საქმე №ას-1313-2019 8 ნოემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „დ. ე. ჯ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „გ-მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „დ. ე. ჯ.“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ 38444.33 ლარის ანაზღაურების შესახებ საიდანაც საქონლის ღირებულებიდან გადაუხდელი თანხაა 9324 ლარი.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, საკუთრებაში გააჩნია ქვიშა-ხრეშის გადამამუშავებელი და ბეტონის დამამზადებელი საწარმო, საიდანაც მოპასუხეს 2018 წლის სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით მიაწოდა 55790 ლარის ღირებულების მზა ბეტონი. მიწოდებული ბეტონის საფასურს მოპასუხე იხდიდა ნაწილ-ნაწილ, სულ სამჯერ გადაიხადა 2018 წლის 12 ოქტომბერს – 10000 ლარი, 2018 წლის 8 ნოემბერს – 5000 ლარი, ხოლო 2018 წლის 11 ნოემბერს – 11669.67 ლარი ცემენტის სახით, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 26669.67 ლარი გადასახდელი დარჩა 29120,33 ლარი. საქონლის ღირებულების გადახდა შეთანხმებისამებრ უნდა განხორციელებულიყო ანგარიშფაქტურის მიწოდებისთანავე.
3. არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხეს დავალიანება არ გადაუხდია.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ მიუთითა, რომ მხარეთა შორის არსებობდა სიტყვიერი შეთანხმება, თანხა გადახდილიყო ყოველი თვის გასვლის შემდეგ 5-დან 10 რიცხვამდე, რადგან დამკვეთთან შესრულებული სამუშაოების წარდგენის თარიღი იყო 2 რიცხვი, ამიტომ პირველი თვე გადახდილ იქნა მატებით, მეორე – მცირე დანაკლისით, რომელიც შემდეგ თითქმის შეივსო, მესამე თვე არ იყო დასრულებული, თანხა რომ გადაეხადათ და მოსარჩელემ შეუწყვიტა ბეტონის მიწოდება თავისი მანქანებით, მალევე საერთოდ შეუწყვიტეს ბეტონის მიწოდება, რამაც მოპასუხეს მიაყენა ზიანი.
5. მოპასუხემ მოსარჩელეს 11669.67 ლარის ღირებულების ცემენტიც გადასცა და იგივე თანხაც გაისტუმრა ფულადი სახით. გადასახდელი აქვს მოთხოვნილი თანხა 1669.67 ლარის გამოკლებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 29120.33 ლარის გადახდა, ზიანის – 9324 ლარის დაკისრების ნაწილში კი მოსარჩელეს უარი ეთქვას უსაფუძვლობის გამო, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 369-ე და 2591 მუხლებით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შესახებ ინფორმირებული იყო მოპასუხე საზოგადოების დირექტორი, შესაბამისად, გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში იგი ვალდებულები იყო, გამოცხადებულიყო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად. აღნიშნული ვალდებულება მან არ შეასრულა, რის გამოც მოპასუხის მიმართ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 25 აპრილს და ამოიწურა 8 მაისს. სააპელაციო საჩივარი კი შეტანილ იქნა 2019 წლის 7 ივნისს, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
10. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ კანონით დადგენილ ვადაში არაერთხელ ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს, თუმცა ის განუმარტავდა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო, შესაბამისად, მისი გასაჩივრების ვადა აითვლებოდა მხარისათვის მისი ჩაბარების შემდეგ. თავისი პოზიციის დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა ამონაწერი კონკრეტულ ნომრებზე სატელეფონო ზარების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
13. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
14. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ.
15. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.
16. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება, სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).
17. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის წარმომადგენელს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შესახებ ეცნობა, რაც მან დაადასტურა კიდეც კერძო საჩივრით.
18. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში არ მიუმართავს.
19. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში მზად არ იყო.
20. სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
21. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.
22. განსახილველ შემთხვევაში მხარეს არ მოუთხოვია და საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის უფლებამოსილი სასამართლო მოხელის ცნობა იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მომზადდა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ასევე, წარმოდგენილი არ არის წერილობითი დოკუმენტი გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეების განმავლობაში მოპასუხის მხრიდან დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნის შესახებ (იხ. სუსგ 1.01.2019წ. საქმე №ას-1392-2019).
23. ამგვარი მოცემულობით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება მხარის მითითება, რომ იგი რამდენჯერმე ტელეფონით დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, თუმცა გადაწყვეტილება მზად არ იყო. კონკრეტული ნომრიდან განხორციელებული სატელეფონო ზარების ამონაწერი, რომელიც კერძო საჩივარს დაერთო, ვერ გაუთანაბრდება ზემოთ მითითებულ მტკიცებულებას – მხარის წერილობით განცხადებას სასამართლოსადმი დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ, რაც გაათავისუფლებდა მხარეს სსსკ-ის 2591 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად გამოცხადების ვალდებულებისაგან.
24. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია დაუსაბუთებელია.
25. სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა მოპასუხისათვის დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის შემდგომი დღიდან – 25 აპრილიდან. შესაბამისად, გასაჩივრების 14-დღიანი ვადა 2019 წლის 8 მაისს ამოიწურა.
26. აპელანტმა კი სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2019 წლის 7 ივნისს, კანონით დადგენილი იმპერატიული ვადის გასვლის შემდეგ.
27. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „დ. ე. ჯ.“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე