Facebook Twitter

საქმე №ა-4432-ბ-16-2019 30 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. მ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 აპრილის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, საქმეზე _ ა. მ-ის სარჩელის გამო, მ. მ-ის, ბ., ე. და ნ. წ-ების მიმართ, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე, ასევე, მ. მ-ის შეგებებული სარჩელის გამო, ა. მ-ის მიმართ, თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელი ბ. წ-ის, ე. წ-ის, ნ. წ-ისა და მ. მ-ის მიმართ დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ.თბილისში, ს. ქ#...-ში მდებარე უძრავი ქონება და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს. ამავე გადაწყვეტილებით მ. მ-ის შეგებებული სარჩელი თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე უარყოფილ იქნა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 აპრილის განჩინებით მ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და დარჩა განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მ. მ-ემ, მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება, ასევე, საკასაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. განცხადების ძირითადი ფაქტობრივი საფუძველი ძირითადად ისაა, რომ განმცხადებლის მოსაზრებით, მოცემული საქმის შედეგით დაინტერესებული იყო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვ. ც-ე, რის გამოც, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო ტენდენციური გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლომაც, სადაც სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს მოსამართლე ვ.ც-ე, ასევე დაარღვია მხარის უფლება სამართლიან სასამართლოზე. იმ ვითარებაში კი, როდესაც უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საკასაციო საჩივარი, მხარე მიიჩნევს, რომ მისი საქმე არ იქნა მიუკერძოებლად გადაწყვეტილი. აღნიშნული ფაქტების დადასტურების მიზნით განცხადებას ერთვის სასამართლოში განხილულ სხვა საქმეთა მასალები, გამოძიების დაწყებაზე უარი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის წერილობითი პასუხი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე ან 423-ე მუხლებით განსაზღვრული საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობას განმცხადებელი საკასაციო სამართალწარმოებასთან მიმართებაში არ უთითებს, არამედ, მისი განცხადება ძირითადად მოტივირებულია ვარაუდით, რომ ქვემდგომ სასამართლოებში დავის მის წინააღმდეგ გადაწყვეტის გამო, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა გაუმართლებელი იყო და თუკი სასამართლო ხელახალი განხილვის შედეგად იმავე დასკვნებამდე მივა, ის მზადაა დატოვოს სადავო ქონება. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ განცხადება ფორმალური თვალსაზრისითაც არ შეიცავს მითითებას იმგვარ წინაპირობებზე, რომელიც საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოების განახლების საკითხს დაედებოდა საფუძვლად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლი ადგენს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცახადების განსჯადობას, რომელიც განცხადების განსახილველად მიღების ერთ-ერთი სავალდებულო წინაპირობაა. ნორმის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება. თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეზე შემაჯამაბელი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პირველი ინსტანციის _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ. სააპელაციო პალატამ უცვლელად დატოვა ხსენებული გადაწყვეტილება, ხოლო, საკასაციო სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია საკასაციო საჩვარი, ამდენად, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვაზე განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.

იმ ვითარებაში, როდესაც საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, განიხილოს განცხადება, ის მსჯელობის გარეშე ტოვებს, როგორც მოთხოვნის პროცესუალური საფუძვლის (სახეზეა სსსკ-ის 422-ე თუ 423-ე მუხლების წინაპირობები), ისე _ პრეტენზიათა შინაარსობრივი დასაბუთების საკითხს.

რაც შეეხება გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლის თანახმად, ხსენებული საკითხი ასევე იმ სასამართლოს შესაფასებელია, რომლის განსჯადსაც თავად საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მ.მ-ის განცხადება წარმოდგენილია განსჯადობის წესების დარღვევით, რაც მისი დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 6.3 მუხლის თანახმად, განმცხადებელს უნდა დაუბრუნდეს ბ.წ-ის მიერ 0...10.201..წ. #21706... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი 100 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 429-ე მუხლებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. მ-ის განცხადება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 აპრილის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნას დაუშვებლად.

2. მ. მ-ეს (პ/#0102000...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ბ. წ-ის მიერ 02.10.2019წ. #21706527 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი 100 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი