Facebook Twitter

№ ას-1569-2019 25 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. ჯ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ფ. გ-ე, ნ. შ-ი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ. ჯ-ამ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ფ. გ-ის, ნ. შ-ისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ (შემდგომში „მოპასუხეები“) სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, განკარგულებების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლია 24 ოქტომბრის განჩინებით მ. ჯ-ას სარჩელზე 2011 წლის 23 თებერვლის სესხისა და იპოთეკის #11016... ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება, ხოლო სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2011 წლის 30 აგვისტოს #110328...-../003 განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში დარჩა განუხილველად.

4. საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგინდა მისი ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

6. 2019 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლე პაატა ქათამაძის სახელზე შემოვიდა განცხადება, რომელსაც ერთვის მ. ჯ-ას კერძო საჩივარი საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით. აღნიშნული კერძო საჩივარი 2019 წლის 23 ოქტომბერს საქმეთა ელექტრონული განაწილების პროგრამის შესაბამისად განსახილველად გადმოეცა მოსამართლე ნინო ბაქაქურს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. მითითებული ნორმის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს მოცემული ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით.

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.

10. ამავე კოდექსის 414.1 და 419.1 მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხოლო კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს.

11. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე საკასაციო სასამართლოში წარდგენილი კერძო საჩივრით ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას. დადგენილია, ასევე, რომ ამავე კერძო საჩივარზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს საქმისწარმოება (კერძო საჩივარი მიღებულია წარმოებაში და განჩინებით დადგენილია მისი ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა (იხ. ტ. 2, ს.ფ 47-48).

12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან საპროცესო კანონმდებლობა კერძო საჩივრის განხილვის შესახებ განჩინების გამოტანაზე უფლებამოსილ სასამართლოდ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიიჩნევს, რომელიც მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოა, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში შეუძლებელია რაიმე ფორმით შევიდეს საკასაციო სასამართლო.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მ. ჯ-ას კერძო საჩივრის განხილვისა და საქალაქო სასამართლოს განჩინების კანონიერების შემოწმების საფუძველი. შესაბამისად, კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 414-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. ჯ-ას კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნ. ბაქაქური