Facebook Twitter

საქმე №ა-3801-ა-10-2019 8 ნოემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განცხადების ავტორები – ქ. ჯ-ი, ბ. გ-ე, ნ. ხ-ი, მ. ხ-ი, ა. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – გ. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინება

განმცხადებლების მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქ. ჯ-მა, ბ. გ-ემ, ნ. ხ-მა, მ. ხ-მა და ა. მ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე გ. გ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ქ. ჯ-ის, ნ. ხ-ის, მ. ხ-ისა და ა. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ჯ-მა, ბ. გ-ემ, ნ. ხ-მა, მ. ხ-მა, ა. მ-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 აპრილის განჩინებით ქ. ჯ-ის, ბ. გ-ე, ნ. ხ-ის, მ. ხ-ისა და ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ჯ-მა, ბ. გ-ემ, ნ. ხ-მა, მ. ხ-მა, ა. მ-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით ქ. ჯ-ის, ბ. გ-ის, ნ. ხ-ის, მ. ხ-ისა და ა. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

2019 წლის 1 აგვისტოს ქ. ჯ-მა, ბ. გ-ემ, ნ. ხ-მა, მ. ხ-მა და ა. მ-მა განცხადებით მომართეს საკასაციო სასამართლოს და მოითხოვეს ახალდ აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის განჩინებაში დაშვებულია უსწორობა, შესაბამისად, მათ არ დაურღვევიათ საკასაციო საჩივრის შეტანის საპროცესო ვადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ჯ-ის, ბ. გ-ის, ნ. ხ-ის, მ. ხ-ისა და ა. მ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს განცხადება, რომლითაც მხარე ფაქტობრივად ითხოვს საქმოს წარმოების განახლებას, თუმცა თავისი სამართლებრივი ბუნებით განაცხადება შეეხება საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორებას.

უპირველესად საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოხსენებულ განინებაში ტექნიკური ხასიათის უსწორობა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების წინაპირობას არ წარმოადგენს, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეოებს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წინამძღვრებს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებები იურიდიული ფაქტებია, რომლებიც არსებობდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მომენტში და დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საქმის სწორად გადასაწყვეტად, მაგრამ ეს გარემოებები არ იყო ცნობილი განმცხადებლისათვის. ამ გარემოებებზე (ფაქტებზე) დამოკიდებულია მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. ასეთი გარემოება უნდა შეეხებოდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დამთავრებულ საქმეზე განხილულ მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობას და ზეგავლენის მოხდენა უნდა შეეძლოს საქმეზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იურიდიული დოქტრინითა და სასამართლოს სტაბილური პრაქტიკით ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ საქმის წარმოების განახლებისათვის აუცილებელია, რომ ახალ გარემოებას (გარემოებებს), ასევე მტკიცებულებებს არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეთ საქმისათვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალად აღმოჩენილი გარემოება და მტკიცებულება სასამართლოსათვის ცნობილი რომ ყოფილიყო გადაწყვეტილების მიღების დროს, მაშინ სასამართლო მიიღებდა სხვაგვარ (გამოტანილი გადაწყვეტილების საპირისპირო) გადაწყვეტილებას. ანუ ახალი მტკიცებულებები შეიძლება იმას ადასტურებდეს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ესა თუ ის ფატობრივი გარემოება, რომელიც საფუძვლად დაუდო გადაწყვეტილებას.

ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საკითხის გადასაწყვეტად კანონი არ მოითხოვს სასამართლოს მიერ კანონის გამოყენების სისწორის, ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების, მტკიცებულებათა შეფასების სისწორის შემოწმებას. „სასამართლოს მთავარი ამოცანაა გამოარკვიოს, არსებობს თუ არა სახეზე ახლად აღმოჩენილი გარემოებები მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში და დაადგინოს, მოახდინეს თუ არ მათ გავლენა გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების სისწორეზე“. (ციტ: შალვა ქურდაძე, ნინო ხუნაშვილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მეორე გამოცემა), თბილისი, 2015 წელი, 732.) მაშასადამე, ახლად აღმოჩენილი გარემოება არის იურიდიული ფაქტი, რომელიც რეალურად არსებობდა საქმის განხილვის მომენტში და რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს მოცემული საქმისათვის, ე.ი. იწვევს მატერიალურ-სამართლებრივი უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 423-ე მუხლში მოცემული ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების ჩამონათვალი ამომწურავია და არ შეიძლება განივრცოს. იურიდიულ დოქტრინაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ „დაუშვებელია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს მიერ არასწორადაა გამოყენებული მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმები. ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების გადასინჯვის მექანიზმი, სრულიადაც არ არის მომარჯვებული ამ ამოცანათა შესრულებაზე, ამიტომ მისმა გამოყენებამ ამ მიზნებით შესაძლოა სასამართლო წესით უფლების დაცვის გარანტიების განმტკიცება კი არ გამოიწვიოს, არამედ მათი დარღვევა“. (ციტ: შალვა ქურდაძე, ნინო ხუნაშვილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მეორე გამოცემა), თბილისი, 2015 წელი, 738.).

განმცხადებლები საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებენ საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის განჩინებაში დაშვებულ უსწორობაზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ საფუძვლით საქმის წარმოების განახლებას საპროცესო კანომდებლობა არ ითვალისწინებს, შესაბამისად, საქმის წარმოების განახლების შესახებ მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

გარდა ზემოხსენებულისა, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლით განსაზღვრული საპროცესო ვადის დარღვევა (სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ასლი გაეგზავნა კასატორების წარმომადგენელ ნ. გ-ეს მის მიერ მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა საადვოკატო ბიურო „ა.“ იურისტს და ამავე დროს, კასატორ ქ. ჯ-ს 2019 წლის 15 მაისს, ხოლო საკასაციო საჩივარი კასატორებმა სასამართლოში შეიტანეს 2019 წლის 6 ივნისს, გასაჩივრების 21-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 16 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 5 ივნისს). განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლები სადავოდ ხდიან ქ.ჯ-თვის გადაწყვეტილების ჩაბარების გამო მათთვის საპროცესო ვადის დენის დაწყების კანონიერებას. ამ თვალსაზრისით მითითებულია, რომ ქ.ჯ-ი არც მხარეთა საპროცესო წარმომადგენელი და არც კომპანიის იურისტი არ არის. საკასაციო პალატა არ იზიარებს ხსენებულ განმარტებს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილზე მითითებით განმარტავს, რომ ორგანიზაცია, რომელიც საკონტაქტო მისამართად მიუთითებს საკუთარ ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, პასუხისმგებელია, როგორც მისამართის სისწორეზე, ისე – მისი სახელით გზავნილის ჩაბარებაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებიდან გამომდინარე, პრეზუმირებულია, რომ პირი, რომელიც მხარის მიერ მითითებულ მისამართზე იღებს შეტყობინებას, ამ მხარის/ორგანიზაციის ინტერესებში მოქმედებს. ამ პრეზუმფციის გაქარწყლება ეკისრება იმას, ვის წინააღმდეგაცაა იგი მიმართული. მტკიცების ამგვარ სტანდარტს კი, არ შეესაბამება საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაში გადმოცემული მხარეთა განმარტებები. ასეც რომ არ იყოს, საგულისხმოა, რომ კორესპონდენციის მიმღები პირი თავად წარმოადგენს მოცემულ დავაში მხარეს. მართალია, განმცხადებლებს მისთვის არ მიუნიჭებიათ საპროცესო წარმომადგენლობა, მაგრამ საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქ.ჯ-ი სადავო ქონებაზე პრეტენზიას იმავე საფუძვლით აცხადებს, რა საფუძვლითაც სხვა განმცხადებლები მოითხოვენ მის ვინდიცირებას, შესაბამისად, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპროცესო თანამონაწილეობა და იმ პირობებში, როდესაც ორგანიზაციის სახელით სასამართლო შეტყობინების მიმღები ამავდროულად მხარეცაა, გაუმართლებელს ხდის განცხადებაში გამოთქმულ შედავებას ქ.ჯ-ის არაუფლებამოსილ პირად მიჩნევის თაობაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, განჩინების სამოტივაციო ნაწილის მეოთხე აბზაცში არასწორად არის მითითებული სააპელაციო სასამართლოს განჩინების აპელანტის მიერ ჩაბარების თარიღი და სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში გამოტოვებულია ერთ-ერთი კასატორის სახელი და გვარი.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის №ას-903-2019 განჩინებაში უნდა გასწორდეს უსწორობა, კერძოდ, სამოტივაციო ნაწილის მეოთხე აბზაცი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გასაჩივრებული განჩინების ასლი გაეგზავნა კასატორების წარმომადგენელ ნ. გ-ეს მის მიერ მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა ამხანაგობა-საადვოკატო ბიურო „ა.“ იურისტს და ამავე დროს, კასატორ ქ. ჯ-ს 2019 წლის 15 მაისს (იხ. ტ.5, ს.ფ.126), ხოლო საკასაციო საჩივარი კასატორებმა შეიტანეს 2019 წლის 6 ივნისს (იხ. ტ.2, ს.ფ.127-137), ე.ი. გასაჩივრების 21-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 16 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 5 ივნისს, ხოლო სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი – ქ. ჯ-ის, ბ. გ-ის, ნ. ხ-ის, მ. ხ-ისა და ა. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.“

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე, 260-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ჯ-ის, ბ. გ-ის, ნ. ხ-ის, მ. ხ-ისა და ა. მ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის №ას-903-2019 განჩინებაში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, სამოტივაციო ნაწილის მეოთხე აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გასაჩივრებული განჩინების ასლი გაეგზავნა კასატორების წარმომადგენელ ნ. გ-ეს მის მიერ მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა ამხანაგობა-საადვოკატო ბიურო „ა.“ იურისტს და ამავე დროს, კასატორ ქ. ჯ-ს 2019 წლის 15 მაისს (იხ. ტ.5, ს.ფ.126), ხოლო საკასაციო საჩივარი კასატორებმა შეიტანეს 2019 წლის 6 ივნისს (იხ. ტ.2, ს.ფ.127-137), ე.ი. გასაჩივრების 21-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 16 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 5 ივნისს,“ ხოლო სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი – ქ. ჯ-ის, ბ. გ-ის, ნ. ხ-ის, მ. ხ-ისა და ა. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.“

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე