საქმე #ა-4513-შ-141-2019 15 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ლ. კ-ას შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საკითხი სომხეთის რესპუბლიკის არარატისა და ვაიოც ძორის ოლქების საერთო იურიდიული პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
სომხეთის რესპუბლიკის არარატისა და ვაიოც ძორის ოლქების საერთო იურიდიული პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ი. ასული კ-ას განცხადება იურიდიული ნმნიშვნელობის მქონე ფაქტის დადასტურების თაობაზე დაკმაყოფილდა, დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი პირთა ნათესაური კავშირის დადების შესახებ, რომლის თანახმადაც ლ. ი. ასული კ-ა (დაბ: საქართველოს რესპუბლიკაში ....03.19..წ. ეროვნებით ბერძენი) არის ეროვნებით ბერძენი ი. კ. ძე კ-ის (დაბ: 19...წ. გარდაცვლილი ....11.20...წ. გარდაცვალების მოწმობა II-დნ 510925) და ეროვნებით ბერძენი ა. ს. ასული კ-ას ღვიძლი (ბიოლოგიური) ქალიშვილი.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ლ. კ-ას წარმომადგენელმა და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მას ხსენებული გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება ესაჭიროება სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოში რეგისტრირებულ ლ.კ-ას სააქტო ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების შესატანად. ასევე განმარტებულია, რომ ხსენებული თხოვნით მხარემ მიმართა სააგენტოს, რომელმაც მოსთხოვა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერისტორიაზე ცნობის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება.
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მხარის შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო:
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილებათა ცნობასა და მათი აღსრულების ნებართვის გაცემაზე უარის თქმა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ამ კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო კონვენციით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში – იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, საქმე განეკუთვნება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას.
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანაზე უფლებამოსილ ორგანოს, კერძოდ, კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა უფლებამოსილებებია სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა. ამავე კანონის 76-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ კანონის 78-ე–80-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობა.
ამდენად, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ მინსკის კონვენციისა და „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებათა ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოში რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებს ერთვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება გვარის შეცვლის თაობაზე ლ. კ-ას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, თუმცა, ეს გარემოება საკასაციო სასამართლოს მხრიდან შუამდგომლობის განსახილველად მიღებას ვერ დაედება საფუძვლად, რადგანაც ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერება შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩვრდეს სასამართლოში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ სარჩელი არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ. კ-ას მოთხოვნა ექვემდებარება არა სასამართლოს არამედ, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ განხილვას, რის გამოც, არ არსებობს მისი წარმოებაში მიღების წინაპირობები. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სასამართლოს ამგვარი დასკვნა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკასთან (სუსგ-ებები: 2009 წლის 6 ივლისი, №ა-842-შ-34-09; 2013 წლის 15 ივლისი, №ა-1430-შ-31-2013; №ა-3942-შ-106-2019, 16 სექტემბერი, 2019 წელი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. კ-ას უარი ეთქვას სომხეთის რესპუბლიკის არარატისა და ვაიოც ძორის ოლქების საერთო იურიდიული პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.
2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.
3. განემარტოს ლ. კ-ას, რომ სააქტო ჩანაწერებში ცვლილების შეტანის მოთხოვნით მას შეუძლია მიმართოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ.ალავიძე