Facebook Twitter

საქმე №ას- 1177-2019 01 ნოემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ. ღ.

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ბ.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „ს. ბ.“ (შემდეგში: კრედიტორი ან ბანკი ან მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა გ. ღ. (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ბანკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე თბილისი, ხ. ქუჩა N.., კორპ. .., სადარბაზო ..., სართული .., ბინა N.. (შემდეგში - სადავო უძრავი ქონება) გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისთვის გადაცემა. იმავდროულად, ბანკმა მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება.

2. მოსარჩელის განმარტებით, სადავო უძრავი ქონება ირიცხება ბანკის საკუთრების უფლებით. მოსარჩელე უკანონოდ ფლობს სადავო ნივთს და ბანკის მოთხოვნის მიუხედავად არ ათავისუფლებს მას.

3. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად ბანკმა მიუთითა სსკ-ის 171-ე და 172-ე მუხლები, ასევე სსსკ-ის 268-ე მუხლის ე1 ქვეპუნქტი.

4. მოპასუხემ მარტივი შედავებით სარჩელი არ ცნო. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე უარი განაცხადა. მისი განმარტებით, სარჩელი დაუსაბუთებელია, ხოლო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები სარჩელში მითითებული არ არის.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ბანკის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონება და გადაეცა მოსარჩელეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

6. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სადავო უძრავი ნივთი რეგისტრირებულია საქართველოს ბანკის საკუთრებაში. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულება (ს.ფ. 16).

7. საქალაქო სასამართლომ დავა სამართლებრივად მოაწესრიგა სსკ-ის 170-ე, 172-ე, აგრეთვე, სსსკ-ის 268-270-ე მუხლებით.

8. გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით და მოითხოვა მისი გაუქმება. იმავდროულად, აპელანტმა მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის სამართლებრივი საფუძვლით. აპელანტმა განმარტა, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე სადავოა, კერძოდ, მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება საქმეზე (N3ბ/1824-18, რომელშიც მოსარჩელეა - მ. ვ-ე, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო, მე-3 პირად ჩართული არიან გ. ღ-ი და სს „ს. ბ.“, დავის საგანია სააღსრულებო ბიუროს 13.07.2017 წლის იმ განკარგულების ბათილად ცნობა, რომლითაც ბანკმა შეიძინა გ. ღ-ის კუთვნილი უძრავი ქონება).

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

10. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ამ განჩინების პ.6-ში მითითებული და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელი ემყარება იმ გარემოებას, რომ მოპასუხე უკანონოდ ფლობს სადავო უძრავ ქონებას და მოსარჩელეს არ აძლევს აღნიშნული ქონებით სარგებლობის შესაძლებლობას. უძრავი ქონების ფლობის ფაქტი მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, თუმცა, სადავოდ გახადა მოსარჩელის მიერ სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების მოპოვების მართლზომიერება, რაც სადავოდაა გამხდარი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 183-ე და 311-ე მუხლებით, ასევე, 312-ე მუხლით და მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად სადავო უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია ბანკის საკუთრების უფლება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელემ დაადასტურა სარჩელის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, ხოლო მოპასუხემ წარმოდგენილი შედავებით ვერ უარყო სარჩელი საფუძვლიანობა.

13. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 170-ე და 172-ე მუხლებზე და დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერების საფუძველზე მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი უფლებრივი შებოჭვისთვის. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. აღნიშნული გარემოებები კი, სსკ-ის 172–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.

14. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზია დაუსაბუთებელი იყო აგრეთვე საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის უარყოფის ნაწილშიც და აღნიშნა, რომ სსსკ-ის 279–ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. ერთ–ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე, შესაძლებელია, პარალელურად მიმდინარეობდეს სხვა საქმის განხილვა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით, რომლის გადაწყვეტამდე შეუძლებელია მოოცემული საქმის განხილვა. ნორმატიული დათქმა – საქმის განხილვის შეუძლებლობა სხვა საქმის გადაწყვეტამდე, გამომდინარეობს სასამართლო დავის განხილვის სამართლებრივი ბუნებიდან, კერძოდ, ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და სწყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგებს“ (საქმე №ას–292–278–2016). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე საქმის წარმოების შეჩერებას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მიმდინარეობს ადმინისტრაციული დავა, რომლის ფარგლებშიც სადავოდ არის გამხდარი სადავო უძრავი ქონების (მდებარე ქ.თბილისში, ქ.თბილისი,ხ. ქუჩა №...ქ კორპ. №.., ბინა №...), საკუთრების დამდგენი დოკუმენტი – სააღსრულებო ბიუროს განკარგულება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დავის საგანი შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, რომლის ფარგლებშიც სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მესაკუთრეობის ფაქტის დადგენა, მოპასუხეთა მიერ მფლობელობის განხორციელება და აღნიშნული მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობა (არარსებობა). ამასთან, მესაკუთრეობის ფაქტი დგინდება საჯარო რეესტრის ჩანაწერების საფუძველზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის განხილვის მოცემულ ეტაპზე არ დგინდებოდა ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც შეუძლებელს გახდიდა მოცემული დავის გადაწყვეტას შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული ადმინისტრაციული დავის დასრულებამდე. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული დავის მიმდინარეობა გავლენას ვერ მოახდენდა განსახილველი დავის სამართლებრივ შედეგებზე.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი მართლზომიერ საფუძველზე დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრის უარყოფისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველი იყო.

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

17. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს ბანკი და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბანკის საკუთრების უფლება სადავოა, კერძოდ, სასამართლოს წინაშე დაყენებულია საკუთრების რეგისტრაციის კანონიერების საკითხი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში განსახილველია ადმინისტრაციული საქმე N3ბ/1824-18, სადაც მოსარჩელეს წარმოადგენს მ. ვ-ე, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო. საქმეში მესამე პირად ჩართულია გ. ღ-ი და ბანკი. დავის საგანია 13.07.2017 წლის A17016...-026/001 განკარგულების (ინდ. აქტის) ბათილად ცნობა. აღნიშნული ინდ. აქტით კი, გაიყიდა სადავო უძრავი ქონება. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ ისე გამოიყენა სსკ-ის 312-ე მუხლი, რომ არ გაითვალისწინა 2018 წლის 29 ოქტომბრის სხდომაზე, დაყენებული წერილობითი შუამდგომლობა საქმის შეჩერების თაობაზე.

18. საქმის შეჩერების საფუძვლებთან დაკავშირებით კი, კასატორი აღნიშნავს, რომ განკარგულება NA17016...-026/001, რომლითაც ბანკმა შეიძინა სადავო უძრავი ქონება, გასაჩივრებულია და დღეის მდგომარეობით დავა მიმდინარეობს თბილისის სააპელაციო სასამართლოში. შესაბამისად მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოში იშუამდგომლა ინდ. აქტის სამართლებრივი ბედის გადაწყვეტამდე, საქმის წარმოების შეჩერება სსსკ-ის 279-ე მუხლის შესაბამისად. ვინაიდან არსებობს იმის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი, რომ გაუქმდება სააღსრულებო ბიუროს მიერ გამოცემული განკარგულება (სადავო უძრავი ქონების საქართველოს ბანკზე გადაცემის შესახებ), რის შედეგადაც აღდგება მოპასუხის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე. შესაბამისად, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის განხილვა უნდა შეჩერდეს, მანამ სანამ არ დადგინდება უძრავი ქონების ნამდვილი მესაკუთრის ბედი, რადგან გამოდის, რომ თუ დროში უკანონო მფლობელობის სარჩელის განხილვა წინ გაუსწრებს განკარგულების ბათილობის პროცესებს, მოპასუხე შესაძლებელია სრულიად უსაფუძვლოდ გამოასახლონ სახლიდან, ხოლო შემდგომ, მასვე მოუწევს უძრავ ქონებაზე დავის დაწყება, რაც უსამართლო და უკანონოა. აღნიშნულით ზიანდება არა მხოლოდ მოპასუხე, არამედ მ. ვ-ე და შემდგომ უკვე ბანკის საკუთრებიდან უფლების შემძენი პირი.

19. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი კვლავ შუამდგომლობს საკასაციო სასამართლოს წინაშე, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის თანახმად შეჩერდეს საქმისწარმოება თბილისის საკასაციო სასამართლოში, ადმინისტრაციული წესით მიმდინარე საქმის (3ბ/1824-18) განხილვამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

21. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

22. კასატორი სადავოდ ხდის სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის უფლებრივ სტატუსს და მიაჩნია, რომ სადავო უძრავი ქონებიდან მისი გამოსახლება არამართლზომიერია.

23. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სადავო უძრავი ნივთი რეგისტრირებულია ბანკის საკუთრების უფლებით. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულება (ს.ფ. 16). ამ გარემოების საწინააღმდეგოდ კასატორს დასაბუთებული (დასაშვები) საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია. დასაბუთებულ პრეტენზიად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კასატორის შედავება სსსკ-ის 279–ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოცემული საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლების არსებობასთან მიმართებითაც, კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ ნაწილშიც არ დააკმაყოფილა აპელანტის პრეტენზია, იმ დასაბუთებით, რომ არ იკვეთებოდა მოცემული საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ შემთხვევაშიც აქვს საკასაციო პალატის წინაშე დაყენებული შუამდგომლობა, რომლითაც იგი ითხოვს სსსკ-ის 279-ე მუხლის თანახმად საქმის წარმოების შეჩერებას ადმინისტრაციული წესით მიმდინარე საქმის (3ბ/1824-18) განხილვამდე (იხ., ამ განჩინების პ.19).

24. პირველ რიგში, საკასაციო პალატა იმსჯელებს საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნით კასატორის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაზე და იმავდროულად, განიხილავს ამ მიმართულებით წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიასაც, ხოლო შემდგომ, შეეხება საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძვლებს.

25. საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნას კასატორი აფუძნებს იმ გარემოებებზე, რომ განკარგულება NA17016...-026/001, რომლითაც ბანკმა შეიძინა სადავო უძრავი ქონება, გასაჩივრებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით და დავაზე მიმდინარეობს განხილვა. კასატორის მოსაზრებით, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის განხილვა უნდა შეჩერდეს, მანამ სანამ არ დადგინდება უძრავი ქონების ნამდვილი მესაკუთრის ბედი, რადგან გამოდის, რომ თუ დროში უკანონო მფლობელობის სარჩელის განხილვა წინ გაუსწრებს განკარგულების ბათილობის პროცესებს, მოპასუხე შესაძლებელია სრულიად უსაფუძვლოდ გამოასახლონ სახლიდან, ხოლო შემდგომ, მასვე მოუწევს უძრავ ქონებაზე დავის დაწყება, რაც კანონშეუსაბამოა (იხ., კასატორის შუამდგომლობა და საკასაციო პრეტენზია ამ განჩინების პპ.18, 19).

26. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულ დავაზე, რომლის ფარგლებშიც სადავოდ არის გამხდარი სადავო უძრავი ქონების (მდებარე ქ.თბილისში, ქ.თბილისი,ხ. ქუჩა №...ქ კორპ. №.., ბინა №...) საკუთრების დამდგენი დოკუმენტი (სააღსრულებო ბიუროს 13.07.2017 წლის იმ განკარგულება) მოსარჩელეა - მ. ვ-ე, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო, მე-3 პირად ჩართული არიან გ. ღ-ი (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე) და სს „ს. ბ.“ (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე) (იხ., ს.ფ. 91-92)..

27. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მე-3 პირთა მონაწილეობის საკითხსა და მათ სამართლებრივ მდგომარეობას და მიუთითებს საკასაციო პალატის განჩინებაზე, რომელშიც განმარტებულია, რომ : „მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესების დაცვის მიზნის მიღწევას ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტი ემსახურება. ხსენებული ინსტიტუტი წარმოადგენს სასამართლოსათვის მინიჭებულ საპროცესო-სამართლებრივ შესაძლებლობას, უზრუნველყოს უშუალოდ მხარეებს შორის წარმოშობილი დავის ყოველმხრივი განხილვა და გადაწყვეტა იმ მესამე პირთა უფლებებისა თუ კანონიერი ინტერესების დაცვით, რომლებიც არ წარმოადგენენ პროცესის მხარეებს, თუმცა, დაკავშირებულნი არიან სადავო სამართლებრივ ურთიერთობასთან იმგვარად, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამ შესაძლოა უშუალო გავლენა იქონიოს მათ სამართლებრივ ინტერესებზე. ამდენად, ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მონაწილეობა, ერთი მხრივ, სასამართლოს მხრიდან საქმის ყოველმხრივი განხილვასა და მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს, ხოლო, მეორე მხრივ, მიზნად ისახავს სამართლებრივ უზრუნველყოფასა და პროცესის ეკონომიურობის შენარჩუნებას. ამასთან, მესამე პირის ინსტიტუტი შესაძლებლობას აძლევს თავად მესამე პირებს, დაიცვან თავიანთი კერძო, სუბიექტური ინტერესები და რეალიზება განახორციელონ ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა ინსტიტუტის საკანონმდებლო საფუძველს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ქმნის. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. ჩაბმის ხსენებულ ფორმებს შორის შინაარსობრივი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ მესამე პირთა მარტივი ფორმით ჩაბმა სასამართლოს უფლებამოსილებაა, ხოლო სავალდებულო (აუცილებელი) ჩაბმა - ვალდებულება შესაბამისი საფუძვლების არსებობისას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი სწორედ მესამე პირთა მარტივი ჩაბმის ფორმულირებას შეიცავს, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი კი - აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმის ფორმულირებას. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მათთვის საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მინიჭების თვალსაზრისით. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესი, ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაცილ პროცეში მესამე პირთა აუცილებელ, სავალდებულო ჩაბმას, ამ დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს“ (იხ., სუსგ #ბს-585-585 (კს-18), 20 სექტემბერი, 2018 წელი).

28. დადგენილია, რომ განსახილველი დავის მოპასუხე მხარე (გ. ღლონტი) ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, სადაც სადავოა სადავო უძრავ ნივთზე გაცემული სააღსრულებო ბიუროს განკარგულება ჩაბმულია მე-3 პირად მარტივი მოწვევის საფუძველზე, რაც თავის მხრივ, მოსამართლის დისკრეციის სფეროს განეკუთვნება. ამასთან, საგულისხმოა, რომ დავის დაწყების ინიციატორია არა გ. ღ-ი, არამედ მ. ვ-ე. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ იკვეთება ადმინისტრაციული წესით მიმდინარე დავასა და მოცემულ შემთხვევაში, განსახილველ დავას (მოპასუხე გ. ღ-ის მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაცია) შორის იმგვარი კავშირი, რომელიც შეუძლებელს გახდიდა საქმის განხილვას. მოცემულ დავაში საკასაციო პალატას შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მესაკუთრეობის ფაქტის დადგენა, მოპასუხის მიერ მფლობელობის განხორციელება და აღნიშნული მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობა (არარსებობა). ამასთან, მესაკუთრეობის ფაქტი დგინდება საჯარო რეესტრის ჩანაწერების საფუძველზე. საქმის განხილვის მოცემულ ეტაპზე არ დგინდება საქმის განხილვის დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს. იმავდროულად, არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის პრეტენზია საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლების არსებობასთან მიმართებითაც სააპელაციო სასამართლოს განჩინების დაუსაბუთებლობის კონტექსტში.

29. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის დასაშვებობას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

30. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

31. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მესაკუთრის პრეტენზია არამართლზომიერი მფლობელის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

32. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად. (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012)

33. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

34. სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია, საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).

35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

36. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

37. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

38. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს. (სუს №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; №ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება, №ას-1032-952-2017 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება, №ას-1375-1295-2017 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება).

39. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემებით. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია სააპელაციო პალატის მიერ. კასატორს კი მითითებული გარემოების გამაქარწყლებელი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარუდგენია.

40. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის მითითება, რომ სადავო ქონება მოსარჩელემ შეიძინა გარკვეული დარღვევებით, ვინაიდან აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით დადასტურებული არ არის და ამ ნაწილში, კასატორს არც დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია. მოპასუხეს არ აღუძრავს არც შეგებებული სარჩელი ან ცალკე დამოუკიდებელი სარჩელი, რომლითაც მოხდებოდა აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა.

41. მოსარჩელემ შეძლო ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის ზემოთ მითითებული სამივე წინაპირობის არსებობის დადასტურება, რის გამოც მისი სარჩელი კანონიერად დაკმაყოფილდა.

42. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

43. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

44. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

45. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

46. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

1. გ. ღ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. გ. ღ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფიელდეს;

3. გ. ღ-ს (პ/ნ 0102200...) უკან დაუბრუნდეს ნ. ნ-ის მიერ 26.09.2019-ში საგადახდო დავალება N8470554... გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (150 ლარი) 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე