Facebook Twitter

საქმე №ას-1212-2019 1 ნოემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. ს-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ი-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ლ. ი-ემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ს-ის (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მის კუთვნილ უძრავ ნივთს, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ფლობს მოპასუხე და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს მას.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განჩინებით აპელანტს დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოსათვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის – 80 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ხსენებული განჩინება კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა აპელანტს (მის წარმომადგენელს) 2019 წლის 7 მაისს.

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ხარვეზის შესახებ განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2019 წლის 7 მაისს, მისთვის ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 8 მაისს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ამოიწურა 2019 წლის 17 მაისს. შესაბამისად, აპელანტს ხარვეზი უნდა შეევსო 2019 წლის 17 მაისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

9. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ აპელანტმა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 80 ლარი და გადახდის ქვითრის დედანი ჩააბარა ფოსტას.

10. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, თუმცა მოგვიანებით მოსამართლის თანაშემწემ დაადასტურა, რომ დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა და აპელანტის განცხადება დაერთო სხვა საქმეს, რის გამოც სასამართლომ ვერ შეამოწმა, გამოასწორა თუ არა ხარვეზი მხარემ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონშესაბამისობა.

13. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

14. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

15. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2019 წლის 16 იანვრის განჩინებით აპელანტს დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოსათვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის – 80 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ხსენებული განჩინება კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა აპელანტს (მის წარმომადგენელს) 2019 წლის 7 მაისს (ტომი 2, ს.ფ 201).

16. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

17. ამდენად, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა აპელანტისათვის დაიწყო 2019 წლის 7 მაისიდან და ამოიწურა 17 მაისს.

18. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ ვადაში აპელანტს სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

19. საქმის მასალებში წარმოდგენილია აპელანტის განცხადება, რომლითაც დასტურდება, რომ მხარემ 2019 წლის 15 მაისს ფოსტას ჩააბარა სახელმწიფო ბაჟის – 80 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (იხ ტომი 2, ს.ფ 202-205).

20. სსსკ-ის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

21. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო პალატას არ შეუფასებია აპელანტის მიერ ხარვეზის გამოსწორებისათვის მიცემულ ვადაში წარდგენილი დოკუმენტი, შესაბამისად, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ დავაზე კერძო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 25 ლარს, თუმცა აპელანტმა გადაიხადა 50 ლარი. ამდენად, მას უნდა დაუბრუნდეს 2019 წლის 26 ივლისს №0 საგადახდო დავალებით ნ. ფ-ის მიერ გადახდილი 50 ლარიდან 25 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ს-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივნისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

3. მ. ს-ეს (პირადი №0100500...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 2019 წლის 26 ივლისს №0 საგადახდო დავალებით ნ. ფ-ის მიერ გადახდილი 50 ლარიდან 25 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე