Facebook Twitter

საქმე №ა-4676-გან-9-2019 31 ოქტომბერი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი –გ.კ–ი

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით ნ.ლ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

2. 2019 წლის 17 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა გ.კ–ის წარმომადგენელმა ნ.ფ–მა (შემდეგში: განმცხადებელი) და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება.

3. განმცხადებლის განმარტებით, დასახელებული განჩინების მე-16 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო საქმის ხელახლა განხილვის დროს აღარ იმსჯელებს მოსარჩელის იმ მოთხოვნებზე, რომლებიც არ დაკმაყოფილდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კერძოდ: ა) 2013 წლის 18 დეკემბრის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ; ბ) 2013 წლის 18 დეკემბრის შეთანხმების სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების შესახებ ბათილად ცნობის თაობაზე; გ) სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობის შესახებ; ამ სასარჩელო მოთხოვნების უარყოფის ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ სრულად არის გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები. მართალია, განჩინების სამოტივაციო ნაწილის მიხედვით, ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც უძრავ ქონებაზე - საცხოვრებელ სახლზე, მდებარე: თბილისი, ....., საკადასტრო კოდი: ..... დარჩა გ.კ–ის საკუთრების უფლება, თუმცა განჩინების აღსრულება შეუძლებელია, ვინაიდან განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ მოიცავს ასეთ ჩანაწერს და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღსრულება მიმდინარეობს სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შესაბამისად, ხოლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია, საჭიროა განჩინების განმარტება. განმცხადებელმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინების იმგვარად განმარტება მოითხოვა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება კანონიერ ძალაშია შესული, კერძოდ; ა) 2013 წლის 18 დეკემბრის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში; ბ) 2013 წლის 18 დეკემბრის შეთანხმების სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების შესახებ ბათილად ცნობის ნაწილში; გ) სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განიხილა განმცხადებლის განცხადება და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას“.

5. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტების პირობაა, რომ განსამარტი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული, რადგან თუკი გადაწყვეტილება აღსრულებულია, ცხადია, ასეთ ვითარებაში აღარ არსებობს განმარტების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა. საგულისხმოა ისიც, რომ დაუშვებელია განმარტების შედეგად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით დგება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და არ გამომდინარეობდა განსამარტი გადაწყვეტილებიდან.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მითითებას გადაწყვეტილების განმარტების აუცილებლობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 262-ე მუხლის მიხედვით გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ განმარტებას გადაწყვეტილება/განჩინება ექვემდებარება მხოლოდ გადაწყვეტილებით/განჩინებით დადგენილი ქცევის წესის შეუცვლელად და იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიცაა აღიარებული განსამარტი გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგი, ისე, რომ განმარტების გზით არ შეიძლება გადაწყვეტილება სხვა ფაქტობრივ-სამართლებრივ შედეგს დაექვემდებაროს.

7. საკასაციო სასამართლო განცხადების საფუძვლებს არ მიიჩნევს სსსკ-ის 262-ე მუხლის საპროცესო სამართლებრივი საფუძვლით გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების აუცილებელ წინაპირობად და საკმარის საფუძვლად.

8. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მხოლოდ მისი შინაარსის ბუნდოვანების გამო შეიძლება განიმარტოს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ ვლინდება. განსამარტი განჩინების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით დგება, განსახილველ შემთხვევაში კი საკასაციო სასამართლოს განჩინება აღსრულებას არ ექვემდებარება, რადგან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, შესაბამისად სამოქალაქო საქმე გადაწყვეტილი არ არის. რაც შეეხება საკასაციო სასამართლოს მითითებებს, რომლებითაც სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იხელმძღვანელოს, საკასაციო სასამართლოს განჩინების განმარტებას ვერ დაედება საფუძვლად. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ხელახლა განსახილველად დაბრუნების დროს საქმის განხილვა იმ ნაწილში, რომელიც დამატებით გამოკვლევას ექვემდებარება უკავშირდება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომელიც დამატებით კვლევას არ საჭიროებს, როგორც ეს მითითებულია საკასაციო სასამართლოს განჩინების სამოტივაციო ნაწილში. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ასახავს იმ გადაწყვეტილებას, რომ საქმის განხილვა არ დასრულებულა, მისი დამატებითი შემოწმებაა საჭირო.

9. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების განმარტების მიზნით განმცხადებელმა იმ სასამართლოს უნდა მიმართოს, რომლის გადაწყვეტილებაც აღსრულებას ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე და 284-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გ.კ–ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე