Facebook Twitter

საქმე №ა-3421-შ-93-2019 25 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – შპს „უ.-ი.“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი. ს.“

განმცხადებლის მოთხოვნა – უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ი. ს.“ (საქართველო, ქ. თბილისი, ... რაიონი, ა. შესახვევი 1, საიდენტიფიკაციო ნომერი: 405179...) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „უ.-ი.“ სასარგებლოდ (უკრაინა, 59343, ჩერნოვცის ოლქი, კიცმანსკის რაიონი, სოფ. ..., ბ. ქუჩა ..., უკრაინის საწარმოთა და ორგანიზაციათა ერთიანი სახელმწიფო რეესტრის ნომერი /ეგრპოუ/ - 33418719) დაეკისრა დავალიანება 60 389,85 აშშ დოლარის ოდენობით მიწოდებული პროდუქციისათვის, 3 692,40 აშშ დოლარი საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდისათვის, სულ 64 082 (სამოცდაოთხი ათას ოთხმოცდაორი) აშშ დოლარი და 27 ცენტი.

2. ადვოკატებმა ჯ. შ-ამ და ნ. გ-ამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვეს უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება და ასევე, შპს „ი. ს.“ დირექტორის დ. მ-ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ა. შესახვევი .., №1 (ს/კ: 01.15.05.083.001....), უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, ყადაღის დადება.

3. უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა მისი მიღების თარიღიდან, არის საბოლოო და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით შპს „უ.-ი.“ დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) ოფიციალური დოკუმენტის დედანი და მისი სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ი.რ. ა-ს ჰქონდა შპს „უ.-ი.“ სახელით მინდობილობის გაცემის უფლებამოსილება (მაგ., ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან); ბ) სსსკ-ის 98-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი მინდობილობა და მისი სათანადო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი; გ) ვოლოდიმირ დერჟიცკის, როგორც შპს „უ.-ი.“ წარმომადგენლის, მიერ შპს „უ.-ი.“ ინტერესების დაცვის მიზნით გაცემული მინდობილობა.

5. ზემოაღნიშნული განჩინებით დადგენილ ვადაში შპს „უ.-ი.“ სახელით საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ი.რ. ა--მა, როგორც აღნიშნული კომპანიის დირექტორმა და წარმოადგინა დამატებითი დოკუმენტაცია და მინდობილობები.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 სექტემბრის განჩინებით შპს „უ.-ი.“ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ოფიციალური დოკუმენტის სათანადო წესით დამოწმებული (დაწესებულების ბეჭდით და კომპეტენტური პირის ხელმოწერით) დედანი და მისი სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ი.რ. ა-ს ჰქონდა შპს „უ.-ი.“ სახელით მინდობილობის გაცემის უფლებამოსილება (მაგ., ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან).

7. ზემოაღნიშნული განჩინებით განსაზღვრულ ვადაში შპს „უ.-ი.“ დირექტორმა ი.რ. ა-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „უ.-ი.“-ის განცხადება უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

9. „უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების“ 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს ცნობს როგორც სავალდებულოს და აღასრულებს მათ იმ ტერიტორიის პროცესუალური ნორმებით, სადაც მოითხოვება ამ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ქვემოჩამოთვლილ მუხლებში ჩამოყალიბებული პირობებით.

10. დასახელებული ნორმით გათვალისწინებულია კონვენციაზე ხელმომწერი სახელმწიფოს ვალდებულება, საქმის განხილვისას იხელმძღვანელოს კონვენციით დადგენილი ნორმების შესაბამისად, თუმცა ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების განხორციელებისას გამოიყენება საქმის განმხილველი სასამართლოს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო ნორმები (იხ. სუსგ №ა-3338-შ-89-2013, 5 მაისი, 2014 წელი).

11. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სასამართლოს რაიმე სახით ჩარევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. ამავე კანონის 23-ე მუხლის თანახმად, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებში, მიუხედავად საარბიტრაჟო განხილვის ადგილისა, სასამართლოს აქვს იგივე უფლებამოსილებანი, რაც სამართალწარმოებაში სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო კოდექსის 372-ე მუხლი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ქვემდგომ ინსტანციებში დადგენილი საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

14. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მსგავსად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

15. მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე [სსსკ-ის 191.1 მუხლი].

16. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების თანახმად, რომლის აღსრულების უზრუნველყოფაც არის მოთხოვნილი, განმცხადებლის (მოსარჩელის) მოწინააღმდეგე მხარეს წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ი. ს.“. სწორედ ამ უკანასკნელს დაეკისრა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „უ.-ი.“ სასარგებლოდ დავალიანება, ჯამში 64 082 აშშ დოლარისა და 27 ცენტის ოდენობით. განცხადებით კი მოთხოვნილია უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, შპს „ი. ს.“ დირექტორის დ. მ-ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე (ს/კ 01.15.05.083.001...., მდებარე თბილისი, ა. შესახვევი ..., №1)) ყადაღის დადება. შუამდგომლობაზე თანდართული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ირკვევა, რომ აღნიშნული კომპანიის დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს წარმოადგენს დ. მ-ე (პ/ნ 0101701...). საქმეში არსებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისში, ა. ქუჩა, შესახვევი ..., №1-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 01.15.05.083.001....) რეგისტრირებულია დ. მ-ის (პ/ნ 01017011...) საკუთრებაში.

17. ამდენად, საცნობი გადაწყვეტილებით მოპასუხეს (მოვალეს) წარმოადგენს შპს „ი. ს.“ და არა - კომპანიის დირექტორი. აღნიშნულის თაობაზე სასამართლომ მხარეს მიუთითა ხარვეზის დადგენის შესახებ 2019 წლის 15 ივლისის განჩინებაში და ასევე ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ 2019 წლის 5 სექტემბრის განჩინებაში და განუმარტა, რომ შეეძლო მოეთხოვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება სათანადო მოპასუხის მიმართ [სსსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე], თუმცა განმცხადებელს არ მოუთხოვია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება შპს „ი. ს.“ ქონებაზე, რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელის მოთხოვნა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების“ 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენციის მე-3 მუხლით, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 271-ე და 85-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „უ.-ი.“-ის განცხადება უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე