Facebook Twitter

საქმე №ას-639-2019 4 ოქტომბერი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ.ა–ძე

მოწინააღმდეგე მხარეები – ზ.ა–ძე, ს.ა–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ც.შ–ძის (შემდეგში: მამკვიდრებელი, მოანდერძე, აწ გარდაცვლილი) საკუთრებად აღრიცხულია უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ......, /მიწის ს/კ ....../ (ტ.1, ს.ფ. 24-25);

2. მამკვიდრებელი 1971 წლის 19 იანვარს პ.ჭ–ზე დაქორწინდა და გვარი - ჭ–ი მიეკუთვნა (იხ.ტ.1, ს.ფ. 166);

3. წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების თაობაზე საჯარო რეესტრის მიერ ცნობა-დახასიათება მამკვიდრებელის სახელზეა გაცემული (იხ.ტ.1, ს.ფ. 24);

4. მამკვიდრებლის შვილი გ.ა–ძე 2006 წლის 14 მარტს გარდაიცვალა (იხ.ტ.1, ს.ფ. 26);

5. ზ.ა–ძე (შემდეგში: მოსარჩელე), მ.ა–ძე (შემდეგში: პირველი მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) და ს.ა–ძე (შემდეგში: მეორე მოპასუხე) აწ გარდაცვლილის შვილიშვილები არიან (იხ.ტ.1, ს.ფ. 13, 313);

6. მამკვიდრებელი 2016 წლის 22 ივლისის წერილში მიუთითებს, რომ სიკვდილის შემდეგ, მისი პირადი უძრავ-მოძრავი ქონება მოსარჩელეს გადაეცეს, წერილში ასევე მითითებულია, რომ ,,ფული შეტანილი თავრობაში სამზე განაწილდეს შვილიშვილზე... უფროსი მოსარჩელე იქნება ბინის“ (იხ.ტ.1, ს.ფ. 16);

7. მამკვიდრებელი 2016 წლის 23 ოქტომბერს გარდაიცვალა (იხ.ტ.1, ს.ფ. 15);

8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ბიუროს) 2017 წლის 6 აპრილის N001933917 დასკვნის თანახმად, წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული შინაურული ანდერძის ხელნაწერი ტექსტი მამკვიდრებელმა შეადგინა (იხ.ტ.1, ს.ფ. 17-21).

9. სარჩელის საფუძვლები

9.1 მოსარჩელემ, 2017 წლის 17 მაისს, სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვა, პრივატიზაციის ხელშეკრულებით მამკვიდრებლის კუთვნილი დანაშთი ქონების (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი) მესაკუთრედ ცნობა;

9.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ მამკვიდრებლის მიერ შედგენილი შინაურული ანდერძი ამ უკანასკნელის ნებას ნათლად გამოხატავს.

9.3 მოსარჩელის განმარტებით, ანდერძი ნოტარიუსთან წარადგინა, რომელმაც სამკვიდროს გაცემაზე უარი განაცხადა, ვინაიდან მოსარჩელის გარდა სამკვიდროს მიღებას მოპასუხეებიც ითხოვდნენ.

9.4 მოსარჩელის განმარტებით, მამკვიდრებელმა ქონება მას უანდერძა, ხოლო სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება მხოლოდ პირველი რიგის მემკვიდრეებს აქვთ.

10. მოპასუხის შესაგებელი

10.1 პირველმა მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ე.წ ,,ანდერძი“ გაურკვეველი შინაარსისაა, რომელზეც არ არის ხელმოწერა, შესაბამისად, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ მარტო მოსარჩელე არ უნდა იყოს ცნობილი.

10.2 მეორე მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო და მიუთითა მამკვიდრებლის ნებაზე, რომლის თანახმად, სადავო უძრავი ქონება მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელის საკუთრება უნდა გამხდარიყო.

11. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

11.1 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა.

11.1.1 მოსარჩელე ცნობილ იქნა მამკვიდრებლის დანაშთი ქონების მესაკუთრედ, რომელიც ამ უკანასკნელს პრივატიზაციის ხელშეკრულებით ეკუთვნოდა.

11.1.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 50-ე, 52-ე, 68-ე, 70-ე, 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1336-ე, 1344-ე, 1345-ე, 1357-ე, 1362-ე, 1364-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე, 131-ე მუხლებით;

11.2 საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სადავო ანდერძი მამკვიდრებლის ნებას სრულად გამოხატავს, სიკვდილის შემთხვევაში, სადავო უძრავი ქონების მოსარჩელისათვის დატოვების შესახებ.

12. სააპელაციო საჩივარი

12.1 პირველმა მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

13.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

13.2 სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 52-ე მუხლზე მითითებით დაადგინა, რომ მამკვიდრებელმა შინაურული ანდერძი შეადგინა, რომლითაც ამ უკანასკნელის ნება, მისი გარდაცვალების შემდეგ, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მოსარჩელისათვის გადაეცა, ნათლად ირკვევა, სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ წარდგენილი წერილი მამკვიდრებლის მიერ ხელმოწერილი იყო.

13.3 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომლის თანახმად, მამკვიდრებელს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მსგავსი შინაარსის ანდერძის დაწერას ვერ შეძლებდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

13.4 სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 201-ე მუხლიდან გამომდინარე, შესაგებლის საპროცესო სამართლებრივ დანაწესზე მიუთითა, ასევე, მოიხმო სსსკ-ის 219-ე და 380-ე მუხლები და განმარტა, რომ პირველ მოპასუხეს, სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით, სადავოდ არ გაუხდია, ის გარემოება, რომ წერილი მამკვიდრებლის დაწერილი არ იყო, იგი მხოლოდ წერილის ბუნდოვან შინაარსზე ამახვილებდა ყურადღებას. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხემ მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილება არ გამოიყენა, რის გამოც სასამართლო პროცესუალურად იზღუდებოდა, აპელანტის მიერ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მითითებული გარემოებები გაეზიარებინა.

13.5 სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, სარჩელი დასაბუთებული იყო, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა.

14. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

14.1 პირველმა მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

14.2 კასატორის მტკიცებით, ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა ,,შინაურულ ანდერძთან“ მიმართებით არასწორად არის ჩამოყალიბებული, ვინაიდან შინაურული ანდერძის შედგენის ფაქტს მხოლოდ სასამართლო ადგენს.

14.3 კასატორის განმარტებით, პირველი რიგის ყველა მემკვიდრემ განცხადებით მიმართა ნოტარიუსს სამკვიდროს მიღების თაობაზე. მოსარჩელემ, როგორც კანონით მემკვიდრემ, 2017 წლის 13 აპრილს მიმართა ნოტარიუსს, ხოლო შინაურული ანდერძი მოგვიანებით, 2017 წლის 26 აპრილს წარადგინა ნოტარიუსთან, შესაბამისად, კასატორის განმარტებით, გაუგებარია, თუ მანამდე არსებობდა ე.წ. შინაურული წერილი, მოსარჩელემ, როგორც კანონით მემკვიდრემ, რატომ მიმართა ნოტარიუსს. ამასთან, გაურკვეველია, რატომ მოითხოვა მეორე მოპასუხემ საკუთარი წილი, თუკი ოჯახის ყველა წევრისთვის ცნობილი იყო, რომ სადავო უძრავი ქონება მოსარჩელის უნდა გამხდარიყო.

14.4 კასატორის განმარტებით, ბებიამ გამოსამშვიდობებელი წერილი დაუტოვა შვილიშვილებს, საკუთარი მოსაზრება და სურვილები გამოთქვა საოჯახო საკითხებზე, მათ მომავალზე.

14.5 მოსარჩელე მიუთითებს, რომ, მისი რწმენით, ბებიას ყველა შვილიშვილი ერთნაირად უყვარდა და უპირატესობას ვერავის მიანიჭებდა.

14.6 კასატორი მიუთითებს წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში მითითებულ ბოლო წინადადებაზე, ასევე სსკ-ის 1349-ე მუხლზე და ითხოვს, მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

15.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 1364-ე მუხლი შინაურული ანდერძის ფორმას განსაზღვრავს, რომლის თანახმად, მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწეროს ანდერძი და ხელი მოაწეროს მას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული წერილი შინაურულ ანდერძს წარმოადგენს. ექსპერტზის დასკვნის საფუძველზე უდავოა, რომ ანდერძი შედგენილი და ხელმოწერილია მოანდერძის მიერ.

23. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოანდერძემ წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული შინაურული ანდერძით ნათლად გამოხატა საკუთარი ნება, რომლითაც გარანტირებულია მისი უფლება, საკუთარი სურვილისა და შეხედულების შესაბამისად, განკარგოს ქონება.

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ანდერძში მამკვიდრებლის ნებისა და მისი ხელმოწერის ნამდვილობა დასტურდება, საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, აგრეთვე საქმეში არსებული სხვა გარემოებებით (იხ. სსკ-ის 1346-ე მუხლი), რის საპირისპიროდაც კასატორს ვარგისი მტკიცებულებები არ წარუდგენია. კანონმდებლობა ითვალისწინებს ე.წ „შინაურული ანდერძის“ შედგენის შესაძლებლობას, რა დროსაც უმთავრეს პრინციპს ანდერძის ნამდვილობის დადგენისათვის წარმოადგენს, მამკვიდრებლის ნების თავისუფალი გამოვლენა და აღნიშნული ანდერძის მისივე ხელმოწერით დადასტურება, რაც წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია.

25. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოებებზე კასატორს არ მიუთითებია და არ წარუდგენია სასამართლოსათვის დასაბუთებული პრეტენზია, რის გამოც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების საფუძველი არ არსებობს.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კასატორის (პირველი მოპასუხის) საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ა–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე