Facebook Twitter

საქმე №ას-546-2019 4 ოქტომბერი, 2019 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – ნ.ქ–ი, ა.ჩ–ი, მ.დ–ი, ნ.წ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს "კ.ბ–ი" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „კ.ბ–სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი, კრედიტორი ან ბანკი) და ნ.ქ–ს (შემდეგში: პირველი მოპასუხე, მსესხებელი, პირველი აპელანტი ან პირველი კასატორი) შორის, 2015 წლის 19 ოქტომბერს, დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელმა ისესხა 20 000 ლარი 36 თვის ვადით - 2018 წლის 20 ოქტომბრამდე, 1.24% თვიური საპროცენტო სარგებლით. გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირითად თანხას ერიცხებოდა ჯარიმა (იხ. ტ. 1, ს. ფ. 20-22).

2. მსესხებელს სესხი უნდა გადაეხადა ნაწილ-ნაწილ იმდაგვარად, რომ 2016-2017 წლებში წელიწადში სამჯერ: 20 ივნისს, 20 აგვისტოს და 20 ოქტომბერს, ხოლო 2018 წელს ოთხჯერ: 20 ივნისს, 20 აგვისტოს, 20 სექტემბერს და 20 ოქტომბერს უნდა დაეფარა სესხის გრაფიკით გათვალისწინებული ძირითადი თანხა, სარგებელი, სიცოცხლის დაზღვევისა და საკომისიოს თანხები. ხელშეკრულების შესაბამისად, მსესხებელს 2018 წლის 20 ოქტომბრამდე, ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე სულ უნდა გადაეხადა ძირითადი თანხა - 20 000 ლარი, პროცენტი - 8918.92 ლარი, სიცოცხლის დაზღევა - 900 ლარი, საკომისიო - 202.30 ლარი, სულ ჯამში - 30 021 ლარი, რითაც ვალდებულება სრულად იქნებოდა შესრულებული.

3. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, ბანკს და მ.დ–ს (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე აპელატი, მეორე კასატორი და პირველი თავდები) და ნ.წ–ს (შემდეგში: მესამე მოპასუხე, მესამე აპელანტი, მესამე კასატორი ან მეორე თავდები) შორის 2015 წლის 19 ოქტომბერს, ხოლო მოსარჩელეს, ა.ჩ–ს (შემდეგში: მეოთხე მოპასუხე, მეოთხე აპელანტი, მეოთხე კასატორი ან მესამე თავდები) მეორე მოპასუხეს და მესამე მოპასუხეს შორის 2015 წლის 6 ოქტომბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა შემდეგნაირად: მესამე თავდების - 30 005 ლარით, პირველი თავდებისა და მეორე თავდების - 30 021. 23 ლარით (იხ. ტ. 1, ს. ფ. 23-28).

4. მსესხებელმა სესხის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება დაარღვია პირველივე გადახდაზე, მან 2016 წლის 20 ივნისს გრაფიკით გათვალისწინებული 3753.42 ლარის ნაცვლად, 2016 წლის 27 ივნისიდან - 5 ივლისის ჩათვლით ნაწილ-ნაწილ გადაიხადა ჯამში 3453.42 ლარი, რის გამოც დაერიცხა პირგასამტეხლო. მსესხებელმა გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება დაარღვია მეორე გადახდაზეც და 2016 წლის 20 აგვისტოს 2563.28 ლარის ნაცვლად 23.08-დან 31.08-მდე პერიოდში გადაიხადა 2971.84 ლარი, ხოლო 2016 წლის აგვისტოს შემდეგ ვალდებულების შესრულება შეწყვიტა და თანხა საერთოდ აღარ გადაუხდია.

5. მსესხებელმა 2016 წლის ნოემბერში განცხადებით მიმართა მოსარჩელეს და აცნობა, რომ ჰქონდა ფინანსური პრობლემები და სესხის გადახდას ვეღარ შეძლებდა.

6. მსესხებლის მიერ მოსარჩელისთვის სულ გადახდილია - 6477.81 ლარი, საიდანაც დაიფარა ძირითადი თანხა - 2400.00 ლარი, პროცენტი - 3666.70 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 250.05 ლარი, ჯარიმა - 161.06.

7. ხელშეკრულების შეწყვეტის დროისთვის პირველი მოპასუხის ძირითადი დავალიანებაა 17 600 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი - 5 252.22 ლარი, დაზღვევა 649.95 ლარი, საკომისიო 202,30 ლარი, პირგასამტეხლო - 1350.13 ლარი, რაც ჯამში 25 054,60 ლარს შეადგენს.

8. სასარჩელო მოთხოვნა

8.1. ბანკმა 2016 წლის 5 დეკემბერს სარჩელით მიმართა სასამართლოს მსესხებლისა და თავდებების წინააღმდეგ და მათთვის სოლიდარულად კრედიტორის სასარგებლოდ 25 054.6 ლარის დაკისრება მოითხოვა.

9. მოპასუხეთა შესაგებელი

9.1. მოპასუხეებმა წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და განმარტეს, რომ მათ მხოლოდ 8 500 ლარის გადახდა უნდა დაეკისროთ. მსესხებლის განმარტებით მისი ქონებრივი მდგომარეობა გამსესხებლის ბრალით გაუარესდა.

10. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

10.1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით ბანკის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 23 104,52 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 17 600 ლარი, სარგებელი - 5 252,22 ლარი, საკომისიო - 202,30 ლარი, სადაზღვევო პრემია - 50 ლარი, პირგასამტეხლო - 100 ლარი; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

10.2. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 623-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, მე-400, 627-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლებით.

11. მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი

11.1. მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და განმარტეს, რომ მათი დავალიანება 13 200 ლარს შეადგენს.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

12.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-7 პუნქტებში ასახული გარემოებები და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების მტკიცების ტვირთი აპელანტებს ეკისრებათ, რომელთაც მათ მტკიცების საგანში შემავალი სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებაზე სასამართლოსთვის არ მიუთითებია. რაც შეეხება, მოსარჩელის მართლსაწინააღმდგო ქმედების შედეგად აპელანტებისათვის ზიანის მიყენების ფაქტობრივ გარემოებას, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული საკითხი სცილდება განსახილველი საქმის დავის საგანს.

12.3. საქმეში სასესხო ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულების არარსებობის პირობებში, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა სესხის ძირითადი თანხის დავალიანების ოდენობის განსაზღვრის ნაწილში.

12.4. სსკ-ის 867-ე, 873-ე მუხლებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება აპელანტების მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულება, აპელანტებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაეკისრათ დარჩენილი დავალიანების გადახდის ვალდებულება ძირითადი თანხის - 17 600 ლარისა და სარგებლის - 5 252.22 ლარის, საკომისიო მომსახურების 202.30 ლარის, პირგასამტეხლოს - 100 ლარის და სადაზღვევო პრემიის - 50 ლარის ოდენობით.

12.5. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მსესხებლის პრეტენზია მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის საოქმო განჩინების უკანონობასთან დაკავშირებით. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მსესხებელი მოწმეთა დაკითხვას ითხოვდა იმ ფაქტობრივი გარემოების დასამტკიცებლად, რომ ბანკის თანამშრომლებმა მას ზიანი მიაყენეს. იმ პირობებში, როდესაც მსესხებელს მოსარჩელის (გამსესხებლის) წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით შეგებებული სარჩელი არ აღუძრავს და განსახილველი დავა შეეხება მხოლოდ სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოწმეთა ჩვენებებს რაიმე მნიშვნელობა მოცემული დავის გადაწყვეტისთვის არ გააჩნიათ (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 104.1 და 140.4 მუხლები).

13. მოპასუხეთა საკასაციო საჩივრის საფუძვლები

13.1. მსესხებელმა და თავდებებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება და მოითხოვეს, რომ მათი დავალიანება 13 200 ლარით განისაზღვროს.

13.2. კასატორთა განმარტებით სასამართლომ საქმეზე მტკიცებულებათა არასრული გამოკვლევის შედეგად მიიღო არასწორი გადაწყვეტილება, არ დაიკითხნენ მოწმეები, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ მსესხებელს ქონებრივი პრობლემები მოსარჩელის ბრალით შეექმნა.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

16. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.

17. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს სასარჩელო მოთხოვნა სსკ-ის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625.1 (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი), 891-ე (თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად), 895-ე (თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა), 896-ე (თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ), 898.1 (თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე), 417-ე (პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის), 418-ე (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მუხლებიდან გამომდინარეობს.

18. განსახილველ შემთხვევაში კასატორები სადავოდ ხდიან მათზე დაკისრებული დავალიანების ოდენობას და მიიჩნევენ, რომ ვალდებულების დარღვევა გამსესხებლის ბრალით იქნა გამოწვეული. ამ გარემოების დასადასტურებლად კი მოწმეთა დაკითხვა იშუამდგომლეს, რაზეც უარი ეთქვათ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც თუ მოწმეები დაადასტურებდნენ, რომ მსესხებლის საქონელი საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად გაიყიდა, აღნიშნული სარჩელის უარყოფის საფუძველი ვერ გახდებოდა. ამასთან, კონკრეტული ნივთის საბაზრო ღირებულება უნდა დასტურდებოდეს წერილობითი მტკიცებულებით, თუმცა, მიუხედავად ამისა, მსესხებლის მიერ წარდგენილი არგუმენტი დაუსაბუთებელი და შეუსაბამოა.

19. უსაფუძვლოა მსესხებლის შედავება სსკ-ის 401-ე მუხლის გამოყენების მართებულობასთან დაკავშირებით, რადგან დასახელებული ნორმა, თავისი შინაარსით, მოვალის სასარგებლოდ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების უფლებას წარმოშობს, თუმცა, ამ უფლების წარმოშობისთვის დადგენილი უნდა იყოს შემდეგი გარემოება: „ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული“. მოვალის პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებათა დადასტურება და კვლევა, სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, მოვალის მტკიცების საგანში შედის: „თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს“. მაშასადამე, მოვალემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ ვალდებულების ვადაში შესრულებას წინ არაფერი აღუდგებოდა, რომ არა კრედიტორის მხრიდან არსებული ხელისშემშლელი გარემოებანი, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, შესრულებაზე ვალდებულმა პირმა უნდა ამტკიცოს, რომ შესრულება დათქმულ ვადაში განხორციელებადი (შესაძლებელი) იყო, მაგრამ კრედიტორის ქმედებამ შესრულების დაყოვნება გამოიწვია. აღნიშნულის მტკიცება, ობიექტურად, სწორედ მოვალისთვისაა შესაძლებელი, რადგან ქმედება მას უნდა განეხორციელებინა და არა კრედიტორს, რომელიც, თავის მხრივ, შესრულების მიმღებ პირს წარმოადგენდა.

20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები # ას-97-2019, 05.07.2019წ; #ას-1656-2018, 22.02.2019წ; # ას-820-820-2018, 30.11.2018წ.).

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

22. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ქ–ის, ა.ჩ–ის, მ.დ–ის და ნ.წ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ.ქ–ს (პ/ნ .....), ა.ჩ– ს(პ/ნ .....), მ.დ–ს (პ/ნ ......) და ნ.წ–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.ქ–ის (პ/ნ ....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 495,22 ლარის (საგადახდო დავალება N8151178536, გადახდის თარიღი 2019 წლის 8 ივლისს), 70% – 346,65 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე