Facebook Twitter

საქმე №ას-729-2019 4 ოქტომბერი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ.გ–ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ბ–ძე, ნ.მ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სომხეთის რესპუბლიკის ,,კენტრონის“ სანოტარო ტერიტორიის ნოტარიუსის ი.შ–ის მიერ 2016 წლის 3 ნოემბერს გაცემული (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 4816) მინდობილობის შინაარსიდან ირკვევა, რომ მ.გ–ამ (შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი), ჯ.ბ–ს (შემდეგში: პირველი მოპასუხე) მიანიჭა უფლებამოსილება ყოფილიყო მისი წარმომადგენელი და ფასზე და პირობებზე მისი შეხედულებისამებრ ეყიდა, გაეყიდა, გაექირავებინა, გაეყო, თავის თავზე დაერეგისტრირებინა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ...... (ყოფ. .... ) ს/კ ..... (ტ. 1, ს. ფ. 23-28).

2. აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე, 2016 წლის 19 დეკემბერს, პირველმა მოპასუხემ, როგორც მოსარჩელის წარმომადგენელმა, საკუთარ თავთან დადო ნასყიდობის ხელშეკრულება, რის შედეგადაც, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ.თბილისი, ..... (ყოფ. .....) ს/კ ...... დარეგისტრირდა პირველი მოპასუხის საკუთრების უფლება (ტ. 1, ს.ფ. 29-33).

3. 2016 წლის 23 დეკემბერს, კი პირველმა მოპასუხემ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №161455638 დამოწმებული ნოტარიუს ე.შ–ის მიერ), დადო ნ.ბ–ძესა (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან მეორე აპელანტი) და ნ.მ–ძესთან (შემდეგში: მესამე მოპასუხე ან მესამე აპელანტი), რომლის საფუძველზეც მან იპოთეკარებისაგან (თითოეულისაგან) სესხის სახით მიიღო 10 000 – 10 000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ......, ს/კ ......, რომელზედაც საკუთრების უფლება აღრიცხული იყო პირველი მოპასუხის სახელზე (ტ. 1, ს.ფ. 34-39).

4. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის 2017 წლის 2 თებერვლის დასკვნის თანახმად, 2016 წლის 3 ნოემბრით დათარიღებულ რუსულ და სომხურ ენაზე შედგენილ მინდობილობებზე მოსარჩელის გვარით რუსული ანბანის ასოებით არსებული ხელმოწერა შესრულებულია არა მოსარჩელის ან პირველი მოპასუხის, არამედ - სხვა პირის მიერ (ტ. 1, ს.ფ. 62-74).

5. სასარჩელო მოთხოვნა

5.1. მოსარჩელემ 2017 წლის 19 ივნისს სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ......, ს/კ ......., ყალბი მინდობილობის საფუძველზე დადებული 2017 წლის 19 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა; ასევე, ნოტარიუს ე.შ–ის მიერ 2016 წლის 23 დეკემბერს დამოწმებული #161455638 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების იპოთეკის ნაწილში ბათილად ცნობა.

6. მოპასუხეთა შესაგებელი

6.1. მოპასუხეებმა წერილობით წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.

7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი უძრავ ქონებაზე მდებარე თბილისი, ......, ს/კ ...... მოსარჩელის სახელით, პირველ მოპასუხესთან 2017 წლის 19 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა; ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ე.შ–ის მიერ 2016 წლის 23 დეკემბერს დამოწმებული N161455638 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება იპოთეკის ნაწილში.

7.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 50-ე, 54-ე, 286-ე, 111-ე, 170-ე, 103-ე, 107-ე, 185-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

8. მეორე და მესამე მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი

8.1. მეორე და მესამე მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, იპოთეკის გაუქმების ნაწილში მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით მეორე და მესამე მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების იპოთეკის ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი ნოტარიუს ე.შ–ის მიერ 23.12.2016 წ. დამოწმებული #161455638 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების იპოთეკის ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

9.2. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ის გარემოება, რომ უძრავი ნივთის მესაკუთრეს არ გამოუვლენია ნება იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებაზე, თავისთავად არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს სადავო იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობისათვის. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის უნდა დადგინდეს ფაქტი, რომ იპოთეკარებმა იცოდნენ, რომ კონტრაჰენტი არ იყო უძრავი ქონების მესაკუთრე და ჩანაწერი სადავოა.

9.3. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურებული არ არის იპოთეკარების - მეორე და მესამე მოპასუხეების არაკეთილსინდისიერება. არ დასტურდება ის ფაქტი, რომ იპოთეკარებმა იცოდნენ რეესტრის ჩანაწერის უსწორობა.

9.4. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს იპოთეკარების კეთილსინდისიერება სადავოდ არ გაუხდია, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით რაიმე მსჯელობას წარდგენილი სარჩელი არ შეიცავს. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც იპოთეკარების არაკეთილსინდისიერებაზე მიუთითებდა. ის გარემოება, რომ დადასტურებული არ არის, იპოთეკარების არაკეთილსინდისიერება, დადგენილია ასევე გასაჩივრებული გადაწყვეტილებით.

9.5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის უმთავრესი დანიშნულებაა სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის, საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა. საჯაროობის პრინციპი კი გულისმობს იმას, რომ რეგისტრაციის მომენტიდან იძენს ამგვარი უფლება იურიდიულ ძალას მესამე პირებისათვის. კანონმდებლობა უშვებს საჯარო რეესტრის სისწორის პრეზუმფციას, რაც იმას ნიშნავს, რომ მესამე პირებისათვის რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენად საჯარო რეესტრი, ერთიმხრივ, სამოქალაქო ბრუნვის გარანტის ფუნქციას ასრულებს, ხოლო, მეორე მხრივ, იგი სრულ კონსესუსშია სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებულ ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებთან. კონფლიქტი წარმოიშობა მაშინ, როდესაც რეესტრში რეგისტრირებული უფლება არ შეესაბამება ამ უფლების ნამდვილ შინაარსს, ხოლო მესამე პირისათვის ეს ფაქტი უცნობია.

9.6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ის 185-ე მუხლი ხაზს უსვამს საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას, როგორც მესამე პირთა დაცვის საშუალებას. უშვებს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უფლებაში ხარვეზის შესაძლებლობას, თუმცა, მიუხედავად ამისა, იცავს ისეთ შემძენს, რომელიც ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია ვერ დაიცავს შემძენს (იპოთეკარს), თუკი საჯარო რეესტრის ჩანაწერს საფუძვლად უდევს მართლსაწინააღმდეგო ქმედება. რა თქმა უნდა, საჯარო რეესტრის სამსახურს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, ევალება დაარეგისტრიროს ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ნამდვილი, კანონიერ საფუძველზე წარმოშობილი უფლებები, თუმცა, რეესტრის სამსახურის მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოება არ გამორიცხავს სხვაგვარი დაშვების ალბათობას. შესაბამისად, იმ მსჯელობის გაზიარების შემთხვევაში, რომლის თანახმადაც, რეესტრის სისწორის პრეზუმფცია არსებობს მხოლოდ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული ნამდვილი უფლების მიმართ, დიდი საფრთხე შეექმნებოდა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, ვინაიდან შემძენს დაეკისრებოდა რეესტრის მონაცემების ნამდვილობის შემოწმების ტვირთი, რაც მისთვის შეუძლებელი იქნებოდა (შედარებისთვის იხ. სუსგ საქმეზე Nას-189-182-2013; 16.01.2014წ.).

9.7. მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება, რომ იპოთეკარებმა - იცოდნენ უძრავი ქონების სადავოობის შესახებ და არც ის ფაქტი, რომ გონივრული წინდახედულობის ფარგლებში მათ შეეძლოთ და უნდა სცოდნოდათ აღნიშნული. დადგენილია, რომ სადავო გარიგების სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შედგენისას იპოთეკით დატვირთული ნივთი, საჯარო რეესტრის მონაცემების შესაბამისად, ირიცხებოდა პირველი მოპასუხის სახელზე. საქმის მასალებით არ დადასტურდა ის ფაქტი, რომ მეორე და მესამე აპელანტებმა იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ, რომ უძრავი ქონება, რომელზეც გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, პირველი მოპასუხის დანაშაულებრივი ქმედებით და თავდაპირველი მესაკუთრის (მოსარჩელის) ნამდვილი ნების საწინააღმდეგოდ დაიტვირთა იპოთეკით. 2016 წლის 23 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შედგენის მომენტში მეორე და მესამე აპელანტებისათვის ვერ იქნებოდა ცნობილი, პირველი მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ნივთის მიღების პროცესში მართლსაწინააღმდეგო მოქმედებების ჩადენის ფაქტი, ვინაიდან დასახელებული მოპასუხის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი 2017 წლის 31 მაისს გამოვიდა. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ვინაიდან არ დადასტურდა იპოთეკარების არაკეთილსინდისიერება, არ არსებობს სარჩელით სადავოდ გამხდარი ხელშეკრულების იპოთეკის ნაწილში ბათილად ცნობის საფუძველი.

10. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

10.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

10.2. კასატორის განმარტებით, მას შემდეგ, რაც გამოძიების პროცესში მეორე და მესამე აპელანტები გამოძიებამ დაზარალებულად სცნო, პირველი მოპასუხის მიერ თითოეულისათვის 10 000-10 000 აშშ დოლარის ოდენობით მიყენებულ ზიანში, ისინი დაეთანხმნენ თავიანთი დაზარალებულის სტატუსს, რადგან ნამდვილად დაზარალებულებად თვლიდნენ თავს და ამასთან, ალბათ მათთვის მნიშვნელოვანი იყო ის გარემოებაც, რომ მათ არ გამოიჩინეს წინდახედულება, არც კი უნახავთ ბინა, ისე დადეს პირველ მოპასუხესთან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ეს ფაქტობრივი გარემოება პირველმა მოპასუხემ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას აღნიშნა, კერძოდ, მიუთითა, რომ იპოთეკარები არ არიან კეთილსინდისიერები, ისინი არც კი დაინტერესებულან ბინით და არ შეუმოწმებიათ, თუ როგორი ქონება იქნა გამოყენებული სესხის უზრუნველყოფის მიზნით. კასატორის მტკიცებით, იპოთეკარებმა არ იმოქმედეს გონივრული წინდახედულების ფარგლებში, რა შემთხვევაშიც მათთვის ცნობილი გახდებოდა, რომ პირველი მოპასუხე არ იყო ნამდვილი მესაკუთრე. უდავოა, რომ გამოძიებამ, როცა ისინი დაზარალებულებად სცნო, ეს იმანენტურად ნიშნავდა, რომ პირველ მოპასუხეზე სესხად გაცემული თანხა დარჩებოდა უზრუნველყოფის გარეშე და ვალი გადაუხდელი, რადგან თაღლითობის კვალიფიკაციის სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალეულობა არ არსებობს დაზარალებულისათვის ზიანის მიყენების გარეშე. გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლოშიც და სააპელაციო სასამართლოშიც, კასატორი აღვნიშნავდა, რომ მათ არ მიიჩნევდა კეთილსინდისიერ შემძენებად.

10.3. კასატორის მტკიცებით სახეზეა ყველა ელემენტი, რომ იპოთეკარებსა და პირველ მოპასუხეს შორის დავა გადაწყდეს სსკ-ის 992-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, რაც პირდაპირ კავშირშია კასატორის სასარჩელო მოთხოვნის კანონიერებასა და საფუძვლიანობასთან - პირველ მოპასუხესა და მოწინააღმდეგე მხარეებს შორის დადებული სადავო იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან. სსკ-ის 992-ე მუხლთან კავშირშია 408-ე მუხლი, რომელიც არ გამოიყენა სასამართლომ. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. კასატორს მიაჩნია, რომ ზემოხსენებული გარემოებები გამორიცხავს კასატორსა და მოწინააღმდეგე მხარეებს შორის არსებული დავის სსკ-ის 185-ე მუხლის საფუძველზე გადაწყვეტას.

11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

11.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

12.სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13.განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.

14.სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

16.მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 185-ე მუხლით უძრავი ქონების შემძენის მიმართ მოქმედი კეთილსინდისიერების პრინციპი და გაავრცელა იგი იპოთეკარების მიმართაც. ამავდროულად, არ გამოიყენა სსკ-ის 54-ე მუხლის დანაწესი.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო იპოთეკის ხელშეკრულება ბათილია მოსარჩელის კუთვნილი წილის ნაწილში, ვინაიდან, პირველი მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი, სხვისი ქონება დაეტვირთა იპოთეკით, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ბათილობა არ იწვევს იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმებას, ვინაიდან დადგენილია, რომ იპოთეკარები კეთილსინდისიერი შემძენები არიან, შესაბამისად, მათ იცავთ სსკ-ის 185-ე და 312-ე მუხლებით დადგენილი კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტი (შდრ. სუსგ #ას-1246-1166-2017, 28.02.18 წ.)

18. შემძენის/იპოთეკარის კეთილსინდისიერების საკითხზე არსებობს მყარად დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა: „სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილი კლასიკური გაგებით, უკავშირდება რეესტრის ჩანაწერის იმგვარ უზუსტობას, როდესაც შემძენი წინდახედულობის გონივრულ ფარგლებში გამსხვისებლის უფლებას ნამდვილად მიიჩნევს, თუმცა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ეს ნორმა აწესრიგებს ქონებაზე რეგისტრირებულ ვალდებულებებსაც, ანუ ამ ნორმათა ანალიზით, შეიძლება დავასკვნათ, რომ როდესაც საქმე უძრავი ქონების უფლებრივ მდგომარეობაზეა, შემძენს/იპოთეკარს, თავის უფლების დასამტკიცებლად, შეუძლია დაეყრდნოს რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების სისწორის ვარაუდს, თუნდაც, სინამდვილეში, არასწორი იყოს რეესტრის მონაცემები, ამ ვითარებას არაარსებითად აქცევს შემძენის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობის არცოდნაში გამოიხატება. ერთადერთი, რაც რეესტრის უტყუარობის ფიქციას არღვევს, სწორედ შემძენის არაკეთილსინდისიერებაა. დასახელებული ნორმები შეიცავს არაკეთილსინდისიერების იურიდიული შედეგის განმსაზღვრელ ელემენტებს და ნორმით გათვალისწინებულ პრეზუმფციაზე - რეესტრის ჩანაწერის სისწორეზე დაყრდნობისას უნდა შემოწმდეს არა მარტო საჯარო რეესტრის მონაცემები, არამედ უტყუარად უნდა ირკვეოდეს, რომ შემძენმა ნივთის შეძენამდე არ იცოდა და არც შეიძლება, სცოდნოდა საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის თაობაზე“ (შდრ. სუსგ №ას-394-373-2013, 20 .05.2014წ). მოცემულ შემთხვევაში, კასატორს, რაიმე გარემოება, რაც იპოთეკარების მიერ (რომელიც რეესტრის უტყუარობის პრეზუმფციას ემყარებოდა) უფლების ხარვეზის შესახებ ინფორმირებას დაადასტურებდა, კასატორს არ მიუთითებია. აქედან გამომდინარე, სამართლებრივად გადამწყვეტი მნიშვნელობა ვერ ექნება მოსარჩელის პრეტენზიას, რომ მსესხებელი არ იყო უფლებამოსილი, განეკარგა კასატორის კუთვნილი წილი სადავო ქონებაში, რომელიც არ წარმოადგენს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მხარეს და მას რაიმე სახის ვალდებულება კრედიტორების მიმართ არ გააჩნია, რადგანაც მოპასუხეებს შეუძლიათ დაეყრდნონ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას.

19. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ვინაიდან არ დადასტურდა იპოთეკარების არაკეთილსინდისიერება, არ არსებობს წინამდებარე სარჩელით სადავოდ გამხდარი იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის წინაპირობები (შდრ. სუსგ #ას-723-2019, 05.07.2019 წ.).

20.საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. ზემოხსენებული პუნქტში მითითებული განჩინება).

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.გ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე