1 ნოემბერი, 2019 წელი
№ას-1593-2019 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ი.ბ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ხ.ყ–ა (გ–ძე) (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ხ.ყ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა ი.ბ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან კასატორი) უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების, რომელიც მდებარეობს გურჯაანში ...... (ს/კ .....) გამოთხოვასა და მოსარჩელისათვის თავისუფალ მდომარეობაში გადაცემას, დაკმაყოფილდა. მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 იანვრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
4. 2018 წლის 20 თებერვალს მოპასუხემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა კერძო საჩივარი, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 იანვრის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. ამავე განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით (შემდეგში გასაჩივრებული განჩინება) მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცველად დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
7. 2019 წლის 15 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა მოპასუხის საკასაციო საჩივარი, რომელიც შემდეგში, საქმესთან ერთად გადმოგზავნილი იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. საკასაციო საჩივარზე თანდართულ კონვერტზე არსებული საქართველოს ფოსტის ბეჭდით ირკვევა, რომ საკასაციო საკასაციო საჩივარი, სასამართლოში გასაგზავნად, ფოსტაში ჩაბარებულია 2019 წლის 11 ოქტომბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
9. სსსკ-ის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
10. მოცემულ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ გასაჩივრებული განჩინება მომზადდა დაგვიანებით, რაც საქმეში არსებული სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება (ს.ფ. 204). საქმეში არსებული გზავნილებით და მათი ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტებით ირკვევა, რომ მოპასუხეს მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა და მეორე ცდაზე, კერძოდ 2019 წლის 18 სექტემბერს პირადად ჩაჰბარდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (ს.ფ. 209).
11. სსსკ-ის 60-ე და 61-ე მუხლების მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში, კასატორისათვის საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 19 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 9 ოქტომბერს. დადგენილია, რომ საკასაციო საჩივარი ფოსტაში წარდგენილია 2019 წლის 11 ოქტომბერს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით. ამასთან, საკასაციო საჩივარში მისი შედგენის თარიღად მითითებულია 2019 წლის 11 ოქტომბერი.
12. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
13. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
14. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, ამიტომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ბ–ის, საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე მზია თოდუა