Facebook Twitter

№ ას-1569-2018 13 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ლ. ბ-ა, მ. ბ-ა (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. მ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ლ. მ-მა (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ბ-სა (შემდგომში − „პირველი მოპასუხე“) და მ. ბ-ას (შემდგომში − „მეორე მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად − „მოპასუხეები“, „კასატორები“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორები“) მიმართ და მოითხოვა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, დიდი ლილო, ვარკეთილის დასახლება, ქუჩა ... №..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.08.28.... (შემდგომში − „სადავო უძრავი ქონება“), მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისთვის გადაცემა.

2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2.1. მოსარჩელემ 2017 წლის 11 ოქტომბერს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გამართულ საჯარო აუქციონზე შეიძინა სადავო უძრავი ქონება და მის მესაკუთრედ დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში;

2.2. სადავო უძრავ ქონებას, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, ფლობენ მოპასუხეები.

3. მოპასუხეებს შესაგებელი არ წარუდგენიათ.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა სადავო უძრავი ქონების მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ნოემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საჩივარი.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის საოქმო განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის საოქმო განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის საოქმო განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

9. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდათ დადგენილი წესით და შესაგებლის წარსადგენად განესაზღვრათ 10-დღიანი ვადა. ამასთან, მოპასუხეები გაფრთხილებულ იქნენ შესაგებლის წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხეებს დადგენილ ვადაში სასამართლოში შესაგებელი არ წარუდგენიათ.

10. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეთა მიერ შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო გარემოება საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა. ამასთან, საქმეზე დადასტურებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

11. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხეები საპატიო გარემოებად ასახელებდნენ, ერთის მხრივ, მათ მიერ შესაგებლის წარუდგენლობის თანმდევი სამართლებრივი შედეგების გაუცნობიერებლობას და, მეორეს მხრივ, ავადმყოფობას.

12. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხეთა პრეტენზია, რომ ისინი ვერ აცნობიერებდნენ შესაგებლის წარუდგენლობის თანმდევ სამართლებრივ შედეგებს. სააპელაციო პალატის მითითებით, აღნიშნული გარემოების მტკიცებისათვის მოპასუხეებს უნდა წარედგენათ იმის მტკიცებულება, რომ მათ კოგნიტური დარღვევები გააჩნიათ, რაც მოპასუხეებს არ განუხორციელებიათ. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხეებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის საფუძველზე სარჩელსა და თანდართულ მასალებთან ერთად გადაეცათ სასამართლოს შესაბამისი გზავნილი, რომლითაც განესაზღვრათ შესაგებლის წარდგენის კონკრეტული ვადა. აღნიშნულ გზავნილში მითითებული იყო ის მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს დადგენილ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობამ. სააპელაციო პალატის მითითებით, ის გარემოება, რომ მოპასუხეები სათანადო გულისხმიერებით არ მოეკიდნენ სასამართლო გზავნილს, ვერ გახდებოდა შესაბამისი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობით წარმოშობილი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი.

13. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეების მიერ წარდგენილი სამედიცინო ცნობები, რომელთა თანახმად, მეორე მოპასუხეს აღენიშნება ქრონიკული ეპილეფსია, მოპასუხეთა მიერ შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო გარემოების დასადასტურებლად ვერ გამოდგებოდა. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად ითვალისწინებს ჯანმრთელობის მდგომარეობის ისეთ გაუარესებას, რომლის გამოც მხარე ვერ ცხადდება სასამართლო პროცესზე ან/და გამორიცხავს შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში კი წარდგენილი სამედიცინო ცნობებით არ დასტურდებოდა ჯანმრთელობის იმგვარი მდგომარეობა, რომლის გამოც მოპასუხეებმა ვერ შეძლეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში შესაგებლის წარდგენა.

14. რაც შეეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების იურიდიულ დასაბუთებულობას, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა, რომ მოპასუხეთა მიერ კანონით დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის გამო, შესაბამისი მტკიცებულების არარსებობის პირობებშიც, დადასტურებულად მიიჩნეოდა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. მათ შორის ისიც, რომ მოპასუხეები არამართლზომიერად ფლობენ მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ სადავო უძრავ ქონებას.

15. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების პირველი ნაწილებით და მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი.

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

17. კასატორებმა მიუთითეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

17.1. მართალია, მეორე მოპასუხეს ჩაბარდა სარჩელი, მაგრამ, რადგან იგი არის მეორე ჯგუფის ინვალიდი, მისთვის ცნობილი არ იყო შესაგებლის შევსების, ასევე მისი წარდგენის ვადისა და წესის შესახებ. პირველი მოპასუხე კი არის 81 წლის, ინსულტით დაავადებული, მწოლიარე და არ შეუძლია გადაადგილება;

17.2. იმ პირობებში, როდესაც მხარე ინფორმირებული არ არის თავისი პროცესუალური ვალდებულებებისა და მათი შეუსრულებლობის ნეგატიური შედეგების თაობაზე, სასამართლოს ვერ ექნება ვარაუდი, რომ მას არ აქვს სარჩელისაგან თავის დაცვის ინტერესი. ამდენად, ასეთ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია;

17.3. ჯანმრთელობის მდგომარეობისა და გონებრივი შესაძლებლობების გამო მოპასუხეები საპროცესო მოქმედების შესრულების შეუძლებლობის შესახებ წინასწარ ვერ აცნობებდნენ სასამართლოს;

17.4. სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას;

17.5. მოპასუხეები არიან სოციალურად დაუცველი და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირები. სასამართლოს მიერ, არსებითი განხილვის გარეშე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით დაირღვა მათი კონსტიტუციური უფლებები.

18. ამავე დროს, კასატორები საკასაციო საჩივარში უთითებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის განჩინებაზე, საქმე №ას-121-117-2016.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ნოემბრის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

23. საკასაციო საჩივრის ავტორთა პრეტენზია ძირითადად იმ გარემოებას ემყარება, რომ მათ მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით – კერძოდ, ავადმყოფობით და შესაგებლის წარუდგენლობის თანმდევი ნეგატიური შედეგების გაუცნობიერებლობით. ამასთან, საკასაციო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას.

24. კასატორების პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს შესაგებლის წარუდგენლობის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგები.

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

26. ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგები; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა კი ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმასა და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში, განსხვავებულია მოპასუხის უფლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, მოპასუხისაგან მტკიცებულებების მიღება არ ხდება, სამართლებრივი ბალანსი იმგვარია, რომ მოპასუხეს უფლება მხოლოდ სამართლებრივი შესაგებლის წარდგენაზე გააჩნია, ანუ თავდაცვის საპროცესო საშუალება მხოლოდ მოთხოვნასთან მიმართებით მისი სამართლებრივი მოსაზრებით შემოიფარგლება (იხ. სუსგ №ას-1250-1172-2015, 5 თებერვალი, 2016 წელი).

27. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და არც კასატორები ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ სარჩელი მოპასუხეებს ჩაბარდათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით (იხ. ტ.1. ს.ფ. 27-30), თუმცა მათ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენიათ და არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი უცნობებიათ სასამართლოსთვის.

28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

29. თავის მხრივ, იმას, თუ რა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

30. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

31. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა დადასტურებულად ვერ მიიჩნევს საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას იმის შესახებ, რომ მოპასუხეთა მიერ შესაგებლის წარუდგენლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით – ავადმყოფობით. საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ცნობებით, მართალია, დასტურდება, რომ მეორე მოპასუხეს აღენიშნება ქრონიკული ეპილეფსია, ხოლო პირველ მოპასუხეს – რამდენიმე დაავადება, მათ შორის: არტერიული ჰიპერტენზია და გულის ქრონიკული უკმარისობა (ავადმყოფობის მიმდინარეობა – ქრონიკული), თუმცა აღნიშნული ცნობებით არ დასტურდება მოპასუხეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის იმგვარი გაუარესება, რაც საპროცესო მოქმედების შესრულებას შეუძლებელს გახდიდა (იხ. ტ.1. ს.ფ. 51, 63-65).

32. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად ასევე არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მოპასუხეთა მიერ იმ გარემოების მითითება, რომ ისინი ვერ აცნობიერებდნენ შესაგებლის წარუდგენლობის თანმდევ სამართლებრივ შედეგებს.

33. საკასაციო სასამართლო საქმეში არსებული მასალების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გზავნილში, რომელიც ჩაბარდათ მოპასუხეებს, განმარტებულია სარჩელზე შესაგებლის წარუდგენლობის შედეგები (იხ. ტ. 1. ს.ფ. 24, 27-30). ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების ვერც იმ შედავებას, რომ მათ თავიანთი გონებრივი შესაძლებლობების გამო არ შეეძლოთ სასამართლოსთან კომუნიკაცია, რამდენადაც აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. რაც შეეხება კასატორების მითითებას თავიანთი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზს. შესაბამისად, კასატორთა ზემოაღნიშნული პრეტენზია დაუსაბუთებელია და არ შეიძლება გახდეს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

34. კასატორები საკასაციო საჩივარში ასევე მიუთითებენ, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს.

35. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებების დადასტურებულად მიჩნევა ნიშნავს მოსარჩელის მიერ სარჩელში აღნიშნული ფაქტების კანონის ძალით დადგენილად მიჩნევას. ამ თვალსაზრისით კი, მოსარჩელემ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლების შემადგენელი ყველა ელემენტი.

36. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

37. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

38. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების არამართლზომიერ მფლობელებს.

39. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლად ვერ მიიჩნევს კასატორების პრეტენზიას, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით დაირღვა მათი კონსტიტუციური უფლებები.

40. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი (მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას).

41. რაც შეეხება კასატორების მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის განჩინებაზე (საქმე №ას-121-117-2016), საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული განჩინება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების მიზანშეწონილობის პრობლემას შეეხება. აღნიშნულ განჩინებაში დიდმა პალატამ განმარტა, რომ: „მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში კანონით ნებადართულია. რაც შეეხება შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, ასეთი დაშვებულია სსსკ-ის 2321 მუხლის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისას. მსგავსი შინაარსის ნორმა სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების მომწესრიგებელ ნორმებში არ მოიპოვება.”

42. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ წინამდებარე განჩინებით განსახილველი შემთხვევა განსხვავდება ზემოაღნიშნულ განჩინებაში განხილულისაგან. მოცემულ შემთხვევაში შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია არა სააპელაციო სასამართლოს, არამედ – პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, რის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ავტორების მიერ მოხმობილი სასამართლო პრაქტიკა მოცემულ შემთხვევაში მათი პოზიციის გასამყარებლად არ გამოდგება.

43. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

44. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის საპროცესო სამართლებრივი შედეგების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-341-319-2017, 23 ივნისი, 2017 წელი; №ას-1250-1172-2015, 5 თებერვალი, 2016 წელი; №ას-317-302-2015, 17 ივნისი, 2015 წელი; №ას-1082-1032-2014, 30 ივლისი, 2015 წელი).

45. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორებს დასაბუთებული პოზიცია არ წარმოუდგენიათ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი აღნიშნული საფუძვლითაც არ არის დასაშვები.

46. გამომდინარე აქედან, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.

47. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ლ. ბ-ასა და მ. ბ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე