საქმე №ას-681-2019 4 ოქტომბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ს.მ–ია“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ღია სააქციო საზოგადოება „ს-ს საინვესტიციო კორპორაცია ა-ის წარმომადგენლობა საქართველოში ა.ჯ–ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს ,,ს.გ.ს.ს.კ–სა“ (შემდეგში: მოპასუხე, შემკვეთი, აპელანტი, კასატორი) და ღია სააქციო საზოგადოება „სამშენებლო - სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია ა–ის” წარმომადგენლობა საქართველოში ,,ა.ჯ–ას“ (შემდეგში: მოსარჩელე, მენარდე, მოწინააღმდეგე მხარე) შორის, 2014 წლის 7 აგვისტოს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №42-ბ/14 ხელშეკრულება, რომლისთაც ამ უკანასკნელმა იკისრა ვალდებულება, აჯამეთის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის, წყალმიმღების, სალექარის, მაგისტრალური არხის პირველი და სხვა რიგის გამანაწილებლებისა და შიდასამეურნეო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეესრულებინა. ხელშეკრულების ღირებულება - 6199000 (ექვსი მილიონ ას ოთხმოცდაცხრამეტი ათასი) ლარით განისაზღვრა (იხ. ხელშეკრულება, ტ. 1, ს.ფ. 23-29).
2. წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეთა შორის ხელშეკრულების პირობების ცალკეული ცვლილების თაობაზე 10 დამატებითი შეთანხმება გაფორმდა, რომლის მე-9 დამატებითი ხელშეკრულებით, ხელშეკრულების ღირებულება 546503.23 (ხუთას ორმოცდაექვსი ათას ხუთას სამი ლარი და ოცდასამი თეთრი) ლარით შემცირდა და ხელშეკრულების საბოლოო ღირებულებად - 5652496.76 (ხუთი მილიონ ექვსას ორმოცდათორმეტი ათას ოთხას ოთხმოცდათექვსმეტი ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი) ლარი განისაზღვრა (ტ. 1, ს.ფ. 55-56).
3. ხელშეკრულების 14.2.1 ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელი კისრულობს პასუხისმგებლობას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სახელშეკრულებო ღირებულების 0.07%-ის ოდენობით პირგასამტეხლო გადაუხადოს.
4. მენარდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები 2016 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით უნდა დაესრულებინა, თუმცა - 2017 წლის 2 ივლისს დაასრულა, შესაბამისად, მან წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 186 დღის ვადაგადაცილებით შეასრულა (ტ. 2, ს.ფ. 61).
5. მოსარჩელემ საწარმომ შეიცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს ,,ს.მ–ია“ (ტ. 2, ს.ფ. 61).
6. სარჩელის საფუძვლები
6.1 მოსარჩელემ, 2018 წლის 29 მაისს, სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, მოითხოვა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი) 14.2.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირება და მისი განსაზღვრა 0.07%-დან 0.02%-მდე, ხოლო შემცირებული პირგასამტეხლოს გათვალისწინებით, მოპასუხისათვის მიღებული სხვაობის - 624898.64 ლარის დაკისრება, ასევე, მოპასუხისათვის დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ-ის), უკანონოდ დაკავებული თანხის - 182303.36 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით ამ თანხის 2017 წლის პირველი იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვიური სარგებლის - 1367.27 ლარის (182303.36 ლარის წლიური 9%) დაკისრება.
6.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ ხელშეკრულების ღირებულების შემცირებით, პირგასამტეხლოც უნდა შემცირებულიყო.
6.3 მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ ხელშეკრულების ფარგლებში 802137.95 ლარი დაუკავა, საიდანაც 182303.36 ლარი დამატებითი ღირებულების გადასახადია, რომელიც მოსარჩელეს უკვე გადახდილი აქვს.
6.4 მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანმა შესრულებამ მას ფინანსური ზიანი მიაყენა, რაც 802137.95 ლარს შეადგენს. ამასთან, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს ითვალისწინებს.
7. მოპასუხის შესაგებელი
7.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე სახელშეკრულებო პირობებს კარგად იცნობდა, რომლის თანახმად, ამ უკანასკნელს, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლო ეკისრებოდა.
7.2 მოპასუხის განმარტებით, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო სსსკ-ის 418-ე მუხლის დაცვითაა ჩამოყალიბებული, თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე, რომლის შესრულების ვალდებულებაც ხელშემკვრელი მხარეების ხელმოწერით დადასტურებულია.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
8.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
8.1.1 მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით დაკავებული თანხიდან - 591 958 ლარის გადახდა დაეკისრა;
8.1.2 მოსარჩელის სარჩელი უკანონოდ დაკავებული თანხისა და მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
8.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) სსკ-ის 115-ე, 394-ე, 412-ე, 417-420-ე მუხლებით და განმარტა, რომ მოსარჩელეს შესაბამისი მტკიცებულება არ წარუდგენია, რაც მოპასუხის მიერ დღგ-ის თანხის უკანონოდ დაკავების ფაქტს დაადასტურებდა, რამდენადაც ხელშეკრულების 14.2.1 ქვეპუნქტით, მიმწოდებელი კისრულობდა პასუხისმგებლობას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, გადაეხადა შემსყიდველისათვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სახელშეკრულებო ღირებულების 0.07%, ხოლო სახელშეკრულებო ღირებულებაში ასევე დღგ-იც შედიოდა.
8.3 საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ისეთ ვითარებაში, როდესაც, მართალია ვადის გადაცილებით, მაგრამ, საბოლოოდ, მოსარჩელემ სამუშაოები შეასრულა, ხოლო მოპასუხემ იგი მიიღო, ამ უკანასკნელის მიერ ნარდობის საზღაურის სახით მოსარჩელისათვის გადასახდელი თანხის - 802137.95 ლარის სრულად დაკავება პირგასამტეხლოს დანიშნულებას (მიზანს) არ შეესაბამება და უფრო მოსარჩელის დასჯას ემსახურება, შესაბამისად, მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს სახით დარიცხული თანხა 0.07%-დან 0.02%-მდე უნდა შემცირდეს. ხელშეკრულების ღირებულებას, 5652496.76 ლარს, უნდა დაერიცხოს 0.02% პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც 186 დღის გათვალისწინებით - 210180 ლარს შეადგენს, ხოლო პირგასამტეხლოს სახით დაკავებული თანხიდან დარჩენილი სხვაობა - 591958 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს.
9. სააპელაციო საჩივარი
9.1 მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
10.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10.2 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომლის თანახმად, მოსარჩელის მხრიდან სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილებით, მას დიდი ზიანი მიადგა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარდგენილი არ არის.
10.3 სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლო მართებულად მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და სწორად შეამცირა იგი 210180 ლარამდე.
10.4 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მხრიდან პირგასამტეხლოს სახით დაკავებული თანხა - 802137.95 ლარი ძირითადი ვალდებულების ღირებულებასთან (5338883.08 ლარი) და ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეულ შესაძლო ზიანთან მიმართებით პირგასამატეხლოს არაგონივრულად მაღალ ოდენობას წარმოადგენს, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად, გონივრულად განსაზღვრა.
11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
11.1 მოპასუხემ (შემკვეთმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
11.2 კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შემკვეთს, მოსარჩელის ქმედების გამო, საკმაოდ დიდი ზიანი მიადგა. კასატორის მტკიცებით, უდავოა, რომ მოპასუხე მთელი საქართველოს მასშტაბით სადრენაჟე და საირიგაციო საქმიანობას ახორციელებს და მოქალაქეებთან არხის სარეაბილიტაციო გეგმაში ჩასმის შემდეგ, გარკვეულ ვალდებულებებს იღებს, შესაბამისად, კომპანიისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით პროექტის დასრულება ძალიან მნიშვნელოვანია.
11.3 კასატორის განმარტებით, სასამართლომ ის ფაქტობრივი გარემოებაც არ გაითვალისწინა, რომ შემკვეთი ყოველთვის დიდ დათმობაზე მიდიოდა და მოსარჩელეს სამუშაოების დასრულებაში ხელს უწყობდა, რომლის დასტურია, ის არაერთი შეთანხმება, რომელიც კომპანიამ მოსარჩელესთან გააფორმა. ამასთან, მოსარჩელეს ხელშეკრულების დადებისა და რამდენჯერმე შეთანხმების გაფორმების დროს პრეტენზია პირგასამტეხლოს პუნქტის შეცვლის თაობაზე არ გამოუთქვამს.
11.4 მოსარჩელის განმარტებით, აჯამეთის სარწყავი სისტემიდან წყალი მიეწოდება სამი მუნიციპალიტეტის - ზესტაფონის, თერჯოლისა და ბაღდათის მოსახლეობას. გასარწყავებული 3050 ჰა უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოსარჩელის გამო, მოპასუხემ მოსახლეობას მომსახურება ვერ გაუწია. სამელიორაციო წყლის მომსახურებაზე - მიწის ნაკვეთის გასარწყავება 1 ჰა ფართობზე 75 ლარს შეადგენს, შესაბამისად, ნათელია, მოპასუხეს მოსარჩელის ქმედების გამო რა ზიანი მიადგა.
11.5 კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ ვალდებულების შესრულებას 186 დღით გადააცილა. აღნიშნული პერიოდი მორწყვის სეზონია და, შესაბამისად, იმ დროს, როცა ხალხს წყალი დათესილი მოსავლის მოსარწყავად სჭირდებოდა, სამელიორაციო არხების რეაბილიტაცია არ იყო დასრულებული, შესაბამისად, პირგასამტეხლოს თანხა არაფერია იმ ზიანთან, რაც მოპასუხემ მოწინააღმდეგე მხარის ბრალეულობით განიცადა.
11.6 მოსარჩელის მტკიცებით, ორივე ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს თანხის დაკისრების თაობაზე არასწორად იმსჯელა. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ პირგასამტეხლოს განაკვეთი 0.07%-დან 0.02%-მდე შემცირდა და საბოლოოდ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 591958 ლარის გადახდა დაეკისრა, იმ დროს, როცა 0.02% აღნიშნულ თანხას არ შეესაბამება.
11.7 კასატორის განმარტებით, მოპასუხის მიერ მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო, ვადაგადაცილებულ 173 დღეზე ხელშეკრულების თავდაპირველი ღირებულების 0.07%-ს შეადგენდა, ხოლო 13 ვადაგადაცილებული დღის პირგასამტეხლო, მოპასუხემ შემცირებული ხელშეკრულების ღირებულების თანხიდან დაიანგარიშა.
11.8 კასატორის მტკიცებით, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას, შესაბამისად, თუ მხარეს ადვოკატი ჰყავს, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია, თავად მეწარმეა და ა.შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუსაბამოდ მაღალი, მხარეთა ნამდვილ ნებას შეესაბამება და შემცირებას არ ექვემდებარება (საქმე Nას 1451-1371-2017). კასატორის განმარტებით, მოსარჩელე მოპასუხესთან მიმართებით სუსტ მხარეს არ წარმოადგენს, რამდენადაც საკმაოდ ძლიერი საზოგადოებაა.
11.9 მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს პირგასამტეხლოს თანხის 0.07%-ის დაკისრებაც ვერ უნაზღაურებს იმ ზიანს, რაც მოსარჩელემ იმ კონკრეტულ პერიოდში მიაყენა. პირგასამტეხლოს "აშკარა შეუსაბამობის" თაობაზე მტკიცებულებებს კი ის პირი წარადგენს, რომელიც მის შემცირებას მოითხოვს. ამ შემთხვევაში საქმეში წარდგენილია მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომ ნამდვილად ვადაგადაცილებით სრულდებოდა სამუშაოები და არ არის გამამართლებელი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების საშუალება მიეცემოდა.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 13 მაისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
19. კასატორი სადავოდ ხდის, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირებას.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელემ (მენარდემ) მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობა (ვალდებულების შესრულების ვადა) დაარღვია და მას პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა წარმოეშვა.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი).
22. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ - (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მართალია, აღნიშნული საკანონმდებლო დათქმა არ გულისხმობს სასამართლოს მიერ უპირობოდ, ყველა შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს შემცირებას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი), სასამართლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიაჩნია, მენარდის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გათვალისწინებით.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგულიხმოა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა საკასაციო სასამართლომ: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ.,სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი) “.
25. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიები, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის, ვინაიდან, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად იმსჯელეს პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერებაზე, რა დროსაც მხედველობაში მიიღეს შემკვეთის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო, ხელშეკრულების საერთო ღირებულება, შეუსრულებელი ვალდებულების ნაწილისა და ვადის დარღვევის ხარისხი. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის მიერ მითითებული ზიანი, საქმეში შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის გამო, არ დასტურდება.
26. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაც (საქმე Nას 1451-1371-2017) საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს არ წარმოადგენს, ვინაიდან დასახელებულ გადაწყვეტილებაში საუბარია მოიჯარის მიერ ვალდებულების დარღვევაზე, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების გაუფორმებლობას ეხება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ საქმეში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, მოცემული საქმისგან განსხვავდება, რამეთუ მოცემულ შემთხვევაში, მენარდის მიერ ვალდებულების შესრულება სახეზეა, თუმცა - ვადაგადაცილებით.
27. საკასაციო სასამართლო კასატორის წინამდებარე განჩინების 11.6-11.7 ქვეპუნქტებში მითითებულ პრეტენზიასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მხარეთა შორის, 2017 წლის 19 ივნისს გაფორმებული შეთანხმებით, შესასრულებელ სამუშაოებში ცვლილება შევიდა და ხელშეკრულების ღირებულება 546503.23 ლარით შემცირდა, რამაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა შეცვალა და ხელშეკრულების საბოლოო ღირებულებად - 5652496.76 ლარი განისაზღვრა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სწორედ საბოლოოდ განსაზღვრული ხელშეკრულების ღირებულებით უნდა დაანგარიშდეს შესამცირებელი პირგასამტეხლო, რაზეც მართებულად მიუთითეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა.
28. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი, ამასთან, კასატორმა ვერ დაამტკიცა სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილებით განცდილი ზიანი, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად იმსჯელეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე სსკ-ის 420-ე მუხლით - სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო - მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და მართებულად შეამცირა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 14.2.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირაგასამტეხლო 0.07%-დან 0.02%-მდე.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კასატორის (მოპასუხის) საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს.მ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ს.მ–ას“ (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის (საგადახდო დავალება N222, გადახდის თარიღი 2019 წლის 19 აპრილი), 70% –5600 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე