საქმე №ას-901-2019 1 ოქტომბერი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
I საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს "ე.დ–ა" (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
წარმომადგენელი - ბ.მ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს "დ.გ.ჯ–ა" (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
II საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს "დ.გ.ჯ–ა"
წარმომადგენელი - თ.ჯ–ა
მოწინააღმდეგე მხარე - შპს "ე.დ–ა"
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის განჩინება
I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოპასუხის სარჩელის უარყოფა
II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მხარეთათვის სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების რიგითობის განსაზღვრა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი კასატორის, შპს "ე.დ–ის" (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი კასატორი, მოსარჩელე ან შეგებებული მოპასუხე) საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, სახელდობრ:
1.1. მისი მტკიცებით, უდავოა, რომ მათ მიერ შპს "დ.გ.ჯ–ასთან" (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე კასატორი, მოპასუხე ან შეგებებული მოსარჩელე) ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, შესრულებული სამუშაოების ღირებულება - 178 484,17 ლარია. მოპასუხემ - 160 967,150 ლარი აუნაზღაურა. დარჩენილი ნაწილის გადახდის სანაცვლოდ ის მოითხოვს ათწლიანი საგარანტიო სერტიფიკატის გაცემას.
1.2. მოსარჩელის/პირველი კასატორის მითითებით, მხარეთა შორის კონკრეტულ პირობებზე შეთანხმების წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულება არ არსებობს. მათ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე შეასრულეს სამუშაოები, რომელიც საგარანტიო ფურცლის გაცემას არ ითვალისწინებდა. საქმეში წარდგენილი დოკუმენტი კი, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ განიხილება, რადგან მას მხოლოდ მოპასუხის წარმომადგენელი აწერს ხელს.
1.3. პირველი კასატორის მითითებით, მათ შემდეგ მესამე პირებმა გააგრძელეს ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები, რომლებიც იმგვარადაა შესრულებული რომ ამჟამად შეუძლებელია მათი გამიჯვნა.
1.4. გარდა ამისა, კასატორის მოსაზრებით, ყოველგვარ საღ აზრსაა მოკლებული საგარანტიო სერტიფიკატის 10 წლით გაცემა, რადგან, დადგენილი პრაქტიკით, მსგავსი სამუშაოებისათვის გაიცემა 1-2 წლიანი საგარანტიო სერტიფიკატები.
2. მეორე კასატორის მითითებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს, მხარეთა შორის ჰიდროიზოლაციის ხელშეკრულების არსებობა, თუმცა ამ ხელშეკრულებით მხარეებს არ განუსაზღვრავთ სახელშეკრულებო ვალდებულებების, საგარანტიო სერტიფიკატის გაცემისა და საგარანტიო თანხის გადახდის შესრულების რიგითობა. მისთვის არსებითი მნიშვნელობისაა საგარანტიო სერტიფიკატი გაიცეს თანხის გადახდამდე, შესაბამისად, დარჩენილი თანხის გადახდა მოხდება მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების შემდეგ.
2.1. შეგებებული მოსარჩელის/მეორე კასატორის მითითებით, საკასაციო სასამართლოში დავის გაგრძელების ერთ-ერთი უმთავრესი მოტივი სწორედ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების რიგითობის განსაზღვრაა. ვინაიდან, არც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით და არც სააპელაციო პალატის განჩინებიდან, არ იკვეთება, თუ როდის უნდა გაიცეს საგარანტიო სერტიფიკატი, საგარანტიო თანხის გადახდამდე თუ შემდგომ.
2.2. გარდა ამისა, მეორე კასატორის მტკიცებით, ხელშეკრულება შეიცავდა მოსარჩელის ვალდებულებას, სამუშაოების დასრულებისთანავე, ყოველგვარი დამატებითი პირობის გარეშე, წარედგინა საგარანტიო სერტიფიკატი. მოსარჩელემ ბოლომდე არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არ წარადგინა საგარანტიო სერტიფიკატი, რომლის გარეშეც მოპასუხის ვალდებულება, გადაიხადოს საგარანტიო თანხა, არ წარმოიშობა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისისა და იმავე წლის 8 ივლისის განჩინებებით, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საჩივრები დასაშვები რომც ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები დაადგინა:
5.2.1. მხარეებს შორის 2015 წლის 21 სექტემბერს დაიდო ჰიდროიზოლაციის მომსახურების ხელშეკრულება (იხ. ს. ფ. 72-77), რომლის საგანი იყო ჰიდროიზოლაციის მომსახურება და მონტაჟი, რომელიც მოიცავდა საცდელ სამუშაოებს და 10 - წლიანი გარანტიის სერტიფიკატის გაცემას სამუშაოების ჩაბარების შემდეგ.
5.2.2. მოსარჩელემ კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოები რომლის ღირებულება - 178 484,17 ლარია, მაგრამ ჰიდროიზოლაციის შესრულებული სამუშაოების 10 - წლიანი საგარანტიო სერტიფიკატის გაცემის ნაწილში ვალდებულება დაირღვა.
5.2.3. მოპასუხემ მოსარჩელეს მხოლოდ - 160 967,150 ლარი აუნაზღაურა.
5.2.4. მხარეები არ დავობენ, რომ მოსარჩელის მიმართ მოპასუხის დავალიანება - 17 516,42 ლარია.
6. განსახილველ შემთხვევაში, 10 - წლიანი საგარანტიო სერტიფიკატის გაცემის ვალდებულება გამოირიცხებოდა, თუკი პირველი კასატორი დაამტკიცებდა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება საგარანტიო ფურცლის გაცემას არ ითვალისწინებდა. მისი პრეტენზია, იმასთან დაკავშირებით, რომ სამუშაოები ზეპირი შეთანხმების საფუძველზე შესრულდა, რომელიც საგარანტიო ფურცლის გაცემას არ ითვალისწინებდა, საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია, ვინაიდან, საქმეში წარდგენილი სადავო ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება დადასტურებულია თავად პირველი კასატორის მიერ (ამასთან, საკასაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზეც პირველი კასატორის წარმომადგენელმა აღიარა, რომ მათ ხელშეკრულების ეგზემპლარს ხელი მოაწერეს), შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უარყოფს პირველი კასატორის პრეტენზიას სასამართლოს მხრიდან მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტის დარღვევის თაობაზე და განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული უდავო ფაქტობრივი გარემოებები ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს აძლევდა საშუალებას, დაეშვა პრეზუმფცია, რომ მეორე მხარე, მისთვის განკუთვნილი ხელშეკრულების ეგზემპლარზე ხელის მოწერით, დაეთანხმა ხელშეკრულების პირობებს (სსკ-ის 71-ე მუხლი).
6.1. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობასაც, რომლითაც ყურადღება გაამახვილა საქმეში წარდგენილ საგადასახადო ანგარიშფაქტურებზე, რომლებსაც საფუძვლად დაედო სწორედ მხარეთა შორის არსებული ჰიდროიზოლაციის მომსახურების ხელშეკრულება, რაც მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების კიდევ ერთი დასტურია.
7. საკასაციო პალატა მეორე კასატორის მსჯელობასთან მიმართებით, რომ გადაწყვეტილებით მხარეთათვის სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების რიგითობა უნდა განისაზღვროს და, თანხის გადახდის ვალდებულება საგარანტიო სერტიფიკატის გაცემის შემდეგ უნდა წარმოეშვას, განმარტავს, რომ ეს საკითხი სსსკ-ის 263-ე მუხლის (სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე, შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი,) შესაბამისად, აღსრულების წესის განსაზღვრის კონტექსტით გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს კვლევის საგანი შეიძლება გახდეს.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
9. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
10. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ას-115-2019, 17.06.2019წ).
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
13. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ე.დ–ასა" და შპს "დ.გ.ჯ–ის" საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "ე.დ–ას" (ს/კ ....) დაუბრუნდეს ბ.მ–ის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #8043477393, გადახდის თარიღი 10.06.2019 წ.), 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. შპს "დ.გ.ჯ–ას" (ს/კ ....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 875.80 ლარის (საგადასახადო დავალება #24 გადახდის თარიღი 26.06.2019 წ.), 70% - 613.06 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი