საქმე №ას-718-2019 4 ოქტომბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ზ.დ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ბ–ძე, ამხანაგობა „ მ“-ის წევრები: გ.ლ–ი, ნ.ს–ძე, ე.გ–ი, ლ.ხ–ძე, მ.ქ–ი, ნ.ჭ–ია, ნ.ჭ–ია, ქ.კ–ი, გ.ს–ი, თ.ა–ძე, ნ.ს–ძე, ნ.მ–ი, ანუ ბ–ძე, გ.ნ–ია, თ.დ–ი, შ.დ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უძრავ ნივთზე მესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ქალაქ თბილისში, მ–სა და .... ქუჩებს შორის მდებარე საერთო ეზო, დაზუსტებული ფართობი 1920.00 კვ.მ, /ს/კ ...../, ამხანაგობა „მ-ის“ (შემდეგში: ამხანაგობა, მოპასუხე) საკუთრებას წარმოადგენს (ტ.1, ს.ფ. 43-44).
2. უძრავი ქონების საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია საკუთრების უფლების მოწმობა N4924, დამოწმების თარიღი 15/12/2010, ქ. თბილისის საკრებულო (ტ.1, ს.ფ. 43-44).
3. ამხანაგობას წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ მისამართზე არსებული N64 ავტოფარეხი (შემდეგში: სადავო ქონება, ავტოფარეხი) არ განუკარგავს, შესაბამისად, მითითებულ უძრავ ქონებაზე ამხანაგობის საკუთრების უფლება სხვა მესაკუთრეებთან ერთადაა მითითებული (იხ.ტ.1, ს.ფ. 286-287);
4. სადავო ავტოფარეხი შოთა ბაზღაძის სახელზე (შემდეგში: მოსარჩელის მამა ან მამკვიდრებელი) იყო განაწილებული (იხ.ტ. 1, ს.ფ. 32, 34);
5. ამხანაგობამ, 2010 წლის 28 აპრილის კრების ოქმის თანახმად, გადაწყვეტილება მიიღო, საერთო ეზოში არსებული ამხანაგობის სარგებლობაში/მფლობელობაში არსებული ავტოფარეხების ტერიტორიის დაკანონებისა და მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნით აღიარების კომისიისათვის მიემართა (იხ.ტ. 1, ს.ფ. 36-38);
6. ამხანაგობის 2015 წლის 11 აგვისტოს კრების ოქმის თანახმად, ზ.დ–მა (შემდეგში: მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ან დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირი, აპელანტი, კასატორი) ამხანაგობას სადავო ავტოფარეხის მის სახელზე რეგისტრირების თხოვნით მიმართა და ვალდებულება აიღო, ამხანაგობის კუთვნილ ანგარიშზე 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი ჩაერიცხა. ოქმის თანახმად, კრებამ დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირის მოთხოვნა დააკმაყოფილა (ტ.1, ს.ფ. 288-289).
7. დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირს, ამხანაგობისათვის გადახდილი 5000 აშშ დოლარი უკან დაუბრუნდა (ტ.1, ს.ფ. 328, ტ.2, ს.ფ. 152).
8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით, დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირის მოთხოვნა სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით შეჩერდა. დასკვნის თანახმად, განმცხადებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს კრების ოქმი, სადაც გადაწყვეტილება ამხანაგობის წევრთა 100%-ის მიერ იქნა მიღებული (ტ.1, ს.ფ. 301).
9. ამხანაგობამ, 2017 წლის 21 ივლისს, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა განიხილა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებული სარჩელი ცნო. ამხანაგობამ, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ მოსარჩელე აღიარა. კრებას ამხანაგობის წევრთა 100% ესწრებოდა (ტ.1, ს.ფ. 169-172).
10. სარჩელის საფუძვლები
10.1 გ.ბ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე), 2015 წლის 21 დეკემბერს, სარჩელი აღძრა ამხანაგობის წინააღმდეგ (შემდგომში დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად ამხანაგობის წევრები მიეთითა) და მოითხოვა სადავო ავტოფარეხის მესაკუთრედ ცნობა.
10.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ მამამისი ამხანაგობის წევრი იყო და სადავო ავტოფარეხი ყოველთვის მას ეკუთვნოდა, რაც, როგორც ამხანაგობის წევრთა პოზიციით, ასევე - საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, მათ შორის - ამხანაგობის წევრებზე ავტოფარეხების განაწილების დამადასტურებელი დოკუმენტით.
10.3 მოსარჩელის განმარტებით, ამხანაგობის წევრებმა, 2008 წელს, თავიანთი წილი ავტოფარეხები საკუთრების უფლებით აღირიცხეს, N64 ავტოფარეხი დარჩენილია ამხანაგობის საკუთრებაში, რადგან საკუთრების რეგისტრაციის მომენტისათვის მამამისი გარდაცვლილი იყო, ხოლო მას რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია არ გააჩნდა.
10.4 მოსარჩელის განმარტებით, ამხანაგობამ 2015 წლის ოქტომბერში მოსარჩელისათვის სადავო ავტოფარეხის გადაცემის საკითხი დადებითად გადაწყვიტა. მოსარჩელემ კრების ოქმი საჯარო რეესტრში წარადგინა, თუმცა ოქმში ტექნიკური ხარვეზის არსებობის გამო წარმოება შეჩერდა. მოსარჩელემ ხარვეზის გამოსწორების მიზნით, ამხანაგობის თავმჯდომარეს მიმართა, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ოქმი რეალობას ასახავდა, ხარვეზის გამოსწორებაზე უარი განაცხადა.
11. მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა
11.1 დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სადავო ავტოფარეხის საკუთრებაში გადაცემა.
11.2 დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირმა განმარტა, რომ ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) მე-4 მუხლის მე-2 ქვეპუნქტის შესაბამისად, არსებობს მისი სადავო ავტოფარეხის მესაკუთრედ ცნობის საფუძველი, რადგან ავტოფარეხით 2014 წლიდან სარგებლობს, ამასთან, ამხანაგობის 2015 წლის 11 აგვისტოს კრების ოქმით დასტურდება, რომ ამხანაგობამ სადავო ავტოფარეხის მის საკუთრებაში გადაცემის ნება გამოხატა.
12. ამხანაგობის შესაგებელი
12.1 ამხანაგობამ სასამართლოში წარდგენილი 2017 წლის 21 ივლისის კრების ოქმით თავდაპირველი სარჩელი ცნო და განმარტა, რომ დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირისათვის სადავო ავტოფარეხის გასხვისებაზე საუბარი იყო, თუმცა ამხანაგობის წევრთა ნაწილი ამას მხოლოდ იმ პირობით დათანხმდებოდა, თუ ამხანაგობის ყველა წევრი თანხმობას გამოთქვამდა, რაც არ მოხდა, შესაბამისად, მესამე პირს ამხანაგობის ანგარიშზე შეტანილი თანხა (5000 აშშ დოლარი) უკან დაუბრუნდა.
13. მოსარჩელისა და მოპასუხის შესაგებელი მესამე პირის დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნაზე
13.1 მოსარჩელემ (დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირის სარჩელის პირველი მოპასუხე) და მოპასუხემ (ამხანაგობამ) წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სადავო ავტოფარეხს კარი არ აქვს და ავტოფარეხით სარგებლობა ნებისმიერ პირს შეუძლია. მათი განმარტებით, არაუფლებამოსილი პირის მიერ სადავო ავტოფარეხის მხოლოდ სარგებლობის ფაქტი არ შეიძლება, საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი გახდეს, იმის გათვალისწინებით, რომ დავა სავალდებულო რეგისტრაციით დაქვემდებარებულ უძრავ ნივთზეა.
14. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
14.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა.
14.1.1 მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო ავტოფარეხის მესაკუთრედ.
14.1.2 დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
14.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) სსკ-ის 183-ე მუხლით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგში: სსსკ) მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, მე-4, 102-ე მუხლებით; სპეციალური კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, მე-10, 31-ე მუხლებით.
15. სააპელაციო საჩივარი
15.1 დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
16.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
16.2 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ 2015 წლის 11 აგვისტოს კრების ოქმის საფუძველზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა იმ საფუძვლით, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება არ არსებობდა. ამის შემდეგ, 2017 წლის 21 ივლისს გაიმართა ამხანაგობის კრება, რომელსაც, ოქმის თანახმად, წევრთა 100% ესწრებოდა. კრებაზე მიღებულ იქნა ავტოფარეხის მესაკუთრედ მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილება.
16.3 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ამხანაგობის 2015 წლის 11 აგვისტოს კრების ოქმის თანახმად, აპელანტს სადავო ავტოფარეხზე საკუთრების უფლება უნდა გადასცემოდა 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის სანაცვლოდ. აპელანტმა პირობა შეასრულა, თუმცა, მას თანხა მისივე მოთხოვნის საფუძველზე უკან დაუბრუნდა, რაც ურთიერთობიდან გასვლის თაობაზე თავად აპელანტის ნებას ადასტურებს.
16.4 სააპელაციო სასამართლომ სპეციალური კანონის მე-4 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე მიუთითა, ასევე - იმავე კანონის მე-10 მუხლზე და განმარტა, რომ იმისათვის, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო ქონება ან სამეურნეო სათავსები გადაეცეს, საჭიროა მხოლოდ ერთი პირობა, სპეციალური კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად მოწვეულ კრებაზე, საჭირო რაოდენობის ამხანაგობის წევრებმა, ამის ნება გამოხატონ, რაც მოცემულ შემთხვევაში არ ვლინდება.
17. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
17.1 მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
17.2 კასატორის განმარტებით, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სადავო ავტოფარეხის /..../ მესაკუთრეა ამხანაგობა, ხოლო პირველადი რეგისტრაციის საფუძველია საკუთრების მოწმობა, სადაც მითითებულია ამხანაგობის წევრები, ხოლო ამხანაგობა, რომლის საკუთრება რეგისტრირებულია ..... საკადასტრო კოდით, სხვა ამხანაგობა არის, რომლის წვრებიც სხვა პირები არიან.
17.3 კასატორის განმარტებით, საქმეში წარდგენილია 2015 წლის 11 აგვისტოსა და 2017 წლის 21 ივლისის კრების ოქმები, პირველ ოქმზე ხელს აწერენ პირები, რომლებიც იყვნენ .... კოდით რეგისტრირებული ქონების მესაკუთრე ამხანაგობის წევრები, ხოლო 21 ივლისის კრების ოქმს ხელ აწერენ სხვა ამხანაგობის წევრები, რომელთა საკუთრება ..... საკადასტრო კოდით არის რეგისტრირებული.
17.4 კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად გამოიკვლია მოპასუხეთა წრე, კერძოდ, სასამართლომ მხარედ ჩართო ამხანაგობის წევრები: თ.დ–ი, შ.დ–ი, თ.ა–ძე და გ.ს–ი, რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნული პირების თანამოპასუხეებად ჩართვა დარღვევაა, ვინაიდან მათ შესაგებელი არ წარუდგენიათ სასამართლოში.
17.5 კასატორის განმარტებით, მან აღიარების კომისიას მიმართა, მის მფლობელობაში არსებული ავტოფარეხის დაკანონების მოთხოვნით, ამასთან, მოსარჩელის მამკვიდრებელი აღნიშნულ ავტოფარეხს 2002 წლიდან აღარ ფლობდა, ვინაიდან ქონება მამკვიდრებლის სიცოცხლეში ჯერ კიდევ სპეციალური კანონის ამოქმედებამდე გასხვისდა.
18. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
18.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
21. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სპეციალური კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების საგანია ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული ბინა, აგრეთვე - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.). იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა. ხოლო, სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, საერთო ქონების იმგვარი განვითარების შემთხვევაში, რომელიც გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, გადაწყვეტილების მიღებას ანდობს ამხანაგობის მხოლოდ ყველა წევრს (მე-10 მუხლი).
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე, ზემოაღნიშული სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონის საფუძველზე, სადავო ავტოფარეხის მესაკუთრედ 2017 წლის 21 ივლისის კრების ოქმის საფუძველზე კანონიერად იქნა აღიარებული, რომელსაც ამხანაგობის წევრთა 100% ესწრებოდა.
27. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს, ამ განჩინების 16.2-16.3 ქვეპუნქტში ასახულ ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და განმარტავს, რომ არ არსებობს ამხანაგობის ყველა წევრის ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება, კასატორისათვის სადავო უძრავი ქონების გადაცემის შესახებ, ამასთან, უდავოა, რომ კასატორს ამხანაგობის 2015 წლის 11 აგვისტოს კრების ოქმის თანახმად, საკუთრების უფლება 5000 აშშ დოლარის გადახდის ნაცვლად უნდა გადასცემოდა, რომელიც, მართალია, ამ უკანასკნელმა გადაიხადა, თუმცა მოგვიანებით უკან დაუბრუნდა.
28. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ 2018 წლის 24 აპრილის სხდომაზე გაკეთებულ განმარტებაზეც (იხ. ტ.1, ს.ფ 388), რომლის თანახმად, იგი სადავო ავტოფარეხით 2014 წლამდე არ სარგებლობდა. ამასთან, მას პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სადავოდ არ გაუხდია, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ უძრავი ქონების მოსარგებლე მოსარჩელის მამკვიდრებელი იყო.
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის მიერ მითითებული საკასაციო პრეტენზიები, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობას არ ქმნის, ვინაიდან კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ წარმოადგინა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, მესამე პირის სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობა.
30. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს წინამდებარე განჩინების 17.2-17.4 ქვეპუნქტებში მითითებულ საკასაციო პრეტენზიებს და მიუთითებს, რომ სპეციალური კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა – მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანებაა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ამხანაგობის წევრთა ვინაობა დადგენილია, რაც არ გამხდარა სადავოდ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოშიც. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, სსსკ-ის 219-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელში და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში მთავარ სხდომამდე, მხარეთა მიერ გაცხადებული პოზიციებით ხელმძღვანელობს სასამართლო, რაც უზრუნველყოფს კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვას.
31. საკასაციო სასამართლო 17.4 ქვეპუნქტში მითითებულ საკასაციო პრეტენზიასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ამხანაგობის წევრებმა, მათ შორის ზემოაღნიშნულ ქვეპუნქტში მითითებულმა წევრებმა, 2017 წლის 21 ივლისის კრების ოქმით, მოსარჩელის სარჩელი ცნეს, ამასთან, კრების ოქმის თანახმად, ამხანაგობის თავმჯდომარე უფლებამოსილი იყო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ამხანაგობის ინტერესები წარედგინა სასამართლოში.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კასატორების საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
33. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.დ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ზ.დ–ს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ.კ–ის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 610 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2019 წლის 27 ივნისი), 70% – 427 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე