საქმე №ას-814-2019 4 ოქტომბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „მ.“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ხელშეკრულებიდან გასვლა (ძირითად სარჩელში); პირგასამტეხლოს დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდეგში: მოპასუხე, შემსყიდველი, სამინისტრო, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში (....) გაიმარჯვა შპს „მ-მ“ (შემდეგში: მოსარჩელე, მიმწოდებელი, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, აპელანტი, კასატორი იხ. ტ. 1, ს.ფ. 13-16, 18-22).
2. შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის, 2017 წლის 13 ივნისს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №444 ხელშეკრულება, რომლის თანახმად მიმწოდებელმა ვალდებულება იკისრა, შემსყიდველისათვის ხელშეკრულების N1 დანართით გათვალისწინებული ქსელის კაბელები ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 კალენდარულ დღეში, 2017 წლის 2 აგვისტოს ჩათვლით მიეწოდებინა. ხელშეკრულების ღირებულება - 89995 (ოთხმოცდაცხრა ათას ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით განისაზღვრა (იხ. ხელშეკრულება - ტ. 1, ს.ფ. 13-17).
3. ხელშეკრულების 6.3 ქვეპუნქტით განისაზღვრა, რომ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 სამუშაო დღეში ვალდებული იყო, შემსყიდველი ორგანიზაციის ინსპექტირების ჯგუფისათვის ,,ფასების ცხრილით“ გათვალისწინებული მისაწოდებელი საქონლის თითო ეგზემპლარი წარედგინა (იხ. ხელშეკრულება - ტ. 1, ს.ფ. 14).
4. მიმწოდებელმა, 2017 წლის 10 ივლისსა და იმავე წლის 20 ივლისს, შემსყიდველს წერილობით მიმართა და ხელშეკრულების შეწყვეტა ან ბათილად ცნობა მოითხოვა, იმ მოტივით, რომ ეგზემპლარების მიწოდების ვალდებულება სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული არ ყოფილა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ტენდერში მონაწილეობას არ მიიღებდა (იხ. ტ.1, ს.ფ. 23-24).
5. სამინისტროს 2017 წლის 25 ივლისის წერილით, მიმწოდებელს ეცნობა, რომ ეგზემპლარების მიწოდების მოთხოვნას პრევენციის მიზანი ჰქონდა და ამ უკანასკნელს ეთხოვა ორი სამუშაო დღის ვადაში შემსყიდველისათვის ეცნობებინა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ხელშეკრულების სადავო პუნქტის გაუქმებასთან დაკავშირებით (იხ. ტ.1, ს.ფ. 26-27).
6. შემსყიდველმა 2017 წლის 10 აგვისტოს წერილით გააფრთხილა მიმწოდებელი, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით, ხოლო 2017 წლის 8 სექტემბრის წერილით მიმწოდებელს შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს - 8999.5 ლარის დაკისრების თაობაზე აცნობა (იხ. ტ.1, ს.ფ. 97-98, 151-152).
7. მიმწოდებელს შემსყიდველისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრულ 50-დღიან ვადაში, ნასყიდობის საგანი არ მიუწოდებია (იხ. ტ.2, ს.ფ. 75).
8. სარჩელის საფუძვლები
8.1 მოსარჩელემ 2017 წლის 7 აგვისტოს სარჩელი აღძრა წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული ხელშეკრულების მოშლილად ცნობა.
8.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე აღმოჩნდა გასაფორმებელი ხელშეკრულების სატენდერო დოკუმენტაციაში მოპასუხის მიერ ატვირთული პროექტისაგან განსხვავება, მოსარჩელის მდგომარეობის გამაუარესებული დათქმების არსებობა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა.
8.3 მოსარჩელემ განმარტა, რომ ხელშეკრულების პროექტი 6.3 ქვეპუნქტს არ ითვალისწინებდა.
8.4 მოსარჩელემ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, ვინაიდან ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანების შესაბამისად, თუ ტენდერში გამარჯვებული სუბიექტი უარს იტყოდა ხელშეკრულების გაფორმებაზე, ეს გამოიწვევდა მის უპირობო რეგისტრაციას ე.წ ,,შავ სიაში“, რითაც რეგისტრაციიდან ერთი წლის განმავლობაში მას მოესპობოდა საშუალება, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა მიეღო.
8.5 მოსარჩელემ მიუთითა, რომ მის მიერ წარდგენილი აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დადგინდება, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობამ გამოიწვია, რითაც მოსარჩელე საჯარიმო სანქციებს თავიდან აირიდებს და არ აღმოჩნდება ,,შავ სიაში“.
9. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა
9.1 შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის, წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის - 8999.5 ლარის შეგებებული მოპასუხისათვის დაკისრება წარმოადგენს.
9.2 შეგებებული მოსარჩელის განმარტებით, მიმწოდებელს, შემსყიდველისათვის წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 სამუშაო დღეში მისაწოდებელი საქონლის თითო ეგზემპლარი უნდა წარედგინა, რაც მან 2017 წლის 22 ივნისს განახორციელა, თუმცა დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ წარდგენილი ნიმუში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.
9.3 შეგებებული მოსარჩელის განმარტებით, მას შემდეგ, რაც მიმწოდებლისათვის ცნობილი გახდა, რომ სამინისტროსათვის წარდგენილი საქონელი მის მიერვე ტენდერში შეთავაზებულ საქონლის ტექნიკურ მახასიათებლებს არ შეესაბამებოდა, შემსყიდველს ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით მიმართა.
9.4 შეგებებული მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან მიმწოდებელის მიერ წარდგენილი ნიმუშის ეგზემპლარები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, სამინისტრომ მიმწოდებელს ხარვეზის გამოსასწორებლადაც 5 დღე განუსაზღვრა, თუმცა ამ ვადის დაცვით მიმწოდებელს შესაბამისი საქონელი არ წარუდგენია. ამასთან, ამ უკანასკნელმა სამინისტროს ხელშეკრულების გაფორმებიდან არც 50 კალენდარული დღეში არ მიაწოდა საქონელი, რაც, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.
10. მოპასუხის პოზიცია თავდაპირველ სარჩელზე
10.1 მოპასუხემ (რომელიც იმავდროულად შეგებებული სარჩელის ავტორია) წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება ორმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე დაიდო. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაცია შედგენილი იყო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მარეგულირებელი კანონმდებლობის სრული დაცვითა და სისტემაში ატვირთული ხელშეკრულების პროექტის პირობების დაზუსტება შესაძლებელი იყო ხელშეკრულების გაფორმების დროსაც, ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანების მე-19 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად.
10.2 მოპასუხის განმარტებით, თუ მოსარჩელეს ხელშეკრულების დადება სადავო ქვეპუნქტის (ხელშეკრულების 6.3 ქვეპუნქტი) გამო არ სურდა, მას შეეძლო, ხელი არ მოეწერა ხელშეკრულებისათვის და „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის N1 ბრძანების პირობების შესაბამისად გაესაჩივრებინა.
11. მოსარჩელის შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე
11.1 შეგებებულმა მოპასუხემ (თავდაპირველმა მოსარჩელემ) წერილობით წარდგენილი შესაგებლით მის წინააღმდეგ აღძრული შეგებებული სარჩელი არ ცნო და სადავოდ გახადა მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის მისაწოდებელი საქონლის ეგზემპლარების წარდგენის ფაქტი.
11.2 შეგებებული მოპასუხის განმარტებით, სამინისტრომ დაარღვია სახელშეკრულებო პირობები, რის გამოც სახელშეკრულებო ურთიერთობაში მოპასუხის დარჩენამ აზრი დაკარგა.
11.3 შეგებებულმა მოპასუხემ პირგასამტეხლოს არაგონივრულ ოდენობაზეც მიუთითა.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება და დასკვნები
12.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით, მიმწოდებლის თავდაპირველი სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
12.1.1 შემსყიდველის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა;
12.1.2 მიმწოდებელს შემსყიდველის სასარგებლოდ, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2017 წლის 13 ივნისის N444 ხელშეკრულების საფუძველზე, ჯარიმის - 8999.5 ლარის გადახდა დაეკისრა.
12.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-317-ე, 327-ე, 352-ე, 361-ე, 405-ე, 417-418-ე, 420-ე, 477-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით.
13. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
13.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება მიმწოდებელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება და შემსყიდველის შეგებებული სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
14.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება;
14.2 სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა სსკ-ის 327-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე და დაადგინა, რომ მხარეებმა ხელშეკრულება თავისუფალი ნების საფუძველზე გააფორმეს, შესაბამისად, მხარეთა ნება, სადავო პუნქტზე შეთანხმებასაც მოიცავდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ არის წარდგენილი.
14.3 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილი ,,თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას,მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი“.
14.4 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კანონი ხელშეკრულებიდან გასვლის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის გარკვეულ წინაპირობებს აწესებს, კერძოდ, ხელშეკრულება უნდა იყოს ნამდვილი, მეორე მხარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას უნდა არღვევდეს და მოთხოვნის კრედიტორი კონტრაჰენტს დამატებითი ვადის ან გაფრთხილების მიცემის გზით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობას უნდა აძლევდეს.
14.5 სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, სამინისტროს მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა, რაც მიმწოდებელს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობას წარმოუქმნიდა, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რაც მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
14.6 სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ საფუძველთან დაკავშირებით, წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული ხელშეკრულების 10.3 ქვეპუნქტზე ,,თუ მიმწოდებელი დამატებით ვადაში არ წარმოადგენს ან ვერ უზრუნველყოფს ინსპექტირების მიზნით წარმოდგენილი ეგზემპლარების შესაბამისობას ხელშეკრულების პირობებთან, შემსყიდველი უფლებამოსილია, შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება“, 10.4-ის ,,ა“ ქვეპუნქტსა ,,თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობებს ვერ შეასრულებს ან/და დაარღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს, შემსყიდველი უფლებამოსილია, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის შეწვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება“ და 10.5 ქვეპუნქტზე ,,ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით“, ასევე, სსკ-ის 417-420-ე მუხლებზე მიუთითა და დაასკვნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მიმწოდებლისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას არ წარმოადგენდა ვალდებულების დარღვევის მოცულობასა და ხასიათთან მიმართებით, ვინაიდან მიმწოდებელს ხელშკრულებით ნაკისრი ვალდებულება საერთოდ არ შეუსრულებია.
15. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
15.1 მიმწოდებელმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის განჩინება, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება და შემსყიდველის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
15.2 კასატორის განმარტებით, სამინისტროს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-19 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, სატენდერო პირობების შეცვლას თავად კანონი უკრძალავდა. ზემოაღნიშნული დანაწესის თანახმად, სატენდერო კომისია უფლებამოსილია, შეცვალოს ელექტრონული ტენდერის პირობები, კერძოდ, ,,წინადადების მიღება დაწყებულია“ სტატუსის მინიჭებამდე, შესაბამისად, კასატორის განმარტებით, სადავოა, რამდენად ჰქონდა სამინისტროს ხელშეკრულების პირობის შეცვლის კანონიერი საფუძველი.
15.3 კასატორი მიუთითებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანების 19-ე მუხლის მე-8 ქვეპუნქტი სამინისტროს მიერ ხელშეკრულების პირობის შეცვლის კანონიერი საფუძველი არ არის, რომლის მიხედვით, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ხელშეკრულებაში დამატებითი პირობები გაითვალისწინოს. კასატორის მტკიცებით, მოცემულ შემთხვევაში, იგულისხმება, რომ დამატებითი პირობები ზემოაღნიშნული სტატუსის მინიჭებამდე უნდა დადგინდეს.
15.4 კასატორი ასევე მიუთითებს, რომ მხარეს ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას უჩნდება ერთგვარი ნდობა, რომ ხელშეკრულების ხელმოსაწერი ეგზემპლარი სრულად შეესაბამება თავის დროზე სატენდერო დოკუმენტაციაში ატვირთულ ხელშეკრულებას და გამოცხადებული ტენდერის სატენდერო პირობებს.
15.5 კასატორის განმარტებით, ნათელია, თუ რატომ არ შეასრულა მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. მიმწოდებელი ხელშეკრულების არსებობის საკითხზე სასამართლო წესით დავობდა, შესაბამისად, ხელშეკრულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო არა მიმწოდებლის არაკეთილსინდისიერი მიდგომით, არამედ ხელშეკრულების პირობებზე შეუთანხმებლობითა და ხელშეკრულებიდან გასვლის სურვილით, შესაბამისად, სადავოა, რამდენად სამართლიანია მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება.
15.6 კასატორის მითითებით, პირგასამტეხლოს არსია, რომ მხარე მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ვალდებულების შესრულების საკითხს, რაც დავის ინიცირების საფუძველი არ ყოფილა, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს შეგებებული სარჩელით მოპასუხის პოზიცია უნდა გაეზიარებინა და პირგასმტეხლოს ოდენობა გონივრული ოდენობით შეემცირებინა.
16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
16.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
19. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილულია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის სამართლებრივი კვალიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე (მიმწოდებელი) სადავოდ ხდის ხელშეკრულებით განსაზღვრულ 6.3 ქვეპუნქტს, მაშინ როდესაც ხელშეკრულების სატენდერო პირობები აღნიშნულ ქვეპუნქტს არ ითვალისწინებდა.
23. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 327-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ“, და განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმების შედეგია, რომელიც მხარეთა თანმხვედრი ნების გამოვლენას გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც მხარეები ცდილობენ, შესაძლოა მხოლოდ კონსესუსის შედეგად დადგეს. სამართლებრივი შედეგი მხარეებს შორის შეიძლება მოიაზრებდეს, როგორც ახალი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას, ისე არსებული უფლება-მოვალეობების შეცვლას ან შეწყვეტას.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების დადება, როგორც წესი, ხორციელდება ორი თანმხვედრი ნების გამოვლენის - ოფერტისა და აქცეპტის მეშვეობით. სწორედ, ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების დადების თაობაზე წინადადების გაკეთება და მეორე მხარის მიერ მისი მიღება არის ხელშეკრულების დადების ჩვეულებრივი მოდელი, რაც მოცემულ შემთხვევაში ვლინდება, კერძოდ, წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული ხელშეკრულებით, მხარეები ორმხრივ უფლება-მოვალეობებზე შეთანხმდნენ, რომლის თანახმად, მიმწოდებელმა ვალდებულება იკისრა, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების N1 დანართით განსაზღვრული უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო შესყიდვის ობიექტი ხელშეკრულების დადებიდან 50 კალენდარული დღის ვადაში შემსყიდველისათვის მიეწოდებინა. ამ უკანასკნელის ვალდებულებას კი, ნასყიდობის ღირებულების 89995 ლარის გადახდა წარმოადგენდა. ამასთან, მხარეებმა ხელშეკრულების 6.3 ქვეპუნქტით გაითვალისწინეს მიმწოდებლის ვალდებულება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფისათვის ,,ფასების ცხრილით“ გათვალისწინებული მისაწოდებელი საქონლის თითო ეგზემპლარი წარედგინა.
25. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და განმარტავს, რომ წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, მიმწოდებელი შემსყიდველის მიერ დაზუსტებულ ხელშეკრულების პირობებს დაეთანხმა, ამასთან, უდავოა, რომ მხარეებმა თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე გააფორმეს ხელშეკრულება, რომელიც სადავო პუნქტზე შეთანხმებასაც მოიცავდა.
26. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს ხელშკრულების გაფორმების დროისათვის მოქმედ ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანების მე-19 მუხლის პირველი ნაწილზე, ,,ტენდერის შემთხვევაში ხელშეკრულება იდება სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული ხელშეკრულების პროექტის საფუძველზე, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებისა და ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადების პირობების შესაბამისად, ან გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში, შესაბამის პირთან მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს“, ასევე, იმავე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომელიც შემსყიდველს ხელშეკრულების დამატებითი პირობების გათვალისწინების უფლებას აძლევდა.
27. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ხელშეკრულების 6.3 ქვეპუნქტი, არა არსებით პირობას, არამედ დამატებით პირობას წარმოადგენს, რომლის ხელშეკრულებიდან ამოღება შემსყიდველმა 2017 წლის 10 ივლისისა და იმავე წლის 17 ივლისის წერილებით მიმწოდებელს შესთავაზა, თუმცა მიმწოდებელს ამგვარი შეთავაზების მიმართ ინტერესი არ გამოუხატავს.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამინისტროს მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა არ დასტურდება, რაც მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობის არარსებობაზე მიუთითებს.
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
30. „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ - (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).
31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო დათქმა არ გულისხმობს სასამართლოს მიერ უპირობოდ, ყველა შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს შემცირებას. სასამართლოს მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის ფარგლებში დარღვეული ვალდებულების გათვალისწინებით, ასევე, შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს - 8999.5 ლარის დაკისრება, პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად არ მიაჩნია, მოპასუხის მიერ შეუსრულებელი ვალდებულების გათვალისწინებით, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს დასკვნით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა პირგასამტეხლო სწორად განსაზღვრეს მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებების მართებულად შეფასების საფუძველზე.
32. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ.“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "მ."-ს (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 449,97 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2019 წლის 27 ივნისი), 70% –314,97 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე