საქმე №ას-1004-2019 3 ოქტომბერი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „P-O” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 იანვრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც შემკვეთი, შემსყიდველი, კასატორი ან მოპასუხე) საკასაციო პრეტენზია ეხება იმას, რომ გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, გარემოებები, რომლებიც ფორსმაჟორად შეფასდა, 28 მარტს დაიწყო და 4 აპრილს დასრულდა. ვინაიდან შპს „P-O-ს” (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მიმწოდებელი, მოწინააღმდეგე მხარე ან მოსარჩელე) ვალდებულება უნდა შეესრულებინა 27 მარტის ჩათვლით, ხოლო წერილით რომელიც სამინისტროს ჩაჰბარდა 29 მარტს, დგინდება, რომ მითითებული გარემოება არ უკავშირდება მოსარჩელის მიერ შესასრულებელ ვალდებულებას და სასამართლომ არასწორად მიიჩნია ფორსმაჟორად. მოსარჩელე ფაქტობრივად დაელოდა გაფიცვის დაწყებას და წერილი სამინისტროს გაუგზავნა 29 მარტს, რაც ვერ ჩაითვლება ხელშეკრულების 16.1 პუნქტით განსაზღვრულ წინასწარ შეტყობინებად.
1.2. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის მითითება, რომ იგი იძულებული გახდა, გადაეხადა პირგასამტეხლო, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მიიღებდა დარჩენილ თანხას, არადამაჯერებელია და მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
1.3. კასატორი ასევე უთითებს, რომ, მან 2015 წლის 28 დეკემბრის შეთანხმების საფუძველზე, მოპასუხეს ავანსად გადაურიცხა 939 200 ლარი. მიწოდებული საქონლის შესახებ დოკუმენტაცია სამინისტროში შევიდა 2016 წლის 3 მაისს, ხოლო საბოლოო ანგარიშსწორება 2016 წლის 24 ივნისს მოხდა. ყოველივე ეს კი, გასაჩივრებული განჩინების უსაფუძვლობასა და უკანონობაზე მიუთითებს.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები დაადგინა:
4.2.1. მხარეებს შორის 2015 წლის 20 ივლისს დაიდო ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ № 850 ხელშეკრულება; იხ. ტ. 1. ს. ფ. 21-27), რომლის საგანი იყო 2015-2016 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში 100 000 ცალი/შეკვრა საველე (მშრალი) ულუფის შესყიდვა; ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 1 878 400 ლარით, მიწოდების ვადა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღით (შესაძლებელი იყო ეტაპობრივი მიწოდებაც), ხოლო ანგარიშსწორების წესი - მთლიანი ან ნაწილობრივი ანგარიშსწორება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი რაოდენობის საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 20 სამუშაო დღით განისაზღვრა.
4.2.2. შეთანხმების 16.1.1 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე ეკისრებოდა პირგასამტეხლო საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე) მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0,15%, ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე.
4.2.3. შეთანხმების 16.3. პუნქტის თანახმად კი, შესაბამისი ანაზღაურების შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, შემსყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე გადაუხდელი თანხის 0,15%, მაგრამ არაუმეტეს 1,5%-ისა.
4.2.4. მხარეები თავისუფლდებოდნენ ვალდებულების სრული ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისათვის ფორსმაჟორის შემთხვევაში. შეთანხმების მიხედვით, ფორსმაჟორად განიხილებოდა გარემოება, რომელიც არ არსებობდა ხელშეკრულების დადებისას და რომლის თავიდან აცილება ან გადალახვა მხარეს არ შეეძლო, კერძოდ: საომარი მდგომარეობა/საბრძოლო მოქმედება, წყალდიდობა, მიწისძვრა, ხანძარი, ავარია, გაფიცვა, ეპიდემია, საბიუჯეტო ასიგნების მკვეთრი შემცირება და სხვა მსგავსი გარემოებანი. მხარე, რომლისთვისაც ფორსმაჟორის გამო, შეუძლებელი იყო ვალდებულების შესრულება, დაუყოვნებლივ (ფორსმაჟორიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა) აცნობებდა ამის შესახებ მეორე მხარეს. შეუტყობინებლობის ან დაგვიანებით შეტყობინების შემთხვევაში - იგი კარგავდა უფლებას, დაყრდნობოდა ფორსმაჟორს, როგორც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს.
4.2.5. 2016 წლის 27 აპრილს მხარეებმა შეადგინეს მიღება-ჩაბარების ოქმი, რომელთა მიხედვით, 2016 წლის 23 მარტს მიმწოდებელმა ლოგისტიკის ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის სურსათის საწყობში შეიტანა - 750 420,80 ლარის, ხოლო 2016 წლის 4 აპრილს - 1 127 979,00 ლარის პროდუქცია (იხ. მიღება-ჩაბარების აქტები, ტ.1, ს.ფ. 56; 61).
4.2.6. მოსარჩელის 2016 წლის 29 მარტის წერილით, რომელიც მოპასუხეს 2016 წლის 29 მარტს ჩაჰბარდა, შემსყიდველს ეცნობა, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარჩენილი მისაწოდებელი 61050, 00 ცალი მშრალი ულუფის (3 საზღვაო კონტეინერის) მიწოდება ფერხდებოდა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, სახელდობრ, საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიის „M-ის“ წერილის თანახმად, ფოთში მდებარე საპორტო ტერმინალებზე 2016 წლის 28 მარტს, 15:25 საათზე, ადგილობრივმა მძღოლებმა გამოაცხადეს გაფიცვა, გადაკეტეს საბაჟო საპორტო ტერმინალის შესასვლელ/გასასვლელი, რამაც გამოიწვია მომსახურების შეფერხება, შესაბამისად, ტერმინალიც ვერ იმუშავებდა (იხ. ს.ფ. 70-71. ტ.1). ამ გარემოებას ადასტურებს შპს „კ-ის“ 2016 წლის 17 აპრილის წერილიც, რომლის თანახმად, 2016 წლის 28 მარტს ფოთის პორტში დაიწყო სატვირთო ავტომობილების მძღოლების გაფიცვა და დაიკეტა ტერმინალის ყველა გასასვლელი და შემოსასვლელი (იხ. ს.ფ. 79.ტ.1). ამავეს ადასტურებს საქმის მასალებიც (იხ. საგაზეთო სტატიები, ს.ფ. 63-69. ტ.1).
4.2.7. ფორსმაჟორის გამო მიმწოდებელმა საქონლის ნაწილი შემსყიდველს ნაცვლად 2016 წლის 27 მარტისა, იმავე წლის 4 აპრილს მიაწოდა, შესაბამისად, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა ექვსი სამუშაო დღეა, რისთვისაც მოსარჩელეს დაეკისრა პირგასამტეხლო 10 151,82 ლარი (1 127 979,20 ლარის 0.15%, ს დღეზე), (იხ. პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ #850-1 აქტი, ს.ფ 84. ტ.1).
4.2.8. მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ღირებულების სახით მოსარჩელეს 2015 წლის 31 დეკემბერს - 939 200 ლარი, 2016 წლის 24 ივნისს - 625 507,20 ლარი და 313 692,80 ლარი გადაურიცხა (იხ. ს.ფ. 98- 99. ტ.1).
4.2.9. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან - 2016 წლის 27 აპრილიდან 20 სამუშაო დღეში შემსყიდველს მიწოდებული საქონლის ღირებულება არ აუნაზღაურებია.
5. განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დაკისრება გამოირიცხებოდა თუკი კასატორი დაამტკიცებდა ფორსმაჟორის არარსებობას. მისი პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ დამაბრკოლებელი გარემოება არ უკავშირდება მოსარჩელის მიერ შესასრულებელ ვალდებულებას, ვინაიდან გაფიცვა დაიწყო 2016 წლის 28 მარტს და იმავე წლის 4 აპრილს დასრულდა, ვალდებულება კი, 2019 წლის 27 მარტს უნდა შესრულებულიყო, საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია. მოცემულ შემთხვევაში, რაკი უდავოა, რომ ფორსმაჟორი ფოთის პორტში დაიწყო 2016 წლის 28 მარტს, ხოლო პორტიდან ტვირთის გასვლა შესაძლებელი გახდა მხოლოდ 3 აპრილს, დღის ბოლოს, ამასთან, რაიმე მტკიცებულება, რაც მიუთითებდა, რომ დაბრკოლება აღმოიფხვრა და ტვირთის ტერმინალიდან გამოტანა შესაძლებელი იყო 3 აპრილამდე, საქმეში არ წარდგენილა და არც ამის არსებობაზე არ მიუთითებია მოპასუხეს, შესაბამისად, ტვირთი ფოთის პორტის ტერმინალიდან გავიდა 3 აპრილს, 18:30 საათზე და შემსყიდველს გადაეცა 4 აპრილს (იხ. ს.ფ. 80. ტ.1), ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ტვირთი თბილისში ჩავიდოდა ჩამოსვლიდან მეორე დღესვე - 28 მარტს, როდესაც მიმწოდებელი შეძლებდა შემსყიდველისათვის პროდუქციის მიწოდებას. მიმწოდებელი აღიარებს ერთი დღის ვადის გადაცილებას, რაც გულისხმობს, რომ მოსარჩელე შემსყიდველისათვის პროდუქციის მიწოდებას, ნაცვლად 2016 წლის 27 მარტისა, იმავე წლის 28 მარტს შეძლებდა.
5.1. რაკი შემსყიდველმა მიმწოდებლისაგან შესაბამისი საფუძვლის გარეშე მიიღო - 8459,85 ლარი, ის ვალდებულია მიღებული თანხა უსაფუძვლო გამდიდრების წესებით უკან დაუბრუნოს მოსარჩელეს (სსკ-ის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილი „ა“ ქ/პუნქტი და 979.1 მუხლი).
6. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობასაც, რომ რამდენადაც ვადაგადაცილებული სამუშაო დღეების მიხედვით ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს (0,15%) ჯამური ღირებულება აღემატება გადაუხდელი თანხის - 939 200 ლარის 1,5%-ს, პირგასამტეხლო (939 200 ლარის 1.5%) 14 088 ლარით უნდა განისაზღვროს, რაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრულია (სსკ-ის 417-ე, 420-ე მუხლები).
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
8. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
9. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ 22.09.2015, #ას-800-756-2015).
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
12. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი