Facebook Twitter

№ას-894-860-2016 29 დეკემბერი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ა.ს–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – გ.ნ–ვი, ე.ს–ი, ე.ს–ი, ვ.ნ–ვა, ზ.ს–ი, ჟ.ს–ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ. ბათუმში, …… მდებარე 83,16 კვ.მ ბინა, (საკადასტრო კოდი №……) საჯარო რეესტრის მონაცემებით ირიცხება 7 თანამესაკუთრის სახელზე, კერძოდ, საცხოვრებელი ბინის თანამესაკუთრეებს წარმოადგენენ ა.ს–ი (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, დაინტერესებული თანამესაკუთრე) და გ.ნ–ვი, ჟ.ს–ი, ვ.ნ–ვა, ზ.ს–ი, ე.ს–ი, ე.ს–ი (შემდეგში - მოპასუხეები).

2. ქ. ბათუმში, …… მდებარე 83,16 კვმ ბინა, მესაკუთრეებს შორის რეალურად გამიჯნული არ არის. ბინას აქვს ერთი შესასვლელი და სველი წერტილი (საპირფარეშო).

3. ბათუმის საქალაქო სასამართლს 2000 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით, თანამესაკუთრეთა შორის სხვა დავის ფარგლებში დამტკიცდა მორიგება, რომლის პირობების თანახმად, მოსარჩელეს თანასაკუთრებაში არსებული ქონებიდან სარგებლობის უფლებით გადაეცა/გამოეყო 11.55 კვ.მ N13 ოთახი, დამხმარე სათავსების საერთო სარგებლობით.

4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 15 სექტემბრის №004953414 დასკვნის თანახმად, .....ქ. №48-ში არსებული უძრავი ქონების ნატურით გაყოფა შეუძლებელი იქნება, თუ ბინის საერთო სარგებლობაში არ დარჩება შესასვლელის ნაწილი და ე.წ. სველი წერტილი (საპირფარეშო).

5. სადავო ბინის 7 თანაბარ ნაწილად გაყოფა, ისე რომ, მხარეთა თანასაკუთრებაში არ დარჩეს ქონების ნაწილი და გაყოფილმა ქონებამ ფუნქციური დანიშნულება არ დაკარგოს, შეუძლებელია.

6. 2015 წლის 18 მაისს დაინტერესებულმა თანამესაკუთრემ სარჩელით მიმართა სასამართლოს სხვა თანამესაკუთრეთა წინააღმდეგ და სადავო ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება და თანასაკუთრებიდან რეალური წილის გამოყოფა მოითხოვა.

7. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარდგენით განმარტეს, რომ მოსარჩელე სხვა თანამესაკუთრეთა მსგავსად სარგებლობდა სადავო ქონებით, ხოლო სადავო ბინაში არსებული ოთახები არასდროს გამიჯნულა თანამესაკუთრეთა შორის. მოპასუხეებმა წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებული ექსპერტიზის დასკვნაც მოიმხეს და განმარტეს, რომ სადავო ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება შეუძლებელი იყო.

8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა კოლეგიის 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 170-ე, 173-ე, 311-ე, 312-ე, 953-ე, 961-ე, 963-ე, 963-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

8.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული გარემოებები.

8.2. სასამართლომ განმარტა, რომ ნატურით გაყოფისას საზიარო საგნის დაყოფა შესაძლებელი უნდა ყოფილიყო ერთგვაროვან ნაწილებად, ღირებულების შემცირების გარეშე. სასამართლომ, 2014 წლის 15 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დაადგინა, რომ შეუძლებელი იყო სადავო საცხოვრებელი ბინის რეალურად გაყოფა მისი ღირებულების შემცირების გარეშე.

9. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 აგვისტოს განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10.1. პალატის შეფასებით, სადავო ბინის 7 თანაბარ ნაწილად დაყოფა ღირებულების, ე.ი. ფუნქციური დანიშნულების შემცირების გარეშე, შეუძლებელი იყო. ამასთან, პალატამ მიიჩნია, რომ საზიარო საგანზე საზიარო უფლების გაუქმება, მხოლოდ ერთ-ერთი თანამესაკუთრის წილის ნატურით გამოყოფის გზით დაუშვებელი იყო.

11. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით :

11.1. კასატორმა განმარტა, რომ სადავო ქონება (თანასაკუთრებაში არსებული ბინიდან 1 ოთახი), 2000 წლიდან სარგებლობის უფლებით ჰქონდა გამოყოფილი; ბინაში არსებული სველი წერტილით იგი არ სარგებლობდა; ამასთან, შესასვლელი, რომელიც სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად გამოიყენა, იყო ღია და ამ საცხოვრებელი სახლის ყველა მობინადრის საერთო სარგებლობის ფართს წარმოადგენდა.

11.2. კასატორის განმარტებით, მისი მოთხოვნა საერთო შესასვლელით სარგებლობა და 2000 წლის 5 ოქტომბრის სასამართლოს მორიგების აქტის საფუძველზე სარგებლობაში გამოყოფილი ე.წ. №13 ოთახის მისთვის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემაა.

11.3. კასატორის მითითებით, სასამართლომ დადგენილად ცნო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბინა თანაბარ წილად არ გაიყოფოდა, მაშინ, როდესაც მოსარჩელე არა ყველა თანამესაკუთრეს შორის ქონების გაყოფას, არამედ თანასაკუთრებიდან კუთვნილი 1/7 წილი ქონების გამოყოფასა და ამ 1/7 წილზე საზიარო უფლებაის გაუქმებას ითხოვდა, რაც, მისი აზრით შესაძლებელია.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა მართებულად არ დაკმაყოფილდა, სახელდობრ:

16.1. მოცემულ შემთხვევაში, თანასაკუთრებაზე საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 961-ე მუხლის პირველი ნაწილისა (თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.) და 963-ე მუხლის (საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.) შინაარსიდან გამომდინარეობს.

16.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნატურით საზიარო უფლების გაუქმების საკანონმდებლო წესს სსკ-ის 963-ე მუხლი განსაზღვრავს. ამ მუხლში რეგლამენტირებული დანაწესის საფუძველზე საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე, მყარი სამოსამართლო პრაქტიკა არსებობს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაში განმარტებულია შემდეგი: „საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება, დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე, მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებდა გაყოფამდე, ე.ი არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა.“ (იხ. სუსგ. 2016 წლის 1 მარტის საქმე №ას-39-39-2016, 2014 წლის 31 ივლისის საქმე Nას-67-65-2014, 2015 წლის 20 ივლისის საქმე №ას-774-741-2014, 2015 წლის 29 ივნისის საქმე №ას-59-58-2014).

16.3. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით ნიშნავს თანასაკუთრების რეჟიმიდან ინდივიდუალური საკუთრების რეჟიმზე გადასვლას, ანუ დაუშვებელია საზიარო საგანი ისე გაიყოს, რომ ნივთის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდებოდეს ინდივიდუალური საკუთრება, ხოლო სხვა ნაწილზე, საერთო საკუთრება.

16.4. განსახილველ საქმეზე სადავო არაა, რომ საზიარო ქონებაზე თანამესაკუთრეთა წილები არ არის განსაზღვრული, ხოლო ექსპერტიზის დასკვნა პირდაპირ მიუთითებს ექსპერტიზის ჩატარების დროისთვის არსებული მდგომარეობით (საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებისა და უძრავი ნივთის აზომვითი ნახაზის შესატყვისად), თანასაკუთრების ნატურით გამიჯვნის შეუძლებლობაზე. უფრო ზუსტად კი, თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მხოლოდ ერთი საპირფარეშო და შესასვლელი აქვს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საერთო ქონების გაყოფა იმგვარად, რომ საცხოვრებელი ფართის შესასვლელი და სველი წერტილი საერთო საკუთრების საგნად არ დარჩეს და ინდივიდუალური საკუთრების რეჟიმში მოექცეს, შეუძლებელია. ქონების იმდაგვარი გამოყოფა კი, რომ ბინის ერთ ოთახზე, რომლის გამოყოფასაც მოსარჩელე მოითხოვს, ინდივიდუალური საკუთრება ვრცელდებოდეს, ხოლო შესასვლელსა და სველ წერტილზე - საერთო საკუთრება, თანასაკუთრებაზე საზიარო უფლების გაუქმების არსს ეწინააღმდეგება. საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ სველი წერტილისა და შესასვლელის გარეშე საცხოვრისი საყოფაცხოვრებო დანიშნულებისთვის უვარგისია. ამრიგად, კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავს მის სარგებლობაში არსებული ქონების თვისებრივად და კონსტრუქციულად საერთო ქონებიდან გამოყოფის შეუძლებლობა. იმისთვის, რომ გამოყოფილმა ერთეულმა იფუნქციონიროს, მესაკუთრეს უნდა შეეძლოს დამოუკიდებელი შესასვლელითა და სველი წერტილით სარგებლობა, თანაც იმგვარად, რომ ქონების ღირებულება და სამომხმარებლო დანიშნულება არ შემცირდეს არცერთი თანამესაკუთრისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე გამოკვლეული გარემოებები ცხადყოფს, რომ განსახილველი შემთხვევა არ ქმნის სსკ-ის 963-ე მუხლის შემადგენლობას, რომელიც საზიარო უფლების გაუქმებისას (ნატურით) თანასაკუთრების ინდივიდუალურ საკუთრებად გარდაქმნის მართლწესრიგის განმსაზღვრელია.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. 2014 წლის 31 ივლისის საქმე Nას-67-65-2014, 2015 წლის 20 ივლისის საქმე №ას-774-741-2014, 2015 წლის 29 ივნისის საქმე №ას-59-58-2014).

18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ა.ს–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, შესაბამისად, ვინაიდან კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300.00 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ვ.ხ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, საგადახდო დავალება #121, გადახდის თარიღი 06.09.2016) 70% – 210.00 ლარი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ს–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ა.ს–ს დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ვ.ხ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, საგადახდო დავალება #121, გადახდის თარიღი 06.09.2016) 70% – 210.00 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი