საქმე №ას-1347-2019 25 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ქ. ა-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მაისის განჩინებაზე, საქმეზე – ქ. ა-ის სარჩელის გამო, რ. ა-ის და სს ,,თ. ბ.“ მიმართ, აუცილებელი გზით სარგებლობის თმენის სანაცვლოდ, ფულადი კომპენსაციის დაკისრების თაობაზე და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქმის მასალებით დასტურდება შემდეგი: ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სს ,,თ. ბ.“ ქ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა აუცილებელი გზით სარგებლობის თმენის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის გადახდა 5000 ლარის ოდენობით. სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეებისათვის 30 000 ლარის დაკისრება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტამდე პალატას განცხადებით მომართა ქ. ა-ის წარმომადგენელმა და განმარტა, რომ დავის მიმართ დაკარგა ინტერესი, შესაბამისად უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე.
საკასაციო სასამართლომ განიხილა განცხადება და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი, უფრო მეტიც, 378-ე მუხლის ძალით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
საქმეში წარმოდგენილი მინდობილობის მიხედვით, ქ. ა-ემ მის წარმომადგენელ დ. მ-ეს მიანიჭა უფლება, მის მაგიერ შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, რაც გულისხმობს იმას, რომ ნაწილობრივ ან მთლიანად უარი თქვას სარჩელზე.
საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტით დასტურდება, რომ სასამართლოს შესაბამისი მოხელე დაუკავშირდა განმცხადებელს და განუმარტა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის საპროცესო შედეგები. განმცხადებელმა დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილია აღნიშნულის თაობაზე და მხარი დაუჭირა საკუთარ მოთხოვნას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ. ა-ის წარმომადგენელ დ. მ-ის შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 284-ე, 378-ე, 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ა-ის წარმომადგენელ დ. მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს საქმის წარმოება ქ. ა-ის საკასაციო საჩივარზე რ. მ-ის და სს ,,თ. ბ.“ მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებაზე.
3. განემარტოს მხარეს, რომ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით.
4. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე