Facebook Twitter

№ას-1601-2019 31 ოქტომბერი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი (მოსარჩელე) – ვ.ი–ი

წარმომადგენელი – მ.ა–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ვ.გ–ი

განმცხადებლის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ვ.ი–მა (შემდგომში - განმცხადებელი, მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ.გ–ის (შემდგომში - მოპასუხე, კასატორი) მიმართ საიჯარო ქირის - 9 495 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

7. 2019 წლის 24 ოქტომბერს (საქმე №ას-1113-1033-2017) საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მოპასუხის (მოცემულ საქმეზე) მიერ განმცხადებლის წინააღმდეგ უძრავი ქონების სარემონტო-სარეკონსტრუქციო ხარჯის დაკისრების მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე, კერძოდ, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და განმცხადებელს, კასატორის სასარგებლოდ, დაეკისრა სარემონტო-სარეკონსტრუქციო ხარჯი - 114 258 ლარისა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 798.90 ლარის გადახდა; მითითებული სარჩელი უზრუნველყოფილი იყო, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სს „ს.ბ–ში“ განმცხადებლის საბანკო ანგარიშზე დადებული ყადაღის ნაწილში შეიცვალა იმგვარად, რომ ყადაღა დაედო აღნიშნულ ანგარიშზე რიცხულ ფულად სახსრებს 120 000 ლარის ფარგლებში.

8. 2019 წლის 30 ოქტომბერს მოსარჩელემ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის (საქმე №ას-1113-1033-2017) გადაწყვეტილებით მოპასუხის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის მოთხოვნის უფლებაზე ყადაღის დადება, კერძოდ კი, მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე არსებული ყადაღადადებული თანხიდან 9 495 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის მოთხოვნის უფლებაზე ყადაღის დადება. განმცხადებლის მითითებით, ეს არის მოპასუხის ერთადერთი აქტივი. ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ კასატორმა მხარეთა შორის დავების არსებობისას, მოასწრო და გაასხვისა საკუთრებაში არსებული რამდენიმე უძრავი ქონება, რითაც, პრაქტიკულად, გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი წესებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ზემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ ნორმებს.

11. სსსკ-ის XXIII თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესოსამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კონცენტრირებულია სსსკ-ის 191-ე მუხლში, კერძოდ კი, იმ წინადადებაში, რომლის თანახმად, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ყველა საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ კონკრეტული გარემოებების არსებობა, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

12. პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სათანადოდ დაასაბუთა იმ კონკრეტული გარემოებების არსებობა, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, კერძოდ, განმცხადებლის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განჩინებით მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. განჩინება ვერ აღსრულდა, რამდენადაც მოპასუხემ მოასწრო ქონების გასხვისება - ამავე წლის 8 თებერვალს მან ბინა თავის შვილს აჩუქა. გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფა იქნა გამოყენებული მოპასუხის 100%-იან წილზე შპს-ში. საქმის განხილვის დაწყებამდე კი, აღმოჩნდა, რომ ქონებრივი ღირებულება ყადაღადადებულმა წილმა დაკარგა, რამდენადაც საწარმომ ქონება გაასხვისა.

13. სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტი სარჩელის უზრუნველყოფის სახედ ითვალისწინებს მოპასუხის კუთვნილ ფულად სახსრებზე ყადაღის დადებას. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც განმცხადებელს დაეკისრა 115 056.9 ლარის გადახდა მოპასუხის (მოცემულ დავაში) სასარგებლოდ, აღსრულებული არ არის. შესაბამისად, დაკისრებული თანხა მოპასუხის საკუთრებაში არ გადასულა, თუმცა, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დაედო ყადაღა მოპასუხის კუთვნილ 120 000 ლარს, ნათელია, რომ აღსრულება მოხდება განმცხადებლის საბანკო ანგარიშზე ყადაღადადებული თანხიდან. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხის სასარგებლოდ დაკისრებული თანხა წარმოადგენს მის ერთადერთ აქტივს (მოპასუხის სახელზე არ ირიცხება არანაირი ქონება), საკასაციო პალატა სსსკ-ის 198.3 (სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის) მუხლის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნევს, გამოიყენოს ისეთი ღონისძიება, რაც აუცილებელია განსახილველი სარჩელის უზრუნველყოფისათვის, კერძოდ, აღმასრულებელს უნდა დაევალოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის (საქმე №ას-1113-1033-2017) გადაწყვეტილების აღსრულებისას „ს.ბ–ში“ განმცხადებლის საბანკო ანგარიშზე არსებული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ყადაღადადებული, 120 000 ლარიდან 115 056.9 ლარის მოპასუხისათვის გადაცემისას, ყადაღა დაადოს 9 495 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს და შეიტანოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე. აღმასრულებლისათვის ასეთი ვალდებულების დაკისრების სამართლებრივ საფუძველს სსსკ-ის 198.3 მუხლთან ერთად ქმნის ასევე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-4 პუნქტი (აღმასრულებელს ყადაღადადებული ფული დაუყოვნებლივ შეაქვს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე).

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზანი პირის დარღვეული უფლების დაცვა და აღდგენაა, რაც მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს. ამ კუთხით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებებზე, რომლის თანახმადაც, კონვენციის მე-6 მუხლი არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც გულისხმობს იმას, რომ მართლმსაჯულების განხორციელებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, არამედ სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტური და რეალური დაცვაა. აღნიშნული კი მოიაზრებს იმასაც, რომ ეროვნული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება იყოს აღსრულებადი: სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებადობა

„სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილია მე-6 (§1) მუხლის გაგებით (Bourdov v. Russia, §34); სასამართლოსათვის საჩივრის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (Apostol v. Georgia, §54). სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა თუ მაღალი ხელშემკვრელი მხარის ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო (Iza Ltd and Makrakhidze v. Georgia §42).

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება აუცილებელია, რათა დაზღვეულ იქნეს მოსარჩელე გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობისაგან. ამდენად, განმცხადებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 191-ე, 193-ე, 198.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ.ი–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. დაევალოს აღმასრულებელს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის (საქმე №ას-1113-1033-2017) გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, „ს.ბ–ში“ ვ.ი–ის (პ/ნ: .....) საბანკო ანგარიშზე (ბანკის კოდი: BAGAGE 22, ანგარიშის ნომერი: GE09BG0000000893575900) არსებული (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ყადაღადადებული)

120 000 ლარიდან 115 056.9 ლარის ვ.გ–ისათვის გადაცემისას, ყადაღა დაადოს 9 495 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს და შეიტანოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე