Facebook Twitter

საქმე №ას-1392-2019 1 ნოემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „შ. მ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე. პ. ჯ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ე. პ. ჯ.“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „შ. მ.“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ 12 777.08 აშშ დოლარის გადახდის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 27 ივლისს მხარეებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან მოპასუხეს მიჰყიდა 6 235.85 კვადრატული მეტრი სენდვიჩ-პანელები და აქსესუარები.

3. ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, საქონლის ღირებულება განისაზღვრა 130 698.4 აშშ დოლარით. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ანგარიშსწორება განხორციელდებოდა გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ოფიციალური გაცვლითი კურსით. ხელშეკრულების 2.2 პუნქტით განისაზღვრა გადახდის წესი, რომლითაც მყიდველი ვალდებულია, გადაუხადოს გამყიდველს საქონლის მთლიანი ღირებულების 40%, წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 48 საათის ვადაში. მყიდველი ვალდებულია, გადაუხადოს გამყიდველს საქონლის მთლიანი ღირებულების 50% 2 დღის ვადაში, მას შემდეგ, რაც გამყიდველი წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესით შეატყობინებს საქონლის მწარმოებელ ქარხანაში დატვირთვის შესახებ. მყიდველი ვალდებულია, გადაუხადოს გამყიდველს საქონლის მთლიანი ღირებულების 10% საქონლის საქართველოში შემოსვლიდან 2 დღის ვადაში.

4. ხელშეკრულების თანახმად, მყიდველის მიერ თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო უნაღდო ანგარიშსწორებით, ხელშეკრულებაში მითითებულ მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. მოპასუხის მიერ შესრულებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ორი ტრანშის გადახდის ვალდებულება, ხოლო მესამე ტრანშის გადახდის ვალდებულება მოპასუხეს არ შეუსრულებია. ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონელი საქართველოში ჩამოვიდა 2018 წლის 15 აგვისტოს. შესაბამისად, მოპასუხეს მესამე ტრანშის – 12 777.08 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის ვალდებულება წარმოეშვა 2018 წლის 17 აგვისტოს. მიუხედავად არაერთი მიმართვისა, მოპასუხე უარს აცხადებს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნებაყოფლობით გადახდაზე.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2018 წლის 27 ივლისს მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი ორი ტრანშის გადახდის ვალდებულება შეასრულა, შესაბამისად, ხელშეკრულებით დადგენილი პირობების სრული დაცვით ჯეროვნად და კეთილსინდისიერად წინასწარ გადაუხადა მოსარჩელეს საქონლის ღირებულების 90%. 2018 წლის 15 აგვისტოს, ისე რომ არ გაუფრთხილებია წინასწარ, მოსარჩელემ მიაწოდა მას სენდვიჩ-პანელი და შესაბამისი აქსესუარები. ტვირთის გადაზიდვა განახორციელეს მისთვის უცნობმა პირებმა. ტვირთს მოსარჩელის წარმომადგენელი არ მოჰყოლია და მას არ მიწოდებია სასაქონლო ზედნადები და შესაბამისი ანგარიშფაქტურა, არ წარმოშობია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მესამე ტრანშის გადახდის ვალდებულება, ვინაიდან მოსარჩელემ საქონლის საქართველოში შემოსვლისთანავე მიაწოდა მას საქონელი, ისე რომ არ მოუთხოვია დარჩენილი 10%-ის ღირებულების გადახდა. მოსარჩელის მიერ მიწოდებული საქონელი ნაკლის მქონე იყო, კერძოდ, აკლდა ის ძირითადი აქსესუარები, რაც საჭიროა მისი შესაბამისი გამოყენებისათვის. საქონელი ასევე იყო დაზიანებული და მისი მოთხოვნის მიუხედავად, მოსარჩელემ არანაირი ზომა არ მიიღო ნაკლის გამოსასწორებლად. ასევე იმ გარემოების გამო, რომ მოსარჩელემ საქონლის მიწოდებისას არ მიაწოდა შესაბამისი დოკუმენტაცია – საგადასახადო ზედნადები და ანგარიშფაქტურა, უხეშად დაირღვა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა და აღნიშნული დოკუმენტები მიაწოდა მას მხოლოდ ოქტომბრის თვეში – 2018 წლის 02 ოქტომბერს.

6. მოპასუხემ საქონლის მიღებისთანავე აცნობა მოსარჩელეს, რომ სენდვიჩ-პანელები იყო დაზიანებული, ხოლო დამატებითი აქსესუარები დიდი რაოდენობით აკლდა ტვირთს. არაერთხელ სთხოვა მოსარჩელეს, მისულიყო და ადგილზე ენახა ტვირთის ნივთობრივი ნაკლი, ასევე, წარმოედგინა შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია, რაც მოსარჩელემ არ განახორციელა. შესყიდული პროდუქციით მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე სხვა კომპანიის დახმარებით ააშენა ორი შენობა. 2018 წლის 23 თებერვალს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების თანახმად, შემსრულებელმა დაამზადა, დაამუშავა, დაამონტაჟა ასაწყობი კონსტრუქცია, შეღება და სენდვიჩ-პანელების გაკვრა ის. კომპანიისგან მიღებული წერილით დასტურდება, რომ მოსარჩელისაგან მიიღო არა 6 235.85 კვ.მ სენდვიჩ-პანელი, როგორც ამას მოსარჩელე უთითებს ზედნადებში, არამედ დაახლოებით 5 600 კვ.მ, ამასთან, 150 კვ.მ სენდვიჩ-პანელი იყო დაზიანებული. დანაკლისი აქსესუარების ღირებულებამ კი შეადგინა დაახლოებით 12 000 ლარი. ნასყიდობის ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვნად და არაკეთილსინდისიერად შესრულების მიზეზით დაზიანდა მის საწარმოში განხორციელებული იატაკის მოპირკეთება, რითიც მას მიადგა 40 000 ლარის ოდენობის ზიანი. მოსარჩელის მიერ მისთვის ნასყიდობის ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვნად და არაკეთილსინდისიერად შესრულების მიზეზით წარმოეშვა დამატებითი ხარჯი სენდვიჩ-პანელის გაკვრის მომსახურების სამუშაოებთან და უხარისხო საქონლის შეცვლასთან დაკავშირებით, რითიც მას მიადგა 36 000 ლარის ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სასარგებლოდ დაეკისრა 10 410.91 აშშ დოლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 364-ე მუხლის, 369-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 2591 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ მოპასუხის წარმომადგენელი 2019 წლის 26 მარტს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა. შესაბამისად, იგი ვალდებული იყო, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და გადაწყვეტილების ასლი ჩაებარებინა, რაც საქმის მასალების შესაბამისად, მას არ განუხორციელებია. ამდენად, მოპასუხეს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს – 26 აპრილს დაიწყო სააპელაციო პალატამ საჩივრის შეტანის პირველ დღედ 26 აპრილი მიიჩნია, შესაბამისად, გასაჩივრების 14-დღიანი ვადა 2019 წლის 10 მაისს ამოიწურა (მე-14 დღე, 9 მაისი არასამუშაო დღე იყო).

10. სააპელაციო პალატამ შეამოწმა აპელანტის წარმომადგენლის უფლებამოსილების ვადა და ფარგლები. იგი რეგისტრირებულია ადვოკატთა ერთიან სიაში საერთო სპეციალიზაციით.

11. საქმის მასალებით დგინდება, რომ აპელანტის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი დაგვიანებით, 2019 წლის 14 მაისს წარადგინა.

12. ამდენად, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებაზე შეტანილია კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, იგი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

14. კერძო საჩივრის ავტორმა დაადასტურა, რომ ესწრებოდა 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას. აღნიშნული მომენტიდან მე-20-30-ე დღეებში აპელანტის წარმომადგენელს არაერთხელ ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია მოსამართლის თანაშემწესთან დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით. 2019 წლის 25 აპრილი (30-ე დღის) ინფორმაციით გადაწყვეტილება მზად არ იყო. მოგვიანებით მხარემ შეიტყო, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადდა 2019 წლის 26 აპრილს, 31-ე დღეს. მხარეს კი მისი გაცნობის შესაძლებლობა მიეცა 2019 წლის 2 მაისს სასამართლოს ელექტრონული საქმის წარმოების სისტემის მეშვეობით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

16. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

17. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

18. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ.

19. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.

20. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება, სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).

21. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის წარმომადგენელი 2019 წლის 26 მარტს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა.

22. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოპასუხეებს საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში არ მიუმართავთ.

23. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში მზად არ იყო.

24. სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

25. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.

26. განსახილველ შემთხვევაში მხარეს არ მოუთხოვია და საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის უფლებამოსილი სასამართლო მოხელის ცნობა იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მომზადდა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ასევე, წარმოდგენილი არ არის წერილობითი დოკუმენტი გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეების განმავლობაში მოპასუხის მხრიდან დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნის შესახებ. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია დაუსაბუთებელია.

27. ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა მოპასუხისათვის დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღიდან – 25 აპრილიდან. შესაბამისად, გასაჩივრების 14-დღიანი ვადა 2019 წლის 10 მაისს ამოიწურა (მე-14 დღე, 9 მაისი არასამუშაო დღე იყო).

28. აპელანტის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი დაგვიანებით, 2019 წლის 14 მაისს წარადგინა.

29. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „შ. მ.“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე