გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-369-98-კს-03 10 ნოემბერი 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამრთლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: საქმეში მე-3 პირად ჩაბმა.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 21 აგვისტოს თბილისის საოლქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა სახელმწიფო სპეციალურმა კავშირმა, მოპასუხის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომლის საფუძველზეც მოითხოვა საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრსციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საერთაშორისო სატელეფონო კავშირის მომსახურების შესყიდვისათვის გამოცხადებული ღია ტენდერის შეჩერება.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 25 აგვისტოს განჩინებით სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში, ამავე განჩინებით სსკ-ს 198-ე მუხლის მე-2 მაწილის “ბ” პუნქტის საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის ღინისძიების სახით საგარეო საქმეთა სამინისტროს აეკრძალა ღია ტენდერის ჩატარება.
2003წ. 03 სექტემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
2003წ. 8 სექტემბერს თბილისის საოლქო სასამართლოში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა დაზუსტებული სარჩელი, რომელშიც ეს უკანასკნელი მიუთითებდა, რომ მიუხედავად თბილისის საოლქო სასამართლოს 25.08.2003წ. განჩინებისა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება სახელმწიფო შესყიდვის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულებების თაობაზე, რომლის შესაბამისადაც ღია ტენდერის წესით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვაში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს “ს. პ.”, რომელთანაც დაიდო სათანადო ხელშეკრულება.
დაზუსტებული სარჩელის საფუძველზე მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა:
1. ბათილად ყოფილიყო ცნობილი საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურების სატენდერო კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილება;
2. გაუქმებულიყო ან ბათილად გამოცხადებულიყო საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შპს “ს. პ.” შორის 01.09.03წ. დადებული ხელშეკრულება საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურების თაობაზე.
3. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმეორედ ჩაეტარებინა ღია ტენდერი და “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის მოთხოვნათა შესაბამისად მოსარჩელეს მისცემოდა ტენდერში მონაწილეობის შესაძლებლობა.
4. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერებულიყო საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შპს “ს. პ.” შორის 2003წ. 01 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების მოქმედება.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 8 სექტემბრის განჩინებით დაზუსტებული სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დაკმაყოფილდა შუამდგომლობა და შეჩერებული იქნა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შპს “ს. პ.” შორის 2003წ. 1 სექტემბერს დადებული ხელშეკეულების მოქმედება.
ამავე განჩინების მე-5 პუნქტით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მე-3 პირად ჩაბმული იქნა შპს “ს. პ.”.
2003წ. 16 სექტემბერს თბილისის საოლქო სასამართლოში შპს “ს. პ.” გენერალური დირექტორის მიერ წარდგენილი იქნა კერძო საჩივარში, რომლის საფუძველზეც კერძო საჩივრის ავტორმა, იმ მოტივით, რომ შპს “ს. პ.” საქმეში მონაწილეობა არსებითად ვერ შეცვლიდა საქმის მსვლელობას და ვერ იმოქმედებდა სასამართლოს მიერ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაზე, მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების მისი მე-3 პირად ჩაბმის ნაწილში გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 17 სექტემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის მოტივით და საქის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა კერძო საჩივრის საფუძვლებსა და გაანალიზა საქმეში წარმოდგენილი მასალები, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 8 სექტემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საჯარო სამართლის იურდიული პირის სახელისუფლებო სპეციალური კავშირის დაზუსტებული სარჩელი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ითხოვს, ბათილად იქნეს ცნობილი საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სატენდერო კავშირებით მომსახურეობის სატენდერო კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება შპს “ს. პ.” მიერ ტენდერში განარჯვებას და მოიშალოს ან ბათილად იქნეს ცნობილი საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შპს “ს. პ.” შორის 2003წ. 1 სექტემბერს დადებული ხელშეკრულება.
დავის საგნიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შპს “ს. პ.” წარმოადგენს იმ სამართალურთიერთობის უშუალო მონაწილეს, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ამასთან საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება უდავოდ შეეხება მის ინტერესებს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული მუხლის დეფინიციას და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში მე-3 პირის ინსტიტუტი გარკვეულწილად შეიცავს ინკვიზიციურობის ელემენტს, რის გამოც, საქმეში მე-3 პირად სუბიექტის ჩაბმა. წარმოადგენს სასამართლოს ვალდებულებას და დამოკიდებული არ არის მის ნებელობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ს. პ.” საქმეში მე-3 პირად ჩაბმა საოლქო სასამართლოს მიერ მოხდა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაიული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით. სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ს. პ.” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად იქნეს დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 8 სექტემბრის განჩინების გასაჩივრებული ნაწილი შპს “საქტელეკომ პლუსის” საქმეში მესამე პირის სტატუსით ჩაბმის თაობაზე;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.