Facebook Twitter

საქმე №ას-1420-2019 15 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – საავტორო უფლების ხელყოფის აღკვეთა და კომპენსაციის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. გ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ვ. მ-ის მიმართ საავტორო უფლების ხელყოფის აღკვეთისა და კომპენსაციის დაკისრების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით მ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ვ. მ-ს აეკრძალა სამაგისტრო ნაშრომის, „უსაფუძვლო გამდიდრებისას მიღებულის მოთხოვნის საფუძველთა კონკურენციის,“ რეპროდუცირება, გავრცელება და მოხდა მისი ყველა ეგზემპლარის განადგურება. ვ. მ-ს მოსარჩელე მ. გ-ა სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დაეკისრა 2050 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. მ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. გ-ას წარმომადგენელ ზ. ბ-ის შუამდგომლობა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა. ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დაუსწრებელ გადფაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ვ. მ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი შინაარსობრივად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ წარდგენილი საჩივარია და ის დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. გ-ას წარმომადგენელ ზ. ბ-ის შუამდგომლობა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა. ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ვ. მ-მა და სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად, განსახილველად გადმოაგზავნა ზემდგომ სასამართლოში.

უდავოა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მაისს სააპელაციო სასამართლომ, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

დასტურდება, რომ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ვასილ მამულაშვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 236-ე მუხლის თანახმად, მხარეს, რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, აგრეთვე მოპასუხეს ამ კოდექსის 2321 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეუძლიათ ასეთი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში შეიტანონ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 392-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ შეიძლება საკასაციო წესით გაასაჩივროს იმ მხარემ, რომლის წინააღმდეგაც არის იგი გამოტანილი. საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ ისეთი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც გამოტანილია განმეორებით დაუსწრებლობის შემდეგ, რის გამოც იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება კასაციის წესით გასაჩივრდეს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არსებობდა სათანადო სამართლებრივი წანამძღვრები.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის გასაჩივრება შესაძლებელია ამავე სასამართლოში საჩივრის წარდგენის გზით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული საჩივარი დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 392-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. მ-ის საჩივარი დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი