№ას-801-2019 15 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – გ.ნ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ.გ–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
- გ.გ–ის (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- გ.ნ–ძეს (შემდეგში მოპასუხეს) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1758.00 ლარის ანაზღაურება.
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფლებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივნისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად შედგენილი და დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენა და 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
6. საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივლისის განჩინებით კასატორს 5 დღით გაუგრძელდა ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადა და დაევალა 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
10. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა, კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5-ე და მე-7-ე პუნქტები).
11. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება კასატორს ჩაბადა 2019 წლის 20 სექტემბერს.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 21 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 25 სექტემბერს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2019 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მოუმართავს სასამართლოსთვის.
13. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
14. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ნ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე