საქმე №ა-4500-გან-8-2019 18 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
დაინტერესებული პირი – დ. პ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – საბერძნეთის ხანიას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – შვილად აყვანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საბერძნეთის ხანიას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით საბერძნეთის მოქალაქე დ. პ-მა შვილად აიყვანა საქართველოს მოქალაქე ლ. კ-ე.
ლ. კ-ის წარმომადგენელმა ნ. გ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საბერძნეთის ხანიას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განჩინებით ლ. კ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საბერძნეთის ხანიას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება ცნობილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე.
2019 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ზ. ს-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განჩინების განმარტება, კერძოდ, ექვემდებარება თუ არა იგი საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, მიუხედავად იმისა, რომ განჩინებაში არ არის მითითებული გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო გაეცნო განცხადებას და მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. დასახელებული საკანონმდებლო დათქმიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ამ საპროცესო ინსტიტუტის გამოყენება ემსახურება სასამართლოს გადაწყვეტილებით/განჩინებით დადასტურებული პირის უფლების ზუსტ რეალიზაციას, ამასთანავე, უმთავრესი პირობაა ის, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ერთმნიშვნელოვან დასკვნას არ უნდა იძლეოდეს აღსასრულებლად მიქცეული უფლების თაობაზე. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი ამკვიდრებს რა სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, იგი არა მხოლოდ საქმის სამართლიანი განხილვის, არამედ ამ განხილვის შედეგად მოპოვებული უფლების რეალიზაციასაც მოიცავს. ამავე კონვენციის მე-13 მუხლით რეგულირებულია ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უფლება, რომელიც აღიარებულ ძირითად უფლებასთან, მათ შორის მე-6 მუხლთან შესაბამისობაში შემოწმებას ექვემდებარება და თუკი გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე დაირღვა კრედიტორის ინტერესები, მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გაუმართლებლად მიიჩნევა (იხ. სუსგ №ას-684-638-2017, 7 ივლისი, 2017 წელი).
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხზე:
საქმეში წარმოდგენილი განცხადებით მხარე მოითხოვდა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და სასამართლომაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად, შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე იმსჯელა მხოლოდ მოთხოვნის ფარგლებში, ასეც რომ არ იყოს, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ საბერძნეთის მოქალაქემ შვილად აიყვანა საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე. ამ გადაწყვეტილებით რაიმე ქონების მიკუთვნება ან მოვალისაგან იმგვარი ქმედების განხორციელება, რომელიც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროცესის დაწყებას მოითხოვდა, არ დადგენილა, შესაბამისად, ლ. კ-ის შუამდგომლობის საფუძვლიანობის შემოწმება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე და 71-ე მუხლების ფარგლებში, იურიდიულად გაუმართლებელია.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მოიშველიებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლს, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლო თავის გადაწყვეტილებას შვილად აყვანის შესახებ უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით, ხოლო გადაწყვეტილებას შვილად აყვანის ბათილად ცნობის/შვილად აყვანის გაუქმების შესახებ − სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შვილად აყვანის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს სასამართლოს გადაწყვეტილება ეგზავნება მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. ამავე კანონის 45-ე მუხლი ადგენს სპეციალურ წესს სხვა სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შვილად აყვანის ფაქტის რეგისტრაციისათვის და განსაზღვრავს, რომ შვილად აყვანის რეგისტრაცია სხვა სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხორციელდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილების ცნობის შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე პირის შვილად აყვანის ფაქტის რეგისტრაციისათვის საკმარისია ამ გადაწყვეტილების საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და სხვა რაიმე იძულებითი ღონისძიების გატარება საჭირო არ არის, შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განჩინება არ შეიცავს ბუნდოვან და/ან ორაზროვან დებულებებს, რაც მისი განმარტების თაობაზე მოთხოვნის უარყოფის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ზ. ს-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე