საქმე №ა-4240-შ-124-2019 20 სექტემბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – უკრაინის, სახნოვშინსკის რაიონული სასამართლო
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის, სახნოვშინსკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის #634/402/16-გ გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. უკრაინის, სახნოვშინსკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის #634/402/16-გ გადაწყვეტილებით ზ.მ–სა და ი.მ–ს შორის 2013 წლის 26 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა (სააქტო ჩანაწერი #66); ქორწინების შეწყვეტის შემდეგ ი.მ–ს მიენიჭა გვარი - ნ.; ზ.მ–ს ი.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლო ხარჯის 551.20 გრივნის გადახდა.
2. 2019 წლის 17 სექტემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა უკრაინის, სახნოვშინსკის რაიონულმა სასამართლომ და იშუამდგომლა უკრაინის, სახნოვშინსკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის #634/402/16-გ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულება სასამართლო ხარჯის 551.2 გრივნის ზ.მ–ისათვის დაკისრების თაობაზე და აღნიშნული თანხის უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უკრაინის, სახნოვშინსკის რაიონული სასამართლოს შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
3. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
4. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულების საკითხის განხილვამდე აუცილებელია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეამოწმოს მისი დასაშვებობა, კონკრეტულ შემთხვევაში კი, შედის თუ არა შუამდგომლობაში დასმული საკითხის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციაში, გააჩნია თუ არა შუამდგომლობის ავტორს იურიდიული ინტერესი და ა.შ.
5. განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორის იურიდიული ინტერესი არ დგინდება, რადგან უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი არ არის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ზ.მ–ისათვის სასამართლო ხარჯის დაკისრების საკითხი. უკრაინის, სახნოვშინსკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის #634/402/16-გ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად სასამართლო ხარჯის გადახდა ზ.მ–ს ი.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა, შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხთან დაკავშირებით შუამდგომლობის წარმოდგენაზე უფლებამოსილი პირი ი.მ–ია.
6. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, რომელსაც შუამდგომლობის მიმართ იურიდიული ინტერესი არ აქვს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. უკრაინის, სახნოვშინსკის რაიონული სასამართლოს შუამდგომლობა, უკრაინის, სახნოვშინსკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის #634/402/16-გ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების თაობაზე, დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი