Facebook Twitter

საქმე №ას-769-2019 5 სექტემბერი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.ბ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - მ.ბ–ი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სამეგრელოს რეგიონული ოფისი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, სამკვიდროზე საკუთრების უფლების მიღება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ი.ბ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კასატორი ან მოსარჩელე) საკასაციო პრეტენზიები ეხება იმას, რომ გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება, არც პროცესუალური და არც მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, არ არის დასაბუთებული. სახელდობრ:

1.1. მას მიაჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ანუ მეორე მოპასუხის, პროცესუალური სტატუსი სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია, რაც გამოიხატა იმით, რომ სასამართლომ ყოველგვარი მსჯელობის გარეშე დაადგინა მისი არასათანადოობა, რამაც გავლენა იქონია საბოლოო შედეგზე.

1.2. გარდა ამისა, კასატორის მოსაზრებით, სასამართლო პროცესის არათანმიმდევრულობამ მის წარმომადგენელს არ მისცა საშუალება, საკმარისად წარმოეჩინა მისი, როგორც აპელანტის, ინტერესები.

1.3. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია სსკ-ის 68-ე მუხლით განსაზღვრული გარიგების ფორმის მნიშვნელობაზე, იმაზე, რომ 2015 წლის 21 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულებას გამჩუქებელი არ აწერდა ხელს. მისი მტკიცებით, მხოლოდ დასაჩუქრებულის ხელმოწერა არ იყო საკმარისი გარიგების ნამდვილობისათვის; აღნიშნული ჩუქების შედეგად მ.ბ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, მინდობილი პირი ან დასაჩუქრებული) საკუთრებაში აღრიცხული აწ გარდაცვლილ ვ.ბ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც გამჩუქებელი) კუთვნილი ქ. ზუგდიდში, ......, ბინა #19-ში მდებარე უძრავ ნივთზე ს/კ ...... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ნივთი) მისი, როგორც კანონისმიერი მემკვიდრის, საკუთრებად რეგისტრაციის საფუძველი იყო.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები და დაადგინა შემდეგი:

4.2.1. პირველი მოპასუხე 2018 წლის 27 აგვისტოდან დღემდე ქ. ზუგდიდში, ....... მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ ......) ტიტულოვანი მესაკუთრეა.

4.2.2. ამ ნივთის ყოფილმა მესაკუთრემ, ანუ აწ გარდაცვლილმა გამჩუქებელმა, პირველ მოპასუხეს 2015 წლის 21 აგვისტოს კანონით დადგენილი წესით, ერთი წლით გაცემული მინდობილობის საფუძველზე, მიანიჭა შემდეგი უფლებამოსილებები: მას უფლება მიეცა საჯარო რეესტრში გამჩუქებლის სახელზე მოეხდინა სადავო უძრავი ნივთის რეგისტრაცია 1992 წლის 17 სექტემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შემდეგაც შეეძლო, ემართა და განეკარგა ის, მათ შორის - საკუთარ თავთანაც დაედო გარიგება.

4.2.3. 2015 წლის 21 აგვისტოს სადავო უძრავი ნივთი გამჩუქებლის საკუთრებაში აღირიცხა.

4.2.4. პირველმა მოპასუხემ 2018 წლის 27 აგვისტოს დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა სადავო ნივთზე საკუთრება. სადავო ხელშეკრულებაში გამჩუქებელს 4.2.2. პუნქტში მითითებული მინდობილობის საფუძველზე წარმოადგენდა დასაჩუქრებული. ხელშეკრულებაში შეტანილი იყო, როგორც გამჩუქებლისა და მისი წარმომადგენლის, ასევე, დასაჩუქრებულის მონაცემები (პირადი ნომერი, მისამართი), მინდობილობის რეკვიზიტები, რომლის საფუძველზეც განხორციელდა წარმომადგენლობა და ქონების ტრანზაქცია. ხელშეკრულება ხელმოწერილია დასაჩუქრებულის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით.

4.2.5 კასატორი (მოსარჩელე) სადავო უძრავი ნივთის ადრინდელი მესაკუთრის (გამჩუქებლის) ძმისშვილია, რომელმაც, როგორც მეორე რიგის მემკვიდრემ, კანონით დადგენილი წესით მიიღო გარდაცვლილის დანაშთი ქონება (სსკ-ის 1319-1320-ე, 1336-ე, 1328.1-ე, 1433-ე, 1421-ე და 1499.1-ე მუხლები), თუმცა სადავო უძრავი ქონება სამკვიდროს გახსნის დროისათვის უკვე გასხვისებული იყო და, აქედან გამომდინარე, სამკვიდრო მასაში ვერ შევიდოდა.

4.3. კასატორის ინტერესი, გახდეს სადავო ქონების მესაკუთრე, მიღწევადი იქნებოდა 2018 წლის 27 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. მისი პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია სსკ-ის 68-ე მუხლით განსაზღვრული გარიგების ფორმის მნიშვნელობაზე, იმაზე რომ ჩუქების ხელშეკრულებაზე მხოლოდ დასაჩუქრებულის ხელმოწერა არ იყო საკმარისი გარიგების ნამდვილობისათვის, საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია. განსახილველ შემთხვევაში, გამჩუქებელმა დასაჩუქრებულს წერილობითი მინდობილობით (სსკ-ის 103.1-ე მუხლი) მიანიჭა სადავო უძრავი ნივთის თავის თავზე გადაფორმების უფლებამოსილება. შესაბამისად, ამ შემთხვევაში სახეზეა სსკ-ის 114-ე მუხლით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევა (თუ თანხმობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წარმომადგენელს არ შეუძლია წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან თავისი სახელით, ან, როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა, დადოს გარიგება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარიგება უკვე არსებობს რაიმე ვალდებულების შესასრულებლად). ამრიგად, საკასაციო პალატა სრულებით იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, განსახილველ შემთხვევაში, ჩუქების ნამდვილობისა და ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლის არარსებობის თაობაზე.

4.4. საკასაციო სასამართლო იზიარებს თავად აპელანტის წარმომადგენლის პოზიციაზე დაფუძნებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობასაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ განსახილველი დავის საგანია არა ადმინისტრაციული აქტის, არამედ ჩუქების ხელშეკრულების ბათილობა და, აქედან გამომდინარე, სარჩელი მეორე მოპასუხის მიმართ უსაფუძვლოა.

5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.

6. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

7. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

9. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 542.5 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ი.ბ–ს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს ხ.ხ–ის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 775 ლარის (საგადასახადო დავალება #7, გადახდის თარიღი 04.06.2019 წ.) 70% - 542.5 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი