯამებით საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. რ-ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მასვე 3 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მარტის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება:
მსჯავრდებული ნარგიზბეგიმ რახმანოვა გამართლდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ნ. რ-ა ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. რ-ას ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 11 წლით. მასვე 1 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის პირველი ნაწილით (შ. ჯ-ას ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 11 წლით. მასვე 1 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 14 წლით. მასვე 1 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 15 წლით. მასვე 3 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ”, მე-2 ნაწილის ,,ე” და მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 20 წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. რ-ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლით. მასვე 3 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება.
მსჯავრდებულ ნ. რ-ას სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 21 სექტემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 23 სექტემბრიდან - 2018 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.
4. კასატორი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის უფროსი პროკურორი - რ. შ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ნ. რ-ას დამნაშავედ ცნობას, მათ შორის - საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და საბოლოო სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, ბრალდების მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას.
8. კასატორის პრეტენზიები შემდეგ ძირითად არგუმენტებს ემყარება:
ა) უკანონოა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნარგიზბეგიმ რახმანოვას საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების ნაწილში, ვინაიდან ბრალდების მხარემ წარადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
ბ) ნ. რ-ის შეფარდებული სასჯელი - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა - მსუბუქია, არ არის მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების თანაზომიერი და არ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენასა და დანაშაულის პრევენციას.
9. საკასაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ნ. რ-ას საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარდგენილ ბრალდებაში გამართლების ნაწილში დაუსაბუთებელი და უკანონოა.
10. აღნიშნულ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებაზე, რომელშიც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირისათვის სიცოცხლის მოსპობა გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას ისეთი ადამიანისთვის, რომელსაც, თავისი ფიზიკური თუ ფსიქიკური მდგომარეობის გამო, არ გააჩნია დამნაშავის ქმედებაზე რეაგირებისა და წინააღმდეგობის გაწევის უნარი. ამასთან, აღნიშნული მაკვალიფიცირებული გარემოება პირს შეიძლება შეერაცხოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოკვეთილია როგორც დამნაშავის მიერ დაზარალებულის უმწეობის სუბიექტური აღქმა, ისე დაზარალებულის ობიექტური მდგომარეობა უმწეო მდგომარეობაში ყოფნისა. ერთ-ერთი კრიტერიუმის არარსებობა გამორიცხავს დამნაშავისთვის ზემოაღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოების შერაცხვის სამართლებრივ შესაძლებლობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 6 მარტის №291აპ.-14 განაჩენი).
11. განსახილველ შემთხვევაში რაიხონ კურამბაევას უმწეო მდგომარეობაში ყოფნა, პროკურორის პოზიციით, დადგენილია მოწმეების - მ. რ-ას, შ. ჯ-ას, ფ. ი-ას, დ. რ-ას, კ. დ-ის, ხ. რ-ისა და ა. დ-ის ჩვენებებით, აგრეთვე თავად ნ. რ-ას განმარტებით, რომლის თანახმადაც, რ. კ-ვას არაადეკვატური ქცევის გამო განიზრახა მისი მკვლელობა. აღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად პალატას მიაჩნია, რომ უტყუარად არ დგინდება რ. კ-ას ობიექტურად უმწეო მდგომარეობაში ყოფნა, რაც გამორიცხავს ნ. რ-ას საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების შესაძლებლობას.
12. ამ კონტექსტში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 6 მარტის №291აპ.-14 განაჩენით დანაშაულებრივი ჯგუფის მონაწილეები - კ. დ-ე და ხ. რ-ი გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარ შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფისა) წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებები თანხვდენილი და იდენტურია ნ. რ-ას მიმართ ხსენებულ ბრალდებაზე არსებული მტკიცებულებებისა.
13. ამდენად, ამ კონკრეტულ საქმეში სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა და არგუმენტირებულად დაასკვნა, რომ არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა და მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს ნ. რ-ას საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით მსჯავრდებისათვის.
14. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს მსჯავრდებულ ნ. რ-სთვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების შესახებ, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
15. განსახილველ შემთხვევაში ნ. რ-სთვის შეფარდებული სასჯელი სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე - მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და სიმძიმეს. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი. იმის გათვალისწინებით, რომ ნ. რ-ამ სრულად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, არ არის ნასამართლევი, ჰყავს ინვალიდი დედა და 4 მცირეწლოვანი შვილი, საკასაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია სასჯელის დამძიმება და უვადო თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
16. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისა და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ნ. რ-სთვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 20 წლით - სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, რის გამოც არ არსებობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის საქმის არსებითად განსახილველად დაშვების საფუძველი.
17. ბრალდების მხარე უთითებს საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვისათვის დაშვების ისეთი საფუძვლის არსებობაზე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სახელდობრ იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, თუმცა საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში არ შეიცავს მოტივაციას, თუ რაში გამოიხატა ეს წინააღმდეგობა. კასატორის მიერ გამოთქმული ზოგადი ფრაზები კი ვერ გახდება საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვისათვის დაშვების საფუძველი.
18. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 იანვრის N436აპ.-17 განჩინებაზე, რომლითაც, კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით (მათ შორის: მსჯავრდებულმა დაგეგმა დანაშაული და დაიყოლია ორი პირი მასში მონაწილეობის მისაღებად, შეასრულა ყველაზე აქტიური და მთავარი როლი სამი პირის სიცოცხლის მოსპობაში, ასევე დანაშაული ჩაიდინა სასტიკი ხერხით (ყელი გამოსჭრა ორ ადამიანს), საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემსუბუქება და განმარტა, რომ მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარების ფაქტი ვერ გადაწონის მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს და ვერ გახდება მისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეცვლის საფუძველი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის N436აპ.-17 განჩინება).
19. საკასაციო პალატა მიუთითებს: ვინაიდან აღნიშნული განჩინებით დადგენილი გარემოებები, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები განსხვავდება განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული გარემოებებისგან, აღნიშნული გადაწყვეტილება ვერ გახდება ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით საქმის არსებითი განხილვისათვის დაშვების საფუძველი.
20. მოცემულ შემთხვევაში ნ. რ-ა ასევე მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ), თუმცა საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს ამ ნაწილში დადგენილი კვალიფიკაციის სისწორეზე, ვინაიდან განაჩენი გასაჩივრებულია ბრალდების მხარის მიერ, ხოლო საკასაციო საჩივარი განიხილება წარმოდგენილი საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის უფროსი პროკურორის - რ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული არსებითად განსახილველად;
2. აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე ეცნობოთ მხარეებს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი