საქმე №ას-1372-2019 4 ნოემბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ბ.კ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ „თ.გ.ფ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „თ.გ.ფ–ის“ სარჩელი მოპასუხე შპს „ბ.კ–ის“ მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 7 ოქტომბრის, განჩინებით, კასატორს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა, სახელმწიფო ბაჟის 1994,09 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, უკვე გადახდილი 300 ლარის გათვალისწინებით და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.
2019 წლის 18 ოქტომბერს კასატორმა განცხადებით მომართა სასამართლოს, იშუამდგომლა საკასაციო საჩივრის გამოხმობის და განუხილველად დატოვების თაობაზე, ამასთან მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 ნოემბრის, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ განჩინების გაუქმება და უძრავ ქონებაზე ყადაღის მოხსნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა შპს "ბ.კ–ის" განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ოქტომბრის, განჩინებით, კასატორს საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა, სახელმწიფო ბაჟის 1994,09 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, უკვე გადახდილი 300 ლარის გათვალისწინებით და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.
2019 წლის 18 ოქტომბერს კასატორმა განცხადებით მომართა სასამართლოს, იშუამდგომლა საკასაციო საჩივრის გამოხმობის და განუხილველად დატოვების თაობაზე, ამასთან მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 ნოემბრის, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმება და უძრავ ქონებაზე ყადაღის მოხსნა.
სასამართლო კასატორს განუმარტავს, რომ მისი შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 ნოემბრის, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმების და ყადაღის მოხსნის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან აღნიშნული განჩინება უნდა გააუქმოს იმ სასამართლომ, რომელმაც გამოიყენა უზრუნველყოფის ღონისძიება. შესაბამისად აღნიშნული შუამდგომლობით კასატორმა უნდა მიმართოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ პალატას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოსთვის დადგენილი წესით, საქმის განხილვის მომწესრიგებელი იმ ნორმებით, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებისას სპეციალურ რეგულაციას არ ექვემდებარებიან, თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვაზე და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კასატორმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, პალატა მიიჩნევს, რომ შპს "ბ.კ–ის" საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს "ბ.კ–ის" შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს წარმოება შპს "ბ.კ–ის (ს/კ .....) საკასაციო საჩივარზე, სამოქალაქო საქმეზე ა(ა)იპ "თ.გ.ფ–ის" სარჩელის გამო, შპს "ბ.კ–ის" მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე;
3. შპს "ბ.კ–ის" შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ განჩინების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
4. კასატორ შპს "ბ.კ–ს (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით, 2019 წლის 5 აგვისტოს N0 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარი;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი