№ას-195-195-2018 18 მაისი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ნ.ა–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ.ს–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა და საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.ს–მა (შემდგომში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ა–ის (შემდგომში - პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი), ე.ნ–სა (შემდეგში - მეორე მოპასუხე) და მ.ნ–ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობისა და საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; დადებულად იქნა ცნობილი ნასყიდობის ხელშეკრულება ქალაქ თბილისში, ..... მდებარე (საკადასტრო კოდით №......) უძრავი ქონებიდან 85.66 კვ.მ საცხოვრებელ სადგომზე (პირველ სართულზე - 19.72 კვ.მ და მე-2 სართულზე - 65.94 კვ.მ) და საცხოვრებელი სადგომი საკუთრებაში გადაეცა მოსარჩელეს.
3. გადაწყვეტილება პირველმა მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განჩინებით, აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე უარყოფილ იქნა; სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 4 იანვრის განჩინებით, პირველ მოპასუხეს/აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში სსსკ-ის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის იმდენი ასლის წარდგენა, რამდენი მონაწილეცაა საქმეში, მასვე დაევალა დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა და სახელმწიფო ბაჟის 4%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
4.2. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა 2018 წლის 9 იანვარს (იხ. ს.ფ. 159. ტ.2.).
4.3. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, კერძოდ, 2018 წლის 16 იანვარს აპელანტმა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა სასამართლოში, ხოლო სახელმწიფო ბაჟის ნაწილში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი გადავადება ითხოვა.
4.4. სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 368.7 მუხლის იმპერატიული დანაწესით, რომლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება, გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის ასეთი თხოვნით არ მიუმართავს, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილი არ იყო, თავისი ინიციატივით გაეგრძელებინა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა. შესაბამისად, სსსკ-ის 368.5 მუხლის თანახმად, სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
5. აღნიშნულ განჩინებაზე აპელანტმა კერძო საჩივარი წარადგინა, მოითხოვა მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
5.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა (პენსიონერი, დიაბეტით დაავადებული) და ეკონომიკური სიდუხჭირით იყო განპირობებული. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, თუ სახელმწიფო ბაჟი არ გადაუვადდებოდა, სასამართლოს შეეძლო, მის მიერ დადგენილი ვადა თავადვე გაეგრძელებინა. მისი მითითებით, წინასწარ აღებული პენსიით აპირებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდას.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განჩინებით, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
8. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი სრულყოფილად არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
9. დადგენილია, რომ ხარვეზის შევსების შესახებ 2018 წლის 4 იანვრის განჩინება აპელანტის უფლებამოსილ წარმომადგენელს (იხ. რწმუნებულება, ს.ფ. 181-183. ტ.1) ჩაჰბარდა 2018 წლის 9 იანვარს (იხ. ხელწერილი,ს.ფ. 159. ტ.2.). სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, კერძოდ, 2018 წლის 16 იანვარს აპელანტის წარმომადგენელმა ხარვეზი ნაწილობრივ შეავსო, კერძოდ, წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, ხოლო სახელმწიფო ბაჟის ნაწილში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მისი გადავადება ითხოვა.
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა კანონითაა გათვალისწინებული. კანონი განსაზღვრავს, ასევე, თუ რა შემთხვევაში შეუძლია სასამართლოს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. აღნიშნულ საკითხს აწესრიგებს სსსკ-ის 48-ე მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება, გახდეს სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების საფუძველი. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს.
11. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს სააპელაციო სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ მძიმე მატერიალური მდგომარეობის/გადახდისუუნარობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, შესაბამისად, მან ვერ დაამტკიცა გადახდისუუნარობის ფაქტი. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ დაუსაბუთებელი იყო და ვერ დაკმაყოფილდებოდა.
12. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ სასამართლოს საკუთარი ინიციატივით უნდა გაეგრძელებინა აპელანტისათვის ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა, დაუსაბუთებელია, რადგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება, გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის გაგრძელების თხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს (მან მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ითხოვა სსსსკ-ის 48-ე მუხლი), სააპელაციო პალატა საკუთარი ინიციატივით კი, ვერ იმსჯელებდა საპროცესო ვადის გაგრძელების საკითხზე, ამ ვითარებაში, მან სწორად იხელმძღვანელა ამავე ნორმის მე-5 ნაწილით. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეს ჰქონდა პროცესუალური შესაძლებლობა, ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, ეშუამდგომლა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 64-ე მუხლი), შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის ეს პრეტენზია უსაფუძვლოა.
13. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის არც იმ მსჯელობას, რომ წინასწარ აღებული ჰქონდა პენსია და აპირებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდას, არ იზიარებს და მიუთითებს, რომ აპელანტმა იმთავითვე იცოდა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სახელმწიფო ბაჟი გადასახდელი ჰქონდა, შესაბამისად, მას შეეძლო, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადაში გადაეხადა ეს თანხა ან მისი გაგრძელების თაობაზე თხოვნით მიემართა სასამართლოსთვის.
14. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე (1) მუხლით, ისე _ „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. იმ ვითარებაში, როდესაც უდავოა, რომ თავად მხარემ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, პალატის განსჯით, მის მიმართ მართლზომიერად შეიზღუდა უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, რაც სასამართლოს მხრიდან ამ უფლების დარღვეულად მიჩნევას გამორიცხავს.
15. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი. ამ განჩინების წინააღმდეგ კი, კერძო საჩივარი არ შეიცავს იმგვარ დასაბუთებულ პრეტენზიას (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები), რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას დაედებოდა საფუძვლად (შდრ. სუსგ: №ას-501-469-2017; 2017 წლის 23 ივნისის განჩინება).
16. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ა–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი