Facebook Twitter

№ა-1743-ბ-7-2017 10 ივლისი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – მ.მ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – სს „მ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ივლისის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – აქციონერთა გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2015 წლის 20 ივლისს მ.მ–ძემ ((შემდეგში: აქციონერი, მოსარჩელე, კასატორი, განმცხადებელი) სარჩელი აღძრა სააქციო საზოგადოება ,,მ–ის’’ (შემდეგში: საზოგადოება, კომპანია, მოპასუხე) წინააღმდეგ, 2015 წლის 20 მაისის საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობის მოთხოვნით, ვინაიდან დარღვეული იყო მისი და სხვა აქციონერების მოწვევისა და საერთო კრების გამართვის წესები. მოსარჩელემ სადავოდ გახადა ის ფაქტიც, რომ 2015 წლის 20 მაისს, აქციონერთა კრების გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა 2004 წლის 19 ივლისის წესდებაში, რომელიც სასამართლოს მიერ ბათილად იყო ცნობილი, ხოლო კრებას ხელმძღვანელობდა პირი, რომელსაც არ გააჩნდა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

6. აქციონერის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2016 წლის 4 ივლისის განჩინებით დაუშვებლად ცნო.

6.1. პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელე კომპანიაში აქციების მხოლოდ 0.10063%-ის მესაკუთრე იყო და, აქედან გამომდინარე, მას აქციონერთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა ისედაც არ შეეძლო. რაც შეეხება, საერთო კრების მოწვევისა და ჩატარების პროცედურებს, მოპასუხეს, ამ თვალსაზრისით, არც კანონისა და არც წესდების მოთხოვნები არ დაურღვევია.

6.2. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, 2015 წლის 20 მაისის კრების შედეგების აღიარება დაკავშირებული იყო ნების ნამდვილობასთან და არ იყო დამოკიდებული იმ გარემოებაზე, თუ რომელი წესდების მონაცემებში შევიდა ცვლილება. პალატამ მიიჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, გარიგების მონაწილეთა ნება იყო ნამდვილი და თარიღზე მითითება ვერ გახდებოდა გამოხატული ნების უარყოფის საფუძველი.

7. 2017 წლის 28 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მოსარჩელემ, რომელმაც, საქმის წარმოების განახლება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 4 ივლისის განჩინების ბათილობის საფუძვლით მოითხოვა.

7.1. განმცხადებლის მითითებით, განჩინებაში არსწორად არის მითითებული დავის საგანი, კერძოდ, განმცხადებლის განმარტებით, მან აქციონერთა 2016 წლის 20 მაისის კრების ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა, ხოლო სადავო განჩინებაში დავის საგნად სასამართლომ აქციონერთა გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე მიუთითა. აღნიშნულზე დაყრდნობით განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დავის საგანი გაყალბებულია.

7.2. სადავო განჩინების აღწერილობით ნაწილში მითითებულია, რომ მოსარჩელეს აქვს 0.1% აქცია, თუმცა არაა განსაზღვრული რამდენ აქციას ფლობს აქციონერი.

7.3. განჩინება მიღებულია ზეპირი მოსმენის გარეშე, შესაბამისად, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მას შესაძლებლობა არ მიეცა, დასწრებოდა სასამართლოს მიერ განჩინების მიღებას და მონაწილეობა მიეღო საპროცესო სამართალაწარმოებაში.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 5 მაისის განჩინებით, ამავე სასამართლოს 2016 წლის 4 ივლისის გაუქმებისა და, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადება წარმოებაში მიიღო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მოსარჩელის განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

9. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოპასუხის საკასაციო საჩივარზე წარმოება დასრულდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ივლისის განჩინებით.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსსკ-ის) 421.1 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

11. სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი თუ: ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

12. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი საკასაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას წინამდებარე განჩინების 7.1-7.3 პუნქტებში მითითებულ გარემოებებზე აპელირებით მოითხოვს, რისი საფუძვლიანობაც სსსკ-ის 422-ე მუხლის დანაწესის ფარგლებში უნდა შემოწმდეს.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 422-ე მუხლი მკაფიოდ და დეტალურად განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, როდესაც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების/ განჩინების ბათილად ცნობას (იხ. წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტი). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადებაში მითითებული არცერთი პრეტენზია არ გამომდინარეობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისათვის დადგენილი გარემოებებიდან, კერძოდ, განმცხადებლის მითითებით, საკასაციო სასამართლოს სადავო განჩინებაში არასწორადაა მითითებული დავის საგანი, რაზეც საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, ერთი მხრივ, ასეც რომ იყოს, ეს გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველს, თუმცა, ამავდროულად, საკასაციო სასამართლო განმცხადებელს მეტი სიცხადისთვის აქვე განუმარტავს, რომ სადავო განჩინებაში დავის საგნად აქციონერთა გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იქნება მითითებული თუ 2016 წლის 20 მაისის კრების ოქმის ბათილად ცნობა მიეთითება, ორივე შემთხვევაში სასამართლო სამართალწარმოებას ახორციელებს ერთი და იმავე დავის საგანზე, ვინაიდან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით რეგლამენტირებული კორპორაციული ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმათა შესატყვისად, აქციონერები გადაწყვეტილებას იღებენ აქციონერთა კრებაზე, რომლის შინაარსსაც სწორედ კრების ოქმი ასახავს, შესაბამისად, აქციონერთა გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, როგორც დავის საგანი თავის თავში სწორედ მოსარჩელის მიერ შედავებული კრების ოქმის ბათილად ცნობას მოიაზრებს.

14. კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად საკასაციო სასამართლო ვერც იმ გარემოებას ვერ მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ სადავო განჩინების ზეპირი მოსმენის გარეშე მიღებით, დაირღვა კასატორის პროცესუალური უფლება, მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვა/გადაწყვეტის პროცესში. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსსკ-სი 401.1 მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია, აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოქმედებდა კანონმდებლობით მინიჭებული ფულებამოსილების ფარგლებში. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ არც კასატორს არ უშუამდგომლია სასამართლოს წინაშე დასაბუთებული არგუმენტაციის წარდგენით, საკასაციოს საჩივრის დასაშვებობის საკითხის ზეპირი განხილვის წესით გადაწყვეტის თაობაზე, რომლის უგულებელყოფაც შესაძლოა, შემდგომში გამხდარიყო მხარის პროცესუალური უფლების დარღვევა-დაურღვევლობის შეფასების საგანი.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების განახლების მიზნებისათვის სავსებით უადგილოა განმცხადებლის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ სადავო განჩინებაში მოსარჩელის საკუთრებაში არსებული აქციები მითითებული იყო პროცენტულად და არა რაოდენობრივად. აღნიშნულს არც არსებითად სარჩელის გადაწყვეტისა და, მით უმეტეს, არც საქმის წარმოების განახლებისთვის რაიმე სახის სამართლებრივი მნიშვნელობა არ გააჩნია.

16. ამდენად, საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მითითებული გარემოებები არ ქმნის სსსკ-ის 422 -ე მუხლის შემადგენლობას და არ განაპირობებს იმ სამართლებრივ შედეგს, რისთვისაც მხარე იღვწის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმისწარმოების განახლების თაობაზე წარმოდგენილი განცხადება დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე, 430-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.მ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ივლისის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ.ქათამაძე

მოსამართლეები: ბ.ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი