Facebook Twitter

საქმე #ა-4602-შ-145-2019 16 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ. ფ-ას შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საკითხი გ. ფ-ის მიმართ, საბერძნეთის, კავალას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობის შესახებ და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

საბერძნეთის, კავალას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით შეწყვეტილ იქნა მ. გ. ფ-ისა და გ. ფ-ის შორის 1997 წლის 18 აგვისტოს დუშეთში რეგისტრირებული ქორწინება.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. ფ-ას წარმომადგენელმა თ. ტ-ამ და მოითხოვა ხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საპროცესო საკითხები განიხილება სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, შუამდგომლობაში უნდა აღინოშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს; მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს.

საქმეში წარმოდგგენილი ქორწინების მოწმობის თანახმად, 1997 წლის 26 მაისს რეგისტრაციაში გატარდა ფ. გ-ისა და ბ-ი მ. ქორწინება და ცოლს მიენიჭა გვარი ფ-ა. სწორედ მ. ფ-ამ გასცა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი თ. ტ-ას სახელზე. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით განქორწინდნენ მ. გ. ფ-ი და გ. ფ-ი. საკასაციო სასამართლო შენიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი პიროვენების იდენტობის დამადასტურებელი მოწმობის თანახმად, მამაკაც მოსახლეთა რეესტრში რეგისტრირებულია ფ-ის გ. ვ-ისა და ე. ძე და ადასტურებს რომ ეს პირი არის სწორედ ფ-ვ გ. ვ. ძე, თუმცა მ. ფ-სა და გადაწყვეტილებაში მითითებული მ. გ. ფ-ის იდენტურობის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოსარჩელეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია სარჩელთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს სარჩელში. მოსარჩელე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა.

გარდა ამისა, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ შუამდგომლობა აღძრულია წარმომადგენელ თ. ტ-ას მიერ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მართალია, შუამდგომლობას ერთვის თ.ტ-ას უფლებამოსილების დამადასტურებელი, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გაცემული მინდობილობა, თუმცა, წარმომადგენლის ადვოკატის მოწმობის თანახმად, დგინდება, რომ თ.ტ-ას სსიპ ადვოკატთა ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს კვალიფიკაცია სისხლის სამართალში, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო საქმეზე მხარის ინტერესების დაცვისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე შუამდგომლობის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ იგი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს რა კანონის ფორმალურ მოთხოვნებს, მის ავტორს უარი უნდა ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევებს, მას უფლება აქვს, საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ფ-ას უარი ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.

2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.

3. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ.ალავიძე