ბს-371-28-კს-04 27 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 3 თებერვალს ასპინძის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა “ა.-ის (...)” წარმომადგენელმა რ. ს.-მ, რომელმაც სარჩელის საფუძველზე მოითხოვა ...-ის ¹... საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგებისა და საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა.
ასპინძის რაიონული სასამართლოს 2004წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილებით საარჩევნო ბლოკი “ა.-ის (...)” წარმომადგენლის, რ. ს.-ის, სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
არ დაეთანხმა რა ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას, მითითებული სააპელაციო წესით გაასაჩივრა იგი საარჩენო ბლოკი “ა.-ის (...)” წარმომადგენელმა რ. ს.-მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრის საფუძველზე მოითხოვა ასპინძის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2004წ. 14 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად დაუშვებლობის მოტივით, ამავე განჩიებით განისაზღვრა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილება იყო საბოლოო და გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.
სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის მოტივად საოლქო სასამართლომ მიუთითა “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 77-ე მუხლის 24-ე ნაწილის “ბ” პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საოლქო სასამართლოში გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო აპელანტმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა გადაწყვეტილების გამოტანიდან 3 დღის შემდეგ, რაც, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს დაუშვებლობის მოტივით.
ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საარჩევნო ბლოკი “ა.-ის (...)” წარმომადგენლის მიერ შეტანილ იქნა კერძო საჩივარი, რომლის საფუძველზეც კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა სააპელაციო სასამართლოს 14.02.04წ. განჩინების გაუქმებას და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას. აღნიშნულის საფუძვლად კერძო საჩივრის ავტორი უთითებდა შემდეგ გარემოებებზე:
1. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაარღვია სსკ-ის 374-ე მუხლი, როდესაც მხარეს წაართვა განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების უფლება;
2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ასპინძის რაიონული სასამართლოს 2004წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული გარემოებები, კერძოდ: გადაწყვეტილებაში სხვა სამართლებრივ ნორმებთან ერთად მოსამართლემ მიანიშნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისადაც, გასაჩივრების ვადის დენა დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, ორგანო, სადაც შეიძლება გასაჩივრდეს მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი;
ასპინძის რაიონული სასამართლოს 2004წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილება მხარეს გადაეცა 2004წ. 6 თებერვალს, რაც, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ადასტურებს მისი მხრიდან გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადის დაცვის ფაქტს;
3. იმის გათვალისწინებით, რომ ასპინძის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია გასაჩივრების სამდღიანი ვადა, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აღნიშნული, სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, წარმოადგენს საპროცესო ვადის აღდგენის საფუძველს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 მარტის განჩინებით საარჩევნო ბლოკი “ა.-ის (...)” წარმომადგენლის, რ. ს.-ის, კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო კერძო საჩივრის საფუძვლებს, გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მასალები და შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დასაშვებია, მაგრამ ვერ დაკმაყოფილდება უსაფუძვლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 14 თებერვლის განჩინებით საარჩევნო ბლოკი “ა.-ის (...)” სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად დაუშვებლობის მოტივით. ამდენად, მითითებული განჩიებით საქმე არსებითად არ გადაწყვეტილა, შესაბამისად, სასამართლოს სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია, რის გამოც საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მითითებას კერძო საჩივრის დაუშვებლობის თაობაზე “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 77-ე მუხლის 24-ე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე მითითებით და სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს ამავე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, სასამართლოში საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრების ვადა და წესი, სარჩელის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები, მოსარჩელეთა წრე განისაზღვრება საპროცესო კანონმდებლობით, თუ ამ კანონით სხვა ვადა ან/და წესი არ არის დადგენილი.
აღნიშნული მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია, იხელმძღვანელოს სსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილით და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე დაუშვას კერძო საჩივარი.
რაც შეეხება თავად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხს, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და ადასტურებს, რომ საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის 24-ე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენა იწყება გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
რაც შეეხება საპროცესო ვადის აღდგენის საკითხს, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო აბზაცს, რომლის შესაბამისადაც, აკრძალულია ამ კანონით დადგენილი გასაჩივრებისა და დავის განხილვის ვადების გაგრძელება.
ამდენად, თუნდაც იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ, შესაძლოა, რაიონულმა სასამართლომ არასწორად მიუთითა გასაჩივრების ვადა, სააპელაციო სასამართლო საარჩევნო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე მოკლებულია საპროცესო ვადის აღდგენის შესაძლებლობას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ საარჩევნო ბლოკი “ა.-ის (...)” მიერ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის, 24-ე ნაწილის “გ” პუნქტით განსაზღვრული ორდღიანი ვადის გაშვებით, სააპელაციო საჩივარი საოლქო სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა მიჩნეული დაუშვებლად.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 14 თებერვლის განჩინება არსებითად სწორია, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს აღნიშნულის გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საარჩევნო ბლოკი “ა.-ის (...)” კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად;
2. საარჩევნო ბლოკი “ა.-ის (...)” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 14 თებერვლის განჩინება;
4. საარჩევნო ბლოკ “ა.-ებს (...)” გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.