Facebook Twitter

საქმე №ას-1298-2019 3 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ. დ-ისა და მ. ფ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე _ გ. დ-ის და მ. ფ-ის სარჩელის გამო, ლ. მ-ის მიმართ, სააღსრულებლო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმებასა და მასში ცვლილებების შეტანის თაობაზე და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. დ-ისა და მ. ფ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეთა გამოუცხადებლობის გამო, გ. დ-ის და მ. ფ-ის სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული. საქალაქო სასამართლოს ხსენებულ განჩინებაზე მოსარჩეელებმა წარადგინეს კერძო საჩივარი, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.

განსახილველ შემთხვევაში, გ. დ-ი და მ. ფ-ი კერძო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივნისის განჩინების გაუქმებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამდენად, ვინაიდან წარმოდგენილი კერძო საჩივრით გასაჩვრებულია სწორედ ზემდგომი სასამართლოს განჩინება, რომლის შემდგომ გასაჩვრებასაც კანონი არ ითვალისწინებს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. დ-ისა და მ. ფ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე