Facebook Twitter

11 ნოემბერი, 2019 წელი

№ას-1323-2019 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – თ.თ–ი, ს.ს–ი, ც.მ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.ბ–სი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ივლისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით, გ.ბ–სის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა ც.მ–ძის, თ.თ–ისა და ს.ს–ის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებულები, როგორც მოპასუხეები ან კასატორები) უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ....... (ს/კ ......) გამოთხოვასა და მოსარჩელისათვის თავისუფალ მდომარეობაში გადაცემას, დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ივლისის განჩინებით (შემდეგში - გასაჩივრებული განჩინება) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება.

4. გასაჩივრებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაზუსტებული საკასაციო საჩივრის კასაციის საფუძვლების მითითებითა და 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება კასატორებს 2019 წლის 2 ოქტომბერს ჩაჰბარდათ.

6. 2019 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა კასატორების მიერ ფოსტით გამოგზავნილი განცხადება, რომლითაც მათ ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის გაგრძელება იშუამდგომლეს იმ მიზეზით, რომ განსაზღვრული დრო არასაკმარისი აღმოჩნდა მათთვის ხარვეზის შესავსებად. ამასთან, მათ აღნიშნეს, რომ სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში ირიცხებიან, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოუდგენიათ.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით კასატორებს დადგენილი ხარვეზის სრულად აღმოსაფხვრელად ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადა 3 დღით გაუგრძელდათ. აღნიშნული განჩინება კასატორებს 2019 წლის 28 ოქტომბერს ჩაჰბარდათ.

8. 2019 წლის 1 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში კვლავ შემოვდა კასატორების განცხადება, რომლითაც მათ ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელება იშუამდგომლეს, იმ საფუძვლით, რომ სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო ხარვეზის აღმოფხვრა ვერ შეძლეს. ამასთან, მათ აღნიშნეს, რომ ერთ-ერთი კასატორი ირიცხება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი კვლავ არ წარმოუდგენიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

10. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, ხოლო 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით გაუგრძელდათ ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადა.

11. 2019 წლის 1 ნოემბერს კასატორებმა კვლავ მომართეს სასამართლოს ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შუამდგომლობით.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, სსსკ-ის 64-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ კასატორების შუამდგომლობა ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაუსაბუთებელია, გარდა ამისა, კასატორებს ერთხელ უკვე გაუგრძელდათ ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადა, თუმცა, დადგენილი ხარვეზი მათ ნაწილობრივაც არ აღმოუფხვრიათ. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოში სამართალწარმოება ორივე მხარის თანასწორობის საფუძველზე მიმდინარეობს, რაც მოდავე მხარეთა ინტერესების თანაბრად დაცვას გულისხმობს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის შეტანიდან გასულია ორ თვეზე მეტი, ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის დამატებით გაგრძელება შელახავს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს, ვინაიდან ეს გამოიწვევს საქმის განხილვის გაჭიანურებას.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორების შუამდგომლობა ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაუსაბუთებელია.

14. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

15. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.თ–ის, ს.ს–ისა და ც.მ–ძის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. თ.თ–ის, ს.ს–ისა და ც.მ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე მზია თოდუა