Facebook Twitter

საქმე №ას-558-2019 4 ოქტომბერი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ა–ა(მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საიჯარო ქირის და პირგასამტეხლოს ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის წესით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ 2011 წლის 11 ნოემბერს გამართულ №70 ელექტრონულ აუქციონზე №45 ლოტზე გამარჯვებულად გამოცხადდა მ.ა–ა (შემდეგში: მოპასუხე ან მოიჯარე), რომელსაც დროებით სარგებლობაში გადაეცა უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ..... მიმდებარედ 6 კვ.მ მიწის ნაკვეთი (იხ. ტ. 1, ს. ფ. 16).

2. სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გამართული ელექტრონული აუქციონის პირობების შესაბამისად, სარგებლობის წლიური საფასური განისაზღვრა 12 050 ლარით. უძრავი ქონების სარგებლობის (იჯარის) ვადა - 5 წელი; აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ,,ბე” ეთვლებოდა ბოლო წლის საიჯარო ქირის გადახდაში. საიჯარო ქირის გადახდა უნდა განხორციელებულიყო 6 თვეში ერთხელ, საანგარიშო თვის 5 რიცხვამდე.

3. მოპასუხის მიერ სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გამართულ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს სახით წინასწარ გადახდილია 500 ლარი.

4. ქ. თბილისის მერიის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მერია ან მეიჯარე) სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილება გათანაბრებულია ხელშეკრულებასთან, რომლის განუყოფელ ნაწილს შეადგენს სარგებლობის პირობები. აღნიშნული სარგებლობის პირობების 8.4 პუნქტით გადაწყვეტილებისა და სარგებლობის პირობების შეუსრულებლობის (დარღვევის) განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მესაკუთრის მიერ მიიჩნევა ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის საფუძვლად. ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება გაწეული ნებისმიერი სხვა ხარჯი.

5. გადაწყვეტილებისა და სარგებლობის პირობების დარღვევის შემთხვევაში ქონების მიმღებ პირს ეკისრება 10.1–10.3 პუნქტებით განსაზღვრული პირგასამტეხლო. 10.1 პუნქტის შესაბამისად, სარგებლობის საფასურის (ქირის) გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო განსაზღვრულია ქირის 0.1%-ის, მაგრამ არანაკლებ 1 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

6. სარგებლობის პირობების 13.3 პუნქტის თანახმად, მესაკუთრის მიერ ელექტრონულად (მათ შორის ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით და სხვ.) ქონების მიმღები პირის მიერ მითითებულ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება, მოთხოვნა და სხვა კორესპონდენცია ძალაშია ადრესატის შესაბამის მისამართზე (მათ შორის, ელექტრონულ ფოსტაზე) შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან.

7. მოპასუხემ 66 დღის ვადაგაცილებით, 2012 წლის 9 ივლისს გადაიხდა საიჯარო ქირის სახით 6 025 ლარი. 2012 წლის 4 ნოემბერს მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირა არ გადაუხდია.

8. მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსგან მოპასუხეს, 2013 წლის 19 ივლისს, გაეგზავნა ელექტრონული შეტყობინება და განემარტა, არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველეყო საიჯარო ქირის დავალიანების და მისი გახდის პირობების დარღვევის შედეგად დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა (იხ. ტ. 1, ს. ფ. 20).

9. მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 10 იანვრის ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 29 ნოემბრის №E-70-45-3697 გადაწყვეტილება ქ. თბილისში, ..... მიმდებარედ 6 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოპასუხისათვის ელექტრონული აუქციონის წესით, იჯარით ფორმით, გადაცემის თაობაზე (იხ. ტ. 1, ს. ფ. 21).

10. მხარეთა შორის ქირავნობის ურთიერთობა შეწყდა 2013 წლის ივლისის თვეში, რა დროსაც მოპასუხეს განესაზღვრა ვადა საიჯარო ქირის დავალიანების და დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდისათვის.

11. სასარჩელო მოთხოვნა

11.1. მერიამ 2015 წლის 4 მაისს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა მოიჯარისათვის, მეიჯარის სასარგებლოდ, საიჯარო ქირის 20 286.92 ლარის, 2015 წლის 30 აპრილის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლოს - 11 332.95 ლარისა და 2015 წლის 30 აპრილიდან დარიცხული საიჯარო ქირის (20 286.92 ლარის) 0.1 %-ის, რაც შეადგენს 12.05 ლარს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი საიჯარო ქირის გადახდამდე, დაკისრება.

12. მოპასუხის შესაგებელი

12.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოთხოვნილ საიჯარო ქირასა და პირგასამტეხლოს არ ეთანხმება.

13. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

13.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით მეიჯარის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ საიჯარო ქირის 13 558 ლარის გადახდა დაეკისრა, ასევე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს 2013 წლის 30 ივლისიდან 1 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის გადახდამდე დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

13.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 361-ე, 531-ე, 581-ე, მე-8, 417-ე, 418-ე, 420-ე, 421-ე, 423-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

14. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

14.1. მოსარჩელემ (მერიამ) სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი ნაწილობრივ გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

15.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

15.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-10 პუნქტებში ასახული გარემოებები და არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება საიჯარო ქირის სახით 6728.92 ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ საიჯარო ქირა გადაიხადა 2012 წლის 9 ივლისს, ხოლო დადგენილი 6 თვის გასვლის შემდეგ, 2012 წლის 4 ნოემბერს მას საიჯარო ქირა არ გადაუხდია. მოპასუხე გაფრთხილებულ იქნა, უზრუნველეყო საიჯარო ქირისა და დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების დარღვევიდან 9 თვის შემდეგ. მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება წერილობითი შეტყობინების მიღების შემდეგაც. აღნიშნული, ხელშეკრულების დანართის (სარგებლობის პირობების) 8.4 პუნქტის შესაბამისად, არსებული საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს. დასაკისრებელ საიჯარო ქირის ოდენობას უნდა გამოაკლდეს ბეს სახით წინასწარ გადახდილი 500 ლარი. შესაბამისად, მოპასუხეს მერიის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საიჯარო ქირის - 13 558 ლარის გადახდა.

15.3. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა სასამართლოს მხრიდან მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სრულად დაკისრებასა და ზედმეტად შემცირებასთან დაკავშირებით.

15.4. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი კონკრეტული ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერი უნდა იყოს, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი გადახდა ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს და ამავდროულად, მხარეებს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან და დროულ შესრულებას აიძულებდეს. მოქმედი სსკ-ით სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს პირგასამტეხლო, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ უნდა იქნას გაგებული იმდაგვარად, რომ სასამართლოს სუბიექტური შეხედულებით ნებისმიერ დროს შეუძლია შეამციროს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. აქვე აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს, განზოგადებულ წესს. მისი განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით ხდება, რაღა თქმა უნდა, ამავე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე.

15.5. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

15.6. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლო მართებულად ჩათვალა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და სწორად შეამცირა იგი 207.22 ლარამდე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობა - წარმოადგენს პირგასამატეხლოს არაგონივრულად მაღალ ოდენობას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული ოდენობით, რის გამოც არ არსებობს აპელანტის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი. აღნიშნული მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკასთან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-462-462-2018, 22.06.2018).

15.7. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხისათვის 2015 წლის 30 აპრილამდე დარიცხული პირგასამტეხლოს 11 332.95 ლარის და 2015 წლის 30 აპრილიდან საიჯარო ქირის დავალიანების საბოლოო აღსრულებამდე საიჯარო ქირის 12 050 ლარის 0.1% (რაც შეადგენს 12.05 ლარს) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაკისრების შესახებ, უსაფუძვლოა. გადაწყვეტილებისა და სარგებლობის პირობების 10.1 პუნქტის შესაბამისად, სარგებლობის საფასურის (ქირის) გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო განსაზღვრულია ქირის 0.1%-ის, მაგრამ არანაკლებ 1 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნია როგორც 2015 წლის 30 აპრილამდე დარიცხული პირგასამტეხლო - 11332.95 ლარი, ასევე, საიჯარო ქირის საბოლოო გადახდამდე გათვალისწინებულ 0,1%-ის პროცენტული ოდენობა, რის გამოც, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს ყოვედღიურად 1 ლარი 2013 წლის 30 ივლისიდან (საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის პერიოდიდან) გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე.

16. მეიჯარის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

16.1. მეიჯარემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

16.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ იჯარის ხელშეკრულება შეწყდა 2013 წლის 30 ივლისს, რამაც განაპირობა საიჯარო ქირის შემცირება 20 286.92 ლარიდან 14 058 ლარამდე, რაც მოკლებულია ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას. ვინაიდან, მერიამ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო გაცილებით უფრო გვიან - 2014 წლის 10 იანვარს.

16.3. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მსჯელობა უსაფუძვლოა, ვინაიდან, 2011 წლის 29 ნოემბრის №E-70-45-3697 იჯარის ხელშეკრულების 8.5 პუნქტის თანახმად, ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, სარგებლობის უფლების მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ აუნაზღაურდება გაწეული ხარჯები. ამასთან, იჯარის უფლება შეწყდა ვადაზე ადრე (2014 წლის 10 იანვარს), შესაბამისად, ბე-ს თანხა ბოლო წლის საფასურში ჩაითვლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება არ შეწყდებოდა. ის ფაქტი, რომ მოიჯარემ ბე-ს სახით გადაიხადა 500 ლარი, გავლენას ვერ მოახდენს მოცემულ დავის საგანზე და მას სრულად უნდა დაეკისროს საიჯარო ქირა - 20 286.92 ლარი.

16.4. კასატორის მითითებით, გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 2013 წლის 30 ივლისიდან (ხელშეკრულების შეწყვეტიდან) 1 ლარის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის სრულად გადახდამდე. გარდა იმისა, რომ სასამართლომ არასწორად განსაზღვრა ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი და უსაფუძვლოდ შეამცირა მხარისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო, საერთოდ უგულებელჰყო 2013 წლის 30 ივლისამდე დარიცხული პირგასამტეხლოს მხარისთვის დაკისრების მოთხოვნა, რომელიც5 536,9 ლარს შეადგენს.

16.5. კასატორის მოსაზრებით, სასამართლო გადაწყვეტილებაში ნათლად უნდა იყოს განმარტებული, თუ რასთან არის პირგასამტეხლო შეუსაბამო: მოვალის ქონებრივ მდგომარეობასთან, თუ შეუსრულებელი ან დარღვეული ვალდებულების მოცულობასთან. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოები საკმაოდ ხშირად იყენებენ სსკ-ის 420-ე მუხლს, პირგასამტეხლოს შემცირებისას შეფასების ზუსტი კრიტერიუმები არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს შემცირების არგუმენტი არის ის, რომ ზიანის სიმცირე არ ამართლებს მაღალი პირგასამტეხლოს გამოყენებას. ცხადია, რომ ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს ბუნებას, რომელიც დამოუკიდებელია დამდგარი ზიანის ოდენობისგან.

17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

17.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით მერიის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

20. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

24. წინამდებარე შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს მიერ არაგონივრულ, შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიჩნევას და გადასახდელი საიჯარო თანხის ოდენობას.

25. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს (იხ. წინამდებარე განჩინების 15.2-15.7 ქვეპუნქტები) და დამატებით განმარტავს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა სსკ-ის 581-ე „იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც“ და 417-ე-418-ე „პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას“ მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს.

26. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს, ამ განჩინების 15.2 ქვეპუნქტში ასახულ, მსჯელობასა და დასკვნას და დამატებით მიუთითებს, რომ მოიჯარეს 2013 წლის ივლისში ეცნობა იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტისა და საიჯარო დავალიანების გადახდის თაობაზე. მოპასუხეს საიჯარო ქირა არ გადაუხდია, რის გამოც სარჩელი 13 558 ლარის (14 058 ლ - 500 ლ) ნაწილში დასაბუთებულია და მართებულად დაკმაყოფილდა.

27. პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (სსკ-ის 417-ე მუხლი).

28. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებასა თუ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ პირგასამტეხლო „წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...“, „პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).

29. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის გათვალისწინებით უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014).

30. საკასაციო საჩივრის ავტორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), ვერ შეძლო დასაბუთებული და სამართლებრივად წონადი არგუმენტებით დაეძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე