Facebook Twitter

საქმე №ას-18-2019 2 აგვისტო, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

კასატორი – შპს „თ.ჯ–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

წარმომადგენელი - გ.ი–ი, დ.ჩ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.გ.“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

წარმომადგენელი - მ.დ–ი, მ.ჯ–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ს.ქ–მა“ (შემდეგში: შპს „თ.ჯ–მა“ მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი, შემსყიდველი ან კასატორი) 2015 წლის 13 ნოემბერს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი სპეციალური დანიშნულების 24 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად განსაზღვრული იყო 5 800 000 ლარი, დღგ-ის ჩათვლით, თუმცა სატენდერო დოკუმენტაციის 5.4. პუნქტით დაშვებული იყო შესაძლებლობა, პრეტენდენტის მოთხოვნის შემთხვევაში, სახელშეკრულებო ღირებულების განსაზღვრა მომხდარიყო უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი ან ევრო) ელექტრონული ვაჭრობის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით ლართან მიმართებით. სატენდერო დოკუმენტაცია სახელშეკრულებო ღირებულების უცხოურ ვალუტაში დაფიქსირების შესაძლებლობას იძლეოდა (იხ. სატენდერო დოკუმენტაცია; ტ.1, ს.ფ 35-63).

2. შპს „ჯ.გ.მა“ (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, მიმწოდებელი ან აპელანტი) თავის სატენდერო წინადადებაში დააფიქსირა მოთხოვნა სახელშეკრულებო ღირებულების უცხოურ ვალუტაში - ევროში განსაზღვრასთან დაკავშირებით.

3. ელექტრონული ვაჭრობა გაიმართა 2015 წლის 4 დეკემბერს, სადაც მიმწოდებელმა გაიმარჯვა ელექტრონულ ტენდერში შეთავაზებული თანხით - 5 765 000 ლარი, დღგ-ის ჩათვლით (ტ. 1, ს.ფ. 4, ს.ფ. 30).

4. მხარეთა შორის 2015 წლის 22 დეკემბერს გაფორმდა #კ-320 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (შემდეგში: ხელშეკრულება). საქონლის სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა 2 276 137.08 ევროს ოდენობით (სატენდერო დოკუმენტაციის, სატენდერო წინადადებისა და საქ. ეროვნული ბანკის მიერ ელექტრონული ვაჭრობის გამოცხადების დღეს ლარის მიმართ დაფიქსირებული ევროს ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლით).

5. სატენდერო პირობების შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა მიეწოდებინა მოპასუხისათვის 24 ერთეული სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალება, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება გადაეხდა მიმწოდებლისათვის საქონლის შეთანხმებული ფასი - 2 276 137.08 ევროს ეკვივალენტი ლარში, ანგარიშსწორების დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ევროს ოფიციალური გაცვლითი კურსით ლართან მიმართებით (ტ. 1, ს.ფ. 68-73).

6. მხარეთა შეთანხმებით ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ეტაპობრივად: პირველ ეტაპზე 2015 წელს გაიცემოდა ავანსი 500 000 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე ეტაპზე 2016 წლის განმავლობაში - პროპორციულად, ფაქტიურად მიწოდებულ საქონელზე, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. მხარეებმა ასევე განსაზღვრეს, რომ ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ეტაპობრივად მიწოდებული საქონლის პროპორციული ღირებულების შესაბამისად (გარდა ხელშეკრულების 3.1. მუხლით გათვალისწინებული საავანსო ანგარიშსწორებისა), ეროვნულ ვალუტაში უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ანგარიშსწორების მომენტისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული გაცვლითი კურსის შესაბამისად და ავტომანქანების ჩანაცვლებით, რომელთა ღირებულება შეადგენდა 256 900 ლარს (ტ. 1, ს.ფ. 68, ს.ფ. 84).

7. მიმწოდებელმა შემსყიდველს წარუდგინა სს „ს.ბ–ის“ (შემდეგში: ბანკი, გარანტი) მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების გარანტია წინასწარ მოთხოვნილი გარანტიის ნახევარზე - სახელშეკრულებო ღირებულების 2.5%-ის (56 904 ევრო) ოდენობის თანხაზე (იხ. 2015 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულების შესრულების გარანტია და ხელშეკრულება №PE36600-15 ტ. 1, ს.ფ. 101-103).

8. მხარეთა შორის 2015 წლის 28 დეკემბერს და 2016 წლის 4 თებერვალს, გაფორმდა ორი დამატებითი შეთანხმება, რომელთა საფუძველზეც ჯერ 1 600 000 ლარით გაიზარდა ავანსად გასაცემი თანხის ოდენობა და შეადგინა 2 100 000 ლარი, შემდგომ კი 3 700 000 ლარით გაიზარდა და შეადგინა - 5 800 000 ლარი. მოსარჩელემ მიწოდებული თანხა დააკონვერტა ევროში (ტ.1, ს.ფ. 88-95;110; 263).

9. მოსარჩელემ შემსყიდველს 2015 წლის 29 დეკემბერს წარუდგინა ბანკის მიერ გაცემული საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტია, რომელიც გაიცა 1 050 000 ლარზე, ხოლო 2016 წლის 10 თებერვალს მეორე საბანკო გარანტია - 1 850 000 ლარზე (ტ.1, ს.ფ. 104-109).

10. მოსარჩელეს, 2016 წლის მაისისთვის მოპასუხისთვის მიწოდებული ჰქონდა 18 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტებით. მოსარჩელემ, ხელშეკრულებით შეთანხმებული ვალდებულება სრულად შეასრულა 2016 წლის 9 აგვისტოსთვის (ტ.1,ს.ფ. 113-125).

11. შემსყიდველის მხრიდან 2016 წლის 17 მაისის შეთანხმებით განისაზღვრა ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი და მიღება-ჩაბარების აქტების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირი, ვინაიდან 2016 წლის 16 მაისს, შპს „ს.ქ–ი“ (მოპასუხე) შეერწყა შპს „თ.ჯ–ს“. 2015 წლის 22 დეკემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში შემსყიდველ მხარედ განისაზღვრა შპს „თ.ჯ–ი“ ნაცვლად შპს „ს.ქ–ისა“ (ტ.1. ს.ფ. 96).

12. შემსყიდველმა 2015 წლის 30 დეკემბერს გადაიხადა 2 100 000 ლარი, რაც გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით შეადგენდა 795 635.37 ევროს, 2016 წლის 12 თებერვალს გადაიხადა 3 700 000 ლარი, რაც გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით შეადგენდა 1 322 420.39 ევროს, რაც ჯამში 2 215 945.71 ევროს შეადგენდა (ტ.1. ს.ფ. 66-67; 110; 124;).

13. მოპასუხემ ორჯერ მიაწოდა მოსარჩელეს ჩასანაცვლებელი (გასაქვითი) ავტომანქანები, პირველად, 2016 წლის 29 ივნისს 147 500 ლარის ღირებულების ჩასანაცვლებელი ავტომანქანები მიაწოდა, რაც შესრულების დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით 56 107.12 ევროს შეადგენდა. მეორედ, 2016 წლის 17 აგვისტოს მიაწოდა 109 400 ლარის ღირებულების ჩასანაცვლებელი ავტომანქანები, რაც შესრულების დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით 41 782.84 ევროს შეადგენდა (ტ.1, ს.ფ. 124; ს,ფ, 84).

14. ამდენად, სახელშეკრულებო ღირებულების 2 276 137.08 ევროდან მოპასუხის დავალიანება 60 191.37 ევროს შეადგენდა.

15. სარჩელის საფუძვლები

15.1. მიმწოდებელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელს დაჰკისრებოდა:

15.1.1. 60 191,37 ევროს გადახდა, გადახდის დღისთვის არსებული გაცვლითი კურსის შესაბამისად;

15.1.2. პირგასამტეხლოს ანაზღაურება 60 191,37 ევროს 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2016 წლის 20 აგვისტოდან, ვალდებულების სრულად შესრულებამდე;

15.1.3. ხელშეკრულების შესრულების №PE36600-15 საბანკო გარანტიის მომსახურების ანაზღაურება 236,15 ევროს ეკვივალენტი ლარი, №ADV36654-15 საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის მომსახურების თანხა 10452,50 ლარი, 2015 წლის 29 დეკემბრის №ADV36654-15 წლის საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის მომსახურების 4 357.50 ლარი;

15.1.4. მოსარჩელის მიერ ბანკთან 2016 წლის 21 სექტემბერს გაფორმებული №GCLCA00172755-3813598 ხელშეკრულებით ბანკისთვის გადახდილი საპროცენტო სარგებელი, წლიური 7,1%, მოპასუხის მიერ გადაუხდელ 60191,37 ევროზე, რაც სარჩელის წარდგენის მომენტისთვის შეადგენდა 700,39 ევროს;

15.2. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-14 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ მოპასუხეს სრულად არ მოუხდენია ანგარიშსწორება, ამასთან საბანკო გარანტიები არ დაუბრუნებია.

16. მოპასუხის პოზიცია

16.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის თანხის გადახდის ვალდებულება სრულად აქვს შესრულებული, მეტიც, თავად მოსარჩელეს აქვს მასთან თანხის დაბრუნების ვალდებულება.

17. მოპასუხის შეგებებული სარჩელი

17.1. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს, მოითხოვა თავდაპირველ მოსარჩელეს (მიმწოდებელს), შემსყიდველის სასარგებლოდ, 234 934 ლარი დაჰკისრებოდა, ასევე - 2016 წლის 16 აგვისტოდან იმავე თანხაზე პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად 0.1%-ის ოდენობით, რაც სასარჩელო მოთხოვნის წარდგენის დროისათვის 16 782.48 ლარს შეადგენდა.

18. მოსარჩელის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე

18.1. მიმწოდებელი კომპანიის განმარტებით მისი დავალიანება მოპასუხის მიმართ ხელშეკრულების საფუძველზე 234 934 ლარს შეადგენს. აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებით საბანკო გარანტიის ფარგლებში წერილობით მიმართეს ბანკს, როგორც გარანტს, რათა უზრუნველეყო დავალიანების გადახდა, რაზედაც გარანტისაგან უარყოფითი პასუხი მიიღეს.

19. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება

19.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით:

19.1.1. მიმწოდებლის სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხის მიმართ, მოსარჩელის სასარგებლოდ, 60191,37 ევროს ექვივალენტის გადახდის, ამავე თანხის 0,1% პირგასამტეხლოს დაკისრების, საბანკო გარანტიის მომსახურების ანაზღაურების სახით 236,15 ევროს ექვივალენტი ლარის დაკისრების, საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის მომსახურების თანხის 10452,50 ლარის დაკისრების და მოპასუხის მიერ გადაუხდელ 60191,37 ევროზე წლიური 7,1% დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

19.2. შემსყიდველის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, მიმწოდებელს 234 934 ლარი დაეკისრა. სასამართლმ არ დააკმაყოფილა შეგებებული სარჩელის (შემსყიდველის) სასარჩელო მოთხოვნა მიმწოდებლის წინააღმდეგ, 2016 წლის 17 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს სახით, 234934 ლარის 0,1% დაკისრების ნაწილში.

19.3. შემსყიდველის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

19.3.1. მიმწოდებელს დაეკისრა 234 934 ლარი.

19.3.2. შემსყიდველის მოთხოვნა მიმწოდებლის წინააღმდეგ, 2016 წლის 17 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს სახით, 234 934 ლარის 0.1%-ის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

19.4. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 477-ე, 427-ე, 417-ე, 385-ე, 991-ე მუხლებით.

20. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

20.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მიმწოდებელმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შემსყიდველის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

21. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

21.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით მიმწოდებლის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შემსყიდველის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მიმწოდებლის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა:

21.1.1. 60 191.37 ევროს გადახდა, ანგარიშსწორების დღისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით ლარში;

21.1.2. პირგასამტეხლოს გადახდა 60 191.37 ევროს 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2016 წლის 20 აგვისტოდან, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, გადახდის დღისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით ლარში;

21.1.3. მიმწოდებლის სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების სახით, შემსყიდველს დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი საბანკო გარანტიების მომსახურების საკომისიოები, კერძოდ: 21.12.2015 წლის №PE 36600-15 ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის მომსახურების 236.15 ევროს ექვივალენტი ლარში, (ანგარიშსწორების დღისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით), 29.12.2015 წლის №ADV36654-15 წლის საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის მომსახურების 4 357.50 ლარი და 10.02.2016 წლის №ADV37039-16 საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის მომსახურების საკომისიო - 10 452.50 ლარი.

21.1.4. თავდაპირველი მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის (შემსყიდველისათვის), ბანკთან გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობის #GCLCA000172755-3813598 ხელშეკრულებით ბანკისათვის გადასახდელი საპროცენტო სარგებელის - წლიური 7.1%-ის ოდენობით მოპასუხის დავალიანების - 60 191.37 ევროს ოდენობით თანხაზე (დღეში 0.02%), 2016 წლის 21 სექტემბრიდან 60 191.37 ევროს სრულად გადახდამდე, არ დაკმაყოფილდა.

21.2. სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე განჩინების 1-14 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ სსკ-ის 361-ე მუხლის „ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას“ გათვალისწინებით, მოპასუხის ქმედება, რომელსაც, მისივე მოსაზრებით, სრულად ჰქონდა ვალდებულება შესრულებული, თუმცა, მაინც აწვდიდა მოსარჩელეს გასაქვით ავტომანქანებს, უნდა შეფასებულიყო მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებად, ეს უკანასკნელი აღნიშნულს აკეთებდა სწორედ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მიზნით, რადგან მიაჩნდა, რომ ნასყიდობის თანხა არ იყო სრულად გადახდილი.

21.3. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 477-ე „ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება“, 316-ე „კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება“, 317-ე „ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან“ და 361-ე „ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას“ მუხლების მოხმობით განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010წ. საქმე №ას-1220-1480-09).

21.4. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მიმწოდებელმა სრულად შეასრულა, თუმცა, მყიდველმა არ გადაიხადა ნასყიდობის საფასური სრულად, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა 60 191.37 ევროს გადახდა, ანგარიშსწორების დღისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით ლარში.

21.5. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ხელშეკრულების 6.6 პუნქტის „თუ შემსყიდველი არ ასრულებს წინამდებარე ხელშეკრულების მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, მიმწოდებელი უფლებამოსილია შემსყიდველს დააკისროს პირგასამტეხლო, მიმწოდებლისთვის ჩასარიცხი თანხის 0,1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, თანხის ჩარიცხვის დღემდე“ თანახმად განმარტა, რომ გამოკვეთილი იყო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015) - იხ. სუსგ ას-1262-2018.

21.6. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლითაც ის ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა (იხ. წინამდებარე განჩინების 15.1.3 ქვეპუნქტი), სადამფუძნებლო ნორმებად მიუთითა სსკ-ის 394-ე და 408-ე-412-ე მუხლები.

21.7. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 1 ივლისის №ას-167-163-2016 გადაწყვეტილებაზე მიუთითა, სადაც აღნიშნულია, რომ „სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის, 395-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 412-ე მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარე მხოლოდ იმ რისკის მატარებელი შეიძლება იყოს, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შეუსრულებლობასთან და ამდენად, ხელშემკვრელი მხარისაგან შეიძლება იქნეს მოთხოვნილი იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგს წარმოადგენს და რომლის გათვალისწინებაც ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულების დამრღვევ მხარეს შეეძლო ევარაუდა. სწორედ ეს აზრია გატარებული სსკ-ის 412-ე მუხლის სამართლებრივ მიზანში, რომელიც მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურების მოვალეობას ითვალისწინებს, რომლის მოსალოდნელობაც გონივრული წინდახედულობის ფარგლებში სავარაუდო იქნებოდა და რომლის დადგომაც ხელშეკრულების დამრღვევი მხარის მოქმედების ან უმოქმედობის პირდაპირი შედეგია. ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების ფუნქციიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში ნავარაუდევი სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან სწორედ ის გამომდინარეობს, რომ ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელია განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე“.

21.8. დასახელებულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან საბანკო გარანტიებით უზრუნველყოფილი სახელშეკრულებო ვალდებულების სრულად შესრულების მიუხედავად მოპასუხის მიერ უსაფუძვლოდ მოხდა საბანკო გარანტიების დაკავება, შესაბამისად, სავარაუდო ზიანი მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო მოპასუხისათვის (შემსყიდველისათვის), ამასთან, იგი ხელშეკრულების დამრღვევი მხარის, თავად მოპასუხის უმოქმედობის პირდაპირი შედეგი იყო.

21.9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სსკ-ის 411-ე მუხლი აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. სსკ-ის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ. სუსგ .Nას-630-593-2012, 11.06.2012; №ას-459-438-2015, 7.10.2015; №ას-70-66-2017; ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპები 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები).

21.10. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა განსახილველ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების საფუძვლად აპელანტის მიერ მითითებული გარემოება, რომ 2016 წელს დაიწყო ახალი ოფისებისა და სერვისცენტრის მშენებლობა, კომპანიის საკუთარი და ბანკისაგან მოზიდული კაპიტალით, მისაღებ შემოსავლებში გათვალისწინებული ჰქონდათ მოპასუხისაგან ასანაზღაურებელი თანხა 60 191.37 ევროს ოდენობით. დავალიანების გადაუხდელობის გამო მოსარჩელე იძულებული გახდა ბანკისაგან პირველ ტრანშად 270 000 აშშ დოლარის ოდენობით აეღო საბანკო კრედიტი, ხოლო ვალდებულების დროულად შესრულების შემთხვევაში 60 191.37 ევროთი ნაკლები მოცულობის საბანკო კრედიტის აღება მოუწევდა.

21.11. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნული საფუძვლით ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც, იგი ვერ განიხილება მოვალისათვის მოსალოდნელ სავარაუდო და განჭვრეტად იმგვარ გარემოებად, რომელიც პირდაპირ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

21.12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით შემსყიდველის შეგებებული სარჩელის ფაქტობრივ საფუძველს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაცემული თანხის უკან დაბრუნება წარმოადგენდა, რომელიც ავტორის განმარტებით უსაფუძვლოდ ჰქონდა გადახდილი და ექვემდებარებოდა დაბრუნებას, თუმცა, მიმწოდებლის ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში გამოირიცხა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, ვინაიდან კონდიქციური ვალდებულების წინაპირობები არ არსებობდა.

22. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

22.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემსყიდველმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

22.2. კასატორის განმარტებით გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ კასატორს არ ჰქონდა გადახდილი ნასყიდობის საფასური, შესაბამისად, შემსყიდველს პირგასამტეხლო არასწორად დაეკისრა.

22.3. სასამართლოს უნდა შეეფასებინა ყოველ კონკრეტულ დღეს მოყვანილი ავტომანქანის ღირებულება კურსით ლარებში წარმოადგენდა თუ არა ასანაზღაურებელ თანხას იმ პირობებში, როდესაც მიმწოდებელს ავანსი მიღებული ჰქონდა, გასათვალისწინებელი იყო, უნდა გამოეკლო თუ არა მიღება-ჩაბარების აქტებში აღნიშნული ლარები ავანსისთვის.

22.4. სასამართლო მიღება-ჩაბარების აქტებისა და ხელშეკრულების მე-3 მუხლის შეფასებისას არ ეყრდნობოდა კონკრეტულ მტკიცებულებებს, არამედ - მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებებს.

22.5. სასამართლომ აგრეთვე მხედველობაში არ მიიღო მოსარჩელის (მიმწოდებლის) უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი. მან უნდა დააბრუნოს ზედმეტად მიღებული თანხა, რაც სამოქალაქო ბრუნვის არსებითი პირობაა.

23. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

23.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის განჩინებით შემსყიდველის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

23.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 მაისს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად. ამავე განჩინებით დაინიშნა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვა 2019 წლის 24 ივლისს, 13:00 საათზე.

23.3. საქმის ზეპირ განხილვაზე კასატორი დაეთანხმა საკასაციო საჩივარში გამოთქმულ პრეტენზიებს და დამატებით აღნიშნა, რომ მოსარჩელეს სააპელაციო საჩივრით არსებითად სადავოდ არ გაუხდია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მხოლოდ ტექნიკურად გაასაჩივრა, სააპელაციო სასამართლომ კი სააპელაციო საჩივარს აცდენილი გადაწყვეტილება მიიღო. კასატორის განმარტებით სახელშეკრულებო ღირებულება ევროში განისაზღვრა, გადახდის ვალუტა კი ლარი იყო. კასატორი მიიჩნევს, რომ მან მიღებული შესრულების შესაბამისზე მეტი თანხა გადაიხადა. კასატორი აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის სადავოა ხელშეკრულების 3.1 და 3.2 პუნქტების განმარტების საკითხი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზებისა, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

24. სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა ან გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

25. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

27. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ აქვს წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას გამოიწვევდა.

28. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების საფუძველზე საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.1 და 3.2 მუხლების შინაარსი. საკასაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ მოსარჩელემ კეთილსინდისიერად შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსკ-ის 325-ე და მე-8.3 მუხლების განმარტება სამართლიანად და გონივრულად უნდა მოხდეს. შეუძლებელია მეწარმე სუბიექტი დათანხმებოდა იმგვარ პირობას, რაც შემდგომ მას ზიანს მოუტანდა. სააპელაციო სასამართლოს დადგენილი აქვს, რომ თანხის ყოველი გადარიცხვის შემდეგ მოსარჩელე ატყობინებდა მოპასუხეს, თუ რამდენი იყო ევროსთან მიმართებით გადარიცხული თანხა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირობა, რომლის თანახმადაც მიმწოდებელს საქონლის ღირებულების უცხოურ ვალუტაში განსაზღვრა შეეძლო, მიმწოდებელმა კი სახელშეკრულებო ღირებულება ევროში განსაზღვრა, თუმცა გადახდა ეროვნულ ვალუტაში ხორციელდებოდა და ეთითებოდა შესაბამისი კურსით უცხოური ვალუტა.

29. კასატორის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ ხელშეკრულების 3.1 პუნქტის საფუძველზე გასაცემი ავანსი 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი, რომელიც შემდგომში გაიზარდა და შეადგინა 5 800 000 (ხუთი მილიონ რვაასი ათასი) ლარი, მიმწოდებელს უნდა გაეჩერებინა ანგარიშზე და შემსყიდველისათვის მხოლოდ საქონლის მიწოდების შემდეგ და მიწოდებული საქონლის ღირებულების კვალობაზე უნდა გამოექვითა თანხა. მისი მტკიცებით ეს ცალსახად გამომდინარეობს ხელშეკრულების 3.2 პუნქტიდან, რომლის თანახმად, ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, მიწოდებული საქონლის პროპორციული ღირებულების შესაბამისად (გარდა 3.1 პუნქტით გათვალისწინებული საავანსოდ გადარიცხული თანხისა), ეროვნულ ვალუტაში უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ანგარიშსწორების მომენტისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული გაცვლითი კურსის საფუძველზე (იხ. საკასაციო სასამართლოს 24.07.2019წ. სხდომის ოქმი 13:47:10-დან). საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოხსენებულ არგუმენტს და მხარეთა შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების 3.1 და 3.2 პუნქტების საფუძველზე განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მიმწოდებლისათვის ავანსად გადარიცხული თანხა 500 000 ლარიდან შემსყიდველმა გაზარდა და მიმწოდებელს ავანსად გადაურიცხა 5 800 000 ლარი, რითაც შესასყიდი საქონლის ღირებულების უმეტესი ნაწილი პრაქტიკულად გადაიხადა, მან თვითონვე დაუკარგა ხელშეკრულების 3.1 პუნქტით გათვალისწინებულ ავანსს დანიშნულება, გადააქცია რა იგი პრაქტიკულად შესასყიდი საქონლის ღირებულებად, შესაბამისად, სამართლებრივად და ეკონომიკურად დაუსაბუთებელი გახდა 3.2 პუნქტში მითითებული წესის მოქმედება და არასარწმუნოა იმის მტკიცება, თუ რატომ უნდა გაეწია რისკი მიმწოდებელს, ანგარიშზე დაეყოვნებინა თანხა, მით უფრო იმ ვითარებაში, რომ ლარში გადარიცხული თანხის გაცვლით კურსს ევროსთან მიმართებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ატყობინებდა შემსყიდველს, რაზედაც ამ უკანასკნელს არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამს.

30. მიმწოდებლის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 477-ე, 417-ე, 418-ე, 394-ე, 408-ე, 412-ე მუხლებს ეფუძნება და განხორციელებულია შესაბამისი წინაპირობები, ხოლო შემსყიდველის შეგებებულ სარჩელს განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

31. საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით დასტურდება, რომ მიმწოდებელმა გადასცა და შემსყიდველმა მიიღო აღნიშნულ აქტებში დასახელებული საქონელი (იხ. ტ. 1, ს. ფ. 113-125). ხელშეკრულებით დადგენილი იყო, რომ მიმწოდებელს შემსყიდველისათვის 24 ერთეული სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა გადაეცა, ხოლო შემსყიდველს სანაცვლოდ 2 276 137.08 ევროს ეკვივალენტი ლარი უნდა გადაეხადა, ანგარიშსწორების დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ევროს ოფიციალური გაცვლითი კურსით ლართან მიმართებით. საკასაციო სასამართლო იზიარებს მიმწოდებლის პოზიციას, რომ ყოველი ანგარიშსწორებისას ავტომანქანების ღირებულების ევროში დაფიქსირება ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საერთო ღირებულებას, რომელიც ევროში იყო დაკონვერტირებული, გამოაკლებოდა მიწოდებული საქონლის ღირებულება ასევე ევროში, შესაბამისი კურსით. ანგარიშსწორება განხორციელდა შემდეგნაირად: 2015 წლის 30 დეკემბერს შემსყიდველმა გადაიხადა 2 100 000 ლარი, რაც იმ დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით შეადგენდა 795 635.37 ევროს; 2016 წლის 12 თებერვალს გადაიხადა 3 700 000 ლარი, რაც იმ დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით შეადგენდა 1 322 420.39 ევროს; 2016 წლის 29 ივნისს მიაწოდა მოსარჩელეს 147 000 ლარის ღირებულების ჩასანაცვლებელი ავტომანქანები, რაც იმ დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით შეადგენდა 56 107.12 ევროს; 2016 წლის 17 აგვისტოს მიაწოდა მოსარჩელეს 109 400 ლარის ღირებულების ჩასანაცვლებელი ავტომანქანები, რაც იმ დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით შეადგენდა 41 782.84 ევროს. შესაბამისად, ჯამში შემსყიდველის მიერ ორ ტრანშად ჩარიცხული თანხისა და ჩანაცვლების წესით გადაცემული ავტომანქანების ჯამური თანხა, ანგარიშსწორების დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსით შეადგენდა 2 215 945.71 ევროს. ვინაიდან ხელშეკრულების ღირებულება იყო 2 279 137. 08 ევრო, შესაბამისად, კასატორის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 60 191.37 ევროს. აქედან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლო და მოპასუხის მიერ გადახდილი საბანკო გარანტიების მომსახურების საკომისიოები.

32.საკასაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის არსებითად განხილვის ეტაპზეც, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების საფუძველზე, კასატორს არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, საკასაციო საჩივარი დასაბუთებულად მიეჩნია, აღნიშნული კი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

33.საკასაციო საჩივრის უარყოფის გამო კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში (სსსკ-ის 55.2-ე მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 257.1-ე, 408.3-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „თ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე