Facebook Twitter

საქმე №ას-943-2019 15 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე პ. ლ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის განჩინებაზე, საქმეზე – დ. ო-ის სარჩელის გამო, პ. ლ-ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ პ. ლ-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

საკასაციო პალატა უპირველესად ყურადღებას გაამახვილებს მოცემული საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე განვითარებულ მოვლენებზე, კერძოდ, განსახილევლი საქმე სასამართლოს განსახილველად გადმოეცა 2019 წლის 21 ივნისს. ვინაიდან საკასაციო საჩივარი არ პასუხობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს, ამასთანავე, მასზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პალატის 2019 წლის 1 ივლისის განჩინებით საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი, დასაბუთებული საჩივრის, ასევე, დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით, სახელმწიფო ბაჟის _ 6 000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. განჩინების პასუხად, მხარის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (მინდობილობა იხ. საქმის მასალებში) ხარვეზი სხვადასხვა ეტაპზე ნაწილობრივ გამოასწორა, კერძოდ, მან წარმოადგინა საკასაციო საჩივარი (რომელიც სრულყოფილად არ პასუხობს კანონის მოთხოვნებს, კერძოდ, არ არის შედგენილი სსსკ-ის 391.11 ნაწილის შესაბამისად, თუმცა, საკასაციო პალატამ ამ ნაწილში ხარვეზის ვადის კვლავ გაგრძელება არ მიიჩნია მიზანშეწონილად, ვინაიდან, ფორმალურ-პროცესუალური თვალსაზრისით, მხარეს გადმოცემული ჰქონდა ის პრეტენზიები, რომელთა გამოც არ ეთანხმებოდა გასაჩივრებულ განჩინებას), რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟს, სხვადასხვა დროს მან წარმოადგინა ჯერ 600, ხოლო მოგვიანებით _ 500 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საკასაციო სასამართლომ არაერთხელ გაიზიარა კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე, კერძოდ: 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით საპროცესო ვადა გაგრძელდა 7 დღით; 2019 წლის 22 ივლისს _ იმავე ვადით, ხოლო, 2019 წლის 9 სექტემბერს _ 5 დღით.

პალატა შენიშნავს, რომ ერთ-ერთი მომართვის დროს მხარემ ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება დავის დასრულებამდე, თუმცა, ამ შუამდგომლობის უარყოფას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მხარე ვერ ადასტურებდა და არც რაიმე მტკიცებულება ჰქონია წარმოდგენილი იმის თაობაზე, რომ მას, ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეეძლო სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდა (სსსკ-ის 48-ე მუხლი). აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ არც ერთ შუამდგომლობაში, რომლებიც საკასაციო სასამართლოში იქნა წარმოდგენილი, არ არის ასახული სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის დამადასტურებელი გარემოებები და არ არის წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტები.

უკანასკნელად წარმოდგენილი განცხადებით მხარე სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის ვადის კვლავ 2019 წლის 16 ოქტომბრამდე გაგრძელების თაობაზე იმ დასაბუთებით, რომ აწარმოებს მშენებლობას და მისაღები აქვს მესამე პირისაგან გარკვეული თანხა. ამ მიზნით წარმოდგენილია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული სამშენებლო ნებართვები, გადაწყვეტილება კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის დაწყების უფლების მხარისათვის მინიჭების თაობაზე, საჯარო რეესტრის ამონაწერი მიწის ნაკვეთის მესამე პირისათვის კუთვნილების შესახებ, ფოტომასალა მშენებლობის წარმოებასთან დაკავშირებით და სოციალურ ქსელ whatsup-ის მიმოწერა, რომლის შესწავლითაც ირკვევა, რომ პ.ლ-ი მშენებლობის დასრულების შემდგომ შეძლებს თანხის მიღებას და დადგენილი ხარვეზის გამოსწორებას.

საკასაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად შეისწავლა ხსენებული მტკიცებულებები და ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არც ერთი დოკუმენტით არ დგინდება უშუალოდ უფლებამოსილი პირის ვალდებულება, გარკვეულ ვადაში კასატორს გადაუხადოს რაიმე თანხა, არამედ, გადმოცემულია მხოლოდ პ.ლ-ის მოსაზრება, რომელიც პირის განმარტებას უთანაბრდება და არ არის საკმარისად დასაბუთებული. ამდენად, ამ დოკუმენტების საფუძველზე სასამართლოს არ ჩამოუყალიბდა შინაგანი რწმენა შუამდგომლობის საფუძვლიანობის თაობაზე, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის, 368-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და 64-ე მუხლის შესაბამისად, მისი უარყოფის საფუძველია.

გარდა ხსენებულისა, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 და მე-5 მუხლებით განმტკიცებულ სასამართლო ხელმისაწვდომობისა და პირთა თანასწორობის პრინციპებზე და განმარტავს, რომ როგორც მოქმედი ეროვნული კანონმდებლობით, ისე _ ევროკონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვა მართალია, არ წარმოადგენს ილუზორულ უფლებას, თუმცა, ეს უფლება არ არის აბსოლუტური, რადგანაც იგი შეიძლება ემყარებოდეს შეზღუდვას. შეზღუდვა უნდა იყოს ლეგიტიმური (ჩარევა განსაზღვრული უნდა იყოს კანონით), ემსახურებოდეს ნათელ და განჭვრეტად მიზანს და გამართლებული დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საჭიროებით (არ უნდა არსებობდეს მიზნის მიღწევის ნაკლებად მზღუდავი საშუალების გამოყენების წინაპირობა). სასამართლო ხელმისწავდომობის შეზღუდვის ერთ-ერთი საფუძველი სწორედ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაწესებაა. საქმეთა უმრავლესობაში, რომლებიც ამ პრობლემას შეეხებოდა ადამიანის უფლებათა ევროსასამართლომ ეს საფუძველი ლეგიტიმურად მიიჩნია, რამდენადაც სახელმწიფო ფინანსები წარმოადგენს სწორედ მიზნის მიღწევის ლეგიტიმურ საშუალებას, თუმცა, ეროვნული საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამ წესისაგან გამონაკლისს _ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე და 48-ე მუხლები დასაშვებად მიიჩნევენ პირის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან მისი გადახდისაგან პირის გათავისუფლების შესაძლებლობას, თუმცა, ამ გამონაკლისისათვის მხარე უტყუარად უნდა ამტკიცებდეს ქონებრივი მდგომარეობის სიმძიმეს, რაც მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ ხედავს წინამდებარე განჩინებით მხარის სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვას. ამასთანავე, როგორც ითქვა, სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობის საწყისზე, რომლის უპირობო უგულვებელყოფას წარმოადგენს საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპის დაუსრულებელი გაჭიანურება. იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-6 ნაწილით საკასაციო სამართალწარმოების ვადა 6 თვითაა განსაზღვრული, ხოლო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი, კასატორის შუამდგომლობების საფუძველზე, 4 თვეზე მეტ ხანს გრძელდება, მოწინააღმდეგე მხარის ინტერესების შეზღუდვა დაუსაბუთებელია და არღვევს მხარეთა თანასწორობის სამართლიან ბალანსს.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა დადგენილი ხარვეზი სრულყოფილად არ გამოასწორა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ, ხოლო, იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე 4 თვეზე მეტხანს ითხოვს საპროცესო ვადის გაგრძელებას და მაინც არ ასრულებს სასამართლოს დავალებას, მისი მოქმედება უნდა შეფასდეს, როგორც საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორს სასამართლოს მიერ საპროცესო ვადის არაერთხელ გაგრძლების მიუხედავად არ გამოუსწორებია ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.

რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილს, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 374-ე (3) მუხლების შესაბამისად, იგი სრულად უნდა დაუბრუნდეს პ.ლევინეცს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე, 374-ე (3), 368-ე (7), 396-ე (3), 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პ. ლ-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. პ. ლ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

3. პ. ლ-ს (პ/#3500101...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 15.07.2019წ. #8185175344 საგადახდო დავალებით შპს „ზ. ვ. ს. კ.“ მიერ გადახდილი 600 ლარი, ასევე, კასატორის მიერ 14.08.2019წ. #8301620... საგადახდო დავალებით გადახდილი 500 ლარი

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე