საქმე №ას-628-2019 4 oqtomberi, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „მ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.დ.თ.ტ.ი.გ.ს–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „მ–სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, მეიჯარე ან კასატორი) და შპს „ა.დ.თ.ტ.ი.გ.ს–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, მოიჯარე ან აპელანტი) შორის 2017 წლის 15 თებერვალს დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რითაც მოსარჩელემ 5 წლის ვადით სარგებლობასა და მფლობელობაში გადასცა მოპასუხეს ქ.ზესტაფონში, ..... მდებარე 280 კვ.მ კომერციული ფართი ს.კ 32.10.36.085 (ს. ფ. 18-33).
2. საიჯარო ქირად განისაზღვრა პირველი და მეორე თვისათვის თვეში 1120 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში დღგ-ს გარეშე, დღგ-ის ჩათვლით კი 1326.6 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, დანარჩენ 58 თვეში კი მოიჯარეს უნდა გადაეხადა იჯარის ქირა, თვეში - 2240 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.
3. იჯარის ხელშეკრულების შესაბამისად, მოიჯარეს მიეცა უფლება, ცალმხრივად შეეწყვიტა იჯარის ხელშეკრულება იმ პირობით, თუ იგი ამის შესახებ წერილობით შეატყობინებდა მეიჯარეს ხელშეკრულების შეწყვეტამდე 6 თვით ადრე. შეტყობინება ძალაში შედიოდა ადრესატის მიერ მისი მიღების დღიდან.
4. მეიჯარემ 2017 წლის 6 ოქტომბერს მოიჯარეს გაუგზავნა შეტყობინება და შეახსენა, რომ მათ შორის 2017 წლის 15 თებერვალს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, მოიჯარემ 6 კალენდარული თვით ადრე უნდა მიაწოდოს მეიჯარეს წერილობითი შეტყობინება იჯარის შეწყვეტის შესახებ (ს. ფ. 36-37).
5. მოსარჩელის წარმომადგენელმა 2018 წლის 10 აპრილს მოპასუხეს აცნობა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად მოიჯარეს მეიჯარის მიმართ გააჩნდა დავალიანება და სთხოვდა, აღნიშნული გადაეხადა 2018 წლის 24 აპრილამდე (ს.ფ. 38).
6. მოპასუხემ სრულად გადაუხადა მოსარჩელეს 2018 წლის იანვრის ქირა, თუმცა საიჯარო ფართით იანვრის თვის ბოლომდე არ უსარგებლია.
7. მეიჯარემ 2018 წლის 20 თებერვლიდან გამოთავისუფლებულ ფართში ახალი მოიჯარე შპს ,,ა–ა’’ შეუშვა. იჯარის ხელშეკრულება შპს ,,ა–ა“-სთან 19 აპრილს გაფორმდა.
8. სასარჩელო მოთხოვნა
8.1. მოსარჩელემ 2018 წლის 11 მაისს სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოიჯარისათვის მეიჯარის სასარგებლოდ 2018 წლის თებერვლიდან 19 აპრილამდე პერიოდის საიჯარო ქირის 17 915 ლარის დაკისრება მოითხოვა.
9. მოპასუხის შესაგებელი
9.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 20 თებერვლიდან საიჯარო ფართი ახალ მოიჯარეზე იქნა გადაცემული.
10. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
10.1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 17 915 ლარის გადახდა დაეკისრა.
10.2. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 317-ე, 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 463-ე, 464-ე, 581-ე, 891-ე, 895 მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე მუხლებით იხელმძღვანელა.
11. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
11.1. მოპასუხემ (მოიჯარემ) სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმებისა და მეიჯარის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
12.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მეიჯარის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 4 625.11 ლარის გადახდა დაეკისრა.
12.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-7 პუნქტებში მოცემული გარემოებები და აღნიშნა, რომ საქმეში (ს/ფ 127) წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის წერილი 2018 წლის 18 აგვისტოთი დათარიღებული, რომლითაც შემოსავლების სამსახური იუწყება, რომ შპს ,,ა–ა“-ს სახელზე სალარო აპარატი 2018 წლის 13 მარტიდანაა რეგისტრირებული, ხოლო რაც შეეხება ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა პერიოდიდან იხდის შპს „ა–ა“ საიჯარო გადასახადს ამაზე ინფორმაცია არ გააჩნიათ (ს/ფ 139).
12.3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, მეიჯარის საბანკო ამონაწერებიდან დასტურდება, რომ შპს ,,ა–ა“-მ მეიჯარისათვის იჯარის თანხის გადახდა 2018 წლის 20 აპრილიდან დაიწყო.
12.4. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა მოსარჩელემ დავის მე-3 ფაქტობრივ გარემოებაში გახადა სადავო, რომ მოპასუხემ ისე შეწყვიტა ხელშეკრულება, რომ მისთვის გადახდისუნარიანი მოიჯარე არ შეუთავაზებია (რის ვალდებულებასაც მას ხელშეკრულება აკისრებდა), თუმცა დადგენილია, რომ ამის საპასუხოდ მოპასუხემ შესაგებელშივე გასცა პასუხი, რომლითაც აუწყა, რომ მისთვის ცნობილი იყო იმ ფაქტის შესახებ, რომ თებერვლის თვეში მოსარჩელეს ახალი მოიჯარე ჰყავდა შეშვებული ფართში, რომელიც მას უხდიდა იჯარის გადასახადს, რაც მას ათავისუფლებდა ახალი გადახდისუნარიანი მოიჯარის მოძებნის ვალდებულებისაგან.
12.5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, საქმის მასალებით მართლაც უტყუარად დასტურდება, რომ 20 თებერვლიდან ახალი მოიჯარის შეშვების ფაქტი ცნობილი იყო მოპასუხისათვის, რასაც არც მოსარჩელე ხდის სადავოდ. თუმცა ის გარემოება, რომ ახალი მოიჯარე იყო გადახდისუუნარო, რომელმაც გადახდა მოგვიანებით დაიწყო და ამის თაობაზე მოპასუხე იყო ინფორმირებული-მეიჯარემ ვერ დაამტკიცა, და ვერც საქმის მასალებით დასტურდება.
12.6. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იჯარა სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. აქედან გამომდინარე რაკიღა საწინააღმდეგო არ დადასტურებულა მოპასუხისათვის ცხადია არსებობდა პრეზუმფცია იმისა, რომ 20 თებერვლიდან საიჯარო ფართში გადახდისუნარიანი მოიჯარე იყო შეშვებული, რომელიც თავად მოსარჩელემ მოძებნა და რომელიც მას უხდიდა გადასახადს.
12.7. იმის გათვალისწინებით, რომ გადაუხდელი იჯარის ქირა, თავისი სამართლებრივი ბუნებით, არის ზიანი, რომელიც მეიჯარემ განიცადა, ამ ზიანზე პასუხი უნდა აგოს იმან, ვისი ბრალითაც დადგა ზიანი.
12.8. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორედ მეიჯარის ბრალია ის გარემოება, რომ მან ყოფილი მოიჯარე მართალია ჩააყენა ფართის გაქირავების თაობაზე საქმის კურსში, მაგრამ ძველი მოიჯარის ინფორმირება არ მოახდინა იმ უმთავრესი გარემოების თაობაზე, რომ საიჯარო ფართში შეშვებული ახალი მოიჯარე გადახდისუუნარო იყო და არ იხდიდა იჯარის ქირას. სრულიად ლოგიკურია მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ სათანადო ინფორმირებულობის შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ძველი მოიჯარე თავად შეეცდებოდა გადახდისუნარიანი მოიჯარის მოძიებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ზიანი, რომელიც ნამდვილად განიცადა მოსარჩელემ საიჯარო ფართში გადახდისუუნარო ახალი მოიჯარის შეშვებით უწინარესად და უფრო მეტად გამოწვეული იყო არა აპელანტის, არამედ თავად მოსარჩელის (მეიჯარის) ბრალეულობით.
12.9. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსკ-ის 415-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ზიანი უნდა აანაზღაუროს იმან, ვინც მის დადგომაში მეტად ბრალეულია. იჯარის სასყიდლიანი ბუნების პრეზუმფციისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მეიჯარეს არ შეუტყობინებია, არ უცნობებია ძველი მოიჯარისათვის ახალი მოიჯარის გადახდისუუნარობის თაობაზე, ცხადია, მოპასუხისათვის ყველაზე ნაკლებ მოსალოდნელი სწორედ ის იყო, რომ მეიჯარის მიერ თავის ფართში შეშვებული მოიჯარე გადახდისუნარიანი არ იყო.
12.10. ამ გარემოების გათვალისწინებით მოსარჩელეს მოპასუხემ უნდა აუნაზღაუროს 20 დღის იჯარის ქირა, ანუ იანვრის ბოლოდან 20 თებერვლამდე პერიოდში (რადგან 20 თებერვლიდან საიჯარო ფართი ახალმა მოიჯარემ შპს ,,ა–ამ’’ დაიკავა)
12.11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, დადგენილია, რომ თებერვალში გადასახდელი საიჯარო ქირა შეადგენდა 2643.2 აშშ დოლარს 2643:28 დღეზე=94.3 და გავამრავლოთ 20 დღეზე = 1887.8 დოლარს. იმის გათვალისწინებით, რომ 1 (ერთი) აშშ დოლარი სადავო პერიოდისათვის უდრიდა 2.45 ლარს (იხ. ს/ფ 7-ზე შესაბამისი ცნობა), 1887.8 უნდა გავამრავლოთ 2.45-ზე = 4625.11 ლარს, სწორედ აღნიშნული თანხა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
13. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
13.1. მოსარჩელემ (მეიჯარემ) საკასაციო წესით გაააჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
13.2. კასატორის განმარტებით, მოპასუხემ (მოიჯარემ) ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ 06.11.2017 წლის შეტყობინებიდან 6 თვის გასვლამდე - 2018 წლის 7 მაისამდე (2018 წლის იანვრის ბოლოს) დააბრუნა იჯარის საგანი ისე, რომ მოსარჩელისათვის (მეიჯარისათვის) არ შეუთავაზებია თავის სანაცვლოდ სხვა გადახდისუნარიანი მოიჯარე, რომელიც თანახმა იქნებოდა, მიეღო იჯარის ხელშეკრულება იმავე პირობებით, იგი (მოპასუხე) ვალდებული იყო, აენაზღაურებინა მოსარჩელისათვის ამით მიყენებული ზიანი - 2018 წლის 7 მაისამდე (6 მაისის ჩათვლით) პერიოდისათვის საიჯარო ქირის შესაბამისი თანხის - 20 514 (ოცი ათას ხუთას თოთხმეტი) ლარის გადახდით.
13.3. იმის დასადგენად, თუ რა თანხით შემცირდა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი - 20 514 ლარი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმ ფაქტს, თუ როდის შეუშვა მოსარჩელემ (მეიჯარემ) თავის საკუთრებასა და მფლობელობაში არსებულ ფართში მის მიერვე მოძებნილი სხვა ახალი მოიჯარე (რომელსაც საბაზრო /საიჯარო/ ურთიერთობათა პრაქტიკის შესაბამისად, თავდაპირველი მოიჯარის - მოპასუხის მსგავსად, თავისი საქმიანობის შესაბამისად ფართის მოსაწყობად მისცა საშეღავათო პერიოდი - 1 თვე), ან როდიდან დაიწყო ახალმა მოიჯარემ მეიჯარისათვის საიჯარო ქირის (რომელიც ნაკლები იყო იმ საიჯარო ქირაზე, რასაც მოპასუხე - თავდაპირველი მოიჯარე უხდიდა მოსარჩელეს) გადახდა და მთავარია ის, თუ რა თანხა (სარგებელი) მიიღო მოსარჩელემ მისგან (ახალი მოიჯარისგან) 2018 წლის 7 მაისამდე (6 მაისის ჩათვლით) პერიოდისათვის (აღნიშნული თანხა შეადგენს 2 598.85 ლარს, რისი მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის - 20 514 ლარისათვის გამოკლებით, მიიღება 17 915 ლარი, რის ანაზღაურებასაც ითხოვს მოსარჩელე სარჩელით).
13.4. მოსარჩელემ თავად ვერ მოახერხა ფართის გაქირავების თაობაზე მოპასუხის ინფორმირება, რადგან იგი (მოპასუხე) მოსარჩელის მიერ 2018 წლის 7 მაისამდე პერიოდისათვის საიჯარო ქირის შესაბამისი თანხის გადახდის მრავალჯერადი მოთხოვნის გამო, აღარ პასუხობდა მის (მოსარჩელის) სატელეფონო ზარებს და არ გადიოდა მასთან არავითარ კონტაქტზე, მაგრამ მოსარჩელეს, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არც ევალებოდა ეს, ისევე, როგორც არ ევალებოდა მოპასუხის ინფორმირება მოსარჩელის (მეიჯარის) მიერ მოძიებული ახალი მოიჯარისათვის (თავდაპირველი მოიჯარის - მოპასუხის მსგავსად) საშეღავათო პერიოდის მიცემის (და არა გადახდისუუნარობის - როგორც ამას სააპელაციო სასამართლო განმარტავს) თაობაზე, რადგან ეს აპრიორი არ ათავისუფლებდა მოპასუხეს (თავდაპირველ მოიჯარეს) მოსარჩელისათვის (მეიჯარისათვის) ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, რადგან ამ ლოგიკით, მოსარჩელეს რომ გაენათხოვრებინა თავის საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული ფართი, ამასაც სრულად უნდა გაეთავისუფლებინა მოპასუხე მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურების, ან ახალი მოიჯარის შეთავაზების ვალდებულებისაგან, რომელიც თანახმა იქნებოდა, მიეღო იჯარის ხელშეკრულება იმავე პირობებით, რაც თავისთავად იქნებოდა სსკ-ის 588-ე მუხლისა და ამ ნორმის უზენაესი სასამართლოს №ას-101-97-2012 გადაწყვეტილებაში მითითებული განმარტების საწინააღმდეგო.
14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
15.სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
16.განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
17.სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.
18. „დავის სამართლებრივ შეფასებას სასამართლო დამოუკიდებლად ახდენს. ამ დროს იგი არ არის შებოჭილი მხარეთა მოსაზრებებით, შესაბამისად, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებით (სსსკ-ის მესამე და მეოთხე მუხლები). მხარეთა შორის არსებული ურთიერთობისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა სასამართლოს პრეროგატივაა, რადგანაც ასეთი შეფასების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის ან ნორმების ზუსტი განსაზღვრა და, აქედან გამომდინარე, მოთხოვნის წინაპირობების შესრულების დადგენა. ამიტომაცაა, რომ მოსარჩელე არ არის ვალდებული, მიუთითოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და არც მოპასუხეა ვალდებული შესაგებელში, რომლითაც ის სარჩელისაგან თავს იცავს, ზუსტი სამართლებრივი შეფასებები შეიტანოს. თავის მხრივ, არც სასამართლოა ვალდებული, გადაწყვეტილება დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული სამართლებრივი საფუძვლებით. სსკ-ის 588-ე მუხლის დაცვითი ფუნქცია ისაა, რომ ხელშეკრულების მოშლის შემდეგ ამ ნორმამ მეიჯარე საიჯარო შემოსავლებით უნდა უზრუნველყოს საიჯარო ქონების ახალი მოიჯარისათვის (მინიმუმ ადრინდელ მოიჯარესთან არსებული პირობებით) გადაცემამდე“ –[იხ. სუსგ ას-738-700-2015, 18.12.15 წ.].
19. საკასაციო სასამართლო, სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივი მსჯელობის გაზიარებით, ზემოთ მოხმობილ უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკაზე მითითებითა და სსკ-ის 588-ე მუხლზე /1. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე ქონებას უკან აბრუნებს, იგი საიჯარო ქირის გადახდისაგან მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, თუ თავის სანაცვლოდ შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მეიჯარისათვის მისაღებ მოიჯარეს. ახალი მოიჯარე თანახმა უნდა იყოს, იჯარის ხელშეკრულება მიიღოს იმავე პირობებით. 2. თუ მოიჯარე ვერ სესთავაზებს ასეთ მოიჯარეს, მან საიჯარო ქირა უნდა იხადოს საიჯარო ურთიერთობათა დასრულებამდე/ დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ მეიჯარის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დასაბუთებულია, მას აქვს სამართლებრივი საფუძველი (სსკ-ის 588-ე მუხლი), მოიჯარეს ხელშეკრულებით საიჯარო ქირის გადახდა საიჯარო ფართის ახალი მოიჯარისათვის გადაცემამდე პერიოდისათვის მოსთხოვოს.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც მოპასუხემ საიჯარო ურთიერთობა შეწყვიტა მოსარჩელესთან, მოპასუხეს სსკ-ის 588-ე მუხლის თანახმად მეიჯარისათვის ახალი გადახდისუნარიანი მოიჯარის წარდგენა ევალებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აპელანტი იქნებოდა ვალდებული საიჯარო ქირა ხელშეკრულების მთელი პერიოდისათვის გადაეხადა. საქმის მასალებით დადასტურებულია და მხარეებიც სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მოპასუხესთან ხელშეკრულების შეწყვეტიდან 20 დღეში მოსარჩელემ საიჯარო ფართი ახალ მოიჯარეს გადასცა, რაც თავდაპირველი მოიჯარისათვის ცნობილი იყო. აქედან გამომდინარე, მოპასუხემ მართებულად მიიჩნია, რომ ის ახალმა მოიჯარემ ჩაანაცვლა და მას საიჯარო ქირის გადახდა აღარ ევალებოდა. საწინააღმდეგოს კასატორი ვერ ასაბუთებს. მეიჯარესა და ახალ მოიჯარეს შორის შეთანხმებული საშეღავათო პერიოდის თაობაზე უცნობი იყო თავდაპირველი მოიჯარისათვის (სსკ-ის 415-ე მუხლი), ამიტომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის 20 დღის საიჯარო ქირის გადახდა უნდა დაეკისროს.
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები # ას-117-109-2017, 02.06.2017წ; #ას-183-176-2016, 30.09.2016წ.).
22.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
23.სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „მ–ს“ (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 664,50 ლარის (საგადახდო დავალება N8042883979, გადახდის თარიღი 2019 წლის 10 ივნისი), 70% – 465,5 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე