№ა-1413ა-5-2017 25 დეკემბერი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი (მოსარჩელე) – რ.ჟ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – რ.ჟ–ი
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2011 წლის 17 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა რ.ჟ–მა (შემდეგში - მოსარჩელე, განმცხადებელი) რ.ჟ–ის მიმართ (შემდეგში - მოპასუხე) და წყალტუბოს რაიონის სოფელ ..... მდებარე უძრავი ქონების (შემდეგში სადავო ქონება) ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობა და ამ ნაწილზე მოპასუხის საკუთრების უფლების გაუქმება მოითხოვა.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით - სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; სასამართლომ მოსარჩელე წყალტუბოს რაიონის სოფელ ..... მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი № ....) ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნო.
5. სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით: მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილებით, რ.ჟ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6.1. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2010 წლის 6 ივნისიდან, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მოპასუხე რეგისტრირებული იყო სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ. პალატამ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მოხმობით განმარტა, რომ რეესტრის ბოლო ჩანაწერი ძალას ადრინდელ ჩანაწერს უკარგავდა. მოცემულ შემთხვევაში, 2010 წლის 6 ივნისს მოპასუხის სახელზე საჯარო რეესტრში განხორციელებულმა ჩანაწერმა ძალა დაუკარგა სადავო ქონებაზე მოსარჩელის ადრინდელ ჩანაწერს, შესაბამისად, ეს უკანასკნელი აღარ მიიჩნეოდა ამ ქონების მესაკუთრედ. საკასაციო სასამართლოს განსჯით, თუ უძრავი ნივთის საკუთრების შესახებ საჯარო რეესტრში არსებული რეგისტრაცია ძალადაკარგული იყო ახალი რეგისტრაციით, მაშინ ამ უკანასკნელი რეგისტრაციის გაუქმება (ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად გამოცხადება) და რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენა დასაშვები იყო იმ შემთხვევაში, თუ წამოყენებული იქნებოდა მოთხოვნა რეგისტრაციის საფუძვლად არსებული სარეგისტრაციო (უფლების დამადასტურებელი) დოკუმენტის (სასამართლო გადაწყვეტილების, ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის, სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების და სხვა) გაუქმების თაობაზე.
6.2. პალატის განმარტებით, მოსარჩელეს არათუ არა ჰქონდა წამოყენებული მოთხოვნა მოპასუხის საკუთრებაში სადავო ქონების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული სარეგისტრაციო დოკუმენტის - მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმების თაობაზე, არამედ არც კი მიუთითებდა ამ აქტის უკანონობაზე.
7. 2017 წლის 6 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მოსარჩელემ, რომელმაც, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
7.1. განმცხადებლის განმარტებით, 2017 წლის 17 მარტს, წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოიპოვა 1992 წლის 29 აპრილით დათარიღებული ნამდვილი მიღება-ჩაბარების აქტი N11/4. განმცხადებლის მითითებით, დასახელებული დოკუმენტი წარდგენილი რომ ყოფილიყო სასამართლოში, საქმეზე სხვა გადაწყვეტილება მიიღებოდა.
7.2. განმცხადებლის მოსაზრებით, საჯარო რეესტრის მიერ დამოწმებული მიღება-ჩაბარების N11/4 აქტი (1992 წლის მდგომარეობით) ადასტურებს სოფელ ....., სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლებას. აღნიშნული აქტი განმცხადებლის მტკიცებით, საქმეში დაცული N59/4 აქტის იდენტურია, იმ განსხვავებით, რომ ამ უკანასკნელში მესაკუთრედ ფიქსირდება მოპასუხე.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 12 აპრილის განჩინებით, განცხადება ამავე სასამართლოს 2013 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების თაობაზე წარმოებაში მიიღო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მოსარჩელის განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოპასუხის საკასაციო საჩივარზე წარმოება დასრულდა საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსსკ-ის) 421.1 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
11. სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.
12. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი საკასაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას წინამდებარე განჩინების 7.1-7.2 პუნქტებში მითითებულ გარემოებებზე აპელირებით მოითხოვს, რაც სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის რეგულირების სფეროშია მოქცეული.
13. სსსკ-ის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მითითებული საფუძვლით საქმისწარმოების განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს, მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 423-ე მუხლის დანაწესის ფარგლებში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს კუმულატიურ წინაპირობათა ერთობლიობა, კერძოდ: მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას და ამავდროულად ამ გარემოებებისა და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ კანონმდებელი ახლად აღმოჩენილად არ განიხილავს იმ გარემოებებს, რომლებიც ცნობილი იყო მხარისათვის გადაწყვეტილების გამოტანამდე ან რომლებზე მითითების შესაძლებლობაც მხარეს საქმის წარმოების დასრულებამდე ჰქონდა.
14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მითითებული გარემოება და წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განაპირობებს იმ სამართლებრივ შედეგს, რისთვისაც მხარე იღვწის.
14.1. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქმის საკასაციო სამართალწარმოების წესით განხილვის დროს განმარტა, რომ მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელეს გასაჩივრებული არ ჰქონდა იმ სარეგისტრაციო დოკუმენტის კანონიერება (მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი), რომლის საფუძველზეც მოპასუხე სადავო ქონების მესაკუთრედ აღირიცხა.
14.2. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება ხორციელდება რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებით, თითოეული მხარე თავად განსაზღვრავს, ერთი მხრივ, დავის საგანს და, მეორე მხრივ, იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომელზეც ის ამყარებს საკუთარი მოთხოვნის საფუძვლიანობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსისთვის უცხოა მხარეთა საპროცესო ურთიერთობებში ინკვიზიციური ჩარევა, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაცდეს დავის საგანს და იმსჯელოს იმ საკითხზე, რაც საპროცესო სამართალწარმოების მონაწილეებს სადავოდ არ გაუხდიათ. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს სამართალწარმოების იმ ეტაპზე, როდესაც მას ჰქონდა პროცესუალური შესაძლებლობა - დაეზუსტებინა სასარჩელო მოთხოვნა ან შეეცვალა სარჩელის საგანი თუ საფუძველი, არ უსარგებლია ამ უფლებით და არ შესდავებია სადავო ქონებაზე მოპასუხის რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული დოკუმენტის ნამდვილობასა და კანონიერებას, სასარჩელო მოთხოვნას იმთავითვე არ გააჩნდა წარმატების პერსპექტივა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად წარმოდგენილი დოკუმენტი, ვერ შეცვლის მოსარჩელის საპროცესო უფლების არასწორი რეალიზაციით განპირობებულ სამართლებრივ შედეგს. საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, აქვე დააზუსტოს, რომ მოსარჩელის მიერ სადავო ქონების მესაკუთრედ მოპასუხის რეგისტრაციის საფუძვლის გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილი იქნებოდა დავის ფარგლებში შეეფასებინა მოპასუხის მიერ უძრავი ნივთის დასაკუთრების საფუძვლის კანონიერება, თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს, დავის მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტას.
14.3. გარდა ამისა, წინამდებარე განჩინების 14.2. პუნქტში მითითებულ გარემოებას რომც არ გამოერიცხა საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობა, განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი მაინც არ არსებობდა. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ განცხადებაზე დართული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, 2017 წლის 15 მარტს მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა განცხადება, რომლითაც მოსარჩელემ მოითხოვა უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში დაცული, მიწის მიღება-ჩაბარების აქტის N11/4 ასლის გაცემა. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება, სსსკ-ის 423-ე მუხლის გამოყენების აუცილებელი პირობა, კერძოდ კი, ის გარემოება, რომ საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების ეტაპზე მოსარჩელეს ხელი არ მიუწვდებოდა აღნიშნული ინფორმაციის მოპოვებაზე, ასევე, თუ რა ობიექტური მიზეზების გამო იყო შეუძლებელი, საქმის წარმოების განახლების საფუძვლად განმცხადებლის მიერ მოაზრებული დოკუმენტის სასამართლოსთვის სასარჩელო წარმოების ეტაპზე წარდგენა. უფრო მეტიც, განცხადების შინაარსიდანვე ირღვევა, რომ განმცხადებელმა ხანგრძლივი ძიების შედეგად მოიპოვა წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი N11/4, რაც მოწმობს იმ ფაქტს, რომ შესაძლოა, მოსარჩელე ფიზიკურად არ ფლობდა ამ დოკუმენტს, თუმცა მისთვის იმთავითვე ცნობილი იყო ამ დოკუმენტის არსებობის თაობაზე, მაგრამ სასარჩელო სამართალწარმოების დროს სასამართლოს წინაშე ამის თაობაზე არ მიუთითებია. ამასთან, ეს დოკუმენტი არც თავად გამოუთხოვია სარეგისტრაციო სამსახურიდან და არც სასამართლოს წინაშე უშუამდგომლია მისი გამოთხოვის თაობაზე
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ ვითარებაში განმცხადებლის მიერ, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მითითებული დოკუმენტი არ ქმნის სსსკ-ის 423.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის სამართლებრივ შემადგენლობას, რის გამოც წარმოდგენილი განცხადება საქმისწარმოების განახლების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 430-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.ჟ–ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი
14. მითითებული ნორმის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე.
ამრიგად, საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს კი არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.