Facebook Twitter

საქმე №ას-1186-2019 1 ნოემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ს. ა-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ა-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ანდერძის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა, სამკვიდრო აქტებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ვ. ა-მა, რომლის უფლებამონაცვლეა ს. ა-მა (შემდგომ – მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ა-ას (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა 1982 წლის 4 სექტემბერს ს. ა-ას მიერ შ. ა-ის სახელზე შედგენილი ანდერძის ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრში მ. ა-ას სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/3 წილზე ვ. ა-ის უფლებამონაცვლე ს. ა-ის მესაკუთრედ ცნობა, 2013 წლის 30 ოქტომბერს და 2014 წლის 26 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობებისა ბათილად ცნობა, ასევე, უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის 2015 წლის 26 თებერვლის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 600 კვ.მ მიწა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობანი წარმოადგენდა ა. ა-ის და მისი მეუღლის – ს. ა-ის საკუთრებას, ა. ა-ი გარდაიცვალა 19... წლის .. მაისს.

3. 1982 წლის 25 აგვისტოს ნოტარიუსის მიერ დამოწმებული მემკვიდრეობის მოწმობის მიხედვით, ა. ა-ის ქონებაზე მემკვიდრედ ცნობილ იქნა მისი მეუღლე – ს. ა-ი, ამდენად, მისი გარდაცვალების მომენტისათვის ს. ა-ის სამკვიდრო ქონებას შეადგენდა სადავო უძრავი ქონება.

4. ს. ა-ას ჰყავდა სამი მემკვიდრე, შვილები – ს. ა-ი (რომლის მეუღლეც არის ვარსიკ ამირხანიანი), ჰ. ა-ი და შ. (ჟ.) ა-ი, რომლებსაც ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდათ სამკვიდრო ქონების შესაბამისი 1/3 წილი.

5. ს. ა-ას გარდაცვალების შემდეგ, 2013 წლის 30 ოქტომბერს ერთ-ერთმა შვილმა – შ. ა-მა მიმართა განცხადებით ნოტარიუსს და მოითხოვა, მთლიანად მიეღო ს. ა-ას სამკვიდრო ქონება, ამასთან, მიუთითა, რომ სამკვიდრო ქონებას სხვა მემკვიდრეები არ ჰყავდა. შ. ა-მა მიიღო სამკვიდრო მოწმობა, მაგრამ ვერ მოასწრო აღნიშნული ქონების საჯარო რეესტრში დარეგისტრირება, რადგან 20... წლის ... მარტს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში შ. ა-ის მეუღლემ – მოპასუხემ მიმართა ნოტარიუს ქ. ბ-ს იმავე მოთხოვნით და 2014 წლის 26 დეკემბერს მიიღო სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზეც 2015 წლის 26 თებერვალს საკუთრების უფლება დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში.

6. მოპასუხემ და მისმა მეუღლემ ნოტარიუსსა და საჯარო რეესტრის დაწესებულებას შეგნებულად დაუმალეს ის ფაქტი, რომ სამკვიდრო ქონებას ჰყავდა სხვა მემკვიდრეები და განაცხადეს, რომ მხოლოდ ისინი მართავდნენ სამკვიდრო ქონებას. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე არამარტო ახლო ნათესავები, არამედ ერთი დიდი ოჯახის წევრები არიან. სადავო უძრავი ქონება ჯერ კიდევ ს. ა-ას სიცოცხლეში გაიყო სამ ნაწილად, თითოეულ ნაწილზე აშენდა სახლები და ათწლეულების განმავლობაში მხარეები ერთ საერთო ეზოში ცხოვრობენ, ერთად ეწევიან საერთო მეურნეობას. ერთ-ერთი სახლი აშენებული იყო ს. ა-ის მიერ, სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა გარდაცვალებამდე. ს. ა-ი არის გარდაცვლილი ს. ა-ას ერთ-ერთი კანონისმიერი მემკვიდრე – შვილი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ეკუთვნის დედის სამკვიდროდან წილი სადავო უძრავი ქონების 1/3 ნაწილის ოდენობით.

7. ს. ა-ი და მისი მეუღლე – ვ. ა-ი ნამდვილად ფლობდნენ და განკარგავდნენ სადავო უძრავი ქონების 1/3 წილს, სადაც ს. ა-მა ააშენა საცხოვრებელი სახლი საკუთარი სახსრებით.

8. მოსარჩელის განმარტებით, ანდერძი, რომელიც მოპასუხის მეუღლემ ნოტარიუსს წარუდგინა, სავარაუდოდ ყალბი დოკუმენტია. ანდერძის შედგენის პერიოდისთვის – 19... წლის ... სექტემბერს ს. ა-ა იყო მძიმედ ავად, გარდაცვალებამდე (19.. წლის .. ივნისამდე) ხუთი წლის განმავლობაში ლოგინად იყო ჩავარდნილი, ინსულტის გამო, წართმეული ჰქონდა ქვედა კიდურებით მოძრაობის უნარი და მეტყველებდა გაუგებრად. ის ვერ წავიდოდა სანოტარო ბიუროში და ანდერძს ვერ დაამოწმებდა, მან არ იცოდა რუსული წერა-კითხვა და მიღებული არ ჰქონდა დაწყებითი განათლება. ასევე არ დაწერდა შვილის – ს. ა-ის საწინააღმდეგო ანდერძს იმ შვილის სასარგებლოდ, რომელიც მამკვიდრებელს არ ჰყავდა გამორჩეული რაიმე დამსახურების გამო.

მოპასუხის პოზიცია:

9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სამემკვიდრეო სავალდებულო წილი მოსარჩელეს და მის წინაპრებს არ ეკუთვნოდათ, რადგან 19... წელს ... სექტემბერს ს. ა-ამ დაწერა ანდერძი თავისი შვილის – შ. ა-ის სასარგებლოდ, ხოლო 19... წლის ... ივნისს მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ, შ. ა-ი ფაქტობრივად შეუდგა მისი სამკვიდროს ფლობას და სამკვიდრო ქონება სანოტარო წესით გაიფორმა 20... წლის ... ოქტომბერს, რასაც ადასტურებს ნოტარიუსის მიერ გაცემული ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა. ამდენად, უსაფუძვლოა მოსარჩელე მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ შ. ა-მა ნოტარიუსთან დამალა სხვა მემკვიდრეების არსებობის თაობაზე, ვინაიდან ანდერძის თანახმად, ის წარმოადგენდა ს. ა-ას ერთადერთ მემკვიდრეს. ამასთან, მოპასუხის განმარტებით სარჩელი ხანდაზმულია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განჩინებით აპელანტს დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა უძრავი ქონების სადავო ნაწილის საბაზრო ღირებულების 4%-ის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდის დამადასტურებელი საბუთის დედანი, მიეთითებინა, რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს.

13. აღნიშნული განჩინება აპელანტს (მის წარმომადგენელს) კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2019 წლის 14 ივნისს.

14. 2019 წლის 24 ივნისს აპელანტმა ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას წარუდგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი. ამასთან, აპელანტმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე მძიმე მატერიალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

15. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, მას დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით უძრავი ქონების სადავო ნაწილის საბაზრო ღირებულების 4%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთის დედანი.

16. ხსენებული განჩინება კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს 2019 წლის 6 ივლისს.

17. 2019 წლის 15 ივლისს აპელანტის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლო სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე მძიმე მატერიალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

18. შუამდგომლობაში მითითებულია, რომ აპელანტის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით, რომლის მიხედვითაც უძრავ ქონებათა და უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით აპელანტის საკუთრების უფლება ნივთზე რეგისტრირებული არ არის, აღნიშნულით კი დასტურდება, რომ აპელანტს საკუთრებაში არ ერიცხება უძრავი ქონება. შუამდგომლობაში მხარემ ასევე განმარტა, რომ აპელანტს არ გააჩნია სატრანსპორტო საშუალება, რაც დასტურდება შინაგან საქმეთა სამინიტროს მომსახურების სააგენტოდან მიღებული ცნობით. სსიპ შემოსავლების სამსახურიდან მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით კი, მოსარჩელის მიერ 2016 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. შუამდგომლობის ავტორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, მას აქვს სმენის ორმხრივი ნეიროსენსორული ტიპის დაქვეითება. შუამდგომლობას ერთვის ცნობა საჯარო რეესტრი ეროვნული სააგენტოდან, შემოსავლების სამსახურიდან, ასევე, ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და საქართველოს შინაგან სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 48-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მტკიცების ტვირთი მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის თაობაზე ეკისრება თავად აპელანტს, რომელიც ითხოვს სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადებას.

20. შუამდგომლობაში მითითებულია, რომ მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის, მას საკუთრებაში არ გააჩნია სატრანსპორტო საშუალება. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ის ფაქტი, რომ აპელანტის სახელზე არ არის რეგისტრირებული უძრავი ქონება და მის საკუთრებაში არ არის სატრანსპორტო საშუალება, არ ადასტურებს მის მძიმე ქონებრივი მდგომარეობას და სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას.

21. რა შეეხება არგუმენტს, რომ აპელანტს კონკრეტულ პერიოდში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ არც აღნიშნული არგუმენტი და წარმოდგენილი დოკუმენტი (ცნობა შემოსავლების სამსახურიდან) წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას, რადგან შესაძლოა აპელანტს ჰქონდეს შემოსავალი, რომელიც არ ფიქსირდება შემოსავლების სამსახურში. შუამდგომლობაში ასევე აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს აქვს სმენის ორმხრივი ნეიროსენსორული ტიპის დაქვეითება, თუმცა გაურკვეველია, თუ რა კავშირი აქვს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ქონებრივ მდგომარეობასთან.

22. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვინაიდან ხარვეზის შესახებ განჩინება აპელანტს (მის წარმომადგენელს) ჩაბარდა 2019 წლის 6 ივლისს, მისთვის ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 7 ივლისს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ამოიწურა 2019 წლის 16 ივლისს. შესაბამისად, აპელანტს ხარვეზი უნდა შეევსო 2019 წლის 16 ივლისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.

23. სსსკ-ის 59-ე, 63-ე მუხლების, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან აპელანტმა არ შეავსო ხარვეზი, მის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

24. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

25. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად არ გაითვალისწინა მოსარჩელის უკიდურესად რთული ქონებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები და დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება.

26. კერძო საჩივრის ავტორმა საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მიუთითა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 ივლისის ცნობაზე, რომ მოსარჩელის სახელზე უძრავი ქონება არ ირიცხება, სსიპ მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 ივლისის ცნობაზე, რომ მოსარჩელეს არ ერიცხება სატრანსპორტო საშუალება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 9 ივლისის ცნობაზე, რომ 2016 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 მაისამდე მოსარჩელეს დასაბეგრი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება, 2019 წლის 24 ივნისს გაცემულ მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაზე, რომლის მიხედვითაც მოსარჩელის დიაგნოზია – სტენოკარდია, არტერიული ჰიპერტენზიის მეორე სტადია, 2014 წელს მან გადაიტანა ინფარქტი, 2019 წლის 11 ივლისის ცნობის თანახმად, მოსარჩელეს აღენიშნება სმენის ორმხრივი ნეიროსენსორული ტიპის დაქვეითება, მესამე-მეოთხე ხარისხის H90, რის გამოც საჭიროებს ძვირადღირებულ მკურნალობას. მოსარჩელემ მიუთითა სსიპ სპეციალური პენიტენციალური სამსახურიდან გამოთხოვილ სამედიცინო დოკუმენტაციაზე, რომლის მიხედვითაც 2014 წლიდან 2018 წლის ჩათვლით მოსარჩელე იხდიდა სასჯელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რა დროსაც მას დაუდგინდა C ჰეპატიტი, სმენაჩლუნგობა, გადაიტანა პლევროპნევმონია. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით 2019 წლის 10 აპრილამდე მოსარჩელის ოჯახის წევრები რეგისტრირებულნი იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

27. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

28. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

29. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

30. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

31. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განჩინებით აპელანტს დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოსათვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით უძრავი ქონების სადავო ნაწილის საბაზრო ღირებულების 4%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთის დედანი, მიეთითებინა, რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს.

32. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი აპელანტმა ნაწილობრივ – კანონით დადგენილი წესით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის ნაწილში შეავსო, რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟს, აპელანტმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე მძიმე მატერიალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

33. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, მას დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით უძრავი ქონების სადავო ნაწილის საბაზრო ღირებულების 4%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთის დედანი. აქვე აპელანტს განემარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

34. ხარვეზის შესახებ განჩინება აპელანტის წარმომადგენელს (რომლის უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მინდობილობით ტომი 3, ს.ფ 8, 9) ჩაბარდა 2019 წლის 6 ივლისს.

35. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

36. დასახელებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს საჭირო საპროცესო დოკუმენტები გაუგზავნოს უშუალოდ მხარეს ან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მის წარმომადგენელს. სასამართლო უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს, ჩამოთვლილ პირთაგან კონკრეტულად რომელს ჩააბაროს გზავნილი. საპროცესო დოკუმენტების მხარის წარმომადგენლისათვის ჩაბარება მათი უშუალოდ მხარისათვის გადაცემას უთანაბრდება.

37. 2019 წლის 15 ივლისს აპელანტის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე, მძიმე მატერიალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

38. შუამდგომლობა აპელანტმა დაასაბუთა შემდეგი მოტივებით: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობის მიხედვით, აპელანტს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის; შინაგან საქმეთა სამინიტროს მომსახურების სააგენტოდან მიღებული ცნობის თანახმად, აპელანტს სატრანსპორტო საშუალება არ გააჩნია; სსიპ შემოსავლების სამსახურიდან მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, მოსარჩელის მიერ 2016 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება; აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, მას აქვს სმენის ორმხრივი ნეიროსენსორული ტიპის დაქვეითება.

39. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

40. ამდენად, ვინაიდან აპელანტს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარდა 2019 წლის 6 ივლისს, მისთვის ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 7 ივლისს და ამოიწურა 2019 წლის 15 ივლისს (13-14 ივლისი იყო უქმე დღეები). შესაბამისად, აპელანტს ხარვეზი უნდა შეევსო 2019 წლის 16 ივლისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი სრულად არ შეუვსია.

41. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო პალატამ აპელანტს დაუდგინა ხარვეზი რამდენიმე საფუძვლით. ერთი მხრივ, მხარეს დაევალა კანონით დადგენილი წესით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა, ხოლო, მეორე მხრივ, მას უნდა წარმოედგინა სააპელაციო საჩივრის საგნის – უძრავი ნივთის ნაწილის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და სახელმწიფო ბაჟის სახით აღნიშნული ღირებულების 4%-ის გადახდის ამსახველი ქვითრის დედანი (იხ. ტომი 3, ს.ფ 4-6).

42. მხოლოდ მითითებული პირობების კუმულატიურად შესრულება ჩაითვლებოდა აპელანტის მიერ ხარვეზის გამოსწორებად.

43. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად უთხრა უარი აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე.

44. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტს არ წარმოუდგენია სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც განისაზღვრებოდა მის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, რის გადავადებასაც ითხოვდა. სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისას, მხარის მიერ მისი ფინანსური მდგომარეობის დადასტურების პირობებში, უდავოდ გასათვალისწინებელია სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, რაც შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეაფასოს მხარისათვის დაკისრებული ხარჯი არათანაზომიერად დიდ ტვირთს ხომ არ წარმოადგენს გადამხდელისათვის.

45. აღნიშნულ ნაწილში აპელანტმა ხარვეზი ვერ გამოასწორა და არც აღნიშნულის საპატიო მიზეზზე არ მიუთითებია.

46. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მას სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე უკანონოდ ეთქვა უარი და მის მიმართ დაირღვა სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე.

47. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე არა ერთმა, არამედ ორმა ინსტანციამ არსებითად განიხილა, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლომ იგი, დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო, განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული „სასამართლო ხელმისაწვდომობის“ უფლების ხელყოფად.

48. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.

49. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. სუსგ 9.10.2018წ. საქმე №ას-1220-2018).

50. სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.

51. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესით დადგენილი სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან გადასახდელი თანხის ოდენობის შემცირების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.

52. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვის ეტაპზე აპელანტმა წარადგინა მტკიცებულებანი, რომ მას საქართველოს ტერიტორიაზე უძრავი ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალება და კონკრეტული პერიოდის მანძილზე არანაირი შემოსავალი არ უფიქსირდება.

53. აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი პასპორტის ასლის შესაბამისად, აპელანტი სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეა (იხ. ტომი 2, ს.ფ 12). მოწინააღმდეგე უთითებს, რომ აპელანტის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზეა, მას ბიზნესი საქართველოში არ აქვს, სწორედ ამიტომაც არ უფიქსირდება შემოსავალი საქართველოს ფარგლებში (იხ. მოპასუხის 18.10.2019 №ა-4702-2019 განცხადება).

54. ამდენად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვისას აპელანტმა სარწმუნოდ ვერ დაადასტურა, რომ არსებობდა მის მიმართ სსსკ-ის 48-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესის გამოყენების წინაპირობა.

55. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

56. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ამ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე