საქმე №ას-1449-2019 15 ოქტომბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – თ.ნ–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ნ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებას გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
კასატორის მოთხოვნა განცხადების მიხედვით - საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
დავის საგანი - ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების ღირებულების 1/2-ის დაკისრება ( სარჩელში); განქორწინება (შეგებებულ სარჩლში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით, თ.ნ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ლ.ნ–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ.ნ–მა და მოითხოვა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2019 წლის 6 აგვისტოს სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა თ.ნ–მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
2019 წლის 13 აგვისტოს განცხადება წარმოადგინა თ.ნ–ის წარმომადგენელმა მ.გ–ძემ და განაცხადა, რომ უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე, ვინაიდან აღარ გააჩნია საქმის განხილვის ინტერესი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა თ.ნ–ის წარმომადგენლის მ.გ–ძის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ თ.ნ–ის საკასაციო საჩივარზე ლ.ნ–ის მიმართ, წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ სამოქალაქო საქმე თ.ნ–ის საკასაციო საჩივართან და განცხადებასთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსახილველად გადმოეცა 2019 წლის 7 ოქტომბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს - იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს.
საქმის მასალებში განთავსებულია მინდობილობა, რომლითაც დასტურდება, რომ მ.გ–ძე არის თ.ნ–ის წარმომადგენელი (იხ. მინდობილობა, ტ. 1, ს/ფ 120 ).
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ.გ–ძე უფლებამოსილია თ.ნ–ის სახელით მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით, მათ შორის საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ შუამდგომლობითაც.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს - დისპოზიციურობას განამტკიცებს და დადგენილია, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს ქვემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებისას სპეციალურ რეგულაციას არ ექვემდებარებიან, თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის რეგულაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვაზე და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კასატორმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, პალატა მიიჩნევს, რომ თ.ნ–ის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.ნ–ის წარმომადგენლის მ.გ–ძის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს წარმოება თ.ნ–ის საკასაციო საჩივარზე, სამოქალაქო საქმეზე თ.ნ–ის სარჩელის გამო, ლ.ნ–ის მიმართ, ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების ღირებულების 1/2-ის დაკისრების თაობაზე;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი